ნინო დარბაისელი
კოცნა - - -
მზე - გადახრილი, მე - გადაღლილი, ხავსის ხასხასა ხალიჩა რბილი, ღრმად თანაბარი და თანაც გრილი დაბეჟილ ტერფებს მოესალბუნა.
ხმამ გამიტყუა სიმხურვალიდან და მე ვიხილე ცა - ვარსკვლავებით მოჭედილი, შორი სიკვდილი, ახლო მდინარე, კლდის ნახეთქიდან გამომდინარე. მდინარის პირას კენტად ჯდა იგი და გაისმოდა სოლო მისი უკიდეგანო სიმარტოვეში...
სხეული ჰქონდა ისეთი გრილი, ისეთი გრილი სხეული ჰქონდა, რომ შეხებაზე ქალის მუცელში ჩასიცხულ პეპლებს საბედისწერო თავგანწირვით აფრიალებდა.
გრილი სხეული ჰქონდა-მეთქი, იმას ვამბობდი, ტუჩებიც - გრილი, შუბლიც, კისერიც, მაგრამ ის ქალი მე არ ვიყავი, ვისი კოცნითაც ის ბაყაყური ტყავი უცებ გადასძვრებოდა და სამეფო მანტიამოსხმულს, მაღალ ფეხებზე წამომართულს, მარადლაქუცა კარისკაცები წითელ ხალიჩას დაუგებდნენ და მის წინაშე ქალადქცეული ფერადგვირგვინა ყვავილები თაყვანისცემით განერთხმეოდნენ.
არადა, იქნებ მართალიც იყო, რომ სჯეროდა თავისი წამის და თვალწარმტაცი გუბის პირად მოწყენით მჯდომი, ცისკენ მზირალი იმ ერთ, ერთადერთ, ჯადოსნურ კოცნას ელოდებოდა, მე კი მიველ და მოვაცდინე…
რა ვქნა, ის ქალი მე არ ვიყავი და ჩემი კოცნა დედურად თუ დედობილურად სიცხის გასინჯვას უფრო ჰგავდა; ხმაშიც, თვალებშიც ზრუნვა მედგა, შფოთს რომ ერევა და ყრმას აწყნარებს, ამამაცებს: ,ეს სეზონური ვირუსები - არაფერია!" მერე დაიცდის, ჩათვლემილს ჩუმად საბნის კუთხესაც შეუკეცავს და ფეხაკრეფით, გალიცლიცებულ ღამის ქოთანსაც თან გააყოლებს. სხვა რაღა გითხრათ იმ სიყვარულის!
მთავარ მანუსკრიპტს ვერავინ შევცვლით, ჰოდა, ვჯერდებით ასე, ერთჯერად ადაპტაციებს.
ყველამ თქვენ-თქვენი გაიხსენეთ, წარმოიდგინეთ, აღმაფრენებით, აფრებით და გაარაფრებით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ანნა ახმატოვას პოეზიას მაგონებს. ანნა ახმატოვას პოეზიას მაგონებს.
4. მომწონს, ამის აზრი განსაკუთრებით, "არადა, იქნებ მართალიც იყო, რომ სჯეროდი თავისი წამის და თვალწარმტაცი გუბის პირად მოწყენით მჯდომი , ცისკენ მზირალი იმ ერთ, ერთადერთ, ჯადოსნურ კოცნას ელოდებოდა, მე კი მიველ და მოვაცდინე." მომწონს, ამის აზრი განსაკუთრებით, "არადა, იქნებ მართალიც იყო, რომ სჯეროდი თავისი წამის და თვალწარმტაცი გუბის პირად მოწყენით მჯდომი , ცისკენ მზირალი იმ ერთ, ერთადერთ, ჯადოსნურ კოცნას ელოდებოდა, მე კი მიველ და მოვაცდინე."
3. რას ბრძანებთ ქალბატონო ნინო რა წაშლა? :))
არა და არა
მშვენიერი ლექსია 5 ქულა ჩემგან
რას ბრძანებთ ქალბატონო ნინო რა წაშლა? :))
არა და არა
მშვენიერი ლექსია 5 ქულა ჩემგან
2. ჯონათან! უსაზღვროდ გამახარა ამ გამოხმაურებამ. ის იყო, ლექსის წასაშლელად შემოვიხედე, ეტყობა , ვერ გამომივიდა- მეთქი და ჰა! ვიცი, გიჟური ჩანაფიქრი იყო ვეფხისტყაოსნისა და ბაყაყის გადაკვეთის წერტილის პოვნა და იქ პოეზიის შექმნის ცდა, მაგრამ ასეთი ბეწვის ხიდები თუ არ მეგულება, ვერ ვწერ. კი, ბევრჯერ ჩამტეხვია და ცივ წყალში ტყაპანიც მომიდენია, წყალსაც ბევრჯერ წავუღივარ თავქვე, ხავსმოკიდებულ ქვა-ლოდებზე თავის ხათქუნით და ძლივსაც ამოვფართალებულვარ იქიდან, ან თავთხელში დინების მიგდებულს თვალი გამიხელია და გამხარებია, რომ ისევ ვარ, ვარსებობ... მაგრამ მაინც ვერ ვეშვები ჩემს წერას!
ჰო, ერთ მაგისტრალურ ხაზზე ვამბობდი: ტარიელი და ბაყაყი მეთქი. დასახელებული არცერთი არა მყავს, ,, საერთო” ანტურაჟი მაქვს მათთვის შექმნილი, ენაც ეკლექტიკური შევურჩიე ( შეად: სოლო - ჯდა, გალიცლიცებული- ადაპტაციები და ა.შ) ყველაზე დიდი საერთო რაც მათ შორის დავიჭირე, ისაა, რომ ორივე - მეფისწულია, ორივეს ,ტყაოანობა” სიყვარულის ტრიუმფით მთავრდება... მაგრამ რა არის იმ ტრიუმფს იქით? - ეს კითხვა მაწვალებს. (არის ალაგ- ალაგ პაროდიული ალუზიები ,, დედისა მჯობი დედა - დედობილი და მისთ) ბარემ ფორმაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას: რიტმიკის მხრივ, გარდამავალი ფორმის ტექსტია - თავისუფალგრაფიკიანი ვერბლანი, ლამის ბაროკალური ფინალით. დანარჩენი - უჩემოდაც ჩემზე კარგად გაგიგიათ. სანატრელი მკითხველი ხართ. მადლობა და მადლობა! ჯონათან! უსაზღვროდ გამახარა ამ გამოხმაურებამ. ის იყო, ლექსის წასაშლელად შემოვიხედე, ეტყობა , ვერ გამომივიდა- მეთქი და ჰა! ვიცი, გიჟური ჩანაფიქრი იყო ვეფხისტყაოსნისა და ბაყაყის გადაკვეთის წერტილის პოვნა და იქ პოეზიის შექმნის ცდა, მაგრამ ასეთი ბეწვის ხიდები თუ არ მეგულება, ვერ ვწერ. კი, ბევრჯერ ჩამტეხვია და ცივ წყალში ტყაპანიც მომიდენია, წყალსაც ბევრჯერ წავუღივარ თავქვე, ხავსმოკიდებულ ქვა-ლოდებზე თავის ხათქუნით და ძლივსაც ამოვფართალებულვარ იქიდან, ან თავთხელში დინების მიგდებულს თვალი გამიხელია და გამხარებია, რომ ისევ ვარ, ვარსებობ... მაგრამ მაინც ვერ ვეშვები ჩემს წერას!
ჰო, ერთ მაგისტრალურ ხაზზე ვამბობდი: ტარიელი და ბაყაყი მეთქი. დასახელებული არცერთი არა მყავს, ,, საერთო” ანტურაჟი მაქვს მათთვის შექმნილი, ენაც ეკლექტიკური შევურჩიე ( შეად: სოლო - ჯდა, გალიცლიცებული- ადაპტაციები და ა.შ) ყველაზე დიდი საერთო რაც მათ შორის დავიჭირე, ისაა, რომ ორივე - მეფისწულია, ორივეს ,ტყაოანობა” სიყვარულის ტრიუმფით მთავრდება... მაგრამ რა არის იმ ტრიუმფს იქით? - ეს კითხვა მაწვალებს. (არის ალაგ- ალაგ პაროდიული ალუზიები ,, დედისა მჯობი დედა - დედობილი და მისთ) ბარემ ფორმაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას: რიტმიკის მხრივ, გარდამავალი ფორმის ტექსტია - თავისუფალგრაფიკიანი ვერბლანი, ლამის ბაროკალური ფინალით. დანარჩენი - უჩემოდაც ჩემზე კარგად გაგიგიათ. სანატრელი მკითხველი ხართ. მადლობა და მადლობა!
1. ბევრეჯერ წაკითხვის შემდეგ მომეწონა :)
რამდენშრიანი ტექსტია, პალიმფსესტივით.
მოჯადოებული ბაყაყის თემაზე თუ რამე ინტერპრეტაცია წამიკითხავს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვერსიაა.
თქვენი ნაწერების ფინალური ფრაზები შემომეზეპირება ხოლმე :)
ბევრეჯერ წაკითხვის შემდეგ მომეწონა :)
რამდენშრიანი ტექსტია, პალიმფსესტივით.
მოჯადოებული ბაყაყის თემაზე თუ რამე ინტერპრეტაცია წამიკითხავს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვერსიაა.
თქვენი ნაწერების ფინალური ფრაზები შემომეზეპირება ხოლმე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|