ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2016


პალმირა (სიზმარეული დრო, ორმაგი სარკე, შეხვედრა)

სიზმარეული დრო

ყველაზე უკარება და ძლევამოსილი; ასე მოიხსენია ერთხელ ლონგინოსმა დრო-ჟამი ზენობიასთან საუბარში. ზენობიამ მაშინვე ყური სცქვიტა, ლონგინოსს უბრძანა, თითქოსდა ხუმრობით, თუმცაღა შეუვალი ხმით; ახლავე მიამბე, თუ რაიმეს მიაკვლიე ამ უკარება ძლევამოსილების შესახებ. ვიცი, ბევრი გექნება ამაზე ნაფიქრი, ისე ვერ მოისვენებდიო.
ლონგინოსი დაემორჩილა, სხვა რა გზა ჰქონდა. სულ სხვა რამეზე ბჭობდნენ, სასახლის რაღაც წვრილმანი ამბები იყო მოსაგვარებელი, ყოველივე გვერდზე გადადო დედოფალმა, მერეც მოესწრებაო.
- რა შემიძლია ვთქვა? - წამოიწყო ლონგინოსმა, - მეტისმეტად ამოუცნობია და მიუწვდომელი დრო-ჟამის ბუნება. ერთი ის ვიცი დანამდვილებით, აუწერლად მრავალსახა რომ არის, თან გამუდმებით იცვლება. რაღაც უცნაურ ნაკადებს წარმოშობს, რომლებიც თავის ნებაზე გვატრიალებენ. შეუძლებელია მათგან თავის დაღწევა, ვამსგავსე მორევს, ამიტომაც მორევის გარდა სხვა ვეღარაფერი ვნახე, ოდნავ მაინც რომ მიუახლოვდეს მის ბუნებას.
- დროის მორევი, ასეთი რამ პირველად მესმის, - ჩაილაპარაკა ზენობიამ, ერთიანად ცნობისმოყვარეობით ატანილმა, თვალებიც უჩვეულოდ გაფართოებოდა. იმ ფრინველს ჰგავდა, ცაში რომ აიჭრება და არც აპირებს დაბლა დაშვებას, სანამ ყოველივეს არ მოიხილავს თავის ფართო თვალსაწიერზე.
- ორ ნაკადს ჩავუსაფრდი ამ მეტად ჭრელი მორევიდან, - გააგრძელა ლონგინოსმა. - უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ორ დროს. ერთი მათგანია ცხადი დრო, ანუ ის ყოველივე, რასაც შევყურებთ ჩვენს იგვლივ, რომლის წიაღშიც ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ. მეორე დრო ისაა, რომელსაც ძილში ვატარებთ, მე მას სიზმარეული დრო ვუწოდე.
- სიზმარს ხომ ყოველთვის არ ვხედავთ ძილში, - შენიშნა ზენობიამ.
- მართალია, მაგრამ ვამჯობინე, ასე მეწოდებინა მისთვის.
- მეც ასე უფრო მომწონს, - დაეთანხმა ზენობია.
- ცხადი დრო სინათლისმიერია, - გააგრძელა ლონგინოსმა, - ჩვენ მას თვალგახელილი შევყურებთ, სინათლე გვჭირდება მის აღსაქმელად, რომელიც ზეციდან მოგვეფინება. რაც შეეხება სიზმარეულ დროს, ის ბნელი დროა.
- როდესაც თვალებს ვხუჭავთ, საკუთარ ბნელ დროს შევყურებთ მაშინ, - დაფიქრებით თქვა ზენობიამ, - შენი სიტყვიდან ასე გამოდის.
- ასეცაა, ამას ვერსად წაუვალთ. ამ მხრივ ყველანი ერთ დღეში ვართ. სხვაა, ვის რამდენად შეგვიძლია, ნათელი მოვფინოთ საკუთარ ბნელ დროს.
- ყველამ თვითონ უნდა გაივლოს გზა საკუთარი სიბნელიდან სინათლისკენ, - ზენობიას ხმა როგორღაც საზეიმოდ ჟღერდა, როდესაც ამას ამბობდა.
- ...და კიდევ, არ დამავიწყდეს უმთავრესი, ყველაზე მეტი საფიქრალი სწორედ ამან გამიჩინა; სიზმარეული დროის ბილიკი აღემატება ცხად დროს... ანუ, ცოტა სხვანაირად თუ ვიტყვით, სიზმარეული დრო უფრო ფართო ნაბიჯით დადის, ვიდრე ცხადი დრო.
ლონგინოსი შეყოვნდა, დაელოდა საკუთარი სიტყვების ექოს, ზენობიას გონებაში არეკლილს.
- დროის ფართო ნაბიჯი, - გაიმეორა ზენობიამ, თან ლონგინოსს არ აშორებდა ფართოდ გახელილ, შუქიან თვალებს, - ნეტავი ზღაპარს ხომ არ ყვები?
- არა დედოფალო. სიზმარეულ დროზე ვლაპარაკობ, რომლის წიაღშიც ძილის დროს ვიძირებით. იგი ჭეშმარიტად უფრო ფართო ნაბიჯებს დგამს, ცხად დროსთან შედარებით, ბევრად უფრო ფართო არეალს ეუფლება. ჩემი აზრით, სიზმარეული დრო ერთნახევარჯერ მაინც (ზუსტად ცხადია, ვერ ვიტყვი) აღემატება ცხად დროს, ამიტომ შეგვიძლია ისიცა ვთქვათ, რომ ჩვენ ყველანი დღეღამის ნახევარს ვატარებთ ძილში.
- ეს რანაირად. - გაიკვირვა ზენობიამ, - ნამდვილად ვიცი, რომ დღეღამის მესამედი მძინავს, და არა ნახევარი. სხვებიც ასე არიან, მეტ-ნაკლებად, რაღა თქმა უნდა.
- მაჩვენე საათი, რომლითაც ზომავ ძილში გატარებულ დროს.
ზენობია შეკრთა, წუთით დაფიქრდა.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა, ორივე თავის საფიქრალს ფიქრობდა.
- და მაინც, რატომ გგონია, რომ სიზმარეული დრო უფრო ფართოა? - იკითხა ბოლოს ზენობიამ. - შენ თვითონ რომელი საათით გაზომე მისი ხანგრძლივობა...
- შეგახსენებ, დედოფალო; ცხადი დრო სინათლისმიერია, სიზმარეული დრო ბნელია, თვით სიბნელეა, ამის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ.
სინამთლემ და სიბნელემ დედამიწაზე დღე-ღამე შექმნეს, რომლებიც მუდამ ერთმანეთის ტოლია. ამდენად, სინათლისმიერი და სიბნელისმიერი დროებიც ტოლნი უნდა იყვნენ, სინათლის და სიბნელის თვისებებიდან გამომდინარე.
- როგორც გამიგია, დედამიწის სხვადასხვა ადგილებში დღეღამე ცვალებადობს, - თქვა ზენობიამ.
- ჰო, მაგრამ როცა წელიწადი გასრულდება, მათი ტოლობაც აღდგება. ზუსტად ასევე, უნდა არსებობდეს დროის რომელიღაცა ფართო რკალი, რომელიც თავის თავში ჰკრავს სიზმარეულ და ცხად დროებს. ისინიც ყოველთვის ტოლები იქნებოდნენ, ვინმეს რომ შეეძლოს მათი აღნუსხვა და გაზომვა.
ისიც გაიხსენე, დედოფალო, ხილვების ნამდვილ კრიალოსანს რომ ვხედავთ ძილ – ღვიძილისას, საბოლოო გამოფხიზლების წინმსწრებ ერთ წამში. Eს იმიტომ, რომ ცხადი დრო შემოიჭრება სიზმარეულ დროში და მის დინებას ემორჩილება, რომელიც შეუდარებლად უფრო ფართოა, ამიტომაც იტევს ამდენ ხილვას.
ზენობიას თვალები სულ უფრო და უფრო უბრწყინავდა, უცბად გულიანად გაიცინა.
- ცხადი დრო ადამიანის ნაბიჯით დადის, სიზმარეული დრო ბედაურის ნაბიჯით, - თქვა მან.
- კარგი შედარებაა, - დაეთანხმა ლონგინოსი. მას უკვე აღარაფერი ჰქონდა სათქმელი, საუბარს დამთავრებულად თვლიდა, თუმცა ზენობია, როგორც აღმოჩნდა, ასე არ ფიქრობდა.
- ბედისწერის ნაბიჯიც ხომ ფართოა, - გააგრძელა მან, - მეტად ფართო რკალს ჰკრავს ბედისწერა, სანამ მსხვერპლს დააცხრებოდეს. მე თუ მკითხავთ, ეს უკვე ნახტომია ბედაურისა და არა ნაბიჯი.
ლონგინოსს ეს შედარებაც ძალიან მოეწონა და მაშინვე გამოეხმაურა:
- თუ სიზმარეული დრო ბედაურის ნაბიჯია, მაშინ ბედისწერა ნამდვილად დაემსგავსება ბედაურის ნახტომს. ეს ის წამია, როდესაც ბედისწერის განაჩენი აღსრულდება.
- ...და აჰა, ორი ბედაური შეეფეთა ერთმანეთს, - მეტი სიცხადისთვის ხელი ხელს შემოჰკრა ზენობიამ. ელვასავით გაკვესა სამსაჯურების ძვირფასმა თვლებმა. - დიახ, ასეა! როგორც ჩანს, მათი სავალი გზები საკმაოდ ხშირად გადაიკვეთება ხოლმე. ჰოდა, საკუთარ საიდუმლოებებსაც უზიარებენ ერთმანეთს, ამიტომაა, რომ სიზმარმა უკეთესად იცის დაფარული, ვიდრე ცხადმა.
- ეს მართლაც დიდებულად ბრძანე, დედოფალო, - აღტაცებით შეეხმიანა ლონგინოსი, - ორი ბედაურის შეხვედრა მართლაც თვალნათლივ ხატავს ყოველივეს. უკეთესად ვერ იტყვი.
ხმამაღლა აღარ უთქვამს, გუნებაში გაიფიქრა ლონგინოსმა. ერთი საოცარი უნარი აქვს ზენობიას. ყოველთვის ახერხებს, ჩემი სათქმელის მიღმა გადაიხედოსო. თავბრუდამხვევ სიმაღლეზე დანავარდობს მისი გონება, მის თვალს არაფერი გამოეპარება.
- რაც შეეხება ცხად დროს, როგორღა იქცევა იგი? - აგრძელებდა ზენობია, - ცხადი დრო ჰგავს გაცელქებულ ბავშვს, ჭუჭრუტანაში რომ იჭვრიტება და ცდილობს რაიმეს მოჰკრას თვალი. ხანდახან ამას ახერხებს კიდეც, წინასწარმეტყველური სიზმრებიც ამის შედეგია ალბათ.
ეს სიტყვები მეტად საყურადღებო ეჩვენა ლონგინოსს. თვითონაც ბევრი ჰქონდა ნაფიქრი იმ საოცარ მოვლენაზე, რასაც წინასარმეტყველური ზმანება ჰქვია, ერთგვარი გამოცდილებაც ჰქონდა ამ მხრივ. გულში გაივლო, როცა იქნება, მეტ დროს დავუთმობ ამ საკითხსო. იქნება იმ გრაგნილებში მოიძიოს რაიმე საინტერესო, მარმარილოს მღვიმე რომ აუვსიათ.
ისე მოხდა, ლონგინოსს აღარ გახსენებია იმდღევანდელი აღთქმა, ათასგვარმა წვრილმანმა საზრუნავმა ჩაითრია და დაიპყრო მისი ყურადღება. საყარიბოდ წასვლაც სწორედ ამ საუბრის შემდეგ მოუწია სულ მალე.



ორმაგი სარკე

ეს იყო ორიოდე დღის შემდეგ ლონგინოსის საყარიბოდ წასვლიდან.
შვლის ორი ნუკრი უძღვნა ზენობიას ზეზვამ, ნადირობაში ფრიად გაწაფულმა ვაჟკაცმა. წუნს ვერავინ დასდებდა ამ საჩუქარს, ზედმიწევნით კირკიტა თვალის პატრონიც კი... შესახედავად ხომ საოცრად ლამაზები იყვნენ... აღერილი ნაქანდაკარი კისერი, ნამიანი ნუშისებრი თვალები, ზურგზე უხვად დაყრილი ხალები, ყველა ეს სიკეთე ორივეს ამშვენებდა, თვალი ხარობდა მათი ჭვრეტით, თუმცა ეს არ ყოფილა მთავარი. საქმე იმაშია, რომ ორივე ნუკრი ზუსტად ერთნაირი იყო, ერთი ბეწო განსხვავებასაც ვერ იპოვიდით მასში, თითქოს ერთერთმა მათგანმა სარკეში ჩაიხედა და იქ საკუთარი ორეული დაიანახაო... ორეულიც მაშინვე გაცოცხლდა, რათა ფეხი შეეწყო სარკეში მჭვრეტელი შვლის ნუკრისთვის, მასთან ერთად ებაკუნა ზურმუხტის სასახლის ბაღში...
თავშესაქცევი გამოცანაც თან ახლა ამ ძღვენს: ,,მოძებნე რაიმე სხვაობა ამ ორთაგან, თუნდაც სულ მცირე. მაშინვე საანდაზო გახდება შენი თვალის სიმახვილე, რამეთუ ეს ვერავის მოუხერხებია ჯერ~.
ზურმუხტის სასახლე წამში დაცარიელდა, ყველამ მწვანედ გაფოთლილ ბაღის მიაშურა... თუმცა ვინ იცის, იქნებ ვინმე მცველთაგანი მაინც შემორჩა აქა-იქ, ამაზე თავს ვერ დავდებ... ირგვლივ უტრიალებდნენ უცხო ტყიურ არსებებს, იხიბლებოდნენ მათი სილამაზით, უფრო კი იმ თავშესაქცევი გამოცანით, ამ მშვენიერ საჩუქარს რომ ახლდა თან. ამ თითქოსდა უბრალო რაღაცამ ყველას დიდი თავსატეხი გაუჩინა. სწავლული თუ უბირი, ახალგაზრდა თუ ხანშიშესული, მაღალი თუ მდაბალი, ყველა დიდი მონდომებით ცდილობდა რაიმე, თუნდაც სულ მცირე განსხვავება ეპოვნა შვლის ნუკრებს შორის, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა. ზურგზე უხვად დაყრილ ხალებს შორისაც კი ვერ აღმოაჩინეს რაიმე სხვაობა, თუნდაც სულ მცირე, წერტილისოდენაც კი.
ზეზვა განზე გამდგარიყო, თავი ზედმიწევნით უბრალოდ ეჭირა. სად იპოვე ეს სასწაულიო, ეკითხებოდნენ და... სასწაულებს რა დალევს ამქვეყნად, თუ თვალი გიჭრის და მარჯვენაც გემორჩილებაო, მოკრძალებული ღიმილით ამბობდა.
არც დედოფალი ზენობია დაჰკლებია ამ გართობა-თამაშობას, ალბათ თვალის სიმახვილის გამომჟღავნება სურდა...
ყველა კრძალვით უკუდგა, როდესაც დედოფალი შვილის ნუკრებს მიუახლოვდა. უპირველეს ყოვლისა, ზენობია ნუკრებს დიდი გულმხურვალებით მიესიყვარულა, ხელი გადაუსვა დაწინწკლულ ზურგებზე, აღერილ კისრებზეც მიეფერა... მხოლოდ ამის შემდეგ იყწო მათი დაკვირვებით თვალიერება. მსახურებს ნუკრები გაკავებული ჰყავდათ, რათა დედოფლისთვის საქმე გაეადვილებინათ. შორიახლოს მდგარი ზეზვა ერთიანად მზერად ქცეულიყო.
დიდი ყურადღებით ათვალიერებდა ზენობია შვლის ნუკრებს, ხან ერთს, ხან მეორეს შეხედავდა, ცდილობდა რაიმე განსხვავების პოვნას მათ შორის. უცბად შედგა, იქვე კრძალვით მდგარ ზეზვას მიმართა:
- შენ თვითონ თუ შეგიძლია, რაიმეთი განასხვავო ეს ორი ნუკრი ერთმანეთისგან.
ზეზვა შეირხა, სახეზე რაღაც ცელქობისმაგვარი იერი აესახა.
- ნება მომეცი, ამის შესახებ არაფერი ვთქვა, - თქვა მან, ხმაში ოდნავი ლაღბობა ეტყობოდა.
ზენობიამ კვლავ განაგრძო ნუკრების თვალიერება, არ ჩქარობდა, სიამოვნებას ჰგვრიდა ამ მშვენიერ არსებათა ჭვრეტა, ყველა სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა დედოფალს, ელოდნენ, აბა რა იქნებაო...
თვალსაც არწყულებდნენ ამ საოცარი სანახაობით, მშვენირი მშვენიერებას ელაციცებოდა მათ თვალწინ.
ბოლოს ზენობიამ ხელი ააშორა შვილს ნუკრებს დაწინწკლული ზურგებიდან, გაეღიმა, ირგვლივ შემოხვეულ ხალხს მიუბრუნდა.
- ეს არ უნდა იყოს უბრალო საქმე, ასე უცბად ვერ აღსრულდება. წაიყვანეთ შვლის ნუკრები, ბაღში მიუჩინეთ ადგილი. საგანგებოდ უპატრონეთ.
ამ სიტყვებს მთელი დავიდარაბა მოჰყვა. გაცხადდა ძველისძველი ჭეშმარიტება: ,,თქმა ადვილია, ქმნა ძნელი~. საგანგებოდ პატრონობა, უპირველეს ყოვლისა, გამორჩეულ სადგომს ნიშნავდა, საამისოდ კი იქაურობა ვერ აღმოჩნდა მომზადებული. უკვე მრავალჯერ ითქვა, და მკითხველსაც ალბათ ემახსოვრება: მწვანედ გაფოთლილ ბაღში მრავალგვარი ტყიური არსება ბინადრობდა. ყველა მათგანს თავისი შესაფერისი თავშესაფარი ჰქონდა მიჩენილი. მათ შორის ირმების საჩიხიც იყო, მაგრამ ამ საჩიხს ამჯერად ვერ გამოიყენებდნენ. არავის შეეძლო ეთქვა, როგორ შეხვდებოდნენ საჩიხის ბინადარი ირმები უცხო სტუმრებს, იქნებ სასიკვდილოდ დაესახიჩრებინათ. თანაც ეს მოძველებული ნაგებობა არანაირად არ შეეფერებოდა ამ ორი ახალი სტუმრის უცხო თვალწარმტაც გარეგნობას. არც გალიები ვარგოდა მათთვის, ასეთ ვიწრო სადგომში ნუკრები ვერ გაძლებდნენ.
ერთი სიტყვით, ცხადი გახდა ახალი სადგომის აგების აუცილებლობა, შვილს ნუკრებს თავი ლაღად რომ ეგრძნოთ, შესახედაობა და პეწი არ დაჰკარგოდათ. თანაც ეს სადგომი არა მარტო მოხერხებული, სანახავადაც მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, ანუ ყოველმხრივ შესაფერისი საოცრად ლამაზი ნუკრებისთვის.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ყოველ ნაბიჯზე რაიმე ახალი თავსატეხი იჩენდა თავს; თურმე ძველ სადგომებსაც სჭირდებოდათ შეკეთება, გალიებიც სავალალო დღეში აღმოჩნდნენ, ეს ამბავი ელომ ამცნო ზენობიას... იმ დღეებში ელოც ხშირხშირად სტუმრობდა მწვანე ბაღს, სამოთხის ფრინველებს დასტრიალებდა თავზე, ერთერთი მათგანი რაღაც უქეიფოდ შექმნილიყო... თავის კარგად მოქექვა გახდა საჭირო, იქაურობას აშკარად მოაკლდა ლონგინოსის თვალი და ყური... ბარემ ამათაც მივხედოთო, გადაწყვიტეს დედოფალმა ზენობიამ და მისმა გამზრდელბმა, დღეს თუ ხვალ, სულერთია, გვერდს ვერ ავუვლითო. ასე რომ, მუხლჩაუხრელი მუშაობა გაჩაღდა მწვანედ მოღაღანე ბაღში, ზურმუხტის სასახლეს რომ ეკრა. დილიდან საღამომდე არ წყდებოდა საქმიანი ფუსფუსი. მიმოდიონენ სხვადასხვა ხელობის ოსტატები, ყველა მათგანი რაიმე საქმეს შესდგომოდა.
რაღა თქმა უნდა, არც სიფრთხილე დავიწყებია ზენობიას, მცველები გააფრთხილა, ისეთი არავინ შემოუშვათ ბაღში, ვისაც აქ არაფერი ესაქმება, ვინმე არაკეთილმოსურნემ ხალხმრავლობით არ ისარგებლოსო.
ყველაზე მყუდრო ადგილი ახლა ბაღის ის კუთხე იყო, სადაც ფუძის გველი სუფევდა. პიტალო ქვის კოშკს (ანუ ცისკენ მიმავალ ჭას, როგორც მას ზენობია უწოდებდა), ნამდვილად არაფერი ჰქონდა შესაკეთებელი. კიდეც რომ ჰქონოდა, სულერთია, ლონგინოსის გარეშე აქ კენჭსაც ვერავინ გადააბრუნებდა. არც ზენობია მისცემდა ვინმეს ამის უფლებას.
იმ დღეებში ზენობია სწორედ იქ, პიტალო კოშკის მახლობდა ამჯობინებდა სეირნობას, რათა თავი აერიდებინა ბაღში მოფუსფუსე მუშაკთათვის. მყურდოებით სუნთქავდა იქაურობა, შორეული ხმები თუ მოაღწევდნენ ხანდახან, სხვა არაფერი არღვევდა იქ გამეფებულ სიჩუმეს.
ერთხელ მათხოვარს გადაეყარა ზენობია პიტალო კოშკის მახლობლად სეირნობისას. ო, რა საცოდავი სანახავი იყო... მობორძიკობდა, დაბებკილ ფლასს მოაფართხუნებდა, თან რაღაც ბინძური ნაყარნუყარი აეკიდნა.
რაღა თქმა უნდა, სასიამოვნოდ არ დარჩენია ზენობიას მათხოვნის დანახვა. თანაც ბაღის ყველაზე კრძალულ ადგილას. თვალი აარიდა, ალბათ აქ მომუშავე ხელს შემოჰყვაო, გაივლო გულში.
როგორ მოიქცა თვითონ მათხოვარი? ალბათ ცოტათი უცნაურად... მან თითქოსდა ნაგვიანევად შენიშნა დედოფალი... ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენა ზენობიას, ორიოდე ნაბიჯი ისევ ჩვეული ბორძიკით და ფართხუნით გადმოდგა მისკენ. როგორც იქნა, დაინახა დედოფალი, სწორედ თავის ცხვირწინ, სულ ახლოს... მათხოვარი ჯერ ადგილზე გაშეშდა, თითქოს საკუთარ თვალს არ უჯერებსო. უცბად მუხლებზე დაეცა, ორივე ხელი წინ გაიწოდა, მოწყალება ითხოვა აკანკალებული, ჟღრიალა ხმით. ამ უსიამო ხმას ძირს დაცვენილი ნაყარნუყარის ბრახუნიც შეუერთდა.
ზენობიამ გაიღო მოწყალება, ოქროს მონეტა გადაუგდო მათხოვარს... მეტად გულმხურვალე მადლი მოახსენა მათხოვარმა, თავი მიწას ახალა წელში ოთხად მოდრეკილმა, ბოლოს აქვითინდა კიდეც მოწიწებისგან.
ზენობიას მისკენ აღარ გაუხედავს, გაერიდა იქაურობას. თან გულში ფიქრობდა; ამ მათხვარს აქ ნამდვილად არაფერი ესაქმება, უნდა ვუთხრა მცველებს, აქედან მოაშორონ და თვალიც ფხიზლად დაიჭირონო.
ამ დროს შორიდან რაღაც ხმა მოისმა, მათხვარს ეძახდნენ, სადა ხარ ამდენხანს, ნაგავი კიდევ ბევრიაო. ამ დაძახილზე მათხოვარი წამოიწია, წამოკრიფა ნაყარნუყარი, ძირის რომ დაუცვივდა, სადღაც წააცუხცუხა.
ეს არ გამოჰპარვია ზენობიას: კარგია, რომ მუშაობა არ ეზარება ამ მათხოვარს. როგორც ჩანს, ნაგვის გატანას ავალებენ, უმეტესწილად მათხოვრები გაურბიან მუშაობას. მუქთახორობას ამჯობინებენო... და აღარ იჩქარა მცველების გაფრთხილება იმ დღეს დედოფალმა ზენობიამ.
სხვა დროსაც შეამჩნია იგივე მათხოვარი ზენობიამ, ყოველთვის ნაგვით სავსე თოფრაკს მიათრევდა... როგორც გაირკვა, მუშაობა თურმე მართლაც არ ეზარებოდა, ძველ გალიებს წმენდდა, დიდხნობით დაგროვილ ნაგავს ქექავდა და წმენდდა. ანუ ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომლის თავიდან არიდებას ერთნაირად ცდილობს ყველა, ჭუჭყში და ნაგავში ხელის ფათურს არ უკადრისობდა.
ამიტომ აღარც შემდგომ დღეებში უბრძანებია ზენობიას მცველებისთვის, ეს მათხვარი აქედან მოაშორეთო, პირიქით, საქმეთა გამრიგეს უთხრა, წყალობის გარეშე არ დატოვოთ ეს მათხვარიო. ასედაც ვაპირებდიო, მიიღო პასუხად დედოფალმა, ისეთ სამუშაოს ასრულებს, ძნელად თუ დააკარებს ვინმე ხელსო.
სხვა რამ მეტნაკლებად ყურადსაღები არაფერი შემთხვევია დედოფალს, აღარაფერს შეუშფოთებია მისი მყუდროება ბაღის კრძალულ ადგილას სეირნობისას. მუშაობაც დადგენილი წესით და რიგით მიდიოდა. ახალი სადგომი შვილის ნუკრებისთვის თითქმის გასრულდა, ძველებიც გამოკოპწიავდნენ, მათმა ბინადრებმაც უკეთ იგრძნეს თავი. ზენობია კმაყოფილი იყო. ეჩვენებოდა, თითქოს ხელახლა აღმოაჩინა ბარაქიანად გაფოთლილი ბაღი და მისი საოცარი ბინადრები, ფრიად თავშესაქცევნი და მიმზიდველნი. უწინდელთან შედარებით უფრო ხშირად სტუმრობდა იქაურობას, უწინარეს ყოვლისა, შვლის ორ ნუკრს მოინახულებდა ხოლმე, საამისოდ ყოველთვის პოულობდა დროს, როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო. ისევ და ისევ ეძიებდა რაიმე სხვაობას ამ ორ მშვენიერ არსებათა შორის, და მუდამ უშედეგოდ.
ერთი რამ შეამჩნია თავის თავს ზენობიამ: მსგავსებას და განსხვავებას ეძიებდა არა მარტო შვილის ნუკრებს შორის, არამედ სხვა შემთხვევებშიაც, როცა ბაღის ნაირნაირ ბინადრებს ათვალიერებდა. ეს როგორღაც თავისთავად მოხდა. ზენობიას წინააღმდეგობა არ გაუწევია ამ განწყობისთვის, თავშესაქცევიც კი იყო მისთვის, სხვა ტყიური არსებებიც შეედარებინა ერთმანეთისთვის. ბევრი ეძია და ჩხრიკა, მაგრამ ვერსად შეხვდა ისეთ პირწმინდა მსგავსებას, რითაც ზეზვას მიერ მოძღვნილი შვილის ორი ნუკრი გამოირჩეოდა. თვით ერთი კვერცხიდან გამოჩეკილი წიწილებიც კი (სამოთხის ფრინველის წიწილებზეა საუბარი), რაღაცით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ზენობია, რა იშვიათი რამ იყო შვლის ნუკრების თითქოსდა სარკეში არეკლილი მსგავსება.
ნეტავი ლონგინოსი თუ შეძლებს ამ ნუკრებს შორის რაიმე განსხვავების აღმოჩენასო, გულში გაივლებდა ხოლმე ზენობია მათი თვალიერებისას. საანდაზოა მისი თვალის სიმახვილე...


შეხვედრა

შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, როდესაც ლონგინოსი პალმირას კარიბჭეს მიუახლოვდა.
შეჩერდა, თვალით აზომა დამრეცი აღმართი, რომელიც კარიბჭემდე აშორებდა. არც ისე მცირე მანძილი იყო სიარულით დაღლილი მოგზაურისთვის, ასაკიც თავის სიტყვას ამბობდა, დაღლილ-დაქანცული მუხლები დასვენებას ითხოვდნენ.
ლონგინოსმა მუხლის ქარი ამოიღო, თავი რამდენიმე წუთით გადმოხურულს შეაფარა. იჯდა, ნეტარებით ისვენებდა, თან თვალს არწყულებდა მშვენიერი სანახებით; ყოველივე ყვაოდა ირგვლივ, ბაღბოსტნები უხვ მოსავალს ჰპირდებოდნენ მათზე მზრუნველ მარჯვენას. ბაღ-ბოსტნებს მიღმა მეჩხერი ხეების კორომები იწყებოდა, მათ შორის გზა მიიკლაკნებოდა, მიიწევდა შორეთისკენ. ყოველივე ამას გვირგვინივით ადგა თავზე პალმირას მაღალი გალავანი, რკინის კარიბჭით შეკრული, წერწეტა ქონგურებით დამშვენებული. კარიბჭის ახლო-მახლო აღმართი მთლიანად მოშიშვლებული იყო, რათა გუშაგებს გაადვილებოდათ მიდამოს თვალთვალი.
- დროა, - თქვა ბოლოს ლონგინოსმა, - უკვე კარგა ხანია, შინ უნდა ვიყო...
მართლაც, შეაგვიანდა ცოტათი. გადააცილა დათქმულ დროს. ყოველივე სწრაფად მოაგვარა, რისთვისაც ყარიბობა განიზრახა... იქ უნდა ვიყო, სადაც შუბლი შუბლზე აქვთ მიბჯენილი მტრს და მოყვარესო, ასე შეჰპირდა დედოფალ ზენობიას და აღასრულა კიდეც... საკუთარი თვალით და ყურით მიმოიხილა ქვეყნისთვის ყველაზე მოწყვლადი ადგილები. საიმედ მსტოვრებიც გაიჩინა, დაუხანებლად ამცნობნენ, თუ არაკეთილმოსურნე რაიმეს განიზრახავდა. მტრის გულისგულში შევაღწიეო, იდუმლად ჩაიღიმებდა ხოლმე ლონგინოსი, პალმირასკენ მობრუნებული. ერთი სიტყვით, უკმაყოფილი ნამდვილად არ ყოფილა, ხელცარიელი არ უბრუნდებოდა ქალაქ-მარგალიტს, მაგრამ აი, მგზავრობის ბოლოს როგორღაც არ გაუმართლა... შეატყო, რომ იგვიანებდა; ეტლით სცადა მგზავრობა, მეეტლეს გზა დაებნა, მგონი სიმთვრალის გამო... ვირი იყიდა, გზაში სული ამოხდა... ასე რომ, ფეხით ბევრად მეტი მანძილის გავლა მოუწია, ვიდრე თავიდან ვარაუდობდა.
ლონგინოსმა თავს ძალა დაატანა, წამოიწია, მუხლი გამართა. კიდევ ცოტაც და, საკუთარ ჭერქვეშ ვიქნებიო, გაიმხნევა თავი. მთავარი ეს აღმართი ავიარო, მერე აღარაფერი მიჭირს...
აიარა ლონგინოსმა ის აღმართი, ნელნელა სვენებსვენებით. ჯოხს ხშირად ეყრდნობოდა, რათა სული მოეთქვა, და აჰა, როგორც იქნა, კარიბჭეში შეაბიჯა.
გუშაგმა ერთი კი გადმოხედა მათხოვრის ფლასში გამოხვეულ ბერიკაცს და მაშინვე თვალი აარიდა განურჩეველი იერით. არც ლონგილოსს მიუექცევია მისთვის ყურადღება, ორიოდე ნაბიჯი კიდევ გადადგა, გალავნის შიგნით ამოჰყო თავი.
აქ წამით შედგა, შვებით ამოისუნთქა, თითქმის უკვე სახლში იყო, შუბლგახსნილმა გახედა ქვაფენილით მოგებულ, ისარივით სწორ გზას. ამ გზაზე სიარული ნამდვილად აღარ გაუჭირდებოდა.
კიდევ ცოტაც და, საკუთარ ჭერშქვეშ მოასვენებს დაღლილ სულსა და სხეულს, იგემებს უგემრიელეს სასმელ-საჭმელს. ეგზომ მონატრებულს ყარიბობისას, აღმა-დაღმა ხეტიალისას. ამის გახსენებაზე ნერწყვიც კი გადაყლაპა მოშიებულმა.
სწორედ ამ დროს ახლადგამომცხვარი ნამცხვრის სუნი ეცა ცხვირში. მართლაც მეტად საამური სუნი.
გაოცებულმა ლონგინოსმა თვალი მოავლო ირგვლივ, ოცნება სინამდვილედ ხომ არ მექცაო. ხედავს; პატარა დუქანი დგას კარიბჭის მახლობლად, ლამის გალავანს მიჰკვრია უკანა კედლით. კარი ფართოდაა მოღებული, ცხადად ჩანს დახლი, დახლზე თაფლაკვერა დევს, ახლადგამომცხვარი, ბარაქიანად ხაშხაშმოყრილი. სწორედ იმას ასდის ასეთი მადისაღმძვრელი სუნი.
დახლს იქით თვით მედუქნე მოჩანდა, თვალღია ეძინა მუშტრის მოლოდინში.
კარგ ადგილას კი გაუმართავს დუქანიო, უწინარეს ყოვლისა, ეს ფიქრი გაივლო გულში ლონგინოსმა, ყველაფერს ადვილად გაასაღებს. კარიბჭე მთელი დღე ღიაა, ზოგი შემოდის, ზოგი გადის... თაფლაკვერას მუშტარი ნამდვილად მოიძებნება მათ შორის, თვითონ გუშაგებზე თუ აღარაფერს ვიტყვით. აჰა, ლამის ყველა გაუყიდნია კიდეც, მხოლოდ ერთი დარჩენილა.
გზის გაგრძელებას აპირებდა ლონგინოსი, სულაც არ ფიქრობდა იმ ბედნავსი თაფლაკვერას ყიდვას, საკუთარ ჭერშქვეშ ბევრად უფრო სანუკვარი რამერუმეები ელოდა, მაგრამ თაფლაკვერას სუნმა კიდევ უფრო ძლიერად შეუღიტინა ცხვირში. ერთი რამეც ინიშნა, თაფლი ბლომად ერია ნამცხვარში, მისი სურნელი მეტისმეტად ცხადად იგრძნობოდა. თაფლს ერბოს სურნელიც ასდევნებოდა, რბილად, შემპარავად... და რაღა თქმა უნდა, ხაშხაშიც ამბობდა თავისას სურნელებათა საამურ თაიგულში.
თანაც რა მადისაღმძვრელად დაბრაწულიყო ეს თაფლაკვერა... ასეთი რამეების გამოცნობა ნამდვილად შეეძლო ლონგინოსს, პირის-გემოს ჭეშმარიტ პატივისმცემელს, როცა თავს ამის უფლებას მისცემდა.
ამას გარდა, ერთადერთი ცალი დარჩენილა, სულ ახლახანს გამომცხვარიო, მსჯელობდა გუნებაში ლონგინოსი. ალბათ ძველები აღარ ექნება გადანახული... ჰმ, ჩემნაირებისთვის...
ლონგინოსმა ხელი ჩაიყო ჯიბეში. გროშები ამოიღო. თუ ამ თაფლაკვერის ნაცვლად ძველის შემოჩეჩება სცადა მედუქნემ, აღარ გამოვართმევ, ჩემს გზას გავუდგებიო, ფიქრობდა.
სანამ დუქნისკენ აიღებდა გეზს, წამით ისევ გახედა ისარივით სწორ გზას, მისი სახლისკენ მიმავალს. ეჩქარებოდა ამ გზაზე დადგომა, ეს იყო სულ... რაიმე უჩვეულოს ნამდვილად არ ელოდა იქიდან.
ის მათხოვარიც მაშინ დაინახა, სწორედ იმ ქუჩაზე, თვითონვე სულ მალე რომ უნდა შესდგომოდა.
მათხვარი მათხოვარია, ყველგან არიან და ისევ იქნებიან, ვერ იქნება პალმირა გამონაკლისი, არც აქ ყოფილა რაიმე უჩვეულო... ლონგინოსს ოდნავი ყურადღებაც კი არ მიუქცევია მისთვის. ერთი შეხედა და დუქნისკენ მიტრიალდა, სადაც თაფლაკვერა ელოდებოდა, მადისაღმძვრელად დაბრაწული.
ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გაიხსენებს ლონგინოსი ამ წუთებს შემდგომში, გაიხსენებს ზედმიწევნით, უდიდესი ყურადღებით და რუდუნებით, რათა მხედველობიდან არ გამორჩეს არცერთი წვრილმანი, თუნდაც სულ მცირე, სრულიად უმნიშვნელო ერთი შეხედვით. თვითონ დუქნისკენ მიემართება, კარიბჭის მახლობლად რომ გაუმართავს მარჯვე მედუქნეს, მათხოვარი ისარივით სწორ გზაზე მოაბიჯებს, კარიბჭისკენ მიიწევს.
ლონგინოსმა ოციოდე ნაბიჯი გადადგა, დუქანთან მივიდა, მედუქნეს გროშები გაუწოდა, თაფლაკვერა მომეციო, სთხოვა.
მედუქნემ გროშები გამოართვა, მათ გადათვლას შეუდგა. ამასობაში ლონგინოსმა ისევ მიიხედა ისარავითი სწორი ქუჩისკენ, რომელზეც მათხოვარი მოაბიჯებდა. გაურკვეველი დარჩა, გუმანმა უბრძანა მაშინ, თუ ისე, სხვათაშორის გაიხედა იქითკენ... ეჰ, ხანდახან რა საღათას ძილით მიიძინებს ხოლმე ჩვენი ალღო-გუმანი...
მათხოვარი მოახლებულიყო, უფრო კარგად შეიძლებოდა მისი შეთვალიერება, თუ ამის სურვილი ექნებოდა ვინმეს.
შეხედა ლონგინოსმა მათხოვარს, სრულიად განურჩეველი, უყურადღებო მზერით შეხედა... უცბად რაღაც ეცა თვალში.
რა იყო ეს ,,რაღაც?~ ალბათ არც ისე მნიშვნელოვანი, თუმცა საკმაოდ უცნაური უნდა ყოფილიყო... ლონგინოსმა თავი შეიბერტყა, თვალიც უფრო გაიმახვილა...
რა და... ის მათხოვარი არ უნდა ყოფილიყო მათხოვარი, ფლასი ემოსა ალბათ სხვა მიზნით და არა სამათხოვროდ... ჰო, საეჭვო აღარაფერია, ნამდვილად არაა მათხოვარი, დაასკვნა ლონგინოსმა, კარგად ისწავლა ნამდვილი მათხოვრის ამოცნობა მას შემდეგ, რაც თვითონვე გაეხვია დაბებკილ ფლასში.
,,რაღაც მოაქვს~, გადაწყვიტა უცბად ლონგინოსმა, იმ ვითომდა მათხოვრის თვალთვალში გართულმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა... ის ,,რაღაცა~ მარცხენა ფერდზე აქვს აკრული. თანაც ის ,,რაღაცა~ ძალიან ძვირფასია მისთვის. სიფრთხილეს იჩენს, ხელები საგანგებოდ დაუკაპიწებია, აქაოდა ცარიელი ვარო.
აი ასე, წიგნივით წაიკითხა ის ვითომდა მათხოვარი ლონგინოსმა, კარგად გაეცნო მათ მოდგმას. ვერცერთი თაღლითი ვეღარ მოატყუებდა. თავიც ისე ეჭირა, იმ ვითომდა მათხოვარს (რომელიც თანდათან ახლოვდებოდა), არ ეგრძნო მისი მომეტებული ყურადღება.
კიდევ ერთი რამ რჩება, ფიქრობდა ლონგინოსი. ეს არის ხმა... ჰო, ხმა მეტად უტყუარი რამაა, ბევრ რამეს გამიმჟღავნებს. როდესაც ის თაღლითი (გუნებაში ასე უწოდებდა) კარიბჭემდე მოაღწევს, რაიმეს ვკითხავ, ისე, სხვათაშორისად. იშოვება რაიმე ამ ქალაქში? ანდა რაიმე ამდაგვარს... მისი პასუხი საბოლოოდ გაამჟღავნებს, რა ჩიტიც იმალება ამ ფლასის მიღმა, თუ, რა თქმა უნდა, თავი არ მოიყრუა... ასეა თუ ისე, აუცილებლად უნდა გავიგო, რას მალავს ასე საგულდაგულოდ მათხოვრის ფლასში გამოხვეული. იქნება ვინმე გაძარცვა... არა, ამის შეუმოწმებლად გაშვება არ იქნება...
ლონგინოსმა ჯოხი მოსინჯა, რომელშიაც რკინის ძელაკი იყო ჩატანებული. თუ გაჭირდა, ამასც მოიხმარს, გუშაგებიც ხომ აქ არიან... ვერსად გაიქცევა ის თაღლითი...
მათხოვარი (ვითომდა) სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ახლა უკვე ისიც იაზრა ლონგინოსმა, რომ იმანაც იგრძნო მისი მომეტებული ყურადღება, თავის მხრივ თვითონაც უთვალთვალებს ლონგინოსს, ოღონდ ისე, რომ არ შეიმჩნიოს.
როცა ეს გარემოება შენიშნა, ლონგინოსმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაწყვიტა, მათხოვრის შეუმოწმებლად გაშვება არ იქნებაო. ცხადად ჩანს მისი გაფაციცება და რაღაცისთვის მზადყოფნა...
ვნახოთ. აი სულ ახლოსაა, ორი ნაბიჯიც და ლონგინოსი შეეხმიანება კიდეც.
სწორედ ამ დროს რაღაც ხმა ჩაესმა ლონგინოსს, ეს მედუქნემ უთხრა ორიოდე სიტყვა. ლონგინოსმა მოიხედა, მედუქნე თაფლაკვერას აწოდებდა, ეუბნებოდა, აიღეო.
გამოართვა ლონგინოსმა მედუქნეს თაფლაკვერა და იმწამსვე იქით მიიხედა ისევ, საითკენაც მათხოვარი ეგულებოდა.
მათხოვარი გამქრალიყო.
ლონგინოსმა უფრო მეტი ყურადღებით მიმოიხედა იგრვლივ, მათხოვრის ჭაჭანებაც არ ჩანდა.
უცბად მოეჩვენა, თავზე რაღაც ჩრდილმა გადამიქროლაო.
ზევით აიხედა, გალავნის თავზე... არც იქ ჩანდა ვინმე. ერთადერთი ის დაინახა, ორბს გაეშალა ვეება ფრთები და ნელა რონინებდა ჰაერში. მისი ფრთების ჩრდილმა ახლა ნამდვილად ჩამოუქროლა ლონგინოსს, სხვა არავინ და არაფერი დაუნახავს.
ლონგინოსი მედუქნეს მიუბრუნდა, ხომ არ იცი, ის მათხოვარი, აქეთკენ რომ მოდიდა, საით წავიდაო.
არ ვიციო, მიუგდო მედუქნემ.
- ეს წუთია აქ იყო, გალავანთან, - არ მოეშვა ლონგინოსი.
- შენს მეტი არავინ დამინახავს, - გულგრილად თქვა მედუქნემ.
ლონგინოსი კარიბჭისკენ მიტრიალდა, ვეღარც გუშაგი დაინახა, სადაც წესით უნდა ყოფილიყო, და რომელმაც კარიბჭეში შემოსვლისას შეათვალიერა იგი. შორიახლოს ვიღაც სხვა მოაბიჯებდა.
- მათხოვარი ხომ არ დაგინახავს? - შესძახა მას ლონგინოსმა.
- მათხოვარს შენ გხედავ, - იყო პასუხი.
- სხვაც იყო ერთი, მგონი გააღწია აქედან.
- ეს წამია მოვედი, არავინ ჩანს, - მიუგო გუშაგმა.
- შენამდე ვინც იყო, სადაა?
- უკვე წავიდა.
გამოდის, სწორედ ამ წუთში შეცვალეს ერთმანეთი გუშაგებმა, გაივლო გულში ლონგინოსმა. სხვა გზა არ იყო, საიდუმლო ნიშანი აჩვენა გუშაგს, უთხრა, დედოფლის საიდუმლო მსტოვარი ვარო. ერთი მეტად საეჭვო მათხოვარი დავინახე, კარიბჭესთან სულ ახლოს. წამში გაქრა სადღაც, მოათვალიერე, ხომ არავინ ჩანს ახლომახლო.
გუშაგმა ახლა კი იკადრა მისი ყურადღებით მოსმენა. გალავანზე ავიდა მაშინვე, გარემო გაფაციცებით დაზვერა, არავინ ჩანს, ჩამოსძახა ზემოდან.
ლონგინოსმა არ იკმარა მისი სიტყვა, თვითონაც ავიდა ვიწრო კიბით გალავანზე, თუმცაღა დაღლილობისგან მუხლები ეკეცებოდა. გულდასმით მოათვალიერა შემოგარენი გუშაგის გვერდით მდგომმა. ნამდვილად არავინ და არაფერი ჩანდა იმ დამრეც აღმართზე (და მის იქითაც) რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამოიარა.
უცბად შეამჩნია საკუთარ თავს, რომ ხელს ხელზე ისვამს, ფლასსაც იფერთხავს. ეს რა მემართებაო, ჯერ გაკვირდა ლონგინოსი და მერეღა მოისაზრა, რომ თაფლაკვერის ნამცეცებს იშორებდა თავიდან.
აჰა, პირის ჩაგემრიელება მინდოდა, მე კი ისე შემიჭამია თაღლაკვერა, მისი გემო საერთოდ არ გამიგიაო, გაიფიქრო ლონგინოსმა.
კვლავ განაგრძო მიდამოს თვალთვალი, არსად ჩანდა მათხოვარი, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. და საერთოდ, არავინ და არაფერი ჩანდა თვალსაწიერზე თუნდაც ოდნავ საყურადღებო რაიმეთი. დამრეცი ფერდობის ბოლოს მისთვის კარგად ნაცნობი გადმოხურული ეფიცხებოდა ჩამავალი მზის სხივებს.
- ჩანს, მოასწრო მათხოვარმა ფერდობის ჩარბენა, მერე კი სადმე მიიმალებოდა, - თქვა ლონგინოსმა.
- თუ ასეა, საკმაოდ სწრაფად უნდა დარბოდეს, - თქვა გუშაგმა, ცოტა არ იყოს, შეცბუნებული გამომეტყველება აღბეჭდოდა სახეზე.
- ახლავე გაგზავნე მსტოვრები, მოძებნონ ის მათხოვარი. ნამდვილად ვიცი მეტად საშიში ვინმეა. დედოფალი ძალიან განრისხდება, თუ ხელიდან გავუშვით! - ხმა შეიმაღლა ლონგინოსმა.
გუშაგმა ყურად იღო მისი სიტყვები, თუმცაღა შეცბუნებული გამომეტყველება არ შორდებოდა სახიდან, ომახიანი ხმით გასძახა ვიღაც-ვიღაცეებს. დაინახა ლონგინოსმა, თუ როგორ გაიქცგამოიქცნენ მარდი ყმაწვილები გალავნის ორივე მხარეს.
რამდენიმე წუთში ისევ მობრუნდნენ, მათხოვარი არსად ჩანსო, თქვეს.
- გადმოხურულში თუ იყავით? - იკითხა ლონგინოსმა.
- რა თქმა უნდა... ყველაზე უწინ სწორედ ის შევამოწმეთ.
ლონგინოსი დაფიქრებული ისმენდა ამ სიტყვებს, პირველად აქ გაუელვა თავში, ნეტავი ის მათხოვარი ხომ არ მომეჩვენაო.
თუმცა ჩემს დღეში არასდროს არაფერი მომჩვენებია, იქვე შეეკამათა საკუთარ თავს.
რა იცი, რა ხდება, წლები გადიან... ნათქვამია, სიბერემდე ელოდე სიქაჩლესო.
- ნამდვილად იყო აქ მათხოვარი. ვიცი, რომ ძალიან საშიშია, - თქვა ლონგინოსმა, თუმცა მის ხმას დამაჯერებლობა მოაკლდა.
გუშაგი უკვე აღარც კი უყურებდა ლონგინოსს, ახალგაზრდებიც განზე გამდგარიყვნენ.
კარგი იქნებოდა, მე თვითონვე მენახა ის გადმოხურულიო, გაივლო გულში ლონგინოსმა. თუმცა უკვე აღარც ეს მოეჩვენა დიდ აუცილებლობად. დაღლილობამაც თავი შეახსენა, მუხლებზე ძლივსღა იდგა.
ამასობაში კარგად მოსაღამოვდა, სავსე მთვარე გამოეკიდა ცისკუდრეზე.
- თვალი ფხიზლად გეჭიროთ. შეუმოწმებლად არ გაუშვათ, თუ მათხოვარი ისევ გამოჩნდა, - დაუბარა ლონგინოსმა გუშაგებს და გაუყვა გზას სახლისკენ. მიდიოდა, თან გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, ასე თვალსა და ხელს შუა როგორ გაქრა ის მათხოვარიო. წამით მივიხედე გვერდზე და როცა ისევ მოვტრიალდი, მისი ნასახიც აღარ ჩანდაო. ლამის ირწმუნა, ალბათ მომეჩვენაო, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდა ამას.
ამიტომ, როგორც კი ფეხი შედგა საკუთარ სახლში, მსახური გაგზავნა დედოფალ ზენობიასთან ლონგინოსმა. ალისფერი ბაღდადიც აახლა... ეს იმას ნიშნავდა, რომ საგანგებოდ სიფრთხილის ზომები უნდა მიეღოთ ზურმუხტის სასახლეში. და რაც მთავარია, დედოფალს საკუთარი თვალით უნდა შეემოწმებინა ფუძის გველი თავის ჩვეულ საბრძანებელში.
საიმედო ადგილას სუფევს ფუძის გველი, ჩიტიც ვერ შეფრინდება პიტალო ქვის კოშკში, მაგრამ ზედმეტი სიფრთხილე საქმეს მაინც არ აწყენსო, ასე ფიქრობდა ლონგინოსი, სიბრძნით და წინადახედულებით ქებული.
მხოლოდ ამის შემდეგ მისცა ლონგინოსმა საკუთარ თავს მოსვენების უფლება... მიწვა რბილ საგებზე... და არა ხმელ ნარზე, ანდა პირდაპირ მიწაზე, როგორც ყარიბობისას უწევდა ხოლმე... ნეტარებით ჩაისუნთქა მშობლიური სახლის ჰაერი. ღია სარკმელში სავსე: მთვარე ქათქათებდა, უკვე კარგად შეემაღლებინა. საკუთარ ჭერქვეშ მთვარეც კი ახლობელივით იყურებაო, გაიფიქრა ლონგინოსმა, წამით თვალი გაუსწორა ღამის მნათობს და წაიღო კიდეც ღრმა ძილმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები