ორი ადამიანი მოვკალი. ჩვეულებრივი იყო ის წვიმიანი დილა, არაფრით გამორჩეული. საჩქაროდ გავაღვიძე, ჩავაცვი ვარდისფერი, ზოლიანი მაისური და ჯინსის შარვალი. შემეხვეწა, კაბა ჩამაცვიო, კაბები უფრო უყვარდა, ბალერინა ვარო, ამბობდა. არ ჩავაცვი კაბა, წვიმს-მეთქი გარეთ. შემომხედა, სევდიანად გამიღიმა და მითხრა, "მაშინ მზიან ამინდებში სულ კაბებით ვიაროთ, კარგი?" დავეთანხმე, რომ გაჩუმებულიყო. ავკიდე ზურგჩანთა, ყველიანი სენდვიჩებით და მანქანისკენ წავიყვანე. გზაში მითხრა: "შენ სულ კაბები გაქვს და ძალიან გიხდება, დე. შიშველიც ლამაზი ხარ და კაბებშიც. ეს კაბაც ძალიან ლამაზია." ეს ის კაბა იყო, სამი კაბიდან ერთ-ერთი. მაგრამ ყოველ ჯერზე მეუბნებოდა, რომ ლამაზია. ვაკოცე და მამამისს შევახსენე დღის განრიგი. ჯერ სკოლა, მერე ცურვა, მერე სიმღერა. კიდევ ერთხელ მითხრა: "როცა გამოიდარებს, სულ კაბებით ვიაროთ, მე ხომ ბალერინა ვარ, დე", ხარ-მეთქი ჩემი ბალერინა, ვუპასუხე და კარი მივუხურე. მანქანა რომ დაიძრა, ძლიერი მოქაჩვა ვიგრძენი და წავიქეცი. კაბის ბოლო ჩამყოლია კარში. მომახია ის ბოლო და სულ, სულ ცოტაზე გამათრია. მე არაფერი მტკენია გულის გარდა _ დამეხა ჩემი კაბა, სამად სამი კაბიდან ერთი. სასწრაფოდ წამოვდექი და გაბრაზებულმა ტელეფონზე დავურეკე. აიღო ყურმილი და ვუთხარი: _ ჩემი კაბის ბოლო გაქვს კარში და ვერც იგრძენი, ისე წახვედი. _ არაფერი მიგრძვნია... იტკინე რამე? _ წავიქეცი, მაგრამ არაფერი მტკენია. მადლობა ღმერთს, რომ ორასი წლის იყო ეს კაბა და ადვილად გაიხა. _ კიდევ კარგი, არაფერი გეტკინა...წამო საღამოს, კაბას გიყიდი, აი, იმ წითელს, მაშინ რომ გვეძვირა. _ მე არა, შენ გეძვირა! _ მოვა დრო, როცა არაფერი აღარ გეძვირება და შენ მოიწყენ. მინდოდა, მეთქვა, რა მომაწყენს-მეთქი, მაგრამ ვეღარ ვთქვი. რაღაც მოხდა. ხმა, დიდი, მჭექარე ხმა გავიგონე ყურმილიდნ და მორჩა ყველაფერი. საავადმყოფოში როგორ მივედი, არ მახსოვს. მარტო ის მახსოვს, რომ ვერ ვიცანი ჩემი შვილი. ვერც ქმარი. მითხრეს, რომ ისინი იყვნენ და დავიჯერე. რაც მქონდა, ყველაფერი ერთად წაიღო იმ სატვირთომ, თავის მძიმე ბორბლებში ჩაიხვია და ერთმანეთში გათქვიფა, თითქოს არაფერი ყოფილა, თითქოს არაფერი მქონია. ყველაფერი გაჩუმდა. არაფერი მესმოდა, მხოლოდ შიგნიდან, თავის სიღრმიდან, ზუსტად შუა წერტილიდან ისმოდა სატვირთოს გუგუნი და ვგრძნობდი ტელეფონის სიმხურვალეს ყურზე, ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა ის მხარე, რომლიდანაც გავიგონე მათი სიკვდილი. მე დავურეკე, მე დავურეკე და მე მოვკალი!.. მითხრეს, რომ ჩემი ბრალი არაფერი იყო, რომ სატვირთო ისე მოდიოდა, ვერაფერი შეაჩერებდა. მე ხომ ვიცი, რომ მე მოვკალი, მე დავურეკე და კაბის მოხეული ბოლოსავით ერთ წამში მოვიგლიჯე ცხოვრებიდან, ჩემი ცხოვრებიდან, თავიანთი ცხოვრებებიდან. სახლში მივედი. გამოვაღე მაცივრის კარი და ყინულების შეკვრა დავიდე ყურზე. დაველოდე 10 წუთი. მთელი მარცხენა მხარე მეყინებოდა, ვუძლებდი. ხმა ისევ გუგუნებდა და ეს სიცივეც ცეცხლივით მწვავდა. სამზარეულოს დანით მოვიჭერი მარცხენა ყური და გთხოვთ, არ გინდათ ამ ამბის რომანტიზაცია, ნუ შემადარებთ ვან გოგს, მე ორი ადამიანი მოვკალი და მერე ყური მოვიჭერი სამზარეულოს ხერხიანი დანით. მერე მეძინა 6 თვე. სისხლი შიგნითაც ისევე მილპებოდა, როგორც მარცხენა ლოყაზე, თმებსა და ბალიშზე. დროდადრო ვიღვიძებდი საძილე აბების დასალევად. აღარ მქონდა სამსახური, აღარ მოდიოდნენ ადამიანები. შეიძლება მოდიოდნენ და კარს არ ვუღებდი. არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ აბების ფერადი ჩრდილები ჭერზე და ის, რომ სიცხეში დავიძინე და საბოლოოდ რომ გავიღვიძე, თოვდა. თვალები გავახილე და სინათლე შემოვუშვი მუქად ჩამოწოლილ ფარდებში, თოვლის სინათლე. ეზო დაეფარა თოვლს, აღარ ჩანდა საქანელა, რომელიც მას უყვარდა. საქანელა აღარ იყო. მის ადგილას იწვა თეთრი სიცარიელე. სარკეში სხვა ქალი დამხვდა, განახევრებული, მხრებში მოხრილი და 20 წლით ბებერი. თავზარი დამცა ამ ქალის სიუცხოვემ. ჩაყვითლებული უპეებიდან გამხმარი სისხლის ყავისფერი მტვერი ასდიოდა და მიყურებდა მკვდარზე მკვდარი, შეშლილზე შეშლილი თვალებით. მარცხენა მხარეს თმა მჭიდროდ მიჰკვროდა საფეთქელზე სისხლის გახრწნილი კოლტებით. და სადაც ადრე ყური იყო, ახლა საზარლად დაეღო პირი დამპალ ჭრილობას, საიდანაც ყვითელი ჩირქი მოწვეთავდა. შემეშინდა. ვკვდებოდი. ფანჯარა გამოვაღე და არაადამიანურად ვიღრიალე. რაც შემეძლო, ვიყვირე და თან ამოვაყოლე 6 თვის სატირალი. გადავეკიდე ფანჯრიდან და გადავეშვი. თოვლში, რბილ თოვლში ჩავიძირე. ისეთი რბილი იყო, ისე ახლო იყო ჩემს ფანჯარასთან... დამაწვინა და დამინანავა თითქოს. გამოვერკვიე, გადავიბერტყე თვალებიდან თოვლი და გზაზე გავხოხდი. ვყმუოდი და შველას ვითხოვდი. მოვიდნენ და წამიყვანეს. მახსოვს ქალების სახეები, მახსოვს ექიმის ხელები ჩემს მარცხენა ყვრიმალზე, ჩემს გამხმარ ფერდებზე, მახსოვს თბილი აბაზანა, ცხელი ჩაი და თეთრი, თოვლზე თეთრი ბალიში ცისფერ ოთახში. მახსოვს, ყველაფერი მახსოვს. სიცოცხლის განაჩენი მახსოვს, რა მძიმე იყო და თან რა საამო, რომ ვიყავი ცოცხალი და შემეძლო, დამელია ცხელი ჩაი, მეჭამა ყველიანი ომლეტი ან პიურე, შოკოლადიანი კრუასანები და ვანილიანი ნაყინები, ნუშიანი ორცხობილები და ჰაეროვანი სუფლეები, ახალგამომცხვარი ფუნთუშები ან ვაშლები, მწვანე, წვნიანი ვაშვლები. ისინი კი იქ იწვნენ, სადღაც. ჩემი მკვდრები, ჩემი მოკლულები. და მე ვიწექი რომელიღაც კლინიკის ცისფერ ოთახში, თეთრ ბალიშზე, მათი ყურმოჭრილი დედა, მათი ყურმოჭრილი ცოლი. და მინდოდა სიცოცხლე, რომ მესუნთქა და მეჭამა საჭმელი, რომ მეფიქრა და მიმეღო თბილი აბაზანები. ისინი კი იქ იწვნენ მიწის ქვემოთ, მატლებისა და გველების მეზობლად და მე არ ვიცოდი, როდის, როგორ და ვინ დამარხა. მე არ ვიცოდი, ვინ მყავდა. არ მახსოვდა ჩემი სახელი. ვიცოდი მხოლოდ, რომ მოვკალი ორი ადამიანი და რომ მაინც მინდოდა ვყოფილიყავი ცოცხალი. შინ დავბრუნდი. იმ დღის მუზეუმი იყო სახლი, როგორც პომპეის გაქვავებული ქალაქი. ნივთებს მათი ნათითურები ეტყობოდათ, ფარდები მათი ბოლო გასვლის რხევას იმეორებდნენ. არეული საწოლები მათი სხეულების სითბოს ინახავდნენ. ვიდექი და ვხედავდი მათ წასვლას. კაბა რომ უნდოდა და რომ არ ჩავაცვი, ამას ვხედავდი. ბალერინობა რომ უნდოდა და მიწაში რომ ჩააწვინეს დაფეხვილი სხეულით, ამას ვხედავდი. ჩემი კაბების მორგებას რომ ელოდა მისი ვერდაქალებული ტანი, ამას ვხედავდი. ქმარსაც ვხედავდი, ზურგიდან რომ თვალი გამოაპარა ზღურბლზე შემდგარმა და საკოცნელად მობრუნება დაეზარა. ვხედავდი ჩემი დასაბრმავებელი თვალებით და საშინლად მომინდა, ისევ რამე მევნო თავისთვის. ვიფიქრე, ახლა ავდგები და თვალებს დავითხრი, დავიბრმავებ, რომ ვეღარ დავინახო. დავჯექი, რომ დამეწერა თვალების დათხრამდე წერილი. ვისთვის, არ ვიცი. დავიწყე წერა და მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, სხვა რაღაც იყო. რომ გამოვერკვიე, დაწერილი მქონდა ამბავი ავადმყოფ, სუსტ გოგონაზე, რომელსაც ბალერინობა უნდოდა და ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ზღაპარი იყო, კეთილი, საოცარი ზღაპარი, რომელიც მე დავწერე და არ ვიცი, საიდან. მერე დავწერე პატარა ბიჭზე, რომელმაც მეგობართან ერთად ბოროტი მეფის სიზმრებში იმოგზაურა და საგმირო საქმეები ჩაიდინა. მერე დავწერე ფორთოხლისთვალება კატაზე, რომელმაც თაგვების ჭამაზე უარი თქვა. ის ღამე გავათენე, მეორეც, მესამეც, მეათეც. უთვალავი ზღაპარი დავწერე. მივიტანე, დამიბეჭდეს. და მიწოდეს ჩვენი დროის უდიდესი საბავშვო მწერალი. ვწერდი და ვწერდი. ითარგმნებოდა ჩემი ზღაპრები. ჰონორარი დიდი იყო. მეპატიჟებოდნენ და მეპატიჟებოდნენ ამ ქალაქში, იმ ქალაქში, ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში. დავდიოდი თავდავიწყებით, ვუკითხავდი ბავშვებს, მისმენდნენ დიდი, ჭკვიანი თვალებით და ვფიქრობდი, არის სხვანაირი ბედნიერება, შვილმკვდარი დედის ბედნიერება, შვილის მკვლელი დედის ბედნიერება, ქვრივი ქალის ბედნიერება, ქმრის მკვლელი ქვრივის ბედნიერება, ან არის რაღაც, ბედნიერების მსგავსი, მაინც რომ არსებობ და სხვების შვილებს სჩუქნი საოცარ ამბებს. არის რაღაც, რაც შეგიძლია გქონდეს და გავიწყებდეს, რომ ორი ადამიანი მიწაში გიწევს. ერთი ასეთი საღამოსთვის ტანსაცმელს ვარჩევდი მაღაზიებში. უკვე მართლა ისეთი დრო დამიდგა, როცა აღარაფერი მეძვირებოდა და მართლა მოვიწყინე. ადრინდელ საოცნებო მაღაზიებს ახლა ზედაც არ ვუყურებდი. მოულოდნელად აღმოვჩნდი იმ ვიტრინასთან, წლების წინ რომ წითელი კაბა დავინახეთ და გვეძვირა, უფრო სწორად, მას ეძვირა. შევხედე და გავხევდი. ძალიან ძვირი იყო იმ კაბის და იმ ბედნიერების საფასური. არ მქონდა იმდენი, რომ მეყიდა. და ვიცოდი, აღარასოდეს მექნებოდა. პირველად მივედი საფლავზე. ვნახე. წამოვედი შინ. აბაზანა თბილი წყლით ავავსე და ჩავწექი. არაფერი მტკენია. თითქოს უბრალოდ მაჯები ამიკენკეს ჩიტებმა. წყალი გაწითლდა და მე მოვკვდი. ვისაც გგონიათ, რომ ჯოჯოხეთში ცეცხლი და კუპრის ქვაბები იქნება, ცდებით. აქ არის მარტოობა და სიჩუმე, რომელიც იცი, არასოდეს დამთავრდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს ძალიან კარგი მოთხრობაა, შემაძრწუნებელი, მეორედ რომ აღარ მოგინდება წაკითხვა(ჰარალეს თქმისა არ იყოს), მაგრამ რომ ვერ დაივიწყებ.
5 უკვე დაწერილი მქონდა, მაგრამ კომენტარისთვის ვერ მოვიცალე.
ურაკელებო, და რატომ არ კითხულობთ ამ ძალიან კარგ მოთხრობას?! ეს ძალიან კარგი მოთხრობაა, შემაძრწუნებელი, მეორედ რომ აღარ მოგინდება წაკითხვა(ჰარალეს თქმისა არ იყოს), მაგრამ რომ ვერ დაივიწყებ.
5 უკვე დაწერილი მქონდა, მაგრამ კომენტარისთვის ვერ მოვიცალე.
ურაკელებო, და რატომ არ კითხულობთ ამ ძალიან კარგ მოთხრობას?!
5. აუუუუუ, რატომ რატომ??????რატომ იგონებთ ეგეტ საშინელ რაღაცეებს? თან ორ რიცხვში?? მოდი რა მოხდება კარგ რამეებზე წერეთ, ან უფრო ნამდვილზე, ასე დაუოკებელი სურვილი გაქვთ რომ ასეთები წეროტ? მოუფრთხილდიტ თქვენს სიტყუვებს , მკითხველის ნერვებს, და უფრო ცუდი ისაა რომ კარგად წერთ. აუუუუუ, რატომ რატომ??????რატომ იგონებთ ეგეტ საშინელ რაღაცეებს? თან ორ რიცხვში?? მოდი რა მოხდება კარგ რამეებზე წერეთ, ან უფრო ნამდვილზე, ასე დაუოკებელი სურვილი გაქვთ რომ ასეთები წეროტ? მოუფრთხილდიტ თქვენს სიტყუვებს , მკითხველის ნერვებს, და უფრო ცუდი ისაა რომ კარგად წერთ.
4. წერის მაღალი კულტურა აშკარად სჩანს. მშვენივრად არის შესრულებული. მაგრამ ამავე დროს( პირადად ჩემთვის) ისეთია, რომ არასდროს მომინდება ამ ნაწარმოების მეორედ წაკითხვა. შეიძლება ავტორის მიზანიც ეს იყო. წერის მაღალი კულტურა აშკარად სჩანს. მშვენივრად არის შესრულებული. მაგრამ ამავე დროს( პირადად ჩემთვის) ისეთია, რომ არასდროს მომინდება ამ ნაწარმოების მეორედ წაკითხვა. შეიძლება ავტორის მიზანიც ეს იყო.
3. ტრაგიკული ამბავია, მაგრამ კითხვის დასრულებისას რა სურათიც დავინახე მაინც გეტყვით.) ვზივართ მე, ჩემი "მგლისქონიანი დანით" და თქვენ "სამზარეულოს ხერხიანი დანით" ერთ ბნელ და მიყრუებულ ქოხში, ვსაუბრობთ, ვყვებით ამბებს და არავინ გვეკარება.)) თან ახალი წელია) გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ<3
ტრაგიკული ამბავია, მაგრამ კითხვის დასრულებისას რა სურათიც დავინახე მაინც გეტყვით.) ვზივართ მე, ჩემი "მგლისქონიანი დანით" და თქვენ "სამზარეულოს ხერხიანი დანით" ერთ ბნელ და მიყრუებულ ქოხში, ვსაუბრობთ, ვყვებით ამბებს და არავინ გვეკარება.)) თან ახალი წელია) გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ<3
2. ძალიან მძიმეა და სულისშემძვრელი... მით უფრო, საახალწლოდ. ძალიან მძიმეა და სულისშემძვრელი... მით უფრო, საახალწლოდ.
1. მინდოდა დამეწერა, რომ დაუნდობელი ავტორი ხარ, სასტიკი, მაგრამ ხელი (თუ ენა) არ მომიბრუნდა...
"თითქოს უბრალოდ მაჯები ამიკენკეს ჩიტებმა"- ასე უბრალოდ და ასე შემაძრწუნებლად...
მინდოდა დამეწერა, რომ დაუნდობელი ავტორი ხარ, სასტიკი, მაგრამ ხელი (თუ ენა) არ მომიბრუნდა...
"თითქოს უბრალოდ მაჯები ამიკენკეს ჩიტებმა"- ასე უბრალოდ და ასე შემაძრწუნებლად...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|