ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
13 დეკემბერი, 2018


ჭრელი კატა, სახელად ატიკუსი, რომელსაც გოგონა შეუყვარდა



(ვუძღვნი ნინიას, რომელსაც არ უყვარს კატები და რომელმაც არ იცის, რომ სინამდვილეში, სულ, სულ სინამდვილეში, ძალიანაც უყვარს)  <3

– რაც არ გკლავს, გაძლიერებს, რაც არ გკლავს, გაძლიერებს! – დადიოდა ოთახიდან ოთახში ჭრელი კატა, სახელად ატიკუსი და სწრაფად იმეორებდა.
– იქნებ დაველაპარაკო, იქნებ მომისმინოს, არა, არა, გული გაუსკდება, გაგიჟდება, გადაირევა, სახლიდან გაიქცევა, – განაგრძობდა თავის თავთან ლაპარაკს, კუდი მაღლა აეპრიხა და ნერვიულად დააბიჯებდა, – აი, თუ არ მოვკვდი, მართლა ვიქნები უფრო ძლიერი. შესაძლოა, კარადაზეც ავხტე, თაგვიც დავიჭირო. ოღონდ ახლა არ მოვკვდე. მგონი, სიცხე მაქვს, ცხვირი მიშრება და მაქსუტუნებს. აი, როგორ იცის, თურმე, სიყვარულმა. მაგრამ რაც არ გკლავს, გაძლიერებს, ეს უნდა დავიმახსოვრო!
გულაღმა დაწვა ხალიჩაზე და თათები თავქვეშ ამოიწყო.
– ნეტავ სად წავიდა? დღეს კვირაა, სწავლა არ უნდა ჰქონდეს. და, საერთოდ, ნეტავ სად დადის, სად სწავლობს... მე მაგის ხელში წიგნი არ მინახავს! საქმესაც არ აკეთებს, ხომ შეიძლება, ერთი კრემიანი ნამცხვარი გამოაცხოს?! აი, ახლაც დამიყარა რაღაც ნაყიდი საჭმელები და დამისხა რძე. ნეტავ რა ჰგონია, ამეებს შევჭამ? არაფერიც, ფანჯრიდან გადავყრი, რძესაც ლამაზად მოვასხამ ზემოდან! მერე ყავას მოვიდუღებ და ლიმონიან მაფინებს მივაყოლებ. მერე, 12-ზე, დოკუმენტური სერიალი დაიწყება. დღეს ვეფხვებზეა, უნდა ვნახო ერთი, მართლა ვგავარ, თუ რატომ მეძახის: „ატიკუს, ჩემო ვეფხვო“... მაგას ჰგონია, მომწონს, ვიღაც ვეფხვს რომ მადარებს?! – ბრაზიანად აიბზუა ცხვირი და ულვაშები ააცმაცუნა.
– წავალ, ხალიჩას გავაფუჭებ, კარსაც ჩამოვკაწრავ! იქნებ ფარდებიც ჩამოვგლიჯო! რა გზას დავადგე, მასწავლე, ღმერთო! როგორ მოიქცეოდა ასეთ დროს ჩემი ცხონებული დიდი ბაბუა არტური? ამაღამ, როცა ის დაიძინებს, არტურის სულს გამოვიძახებ და ასე ვეტყვი: გზა მიჩვენე, არტურის სულო! ოღონდ ნუ დამიწყებ მორალის კითხვას! სიყვარული ისეთი რამეა, ხომ იცი... აი, შეჩვევაა სიყვარული და კიდევ – სილამაზის შეგრძნება და სხვანაირად, სულ სხვანაირად რომ კრუტუნებ, ეგეც სიყვარულია! არტური ბრძენი კატა იყო, გამიგებს. მთავარია, ამაღამ სავსე მთვარე იყოს და ყველაფერიც გამოვა, – იწვა ხალიჩაზე, იყურებოდა მოჭუტული, ფოსფორისფერი თვალებით ჭერში და ნერვიულად აქანავებდა კუდს.
– ნამდვილად იმის სანახავად იქნება! სხვანაირად გამოიპრანჭა დღეს. თან აბაზანაში მღეროდა! ვერა, ღმერთო, მე ამას ვერ გავუძლებ! მაგრამ რაც არ გკლავს, გაძლიერებსო და, აბა, გავძლიერდე ახლა! თუ ვკვდები ნეტავ უკვე? რა სამწუხარო იქნება ჩემი სიკვდილი! ასეთი ბეწვი, ასეთი კუდი თუ აქვს ნეტავ სხვა კატას... ნეტავ თუ იტირებს ის ჩემს სიკვდილზე ან თუ მიხვდება, რის გამოც მოვკვდი... არა, არა, არ შეიძლება ჩემი სიკვდილი! მერე ხომ ვეღარ ვნახავ, როგორ დადის პირსახოცით, ფეხშიშველი, როგორ სძინავს დილით, როცა არსადაა წასასვლელი და მზე ადგას სახეზე, მკლავებზე. როგორ იღიმის, როცა ტკბილ სიზმარს ხედავს, როგორ ისწორებს თმას, როგორ ღიღინით არჩევს ტანსაცმელს, როგორ ტრიალებს სარკესთან... ვერა, ვერ მოვკვდები! მერე ხომ ვეღარ დავუწვები გვერდით, თავს ვეღარ მივადებ, წელზე ვეღარ მოვიკალათებ, შიშველ ბარძაყებზე ცხვირს ვეღარ დავადებ... ჯანდაბა! რატომ გამახსენდა ახლა მისი ბარძაყები!.. წავალ, ავიდუღებ ყავას, სანამ დაბრუნებულა.
ადგა ყავის მოსადუღებლად რის ვაი-ვაგლახით ახტა სამზარეულოს კარადაზე, ღონივრად დაჰკრა თათი ყავადანს, მაგიდიდან ლიმონიანი მაფინი ჩამოიღო, ყავისთვის ცისფერი, ლამაზად დაწინწკლული ფინჯანი და ლამბაქი გაამზადა, თან სევდიან სიმღერას ღიღინებდა და კუდი სულ მაღლა აეპრიხა. უცებ გაისმა კარის ხმა. შიშისგან თავგზააბნეულს ხელიდან გაუსხლტა ლამბაქი და ის ფინჯანთან ერთად სამზარეულოს იატაკზე ხმაურით დაიმსხვრა.
შემოვიდა ლამაზი გოგო. უწესრიგოდ მიაწყო შესასვლელშივე ქუსლიანი ფეხსაცმელი, ჩანთა მეორე მხარეს დააგდო და ლამაზი კაბით სარკესთან დადგა ფეხის ცერებზე. გაუღიმა თავის თავს, ერთხელ დაბზრიალდა, ახლა უფრო მეტად გაიღიმა, მერე გადაიკისკისა.
– ატიკუს, მოვედიი! ატიკუს, გამოდი, შე მსუქანა, სად მემალები?
ატიკუსი სამზარეულოს მაგიდის ქვეშ იყო დამალული და ელოდა, როდის შეარცხვენდა გოგონა დამსხვრეული ჭურჭლის გამო.
გოგონამ არაფერი უთხრა. დაბლა დაიხარა, თავი მოუყარა დამსხვრეულ ჭურჭელს და სანაგვე ურნაში ჩაყარა. ყავა დუღდა, ვერ შენიშნა, რომ უცნაური ამბავი იყო. დაისხა.
ფანჯარასთან დაჯდა და ჩაფიქრდა სულ სხვა რამეზე. თანაც ტუჩის კუთხეებით ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა.
ატიკუსი მაგიდის ქვემოდან გამოიზლაზნა, ერთი, ორი, სამი – ჩუმად დაიძახა, ჩაუხტა გოგონას კალთაში და თვალებში დაჟინებით შეაცქერდა.
– რა გინდა, ატიკუს, შე მსუქანა მავნებელო? – ბეწვი აურია გოგონამ და ფუმფულა მუცელზე შეუღიტინა.
– მიაუ! – სევდიანად უთხრა ატიკუსმა და მერე ჩუმად, ძალიან ჩუმად, მარტო თავისთვის გასაგონად ჩაილაპარაკა: „არც მოვკვდი, არც გავძლიერდი“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები