ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
22 თებერვალი, 2019


სარკევ, სარკევ


- სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი გოგო? სე-სი-ლი.
- სარკევ, სარკევ, მე ვერ მომწამლავს კუდიანი დედაბერი. შენ არ იტირო, სარკევ. ჩემი პრინცი მაკოცებს და გამაცოცხლებს.
- სარკევ, სარკევ, რა ლამაზი ხარ, ჩემი მეგობარი ხარ. ჩემი შეყვარებული ხარ.
წევს სესილი ვიწრო, გრძელ ოთახში, ვიდრე ყველანი გაიღვიძებენ, პატარა სარკის ათინათს ხალისით ათამაშებს ფარდაზე, კედლებზე, ჭერზე და ჩუმად ლაპარაკობს.
ბოლო დროს ერთსა და იმავე სიზმარს ხედავს. საბანს თავზე წაიფარებს და იმახსოვრებს სიზმარს. მოყოლა ვერ ისწავლა, იმიტომ, რომ არავინ მოუსმენს.
სარკეში ჩაიხედავს, ჩუმი ხმით ამბობს:
- ძალიან ციოდა. მკვდარი გოგო მოჰყავდათ ქალებს. მოხრილები იყვნენ. ჯუჯებს ჰგავდნენ.
და ივიწყებს ყველაფერს, რასაც სარკეს ელაპარაკება. სხვებს ჯერ სძინავთ. თამაში ავიწყებს, რომ შია. იძინებს.
- დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა! _ ისმის საწოლის ფეხებთან. ეს დედა ლოცულობს ხმამაღლა და საშიშად. მამის ნაცვალს სძინავს. ლოთია.
კედლებზე კიდია სურათები. აქ არიან კაცები და ლამაზი ქალი, დიდი თვალებით და მოკუმული პირით. ხელში ჩვილი უჭირავს და სესილი ფიქრობს, რომ ეს არის მისი ბავშვობის ფოტო, სადაც დედას ხელში ჰყავს და იხუტებს.
კედელზე ანთია წვრილი სანთლები. სესილის ეშინია , რომ დედას ერთხელაც ისინი ანთებული დარჩება და მისი ბავშვობის სურათები დაიწვება. მაგრამ არაფერს ამბობს. სესილი იშვიათად ლაპარაკობს. მაშინაც თავის თავს ელაპარაკება. ისწავლა სესილიმ სიჩუმე, რათა არ ეტკინოს, რათა იყოს თბილად და მაძღარი. მარტო მაშინ ლაპარაკობს, როცა რამეს ეკითხებიან ან როცა ძალიან, ძალიან მოშივდება.
დილაობით, როცა შიმშილის გრძნობა შიშზე უფრო ძლიერი ხდება, სესილი გამოძვრება საბნიდან და ჩუმად ამბობს:
- დე, მშია!
- ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო! - კბილებში გამოსცრის დედა, თავშალს მოიგლეჯს თავიდან, თმა აეშლება, უხეში ნახევრად ხვეული თმა, თვალები ღვთისმშობლის ხატივით უმრგვალდება, ტუჩებსაც მასსავით კუმავს. სესილი ფიქრობს, რომ ტყუილად ეშინოდა დედასი და ჰგონია, სადაცა, ხელში აიტაცებს, გულზე მიიკრავს, თითებს თმაში შეუცურებს და ეტყვის, რომ საუზმე უკვე მზადაა. მაგრამ სესილი ხელში არავის აჰყავს, არავინ უცურებს თმაში თითებს. დედა ნერვიულად ახმაურებს ჭურჭელს და აკეთებს უგემურ ფაფას. ფაფას, რომელიც ცხელია, ფაფას, რომელიც პირს სწვავს. მაინც უნდა ჭამოს. მაინც უნდა ყლაპოს დაუღეჭავად უგემური, ცხელი ფაფა სავსე კოვზებით. სესილი ტირის, ვერ უძლებს. დედაც ტირის, საფეთქლებში გამხდარ თითებს ღონივრად ირჭობს და სესილიმ უკვე იცის, რაც მოხდება.
- ცხელია, დე! - ევედრება. თან ეშინია.
დედას თავში ხმები ისმის, ათასი ხმა, ათასი საზარელი ხარხარი, ათასი აბეზარი ტირილი. ჯოჯოხეთის ხმები. შეუძლებელია, შეუძლებელია, შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია, ღმერთო! უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალენ მე ცოდვილი! უბედური ქალი ვარ. უბედური ქალი ხარ. ცოდვაში ცურავ. ილოცე! ილოცე! ცოდვილი ქალი ხარ. ჯოჯოხეთში წახვალ? განაგრძე დილის ლოცვები ან მოკვდი! შენი წინაპრები შვიდგზის ლოცულობდნენ. განაგრძე ლოცვა. უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო! მწამს ერთი ღმერთი. არ გწამს. არაფერიც არ გწამს. სესილის შია. პირი ეწვება. უფალო შემიწყალე. ილოცე, ილოცე! ფანჯარა დაკეტე, სანთლები ქრება! ბავშვი გააჩუმე! ნუ ტირის! ლოცვას უხდება სიმშვიდე! ლოცვას უხდება მარტოობა! შეუძლებელია, შეუძლებელია! ჯოჯოხეთში წახვალ? წავალ. არ წავალ, გევედრები! ბავშვი ტირის. ვაცალოთ რამდენიმე წუთი. ფაფა გაგრილდება, შეჭამს. არა, არა! ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო.
- დე, მაჭამე, აღარ ვიტირებ. ნაპირებიდან ავიღოთ, - ხელზე ეფერება სესილი. ეშინია, მაგრამ უყვარს. ეშინია, მაგრამ ამშვიდებს. ტირის და გამხდარი მხრები უთრთის. მაინც ბედავს. აღარ უნდა, რომ დედამ იტიროს. ეფერება თავის მფარველ ხელს, საშიშ ხელს.
დედა უცებ ხელს სტაცებს და ღონივრად უქნევს სახეში. სესილი ჩუმდება. თვალები უმრგვალდება ღვთისმშობლის ხატივით და ახლა ყველაზე მეტად ჰგავს თავის დედას. მერე მტკივან ადგილზე ორივე ხელს იტაცებს და ბავშვური გახელებით ტირის. ტირის და ტირის. სტკივა.
დედა იღებს ერთ კოვზ ფაფას და სესილის თმაში აზელს. მერე მეორე კოვზს. სესილის უკვირს. ცემა სხვაა, ეს რაღაც ახალია. ტირილს უმატებს, სწყინს. სცემს დედამისის მხრებს, სცემს დედამისის მკერდს პატარა მუშტებით. დედა მთელ თეფშს თავზე ასხამს, სესილი ჩუმდება და მრგვალი თვალებით ფაფიანი თმის სიღრმიდან უყურებს დედას მრგვალ თვალებში. დედას თავში ხმაური იმატებს. მკლავში ხელს ჰკიდებს და იატაკზე ანარცხებს შვილს. სესილი ნაწყენია. შეურაცხყოფილია. სტკივა. ეშინია. სესილის შია.
წევს იატაკზე, ჩუმადაა. ეშინია. თვალებს ხუჭავს. ცხვირში უკვე გაგრილებული ფაფის სუნი უღიტინებს. იწყებს თმების ლოკვას. ფაფა და ცრემლები, ფაფა და წვინტლები. აღარ შია. იძინებს.
აღვიძებს იგივე სიზმარი. თვალს ახელს. იქ წევს, სადაც ჩაეძინა.
ესმის იგივე ლოცვები და თითქოს ხვდება, დედას ძველი სესილის დაბრუნება უნდა. იმიტომ ტირის მის სურათთან დღეში რამდენჯერმე. რა დაემართა იმ სესილის, რა დააშავა ახალმა სესილიმ? ფიქრობს და ფიქრობს. სცივა. იატაკი გრილი და მოუხერხებელია. მიდის საწოლისკენ. წვება. ბალიშის ქვემოდან სარკეს იღებს და უყვება იმავე სიზმარს, რომ დაივიწყოს და აღარ ეშინოდეს.
დედა ლოცულობს. ამჩნევს რომ სესილიმ თეთრეული დასვარა ნახევრად გამხმარი ფაფით. თავშალს იგლეჯს. სცემს. სცემს. არ ჩერდება. არ ისვენებს. სესილის უნდა, უთხრას, რომ უყვარს. რომ შეეცდება, ისეთი გახდეს, როგორიც სურათზეა. რომ ისე ჩაეხუტოს, როგორც სურათზე, მაგრამ ვერ სუნთქავს, ვერ ამბობს.
აბაზანაში ცივა. აბანავებენ. სუნთქვა ეკვრის, თვამები ებურება, თმა ეწიწკნება. სტკივა ყველა წერტილი კანზეც და გულშიც.
საღამოა. სესილი წევს. უკვე სუფთაა. ხელში გატეხილი სარკე უჭირავს.
- სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი გოგო? სე-სი-ლი.
იძინებს.
დილით ძალიან ცივია. იატაკივით ცივი. აბაზანის კედლებივით ცივი.

ჩუმად მიჰყავთ ქალებს. წელში მოხრილები არიან. ჯუჯებს ჰგვანან. ტირიან. არ ლაპარაკობენ.
ღამეა, ცივა. თეთრი ზეწრის ქვემოდან პატარა ხელი გადმოეკიდება გატეხილი სარკით.

- სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი გოგო? სე-სი-ლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები