ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2018


ბანალური ამბავი


კართან იდგა ლამაზი ქალი და ქაღალდის ჩანთაში ჩაწყობილ პროდუქტებზე უთითებდა თავის წინ მდგარ გაბურძგნულ, ძილბურანში მყოფ მამაკაცს, რომელიც შემინული კარიდან იყურებოდა და გაკვირვებისგან თვალებს მალმალე ახამხამებდა.
_ რას დამდგარხარ, შემომიშვი. ყველაფერი მოგიტანე, ახალი ხილიც და ყვავილები ლარნაკისთვის.
კაცმა თავი დაბნეულად მოიქექა.
_ მეგონა, ვიჩხუბეთ და საბოლოოდ დავშორდით. ის ლარნაკიც ხომ კედელს შეამსხვრიე? _ იხსენებდა და ვერ გაეხსენებინა. ან როგორ გაიხსენებდა. თვალებში ჩამოყრილი თმა და სახიდან გამობურდული მოვერცხლო წვერი ლამის ერთმანეთში შეზრდოდა და იქიდან წამოსული ნაბაჰუსევის სუნი ქალს თვალებს სწვავდა.
_ ლარნაკიც გიყიდე. მთელი ორი დღე გადამყიდველებთან დავრბოდი, სად არ მატარეს და ბოლოს, როგორც იქნა, ზუსტად ისეთი ვიპოვე, _ დაბლა დადგმულ ყუთზე ფეხით მიუთითა, _ შემომიშვებ თუ წავიდე?
კაცი კარს მოშორდა და ნელი, განიერი ნაბიჯით შეუძღვა ქალს სამზარეულოში. კორიდორში გზადაგზა მიყრილ გასარეცხ ტამსაცმელს დასწვდებოდა და ერთმანეთში უხერხულად ახვევდა. თანაც ისევ ფიქრობდა.
_ როდის დაბრუნდი?
კაცი დაფიქრდა.
_ ალბათ ერთი კვირის წინ, _ თქვა და გაიფიქრა, ნეტა ეს ოხერი, მართლა როდის დავბრუნდიო.
სამზარეულოს ეტყობოდა, რომ დიდი ხანია, არავინ მიჰკარებოდა. დასვრილი ჭურჭლის გორა და მზა საჭმლის ნარჩენები უცნაურად მწარე სუნს გამოსცემდა და ყველა სახის მწერს იზიდავდა.
_ აი, მესმის ნამდვილი შემოქმედებითი უწესრიგობა! _ ირონიულად თქვა ქალმა და თვითონვე გაიცინა, _ იცი მაინც, დღეს რა დღეა? ან რომელი საათი...
კაცმა უარყოფის ნიშნად წაბლისფერი ბულულა  ზანტად გააქნია და იგრძნო, რა ძალიან სტკიოდა თავი. სკამზე ჩამოჯდა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ფიქრობდა, ვინ არის ეს ქალი და აქ საიდან გაჩნდაო.
ქალი კი კაცს არ უყურებდა. ფარდები გადასწია, ფანჯრები გამოაღო, იქიდან ზღვის სუნი და გემების ძლიერი ხმები შემოუშვა. მერე მაგიდა გადაწმინდა, ზედ პროდუქტი ამოალაგა და სამზარეულოს სათავსოების  გამოვსებას შეუდგა. პროდუქტი რომ დააბინავა, ჭურჭელი ერთი ხელის აქნევით დარეცხა. ნაგავს წამში მოუყარა თავი, ოთახიდან გაიტანა, იატაკი გამოგავა. საოცრება იყო, როგორ მსუბუქად და ლამაზად აკეთებდა ყოველივეს. ან კაცს ეჩვენებოდა ასე.
_ დღეს სტეიკი და ბოსტნეულის რაგუ გვექნება, _ თქვა და სანამ კაცი ერთი ღერი სიგარეტის მოწევას მორჩებოდა, უკვე ყველაფერი მზად იყო. ან კაცს მოეჩვენა ასე. სამზარეულოს კარადაზე ხილიანი ვაზა შემოდგა, გაზქურაზე _ ყავა. მერე დაისხა, კაცს საჭმელი გაუწყო, თავის მხარეს მხოლოდ ყავა და ძველებური საფერფლე დაიდგა, წინსაფარი მოიხსნა, ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და უცებ მოაგონდა, ყუთი გახსნა, ლურჯი ლარნაკი ფრთხილად ამოაძვრინა, კაცს უჩვენა კმაყოფილი გამომეტყველებით, შიგ ყვითელი ლილიები ჩააწყო, წყალი ჩაუსხა, მაგიდის შუაგულში დადგა, ისევ შორიდან შეათვალიერა ოთახი და კაცის პირისპირ დაჯდა.
_ რა ქენი, მიამატე რამე იმ შენს მოხუცს? _ სიგარეტს მოუკიდა და თვალი გაუსწორა ჩამოყრილი თმების მიღმიდან გამომზირალ მომწვანო თაფლისფერ თვალებს, _ ჭამე თორემ წავალ.
_ რომელ მოხუცს? _ ჰკითხა კაცმა და თეფშზე ისე დაიხედა, თითქოს საჭმელს პირველად ხედავდა და არ იცოდა, რა უნდა ექნა. ისე უნდოდა რაიმე ალკოჰოლური, რომ თავის ტკივილი გაეჩერებინა...
_ რომელზეც წერ.
_ რომელზეც ვერ ვწერ... ვერა, ვერაფერი მოვუხერხე. ზის შადრევნის ნაპირზე და მელოდება. ცამეტი მაისის შემდეგ იქ ზის. შენ ციფრების გჯერა, მაგდალენა? _ ჰკითხა ფიქრებში წასულმა.
_ მე იმის მჯერა, რომ არსებობენ იდიოტები, რომლებსაც ციფრების და მისტიკის სჯერათ.
_ მე ოდიოტი არ ვარ, მაგრამ ცამეტ რიცხვში არ შეიძლება რომანის დაწყება. ყველაფერი ცამეტის ბრალია.
_ იქნებ იმის ბრალია, რომ თმა თვალებში გეფარება. ან იმის, რომ ბოლოს ფხიზელი ოთხი წლის წინ იყავი, ანუ მაშინ, როცა გაგიცანი.
_ არ უნდა დავბრუნებულიყავი. ისევ წავალ.
_ მატიას, მითხარი, რა დაგრჩა ზღვაში. მითხარი, რა არის იქ ისეთი, რასაც ჩემგან ვერ იღებ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მეტყვი, რომ დარჩე! _ შეევედრა ქალი.
კაცმა ვერ უპასუხა.
_ წამო, დავწვეთ, _ ესღა უთხრა.
_ ჯერ იბანავე! _ ცხვირი აიბზიკა ქალმა და თავი გვერდზე მიაბრუნა. სახის ათრთოლებულ კუნთებს სხვანაირად ვერ დამალავდა.
წამოდგა მატიასი საბანაოდ, დიდხანს ელოდა მაგდა და ფიქრობდა, რა უნდოდა ამ კაცთან. ზღვაში ყოველი გასვლის წინ შორდებოდნენ და მერე ისევ უბრუნდებოდნენ, შეეფარებოდნენ ერთმანეთის სხეულებს, შეიხსენებდნენ. გამოთვრებოდნენ, იხეტიალებდნენ ზღვის ნაპირებზე, ილაპარაკებდნენ ყველაფერზე, მერე მატიასი გაჩუმდებოდა და იწყენდა. ზღვა ენატრებოდა. წერდა და წერდა. მერე წერასაც მოიბეზრებდა და იწყებოდა გამოუფხიზლებელი დღეები. მაგდა ჩხუბობდა, ჩხუბობდა, ხან უმღრებდა, დაუყვავებდა, ხანაც მოკვლით დაემუქრებოდა, ხანაც _ თვითმკვლელობით. ხან მისი რომანების უწესრიგოდ დაყრილ დასტებს თავს მოუყრიდა, დაალაგებდა, ამოიჩრიდა იღლიაში და გამომცემლობაში წაიღებდა. იქიდან ყოველთვის გახარებული ბრუნდებოდა.
_ მატიას, მოეწონათ! წიგნს გიბეჭდავენ!
მატიასი თავს წამოსწევდა და იტყოდა:
_ რა უფლებით იქექები ჩემს ნივთებში?! _ და ძილს შეიბრუნებდა.
მერე მაგდა ჩაალაგებდა და მიდიოდა. რამდენიმე დღეში ბრუნდებოდა და ყველაზე უფრო თავბრუდამხვევი ხმები სწორედ ასეთ დღეებში გამოდიოდა მათი საძინებლიდან
ასე გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მაგდამ არ იგრძნო, რომ ბერდებოდნენ და რომ თავაშვებული ცხოვრება აღარ უნდოდა. და ამდენი წლის ურთიერთობის შემდეგ პირველად ახსენა ოჯახი და შვილები. მატიასმა გადაიხარხარა და უთხრა, ხელს ხომ არ მთხოვო. მაგდამაც უთხრა, დიახ, ეს სწორედ რომ ხელის თხოვნაა და შანსი გაქვს, ჩემი ქმარი გახდეო. მატიასმა არაფერი უპასუხა. იდგა უყურებდა მაგდას თვალებში და თითქოს ეუბნებოდა, გელოდები, როდის გამოაღებ კარადებს, დაუვლი ყველა ოთახს, ჩაალაგებ ბარგს და წახვალო. მაგდა არ წავიდა და თითქმის დაივიწყეს კიდეც ხელის თხოვნის უხერხული შემთხვევა. სულ სხვა დროს წავიდა. მატიასის ნაწერებზე ხშირად საუბრობდნენ, განიხილავდნენ მის გმირებს, სიუჟეტებს, მაგდალენა რჩევებს აძლევდა. მატიასიც ითვალისწინებდა და როგორღაც კარგად გამოსდიოდათ ეს ყველაფერი. ასე ცხოვრობდნენ. მერე ყველაფერი მეორდებოდა. მატიასი რომ მოიწყენდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ გული ზღვისკენ უწევდა. ერთხელაც მაგდა თავს ვეღარ მოერია და შეევედრა:
_ წამიყვანე შენთან ერთად, ზღვაში გამიყოლე!
_ ვერა...
_ წამიყვანე, თორემ...
_ თორემ რა?!
_ თორემ რომ გახვალ, თვალებს აღარ გამოგაყოლებ. ხმაურით მოვხურავ კარს მის უკან ჩავიკეცები, ვიტირებ, ვიტირებ, მერე მთელ ფილა შოკოლადს, ალუბლის ღვეზელს, მთელ ყუთ ნაყინს და კიდევ სხვა ისეთ რამეებს შევჭამ, რასაც ქალები ჭამენ ასეთ დროს. არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი. მუცელს ამოვივსებ და ასე დავიძინებ. ვიძინებ ორი თვე და რომ ჩამოხვალ, დაგხვდები მსუქანი და და ჭუჭყიანი, როგორც ცოლი. დაგხვდები სულ მომლოდინე და შენ შეგეზიზღები.
_ და თუ წაგიყვან, იქ რაღას გააკეთებ?
_ იქ კაიუტაში ჩავიკეტები მთელი დღეები და საღამოობით დაგხვდები, გაგიღიმებ, გვერდით მოგიწვები, ყურში გიჩურჩულებ, რომ მიყვარხარ და შენს მეტი არავინ მინდა, რასაკვირველია, თუ ზედმეტად სექსუალური კაპიტანი არ გყავს. მატიასმა არ წაიყვანა და მაშინ კი მაგდამ
გამოაცხადა, რომ მისი გამოსწორების ყოველგვარი იმედი გადაეწურა და საბოლოოდ შორდებოდა. წასვლის სცენა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო, გასვლის წინ ლარნაკი აიღო და კედელს შეამსხვრია.
_ თქვი რამე დასამშვიდობებელი, სანამ წავალ, _ უთხრა მატიასს და დაელოდა. მატიასმა არაფერი თქვა. ლარნაკის ნამსხვრევები აკრიფა და ნივთების გატანაში მიეშველა.
ახლა კი მაგდალენა ისევ აქ იყო და ელოდა, როდის გამოვიდოდა სველი მატიასი სააბაზანოდან და საძინებლისკენ წაიყვანდა. რა იყო ეს, თუ არა სიგიჟე. რა იყო ეს, თუ არა სისულელე, ფიქრობდა მაგდა და ეძებდა სიტყვებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ეთქვა.
საძინებელში შევიდნენ და როცა მატიასი მაგდას თხელ ლიმონისფერ კაბას მონატრებული ხელებით ხდიდა, მაგდამ შეაჩერა და უთხრა,
რომ ორსულად იყო, მაგრამ შეეძლო, მშვიდად ყოფილიყო, ერთ კვირაში მოიშორებდა.
მატიასი ადგა, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო, თავი ისევ სტკიოდა. იდგა და სტკიოდა. ელოდებოდა ტკივილის გავლას. ლოდინი იყო მისი თვისება. ყველაფერი ლოდინი იყო, გარდა ზღვაში გასვლისა. მაგდასთან ყოფნაც იყო სახლში ყოფნა და ლოდინი, თვალებში ყურება და ლოდინი, მაგიდასთან ჯდომა და ლოდინი, ძილი და ლოდინი, ალკოჰოლური თრობა და ლოდინი. ღმერთო, წიგნებსაც კი ის უბეჭდავდა! არასოდეს დაბეჭდილა მისი წიგნი მისი სიფხიზლის პერიოდში.
მატიასი ფანჯრიდან უყურებოდა ვრცელ ზღვას, შორს _ შავად ჩამქრალ პორტს და რაც უფრო დაჟინებით უყურებდა, მით უფრო შავი და შორეული ეჩვენებოდა იგი. ფიქრობდა, რამდენი დღე გაეტარებინა უხმელეთოდ, რამდენი შტორმი და რამდენი ღელვა გამოუვლია. და ახლა, როცა მიწაზე უძრავად და მეზღვაურულად განზე გადგმული ფეხებით იდგა, ყველაზე ნაკლებად გრძნობდა მიწის სიმყარეს ფეხების ქვეშ. და როგორ უნდოდა რაიმე ალკოჰოლური, რომ თავის ტკივილი გაეჩერებინა... ან ასპირინი. ხო, უფრო ასპირინი, ღმერთო, რა თქმა უნდა, ასპირინი! რადგან დღეიდან წვეთსაც აღარ დალევდა.
მაგრამ ტკივილი უკვე აღარსად იყო.
_ მაგდა!
_ ხო, მატიას, _ დაუყვავა მაგდამ და მოემზადა, კიდევ უფრო დამაჯერებლად და სხვა სიტყვებით დაერწმუნებინა შეშინებული კაცი, რომ მამობის საფრთხე არ ემუქრებოდა.
_ მაგდა, შენ აღარ მოწიო, კარგი?
_ კარგი, აღარ მოვწევ.
_ აღარც დალიო.
_ აღარც დავლევ.
_ აღარც წახვიდე, როგორც მიდიოდი კარგი? და მეც აღარსად გამიშვა.
_ კარგი!
_ მაგდა, შენ იცი, როგორ უნდა ბავშვის გაზრდა?
_ ვისწავლი.
_ მეც ვისწავლი.
_ წამო, თმას შეგკრეჭ.
_ წამო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები