ფორუმი


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> კონკურსი “ლილე2026“

1
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 ივნისი, 2026 05:55:19
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს შვილობილი კომპანია “ენ.ეფ.კო“,
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის – აღმოსავლეთით III ფაზა“  ფარგლებში,
ლიტერატურულ პორტალ “ურაკპარაკ“-თან თანამშრომლობით,
ევროპის 2026 წლის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის (EUSEW 2026) ფარგლებში

აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს “ლილე 2026“

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2026 წლის  14 სექტემბრის ჩათვლით, საკონკურსო ელექტრონულ ფოსტაზე urakparaki@yahoo.com გამოაგზავნოთ:

1. მხოლოდ ერთი, გამოუქვეყნებელი საკონკურსო ნაწარმოები “ვორდის“ ფორმატით, ფონტი  “სილფაენის“ გამოყენებით, ფონტის ზომა 11.
    *გამოუქვეყნებლად ითვლება ნაწარმოები, რომელიც არ არის და არ ყოფილა გამოქვეყნებული, როგორც ნაბეჭდი სახით, ასევე, ინტერნეტ სივრცეში.
2.  ავტორის გვარი, სახელი ( ან ფსევდონიმი ) და ნიკი “ურაკპარაკზე“.
3.  საკონტაქტო ინფორმაცია ( მოქმედი მეილი და ტელეფონი ).
4.  ასევე, შეავსოთ მოკლე კითხვარი, რომელსაც დამატებით მოგაწვდით.

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნით  ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის ყველა წესს, რაც ამ განცხადებაშია ჩამოყალიბებული.

ნაწარმოების მიღების დამადასტურებელი წერილი  ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
ასეთი დასტურის არმიღების  შემთხვევაში, გთხოვთ, დააზუსტოთ მიზეზი იმავე მაილზე  ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ლიტპორტალ “ურაკპარაკი“-ს წევრებს.
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობის მსურველი არ არის საიტ “ურაკპარაკი“-ს წევრი,  უბრალოდ საჭიროა დარეგისტრირდეთ.
ამისთვის, პორტალზე მენიუში ირჩევთ პუნქტს “რეგისტრაცია“ და მიყვებით ინსტრუქციებს.
ნებისმიერი პრობლემის ან კითხვის შემთხვევაში, მოგვწერეთ  საკონკურსო ელექტრონულ ფოსტაზე.

კონკურსზე  წარმოდგენილი უნდა იყოს მცირე ზომის მოთხრობა, ორიგინალური ან კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია ( ე.წ. „რემეიქი“ ).
ტექსტი შეიძლება  შექმნილი იყოს ნებისმიერ თემაზე, თუმცა სავალდებულოა, რომ  ითვალისწინებდეს კონკურსის  ორგანიზატორის  მოთხოვნებს:

ლილე 2026-ის დევიზია:
                                                                                                                    «ჩვენი გზა ევროპაშია, ხოლო ხსნა - განათლებასა და წიგნიერებაში»
                                                                                                                                                                                                        ნიკო ნიკოლაძე


კონკურსის მიზანია: გარემოს დაცვითი და კლიმატური გამოწვევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ზრდა,
რაც მოქალაქეების ამ პროცესებში ჩართულობის წინაპირობას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს და ასევე,
მერების შეთანხმების  მუნიციპალიტეტების მდგარდი და სამართლიანი ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესს,
რაც გამოიხატება კლიმატის ცვლილებასთან, ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის განვითარებას დაკავშირებული საკანონმდებლო მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება-სრულყოფაში, სხვადსხვა ტექნოლოგიის დანერგვა-წახალისებაში. 
მსგავსი საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივები ხელს უწყობს გარემოს დაცვით საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და აქტიურ მონაწილეობას.

დღეს კლიმატის ცვლილება ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევად რჩება.
მისი გამომწვევი ძირითადი ფაქტორია წიაღისეული საწვავის (ნავთობი, ნახშირი, ბუნებრივი აირი)  ინტენსიური გამოყენება,
რაც ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდას იწვევს. შედეგად, იზრდება ექსტრემალური ამინდის მოვლენების სიხშირე,
იცვლება ბუნებრივი ეკოსისტემები, ჩნდება წყლის რესურსებთან, ნიადაგის ხარისხთან და სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
დამატებითი ინფორმაცია:
მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სხვადასხვა საწვავის, განსაკუთრებით კი წიაღისეული საწვავის ჭარბი მოხმარება.
ატმოსფეროში ნამწვი  აირების რაოდენობის ზრდა კი  იწვევს ე.წ. “სათბურის ეფექტს” და საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას,
რაც წყლის წრებრუნვის საუკუნეებით დამყარებული ციკლის ცვლილებას განაპირობებს.
უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანებზე მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს — ფიზიკური ჯანმრთელობიდან დაწყებული, ეკონომიკურ მდგომარეობამდე და სოციალურ სტაბილურობამდე. აი, რამდენიმე ძირითადი შედეგი :

ეკონომიკური ზეგავლენა
•  სოფლის მეურნეობაში გვალვები და ამინდის არასტაბილურობა ამცირებს მოსავლიანობას და მოითხოვს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩანაცვლებას;
•  სუფთა, მტკნარი წყლის რესურსებზე წვდომის შემცირება;
•  ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება — მოწყვლადი ჯგუფები (ღარიბი მოსახლეობა, სოფლის მცხოვრებლები) ყველაზე მეტად ზარალდებიან.
•  ბუნებრივი კატასტროფები და საცხოვრებელი გარემო
•  გახშირებული წყალდიდობები, მეწყერები და გვალვები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საკუთრებას.
•  მყინვარების დნობა და ზღვის დონის მატება იწვევს სანაპირო ზოლების ცვლილებას და შედეგად წარმოიქმნება მოსახლეობის იძულებით გადაადგილების საჭიროება.

ჯანმრთელობაზე ზეგავლენა
•  ექსტრემალური სიცხე ზრდის გულისა და სუნთქვის პრობლემების რისკს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
•  ინფექციური დაავადებების გავრცელება — მაგალითად, მალარია და დენგეს ცხელება უფრო ფართოდ ვრცელდება, რადგან მათი მატარებელი მწერები ახალ რეგიონებში აღწევენ.
•  ჰაერის დაბინძურება და ალერგენების მატება იწვევს ასთმასა და სხვა რესპირატორულ დაავადებებს.

კონკურსისთვის წარმოდგენილი ნაწარმოები უნდა შეეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე მიმართულებას:
1) განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების საშუალებით,  როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების (მიტიგაციის), ასევე ადგილობრივი დასახლების, თემის თუ მოქალაქის ყოფითი და ეკოლოგიური  პირობების გაუმჯობესებას.
2)  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების (გვალვა, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა) მიერ გამოწვეული ზარალის (მოუსავლიანობა, საცხოვრისის/სავარგულის დაზიანება-დაკარგვა და ა.შ.) მიმართ მედეგობის გაძლიერებას და ახალ, არამდგრად კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის ხელშეწყობას;
3)  ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებას, უსაფრთხო, საიმედო და ხელმისაწვდომ ენერგიაზე წვდომის გაუმჯობესების გზით. რაც თითოეული მოქალაქისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგორესურსებსა და ტექნოლოგიებზე  ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
4)  ასევე, ინფორმირებული და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე მოქალაქის, სპეციალისტებისა და გადაწყვეტილების მიმღების პირების მომზადებას.

ამავე კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ინიციატივა  “მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს მუნიციპალიტეტებს  ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევაში,  ასევე მათი შესაძლებლობებისა და ვალდებულებების გაძლიერებაში.
მსგავსი ინიციატივები, მათ შორის ლიტერატურული კონკურსები, ემსახურება საზოგადოებრივი  ცნობიერების ზრდას, რაც მოქალაქეების ამ პროცესებში ჩართულობის წინაპირობას ქმნის.


კონკურსის მიმდინარეობა:

კონკურსი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი –  კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები  გადაირჩევა და გადაეცემა ჟიურის.
( თუკი, რომელიმე მონაწილეს ექნება პრეტენზია,  იმაზე, თუ რატომ ვერ მოხვდა მისი ნაწარმოები გადარჩეულებს შორის, ორგანიზატორები პირადად აუხსნიან არგუმენტებს და საჭიროების ან შეცდომის შემთხვევაში, საჯაროდ ბოდიშსაც მოიხდიან.)

II ეტაპი – ნაწარმოებების მიღების შეწყვეტისთანავე ცნობილი გახდება ჟიურის ვინაობა, რომელიც შერჩეული ნაწარმოებებიდან გამოავლენს საუკეთესო ათეულს.
ჟიურის წევრების რაოდენობა  განისაზღვრება  5 ან 7  წევრით.

III ეტაპი – 10 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

IV ეტაპი – გამოცხადდება კონკურსის შედეგები  და გამოცხადდებიან გამარჯვებულები.

შეზღუდულია საკონკურსო ნაწარმოების მოცულობა და უნდა შეადგენდეს 1500 ასონიშნიდან 8000 ასონიშნამდე ( დაახლოებით ერთიდან ხუთ გვერდამდე ).
ნაწარმოების ზომაში გამონაკლისები განიხილება და შესაძლებელია დაშვებულ იქნას ზოგიერთ შემთხვევებში. მათი კონკურსზე დაშვების საკითხი ცალკე გადაწყდება. ამის დასაზუსტებლად მოგვწერეთ საკონკურსო მეილზე.

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ, აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე ან კონკურსის მიმდინარეობისას,
სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული და მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან
და მის ადგილს დაიკავებს მომდევნო მოთხრობა.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ,  ასეთი ნაწარმოების ავტორის ვინაობა გამოქვეყნდეს საიტზე,  წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

კონკურსის საუკეთესო ნაწარმოებები გამოქვეყნდება კრებულში “ლილე 2026“.
პირველ სამ ადგილზე გასული ნაწარმოებები ითარგმნება ინგლისურად და ორივე ენაზე იქნება შეტანილი კრებულში.

2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს.
პირველ სამ ადგილზე გასულ მოთხრობის ავტორთან დაიდება ხელშეკრულებები საკონკურსო მოთხრობების გამოსაცემად მომზადებაზე და ადაპტირებაზე
რაზეც მათი ავტორები მიიღებენ შესაბამის ანაზღაურების თანხებს:

- პირველი ადგილის მფლობელი მოთხრობისთვის - 500 ევროს ექვივალენტი ლარში, გადაცემის მომენტისთვის ეროვნული ბანკის კურსით;
- მეორე ადგილის მფლობელი - 300 ევროს ექვივალენტი ლარში, გადაცემის მომენტისთვის ეროვნული ბანკის კურსით;
- მესამე ადგილი - 200 ევროს ექვივალენტი ლარში, გადაცემის მომენტისთვის ეროვნული ბანკის კურსით.

თანხები ჩაერიცხებათ ხელშეკრულებებში წარმოდგენილ ანგარიშებზე
ხელშეკრულების თანხები შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა  გადასახადსა და მოსაკრებელს (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი ).
შესაბამისად, საბოლოო ჩასარიცხი თანხები იქნება  ამ გადასახადებითა და მოსაკრებელის ოდენობით შემცირებული,  რაც დაიქვითება გადახდის მომენტისთვის.


ნებისმიერ ეტაპზე,  კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობი იქნებიან ყველასთვის ( მათ შორის ჟიურის წევრებისთვისაც ), გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.
15 სექტემბერს დილიდან გამოცხადდება ჟიურის შემადგენლობა
15 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს საკუთარი ნაწარმოები. ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას,
არ გადაეცემა ჟიურის შესაფასებლად და არ გამოქვეყნდება.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება საიტზე ამავე თემაში და შეტყობინებები გაეგზავნებათ გამარჯვებულებსაც.

გამარჯვებული ( პირველ სამ ადგილზე გასულ ) ნაწარმოებების ავტორებს ეკრძალებათ
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე, კონკურსის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში,  ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში.

კონკურსის დასრულების შემდეგ:

ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონული ფოსტით ) დადასტურებული უარის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოქვეყნდეს ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასება.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონული ფოსტით ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც ავტორის სურვილით მოიხსნა კონკურსიდან, ან ვერ გადავიდა მომდევნო ეტაპზე.
გ) ფინალურ ათეულში გასული ყველა მოთხრობა აუცილებლად გამოქვეყნდება „ურაკპარაკის“ ფორუმზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის წევრების ყველა შეფასება ანონიმურად.
იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასების ჩამონათვალს, ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს საიტ „ურაკპარაკზე“ , შესაბამის თემაში და/ან კონკურსის ორგანიზატორებთან.

შეფასებების სისტემა:
ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.
ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუ ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა 4(6) წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში,  ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა,
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში - ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა.

შეფასების ამ სისტემის გათვალისწინებით, ჟიურის წევრს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობის მიღება და თუ თავისსავე ნაწარმოებზე შეფასება იქნება ჟიურის დანარჩენი წევრების შეფასებების საშუალოზე მეტი 1-ით ან მეტით, მაშინ ის კორქტირდება ჟიურის დანარჩენი წევრების საშუალო შეფასებას +1 მდე ( 10-ის შემთხვევაში იქნება ისევ 10 ) ან დაბალი შეფასების შემთხვევაში, ზუსტად ის შეფასება, რასაც თავად დაუწერს საკუთარ ნაწარმოებს.

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
ნებისმიერ ეტაპზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან  ჯამური ქულებით.

მეორე ეტაპზე ჟიური 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეაფასებს საკონკურსოდ მიღებულ  ნაწარმოებებს.
ამ ეტაპზე  შეფასების ქულებში ჟიური შეზღუდული არ არის.
ნაწარმოებები შეირჩევა ჯამური ქულით.
ჯამური ქულების ერთნაირობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება უმაღლესი ქულების რაოდენობა.
მათი თანაბრობის შემთხვევაში - ერთით დაბალი შეფასების რაოდენობები და ასე შემდეგ განსხვავების აღმოჩენამდე.

მეორე ეტაპზე ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში ყველა ასეთი ნაწარმოები გადავა მესამე ეტაპზე.

გაითვალისწინეთ, რომ მეორე ეტაპზე ფასდება როგორც ლიტერატურული ღირებულება, ასევე შესაბამისობა ენერგოეფექტურობის ცენტრის მოთხოვნასთან,
რომელიც მოცემულია ამავე წესებში. შესაბამისად, თუკი ნაწარმოები ოდნავადაც არ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნას, შეიძლება საერთოდაც ვერ გადავიდეს მომდევნო ეტაპზე.

მესამე ეტაპზე ქულების მაქსიმუმით გადასულ 10 ნაწარმოებს ჟიური ხელახლა შეაფასებს ისევ 10 ქულიანი სისტემით.
მესამე ეტაპზე ფასდება მხოლოდ ლიტერატურული ღირებულება,
ოღონდ ამ ეტაპზე ქულები შეზღუდულია: ჟიურის წევრს შეუძლია დაწეროს მხოლოდ ორი 10 ქულიანი და სამი  9 ქულიანი შეფასება.
სხვა შეფასებები შეუზღუდავად.

მესამე ეტაპზე თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა ეტაპის ჯამური ქულები.
შემდეგ მესამე ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები და ბოლოს,  მეორე  ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები.
სრულიად ერთნაირი ქულების შემთხვევაში შესაბამისი საპრიზო თანხების ჯამი თანაბრად გაიყოფა.

გისურვებთ წარმატებებს!


კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
საიტზე უკვე დარეგისტრირებულმა წევრებმა - ურაკპარაკის ადმინზე , ან აქვე, ფორუმზე, ამავე თემაში.
ხოლო, ჯერ დაურეგისტრირებელმა წევრებმა -  კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე urakparaki@yahoo.com
ელ-ფოსტაზე მოწერის შემთხვევაში, პასუხები გადაამოწმეთ “სპამებში“-ც.


შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის საიტის წევრობა აუცილებელი პირობაა!

ჯავშანიძე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 ივლისი, 2026 15:36:44
შარშანდელ მონაწილეებს, ფინალისტებს შეგვიძლია ისევ მონაწილეობა?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 ივლისი, 2026 15:27:05
"ჯავშანიძე" დაწერა:
შარშანდელ მონაწილეებს, ფინალისტებს შეგვიძლია ისევ მონაწილეობა?

კი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა, მათ შორის წინა წლების ფინალისტებსაც.
ყველას ვინც არის ურაკპარაკის წევრი

აქვე ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისთვის და
წარმატებებს გისურვებთ



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 ივლისი, 2026 15:31:28
აქვე გაცნობებთ, რომ ჯერ შემოსულია ერთი ნაწარმოები.
როგორც ტრადიციად დამკვიდრდა, კონკურსის გამოცხადების მეორე დღესვე, ერთი ნაწარმოები შემოდის ხოლმე
დანარჩენი ძირითადი მასა კი უფრო სექტემბრის დასაწყისში შემოდის და ასეც უნდა იყოს, რადგან მოთხრობას კარგი დამუშავება სჭირდება
კარგ დამუშავებას და დახვეწას კი დრო უნდა.

უბრალოდ წელს გამონაკლისივით იყო რადგან ეს ნაწარმოები შემოვიდა არა კონკურსის გამოცხადების მეორე დღეს, არამედ მეცხრე დღეს

წარმატებებს ვუსურვებთ ყველა კონკურსანტს

ელადა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 აგვისტო, 2026 14:07:00
წელს ბოლოჯერ მივიღებ მონაწილეობას))
1

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> კონკურსი “ლილე2026“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი