ჩვენს სახლში ვარ და არ ვიცი, სადაა ჩემი ადგილი. ტუალეტში შევიკეტები, წყალს მოვუშვებ და ვიტირებ. რაღა თქმა უნდა, დაბალ ხმაზე. მაგრამ მერე იმას რომ მოუნდეს შემოსვლა, სულ გაგიჟდება. შემიძლია, კარი ღია დავტოვო და ისე ვიჯდე. მშვენიერი აზრია. მაგრამ რომ შემოვიდეს და მკითხოს, რა მატირებს, რა ვუპასუხო... ან გაცეცხლდება, ან დამცინებს და აბუჩად ამიგდებს. შეიძლება, მომეფეროს კიდეც. რას გაუგებ... ჩვენს სახლში ვარ და არ ვიცი, სადაა ჩემი ადგილი. ის კი ზის თავის დიდ სავარძელში და წერს, გვერდით ვისკის ცარიელი ბოთლები უყრია და გადაყრის უფლებას არ მაძლევს, უხმაუროდ ვერ გაიტან და ნერვები მომეშლებაო. რითმები მეკარგება, ამეებს რომ აწკარუნებო. სიგარეტის ნამწვებს პირდაპირ ფანჯრიდან ისვრის, საფერფლე თუ გასაწმენდია და დაბლა აფერფლებს. საფერფლეს არ მაწმენდინებს, ხომ ხედავ, ვეწევიო. ყველა სუფრა ამოწვა და უკვე აღარც ვაფარებ. მუსიკას ხმამაღლა უსმენს, მაგრამ ჩემი ჩურჩული ხმაურად ეჩვენება, თავს ატკიებს, რითმებს ურევს. უსმენს ბრამსს, შუბერტს ან კიდევ სხვებს (მე სახელები არ ვიცი). უსმენს, უსმენს, კულმინაციების დროს კიდევ უფრო აუწევს ხმას, თვალებს ხუჭავს და დირიჟორობს, როგორც დიდი მაესტრო, ზოგჯერ ღრიალსაც ააყოლებს, მერე გაისვამს ხელს გაუპარსავ ნიკაპზე და ტუჩებს ააწკლაპუნებს იმის ნიშნად, რომ მოეწონა. ამ დროს მე გადმომხედავს და უსიკვდილოდ ადგილზე უნდა ვიყო, რომ დამინახოს და მანიშნოს, რა კარგიაო და მეც გავუღიმო იმის ნიშნად, რომ ცამდე მართალია. მე ოთახში ფეხაკრეფით დავდივარ, ვკრეფ მის პერანგებსა და წინდებს, სიგარეტის კოლოფებს, დაჭმუჭნულ ფურცლებს, ვგვი, ვწმენდ მტვერს, ვეძებ აბლაბუდებს, რომლებიც თამბაქოს მწარე ბურუსში აღარც კი ჩანან. ახლაც ზის თავის გიგანტურ სავარძელში, ხმამაღლა ხვნეშის, ჩაახველებს, ხელს დროდადრო ჭერისკენ აიქნვს და წერს. არ ვხმაურობ, მაგრამ ჩემი სიარულის ტალღები უშლიან ხელს. სიარულსაც ვწყვეტ. საწოლზე ვჯდები და კაბის ბოლოს ვაწვალებ. ასე დიდხანს ვერ ვძლებ. მოუსვენრობა მიპყრობს, რომ მშიერია. უნდა ვაჭამო. _ ხამანწკებს მოვამზადებ, _ მინდა თქმა და მგონია, ვამბობ. სინამდვილეში არაფერსაც არ ვამბობ. ვდგები, ფეხის ცერებით მივდივარ სამზარეულოსკენ. კაბის ბოლოც ხელით მიჭირავს, რომ არ იფრიალოს და ჰაერი ზედმეტად არ შეარხიოს. ვამზადებ ხამანწკების წვნიანს, მას როგორც უყვარს, სწორედ ისე. მესმის ბარიტონი: _ რისი სუნია? _ ვხვდები, რომ ცუდადაა ჩემი საქმე, შეცდომა დავუშვი რომ არ შევეკითხე და ერთხანს ვიმალები. მერე მახსენდება, რომ მას გამეორება არ უყვარს, გაუბედავად გავდივარ, წინსაფარზე ხელის მშრალებით და ხმადაბლა ვპასუხობ: _ ხამანწკებია, _ და ვჩუმდები. _ ვერ გავივე, ამოიღე ხმა! _ ხამანწკებია! შენ რომ გიყვარს, _ ვამბობ და ხმა ბრაზისგან მიკანკალებს. _ ვიცი, რაცაა. არ მინდა, _ ამბობს და ნესტოები ებერება. ეტყობა, ისევ გავაფუჭე რაღაც. ალბათ სხვა რამე უნდოდა. _ რა გაგიკეთო, შენ მითხარი, _ ვამბობ და ვხვდები, როგორ დავიღალე. ის კი მუსიკას ხმას უმაღლებს და ზურგს მაქცევს. ვეღარ ვხვდები, რას მოითხოვს ჩემგან და ფეხებში ძალაგამოცლილი იქვე ვჯდები. დრო გადის. ერთი კომპოზიცია, მეორე... _ წამო, რესტორანში ვისადილოთ. ის კაბა ჩაიცვი და ის ქუდი დაიფარე, _ ისე მეუბნება, არც მიყურებს. ამ დროს ყველაზე მეტად მიყვარს. ვიცი, არ უნდა მიყვარდეს. მაინც მიყვარს. კარადას ვაღებ და ვიცვამ მის საყვარელ კაბას. წითლად ვიღებავ ტუჩებს და თავზეც მის საყვარელ ქუდს ვიფარებ. სხვას ვგავარ ამ ქუდსა და კაბაში. ვგრძნობ, რომ დაღლილი ვარ. ის იცვამს უწესრიგოდ, როგორც სჩვევია და მივდივართ. გასვლის წინ მახსენდება ხამანწკების წვნიანი. უკან ვბრუნდები, ტუალეტში შემაქვს და ვღვრი. მერე თვალს მოვავლებ იქაურობას და ვფიქრობ, აქვეა პატარა ფანჯარა, აქვეა ჭერზე რაღაც კაუჭი და ხალათზე ქამარი, აქვეა სამართებელი. იქნებ აღარც გავიდე აქედან. ლამაზი მოვკვდები და ჩემზე დაწერს, როგორც წერდა სხვა ქალებზე. ნეტა ლამაზად დაწეროს, როგორც არასდროს დაუწერია... მაგრამ ეს დაღლილობა და ეს თავბრუ, ეს უცნაური თავბრუ... მგონი ნიშნავს, რომ ეს კაცი მამა გახდება. ეს კაცი. ეს კაცი. ჩემი შვილის მამა. ძნელია პოეტის ცოლობა. მისთვის სულ ცელქი ბავშვი ხარ ან მეზობლის ძაღლი. მაგრამ ხანდახან შეიძლება მოენატრო, როგორც ცელქი ბავშვი ან როგორც მეზობლის ფინია, მოგისაკლისოს, გიპოვოს და მოგეფეროს, გამოგაწყოს და რესტორანში წაგიყვანოს. და შენ იცი, რომ არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ მაინც გიყვარს. ხვალ მივატოვებ. ან ზეგ. ან... ნეტა ეს წვნიანი არ გადამეღვარა. დავჯდებოდი შუაღამისას, შევჭამდი, ერთ ღერ სიგარეტს და დიდი ჭიქით კალვადოსს დავაყოლებდი, და სარკეში ვეტყოდი ჩემს თავს: "გახსოვს, როგორი ვიყავი?" გავედი, ტყუილად ვალოდინებ. გვერდიგვერდ მივდივართ. _ რომ დავბრუნდებით, ხამანწკების წვნიანი შევჭამოთ, _ ღიმილით მეუბნება, წელზე ხელს მხვევს და მკოცნის. ხვალ არა, დღესვე მივატოვებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჰარირამა, ჯონათან, ქეთი, დიდი მადლობა <3
ნიკ, ნიკ, ნიკ, "სიყვარულის გაურკვეველ ბუნებას რა ვუთხარიო" და ღმერთმა ნუ ქნას, გარკვეული ბუნება ჰქონდეს სიყვარულს <3 ჰარირამა, ჯონათან, ქეთი, დიდი მადლობა <3
ნიკ, ნიკ, ნიკ, "სიყვარულის გაურკვეველ ბუნებას რა ვუთხარიო" და ღმერთმა ნუ ქნას, გარკვეული ბუნება ჰქონდეს სიყვარულს <3
4. “ჩვენს სახლში ვარ და არ ვიცი, სადაა ჩემი ადგილი.“
როგორც ჩანს არ არის “ჩვენი“ და მითუმეტეს ვერ იქნება “ჩემი“ ანუ შენი
სიყვარულის გაურკვეველ ბუნებას რა ვუთხარი, თორემ ჰარირამასი არ იყოს, ხამაწკების სუფი თავზე ჯობია :)
4 მოთხრობას
და 5 თალიას “ჩვენს სახლში ვარ და არ ვიცი, სადაა ჩემი ადგილი.“
როგორც ჩანს არ არის “ჩვენი“ და მითუმეტეს ვერ იქნება “ჩემი“ ანუ შენი
სიყვარულის გაურკვეველ ბუნებას რა ვუთხარი, თორემ ჰარირამასი არ იყოს, ხამაწკების სუფი თავზე ჯობია :)
4 მოთხრობას
და 5 თალიას
3. ზამთრის თალია, ძალიან მომწონხარ მე შენ :)
კარგი მთხრობელი ხარ.
5. ზამთრის თალია, ძალიან მომწონხარ მე შენ :)
კარგი მთხრობელი ხარ.
5.
2. ჰმ, კალვადოსი :)
ვეთანხმები ბატონ ჰარირამას ხამანწკების წვნიანის ამბავში :)
ჰმ, კალვადოსი :)
ვეთანხმები ბატონ ჰარირამას ხამანწკების წვნიანის ამბავში :)
1. :) რა თქმა უნდა ესეც უჟასია:) ოღონდ ღიმილით მოთხრობილი. მეც ავდექი გავიღიმე და საშინლად შემეცოდა ის გოგო. საერთოდაც ის ხამანწკები მაგ ყმაწვილის ტავზე რომ გადაესხა , მე უფრო ვიხალისებდი:))) :) რა თქმა უნდა ესეც უჟასია:) ოღონდ ღიმილით მოთხრობილი. მეც ავდექი გავიღიმე და საშინლად შემეცოდა ის გოგო. საერთოდაც ის ხამანწკები მაგ ყმაწვილის ტავზე რომ გადაესხა , მე უფრო ვიხალისებდი:)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|