ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯონიკა
ჟანრი: იუმორისტული
11 დეკემბერი, 2020


წერილი( მეექვსე) ნ-ი-კ-ი-ს

გამარჯობა, ნიკ!

აი, მაშინ რომ იყო თორმეტი ნოემბერი, ხო გახსოვს, ნიკ?  ეგ ჩემი დაბადების დღეა, თოთხმეტი წლისა გავხდი. ტენდიმ ქათმის ხორცი მაჭამა.  მანამდეც მაჭამა, ნიკ, ოთხი დღე. იქნება მეტიც, მაგრამ მე მარტო ოთხამდე ვიცი დათვლა.
იმიტომ კი არ მაჭამა, ჩემი დაბადების დღე რომ იყო. არაა!  ცუდად ვიყავი და იმიტომ. მეზობელმა ძროხის ფეხები მოხარშა და ხრტილები მე გამომიგზავნა.  უცბად გადავსანსლე, მაგრამ  ძალიან მაწყინა.  ღამე წამოვხტი, თათები მეკეცებოდა,  ვერ ვადგამდი, აქეთ-იქით ვეხეთქებოდი, გულიც მერეოდა. საბამ უცბად გამარბენინა გარეთ. წვიმდა და გუბეები იყო. იმ გუბეებში ჩავვარდი ოთხჯერ. იქნება მეტჯერაც ჩავვარდი, მაგრამ მარტო მანდამდე დავითვალე.
ტენდიმ ექიმს დაურეკა, რა ვუშველოვო.  ძალიან ღამე იყო, ნიკ. აი, ყველას რომ სძინავს, ისეთი ღამე. იმ ექიმსაც  ეძინა. გაიღვიძა და ტენდის  უთხრა, თუ ძალიან ცუდად იქნება, თბილისში მოგიწევთ წაყვანაო. 

ტენდი ტიროდა, მეფერებოდა და მეუბნებოდა" "ჩემო ლამაზო, ჩემო დახატულო, შემო გრძელყურება!  შენ რომ რამე დაგემართოს, არ ვიცი, როგგორ გადავიტან! "  მერე დამემუქრა, "ჯონიკა, არ მოკვდე, თორემ ჩემი ხელით დაგაკავ აქვეო!".
აბა, ესე რო დამემუქრა, უნდა მოვმკვდარიყავი?  ისედაც არ ვაპირებდი სიკვდილს, ნიკ, მარტო ცუდად ვიყავი.

მერე საბამ ტაქსი გამოიძახა და აფთიაქში წავიდა. აი, ისეთ აფთიაქში, ღამე რო არ სძინავს.  ჰოდა მოიტანა რაღაცა საზიზღარი წამალი, ტენდიმ წყალში გახსნა, საბამ ძალით გამაღებინა პირი და ჩამასხეს. სულაც არ მომეწონა.  მეორე დღესაც ჩამასხეს ის წამალი, სამჯერ.  საჭმელს არ ვჭამდი და იმ ექიმმა უთხრა, ქათმის ხორცი მოუხარშეო.  ჰოდა ამიტომ მაჭამა ქათმის ხორცი.  მერე წვენიც დამისხა პედიგრზე და ისიც ამოვსანსლე ხელათ.  მერე კიდევ ვითხოვდი ქათმის ხორცს და პედიგრს არ ვჭამდი, მაგრამ უკვე კარგად ვიყავი და "ვერ მოგართვი, ჯონიკა!  თუ გინდა მიირთვი შენი პედიგრი, თუ არა და იჯექი მშიერიო", ტენდიმ მითხრა. მერე ვჭამე პედიგრი, მეტი რა გზა მქონდა!

ერთხელ, ადრე, აი, სოფელში რომ  ვიყავით მე და ტენდი, მაშინაც ცუდად გავხდი. მაშინ კი მართლა ვკვდებოდიიი.
სოფელში რომ მივყავდი, ბილეთი მეც ამიღო.  ჰოდა მარშუტკაში ერთ კაცს შევახტი, მომეფერე-მეთქი.  იმ კაცმა კიდევ ხელი მკრა. მეორეთაც შევახტი. წამოხტა ის კაცი სკამიდან  და ტენდის გაბრაზებულმა უთხრა, "კიდევ ერთხელ შემამახტება და აქედან გადავაგდებო".  ტენდი ჩანთებს ალაგებდა, კი არ გაბრაზებულა, სულ ღიმილით უთხრა, "გადააგდებ და გადაგაყოლებ თან. ეს ძაღლი შვილივით მყავს გაზრდილიო". მერე მე  ჩემს ადგილზე დამსვა, ფანჯრისკენ და მითხრა,  "ეგ ცუდი კაცია, ჯონიკა.  ეგეთი ცუდი კაცების გაცნობა არ გინდაო.". 
მთელი გზა ფანჯრიდან ვიყურებოდი. გზას ვიმახსოვრებდი.
მერე სოფელში ერთი ქალი მოვიდა ჩვენთან და ტენდის უთხრა, აბა როგორ მღერის ჯონიკაო.  ტენდიმ ტელეფონში მუსიკები ჩამირთო და მეც ვიმღერე. რო გავჩუმდი, სოფლის ბიჭებმა ყეფა დაიწყეს, "კიდევ იმღერე, კიდევ იმღერეო".  ტენდომ მუსიკები აღარ ჩამირთო მაგრამ უმუსიკოთაც კარგად ვიმღერე.
სოფელი არ მომეწონა, ნიკ, ადრეც ხომ მოგწერე.
არც იქ მიშვებდა ტენდი გარეთ. იცი რატომ არ მიშვებდა? იქაც დავერიე მეაზობლების ბატებს, ქათმებს და  იყო უბანში ერთი ამბავი.
მერე, ერთ ღამეს ტენდის ეზოდან ხმაური შემოესმა. მაშინვე წამოხტა ლოგინიდან და აივანზე გავარდა "ვინ არისო?" დაიძახა.  ვინ უნდა ყოფილიყო, ნიკ, ალბათ მეზობლის ძაღლი იყო, მაგრამ ამას გააგებინებ რამეს?!    ქურდი ბიძიები რომ ყოფილიყვნენ და თავში რამე ჩაერტყათ, ხო იყო ღირსი?
ჰოდა მე კართან ჩავსაფრდი. როგორც კი შემობრუნდა ოთახში, ვკარი თავი და გავიქეცი ეზოში.  მეძახა, მეძახა, მობრუნდიო, მაგრამ გიჟი ვიყავი მოვბრუნებულიყავი?  გათენებამდე  ვირბინე. მერე კარი დახურა, "შენ თუ სახლში შემოგიშვა, ბიჭო, ნახავო!".
მაშინ კი დამცხააა!
გამოვიქეცი უკან. შემიშვა სახლში, მაგრამ მეორე დღეს ცუდად გავხდი. მაშინაც მომეკვეთა თათები, არც მაშინ ვჭამდი არაფერს, არც წყალს ვსვამდი. მერე საბა ჩამოვიდა.  ჰოდა ასე ათი დღე ვიყავი ცუდად. არც ძაღლების ექიმები არ არინ იმ სოფელში, ნიკ და აბა, ვინ მიშველიდა?!
მერე საერთოდ გამიშეშდა თათები, სულ ვეღარ ვმოძრაობდი. თვალებიც შუშებივით გაუხდაო, ტენდიმ თქვა. თან ძალიან ტიროდა. საბა  მაშინ პატარა იყო და ისიც ძალიან  ტიროდა,  ზურიაც. ზურია ჩვენი მეზობელია სოფელში. ნინო რუსთავში იყო და ისიც ტიროდა.
ზურია ბაბუა ეჩხუბა ტენდის, ძაღლის სახლში სიკვდილი არ შეიძლება, მინდორში წაიყვანეთ და როცა მოკვდება, იქ დამარხონ ბიჭებმაო.

ხელის ტაჭკა ხო იცი, ნიკ, დამდეს იმ ხელის ტაჭკაზე ზურიამ და საბამ, წამოიღეს ბარი და წამიყვანეს მინდორში.  მე კიდევ სულაც არ მოვკვდი,  ისევ სუნთქავდი. მერე საბამ და ზურიამ ბევრი წყალი ჩამასხეს პირში, მერე ზევიდანაც  დამასხეს წყალი და ისევ სახლში წამომიყვანეს. საბამ ტირილი დაიწყო, "მე ამას ვერ ვუყურებ, რუსთავში უნდა წავიდეო". მერე რაღაცა შრატი ჩამასხა ტენდიმ, ნემსიც დამარჭო და ნელა-ნელა კარგად გავხდი. 
ეხლა, როცა გავაბრაზებ ხოლმე, მეუბნენა, "ჯონიკა, ხო გახსოვს, რო კვდებოდი და გადაგარჩინე, ეხლა ჩემი ხელით მოგკლავ, იცოდე!"
ამას წინათ მუხამ მომწერა, "ჯონიკა, მე შენ ცოცხალი აღარ მეგონეო".
სასაცილოა,ნიკ.  მე რა მომკლავს, ტენდიმ ძალით თუ არ მომკლა?!  მე არასდროს არ მოვკვდები, აი, სულ არასდროს!  იცი, რატომ, ნიკ? ტენდი ძაან მაგრა ინერვიულებს, საბაც, ნინოც.  ჩემი გულისთვის  რატო უნდა ვანერვიულო, არა?

ხო სევდიანი ამბავი გიამბე, ნიკ, მაგრამ ჟანრი  მაინც იუმორისტული მივუთითე.  გინდა გითხრა, რატო?
აი, ძაღლი რო ვარ და წერილების წერა რომ ვიცი, იმიტომ!

შენი ძმაკაცი, ჯონიკა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები