 | ავტორი: აირინი ჟანრი: პროზა 16 ოქტომბერი, 2019 |
ცხაურიდან ვათვალიერებდი მწვანე შენობას. კარი არ იღებოდა. კამერის წინ ისე ვიდექი, აზას აუცილებლად უნდა დავენახე. შეიძლება, ეძინა ან მონიტორს არ უყურებდა. ქარი ზუზუნით ამტვრევდა აკაციის ხმელ ტოტებს. ჩვენს გარდა არავინ იყო ძაღლების ხეივანში. კედელს მიყრდნობილი კვის ორივე ხელით ეჭირა დისკო. გაშტერებული, მოჯადოებულივით უკვე მეასედ ათვალიერებდა გამოსახულებებს. ლილი უყეფდა, შარვლის ტოტებზე ებღაუჭებოდა, ყურადღებას ითხოვდა. ფეხსაცმელები დაუკაწრა.
ბოლოს, გვეღირსა და გაიღო კარი. კვიმ ფეხის კვრით ჩამოიღო ცხაური. სანამ შიგნით შევიდოდით, დისკო ჯიბეში ჩაიდო, ლილი ჩამომართვა, ხელი მაგრად ჩამჭიდა. ერთიანად კანკალებდა.უხმოდ მივუყვებოდით ჩემთვის ნაცნობ, მტვრიან დერეფანს. აზა შესასვლელში დაგვხვდა. სიგარეტი საჩვენებელი და ცერი თითით ეჭირა და გამეტებით აბოლებდა.
- მარისა, ვიცოდი, უკან დაბრუნდებოდი. ორნი თუ მოხვიდოდით, არ ვიცოდი. - ეგ, არც მე ვიცოდი.
გაღიმება ვცადე, არ გამომივიდა. კვიმ იცოდა, რომ ცოცხალი ვიყავი, აზამ იცოდა რომ უკან დავბრუნდებოდი. მე ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა მელოდა წინ. ერთ-ერთი საკნიდან ახალი სიკვდილმისჯილი გამოვიდა. ოცდაათი, ოცდათორმეტი წლის იქნებოდა. გადაპარსული თავი, ლოყაზე ვერტიკალური ნაიარევით, გველივით წინ ჰქონდა წაგდებული. ფეხარეული წამოვიდა ჩვენსკენ. მძიმედ მოაფრატუნებდა ჭუჭყიან კედებს. შარვლის ცალი ტოტი აკეცილი ჰქონდა. კოჭთან სისხლის კვალი ემჩნეოდა. ეტყობა, საკონტროლო რგოლს აწვალებდა. ყველაფერზე წამსვლელ ქალს ჰგავდა. აზაც სიკვდილმისჯილი იყო, მაგრამ ამასთან შედარებით კეთილ ბებიასავით გამოიყურებოდა. გახუნებული თვალებით შეგვათვალიერა. ჟრუანტელმა დამიარა. აზა შეშფოდდა.
- წადით წადით, სწრაფად დატოვეთ აქაურობა! - ფეხს ვერ მოიცვლიან! – დაისისინა სახენაიარევმა და კაცივით გვერდზე გააფურთხა. - რას ამბობ როზა, - აზამ შუბლზე ხელი მიირტყა, -შენ რა შუაში ხარ ამთთან, ვინ გეკითხება?
ამ საშიშ ქალს, რომელსაც, ალბათ, სამი ადამიანი მაინც ეყოლებოდა მთელი სისასტიკით მოკლული, ყვავილის სახელი ერქვა?! შეიძლება, სხვა დანაშაულებები ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ, რატომღაც ეს გავიფიქრე. როზამ ბოთლის საცობს ფეხი გაჰკრა. ერთმანეთზე გადააჭდობილი ხელები თავზე შემოიწყო და გაიღიმა. გვერდზე კბილები აკლდა. ზემოთ აქაჩული მაისურიდან ცუდად შეხორცებული განიერი ჭრილობა უჩანდა. თავიდან ბოლომდე საშინელება იყო. - მგონი, აზრზე მოსვლას ვიწყებ. - თქვა და დაამთქნარა. სიღრმისკენ გავეშურეთ ჩქარი ნაბიჯით. დროდადრო უკან ვიყურებოდი. აზა, მშვიდობით! გამოვძახე აკანკალებული ხმით. დავინახე, როგორ ჩაარტყა როზამ, ზურგით მდგომ აზას თავში კონსერვის მძიმე ყუთი. პატარა დაფაზე დამონტაჟებულ წითელ ღილაკს მივარდა და თითი მიაჭირა. განგაშის სიგნალმა იქაურობა გააყრუა. წამით გაშეშებული აზა შებარბაცდა, მკლავები ფრთებივით აიქნია და იატაკზე დაემხო მოწყვეტით. დავიკივლე, უკან გაბრუნება დავაპირე. კვიმ ამის საშუალება არ მომცა. გაურკვეველ სიტყვებს ამბობდა. მესმოდა დაჭედილი “ბათინკების” ხმა და მერე, შეძახილები: სდექ! ვისვრით! ვერ შევნიშნე, როგორ ამოიღო კვიმ იარაღი და მსუქან სამხედროს მარჯვენა მკლავში ესროლა. ლილი ყეფით დაუსხლტა კვის და გადასცდა წითელ ზოლს. ჩვენც მივყევით. ბოლოს, რაც გავიგონე, ტყვიის ხმა იყო, სამიზნეს აცდენილი, მეტალის მილს მოხვდა და ბუმერანგივით უკან მიასკდა რაღაცას. . . *** მაღლობზე ვიდექით. ლილი ჩვენს წინ იჯდა. სუსტი ნიავი კისერზე ბალახივით უბიბინებდა ბეწვს. დაკლაკნილი, ვიწრო, თეთრი ფილებით დაგებული გზა ულამაზესი ბაღების გავლით, ქვემოთ, ბორცვებზე გაშენებულ ქალაქში უჩინარდებოდა. სახლები იყო თეთრი, თოვლივით ქათქათა, ფირუზისფერი სახურავებით.
- ყველაზე მაღალი შენობა ჩემი მშობლების სასახლეა. – ხელი გაიშვირა კვიმ მარჯვნივ. - იგონებ, შენ ეს არ გემახსოვრება. - ერთი წლიდან ყველაფერი და ყველა მახსოვს. ჩემი ენაც კი. ბედნიერი სახე ჰქონდა კვის. - ხელი გამიშვი კაცო, თითებს ვეღარ ვგეძნობ! რა გაცინებს? - კაცო რომ მითხარი. შენ ბიჭოთიც კი არ მოგიმართავს ჩემთვის არასდროს. - შე უცხო პლანეტელო, შენ! - არა ქალბატონო, ეს თქვენ ხართ აქ უცხოპლანეტელი.
ხელზე მაკოცა. კვი, ჩემი კვი! ფერდობზე დავეშვით. ყვავილებით გადაპენტილ უზარმაზარ ხეებს მივუყვებოდით. კვიზე მაღალი კაცები შერჩევით ჭრიდნენ კაკლისტოლა მტვრიანებს და ვერცხლისფერ კონტეინერებში აწყობდნენ. უცნაურად, რობოტებივით ნელა, უხერხულად მოძრაობდნენ. საოცარი სურნელი იდგა ირგვლივ. ყურადრებას არავინ გვაქცევდა. მე გაოცებული ვათვალიერებდი ყველაფერს. მიწა იყო ჟანგისფერი. ვერ შევნიშნე ფრინველები, ცხოველები, მწერები. ასეთი ბუნება ჰქონდათ თუ ამოწყვიტეს ყველაფერი? რაში სჭირდებოდათ მტვრიანები? ის იყო, გავიფიქრე და კვის პასუხმაც არ დააყოვნა.
- აქ მხოლოდ უნიკალური მცენარეები ხარობს. მტვრიანებისგან წამლებს და სუნამოებს ამზადებენ. - როგორ მიხვდი, რომ მაინტერესებდა? - მივხვდი.
ჩვენს ლაპარაკზე და ლილის ყეფაზე მებაღეებმა მოიხედეს. კივილიც ვერ მოვახერხე. ყველანი, ბერძნულ-რომაული სკულპტურებივით ამოთეთრებული თვალის კაკლებს ატრიალებდნენ.
- კვი, კვი! შეხედე, ბრმები არიან!
- ჰო! ბრმებს ყნოსვა სხვებზე მეტად აქვთ გამძაფრებული. ყნოსვით აგნებენ მოწეულ, მოსაკრეფ მტვრიანებს. - არ მითხრა, რომ შეგნებულად აბრმავებენ ხალხს. - გაგიჟდი?! ახლობლებს მოყავთ აქ სამუშაოდ. გული დამიმძიმდა. ჩუმად მივდიოდით. - მალე ჩემს კვუს ვნახავ. - თქვა მოულოდნელად კვიმ. - ვინ არის კვუ? - -კვუ მრავლისმომცველი სიტყვაა. ერთდრუულად დედას, დედოფალს და ღმერთქალს ნიშნავს.. ასე, მხოლოდ პირველ ქალბატონს მიმართავენ. ის დედაჩემია.
ქალაქის მაცხოვრებლები სადღაც გამქრალიყვნენ. მხოლოდ რამდდენიმე, პატარა კენტავრი შემოგვეფეთა. ჩვენს დანახვაზე დაფრთხნენ და ჩიხში გაუჩინარდნენ. ხალხის ხმაური ყრუდ ისმოდა შორიდან. ეტყობა, რაღაცას აღნიშნავდნენ. ლილი ხან ყეფით, ხან ღრენით მირბოდა წინ. მთავარ მოედანზე გავედით. ძალიან მოწესრიგებულად, ტანსაცმლის ფერების მიხედვით, რიგებად იდგა ხალხი. კვიმ ლილი მომაწოდა და მრგვალ ლოდზე დამაყენა. მხარზე ცალი ხელით დავეყრდნე. აქედან კარგად ჩანდა განიერი კიბეები. ბოლო საფეხურზე ოთხი წითურთმიანი ერთმანეთს ელაპარაკებოდა. ერთი, პროფილით რომელიც იდგა, მთელი ტანით შემოტრიალდა. ვიცანი, ის ლამაზი ქალი იყო, ფეხი რომ მომირჩინა. მოულოდნელად, კვი ხელიდან გამომეცალა. წინ წაიწია. თითქოს უფრო გამაღლდა, მხრებში გაიშალა. ხელები მეგაფონივით მიიტანა პირთან და ისე დაიძახა, ჟრუანტელმა დამიარა.
- კვუუუუ!
ეს არ იყო უბრალოდ წარმოთქმული სამი ბგერა. საგალობელივით ლამაზად, გულშიჩამწვდომად, უცნაური ტემბრით ჟღერდა. საოცარი, ანკარა ხმა ჰქონდა კვის.
ქალი შებარბაცდა, ხელი მიაშველებს. შვილზე უფრო ლამაზად, ათრთოლებული ხმით დაიძახა:
- კვიიიიიიიი!
ხალხი ორად გაიყო. შემდეგ, უფრო დიდი საოცრება ვიხილე. დედა- შვილი ერთმანეთისკენ გაქანდნენ. ფეხით კი არა, მიწიდან დაახლოებით ოცი, ოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლეზე ამაღლდნენ და ლივლივით მიუახლოვდნენ ერთმანეთს. წითელი თმის ბოლოები ცეცხლის ენებივით უფრიალებდათ. მოქალაქეები ერთმანეთს აწყდებოდნენ. მთელი ხმით გაჰყვიროდნენ: კვი! კვი! მოედანზე სხვებიც მოცვივდნენ. საოცარი სანახავი იყო გოლიათი ხალხის ზეიმი, სიხარულის გამომჟღავნება, ყიჟინა, გაუგებარი შეძახილები. ოთხი წითურთმიანის და კვის გარდა ყველას შავი თმა ჰქონდა. ხელში აიტაცეს და სადღაც გააქანეს კვი და დედამისი. მძიმე ფეხსაცმელების ბრაგაბრუგი ექოდ ხმიანდებოდა ქუჩებში. დავრჩი მარტო. არ ვიცი, რა დრო გავიდა. კაციშვილი არ იყო სიახლოვეს. უბედური, ობოლი ნათესავივით ვიგრძენი თავი. ლოდიდან ჩამოვხტი. ლილის თავზე ცრემლები დავაყარე. ისე ვუზიარებდი გულისტკივილს, თითქოს გამიგებდა და დამამშვიდებდა. ეჰ, ლილი, ლილი, ხედავ რა დღეში ვარ? მიმატოვა კვიმ. შეიძლება ასე მალე დაივიწყო საყვარელი ადამიანი? იქნებ, ჩემი ბედისწერა, ჩემი დანიშნულება იყო ცხოვრებაში, კვი თავის სამყაროში დამებრუნებინა. იქნებ, ღირსი არ ვარ, ვიყო ბედნიერი? რა ვქნათ ახლა? ჩვენი ადგილი აქ არ არის. წავიდეთ იმ მაღლობზე, საიდანაც ჩამოვედით.
დავხეტიალობდი დაცარიელებულ ქუჩებში. გზა ამებნა. დავინახე, როგორ ჩამოიარეს ერთი ჩიხიდან უსინათლო მებაღეებმა. ერთმანეთის მხრებზე ედოთ ხელები და დამწკრივებულები გზას მიიკვლევდნენ. გვერდზე ჩამიარეს. წამით შეჩერდნენ, ხმაურით ჩაისუნთქეს ჰაერი ჩემს სიახლოვეს. საწინააღმდეო მიმართულებით გავუხვიე. იმედი მომეცა. როგორც იქნა გავედი ქალაქიდან. ძალიან დავიღალე. მშიოდა, მწყუროდა. ლილის ეძინა. დროდადრო წკმუტუნებდა, წუხდა. ამასაც შიოდა. გამალებით უცემდა პატარა გული.
ბაღს მივადექი. მაღლობს გავხედე. ფეხები მეკეცებოდა. იქამდე ნამდვილად ვერ მივაღწევდი. ცოტა უნდა დამესვენა, ძალები მომეკრიბა. იქვე ჩავჯექი, ხის ტანს მივეყრდენე. ლილიმ გაიღვიძა, უბიდან ამომიხტა. დარბოდა, ყეფდა, თითქოს უხილავ არსებებს უღრენდა. მიწას თხრიდა უკანა თათებით, ორმოებს აკეთებდა და შიგ გორაობდა. კალთაში რაღაც ჩამივარდა. მტვრიანა იყო, ვარდისფერი, რბილი. ჩავკბიჩე. ავოკადოსავით გაუგებარი გემო ჰქონდა, არც ტკბილი, არც მჟავე. ლილი მომვარდა ენის წკლაპუნით. თვალის დახამხამებაში გამომგლიჯა მტვრიანა და დაუღეჭავად გადაყლაპა. აბა, სხვა რა უნდა ექნა? შემეცოდა. გულში ჩავიკარი. ვტიროდი, ცრემლები ღაპარუპით ჩამომდიოდა. ლილი ხან ნიკაპს მილოკავდა ხან თვალებში შემომცქეროდა. არ ვიცი რა დამემართა. ხეები წრიულად მოძრაობდნენ. ლილი სამად მეჩვენებოდა. ძილი მომერია. ემბრიონივით მოვიკუნტე. თითქოს ვინმესთან თავს ვიმართლებდი ჩურჩულით: ხუთი წუთით, მხოლოდ ხუთი წუთით. ლილი, არ გამეპარო. . .
. . . ჩემს ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი. გვირილების მეკავა. მარჯვნივ, ძაღლების ხეივანში ხეებს კირით ათეთრებდნენ. ნაცნობებს ვესალმებოდი. ყურადღებას არ მაქცევდნენ. გაზაფხულის გრილი დღე იყო. ყველა სადღაც მიიჩქაროდა. ყველა თბილად იყო ჩაცმული. მარტო მე მეცვა თხელი, წვრილყვავილებიანი კაბა.. მერე, ჩემმა შვილმა გამოიარა. პატარა გოგო ეკავა ხელში. გულში იხუტებდა, ხელებზე კოცნიდა. სიხარულისგან ავტირდი. გავეკიდე, ვეძახდი. ხან გვერდით დავუდექი, ხან წინ გავუარე. ვერ მხედავდა. მხოლოდ გოგო მამჩნევდა. თითს იშვერდა ჩემსკენ, თმაზე ექაჩებოდა მამას და მიღიმოდა. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი სათუთი! ორი კბილი უჩანდა ქვემოთ, ბრინჯის მარცვლებივით მრგვალი და ქათქათა. მეც ასეთი “კიკინები” მქონდ ამ ასაკში გადაღებულ ერთ სურათზე. ჩემი შვილი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, იყო ძალიან ახალგაზრდა მამა, მე – ძალიან ახალგაზრდა ბებია. გავეკიდე, გული ამოვარდნაზე მქონდა. ვეძახდი, ვეძახდი, ვეძახდი. . .
თვალი გავახილე. პირველი ვინც დავინახე, კვი იყო, აივანზე იდგა ზურგით. გაფაციცებული გასცქეროდა სივრცეს. გვერდზე ასაკოვანი ქალი მეჯდა. ქალმა გამიღიმა. ლოყაზე ხელი ჩამომისვა სიყვარულით და რაღაც დაიძახა. კვი მოტრიალდა. შევნიშნე, როგორ აუკანკალდა ტუჩები. მომვარდა, გულზე დამემხო და ატირდა ამხელა კაცი. ქალი გაოცებული დაგვცქეროდა. ტახტზე წამოვჯექი.
- კარგი რა კვი, კარგი! რა მიცვალებულივით დამტირი? აქ როგორ მოვხვდი, რატომ ვწევარ? - მარისა, იცი რამდენი გეძებე? ძლივს დავუსხლტი ხელიდან აღტაცებულ ხალხს. ჩემო სულელო, გეგონა მიგატოვე? ქალაქი გადავატრიალეთ. ყველა კუთხე და კუნჭული დავათვალიერთ. სიგიჟემდე ვიყავი მისული. ბოლოს, უსინათლოებმა გვითხრეს, საით მიდიოდი. - უსინათლოები როგორ მიხვდნენ ვინ ვიყავი? - ყნოსვით. უცხო ადამიანის სუნი ეცათ. ხის ქვეშ გიპოვეთ. გადამწიფებული მტვრიანა არ უნდა გეჭამა. საძილე საშუალებაა. საიდან უნდა გცოდნოდა, მე არაფერი მითქვამს. მოკუნტული იწექი. გვერდზე ლილი გყავდა მიკრული. ძილში ლაპარაკობდი, ტიროდი. შეშფოთებული წამოვხტი. - ვაიმე, ლილი! სად არის? მოკვდა? - რას ამბობ? სძინავს, ვეტყვი და მოგიყვანენ. - ეს ქალი ვინ არის? - ბებიაჩემია, ოლი ჰქვია. სანამ დავბრუნდები, ოლი და კვუ მოგხედავენ. - სანამ დაბრუნდები?! სად მიდიხარ? მარტო არ დამტოვო! - საომარი მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. მერე აგიხსნი, ვინ არის ჩვენი მტერი. გევედრები, არ გაოპარო! შენ რომ რაიმე შეგემთხვეს აქ, ან ”იქით” მოახერხო გადასვლა, ქვას ქვაზე არ დავტოვებ, მთელ ქალაქს გადავწვავ. წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. ოვალურ დარბაზში შემიყვანა. კედლებზე დიდი ზომის სურათები ეკიდა. ჩემი სიზმარი ამოებეჭდათ:
ჩვენი ქუჩა. ჩემი შვილი. ჩემი შვილიშვილი. ძაღლების ხეივანი. მტრედების გუნდი პოლიკნინიკის წინ. მოსაცდელის ნახევრადჩამსხვრეული მინა.
- მარისა, ეს დარბაზი შენი სახელოსნო იქნება.
გული ამომიჯდა. კვი, შენ რომ არ დაბრუნდე, ჯერ ლილის მოვკლავ, შემდეგ მე მოვიკლავ თავს, გავიფიქრე და გულში ჩავეკარი.
- აუცილებლად დავბრუნდები, გპირდები. მივხვდი, კვი ჩემს ფიქრებს კითხულობდა. შეუძლებელი არაფერი იყო ამ წითელთმიანი ზეადამიანებისთვის: დაფრინავდნენ, შემორჩენილ მოგონებეს აკოპირებდნენ, წამებში აშუშებდნენ ჭრილობებს. ეს მცირედი იყო ალბათ, ამათი შესაძლებლობების, რის მოწმეც გავხდი. - იცი, ვინ უნდა დავხატო პირველ რიგში, დიდ ტილოზე? - მეე? - დედაშენი, იმიტო,მ რომ შენ გაგაჩინა. დაბლა ჩავედით. უცნაური ფორმის, პატარა საფრენი აპარატები სერავდნე ზეცას. ასევე უცნაურ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მეომრები ქალაქის ოთხივე მხარეს მიფრინავდნენ. კვიმ ხელი დაუქნია აივანზე გადმოყუდებულ ოლის და კვუს. მერე, მამისიც გამოჩნდა, მამაშვილს ერთნაირად ეცვათ და ძალიან გავდნენ ერთმანეთს მე უკვე მიყვარდა კვის დედა, მამა, ბებია. ალბათ, მალე შევეგუებოდი აქაურობას. ეს ხომ ჩემი ოქროსფერთვალება, საყვარელი ადამიანის სამყარო იყო.
დიდმა და პატარა, მზისფერფაფრიანმა და შავფაფრიანმა კენტავრებმა ჩაიქროლეს, ფლოქვების თქარუნით და ადამიანური ყვირილით. გასაფრენად გამზადებული კვი უკან მოტრიალდა, ხელები მომხვია. - მარისა, წინ რომ მიდის, ყველაზე დიდი და ყველაზე ღონიერი კენტავრი, ჩვენი შვილების გამზრდელი იქნება. - შვილების?! - დიახ! - კვი!
დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აუცილებლად, გაგრძელდება. :) :* აუცილებლად, გაგრძელდება. :) :*
4. აქ გაგრძელებას ველოდებოდი, ხომ გაგრძელდება? აქ გაგრძელებას ველოდებოდი, ხომ გაგრძელდება?
3. ჯონათან, მზია, მადლობა! :) ჯონათან, მზია, მადლობა! :)
2. მომეწონა. რა უცნაური სამყაროა. აზა შემეცოდა, ვის ხელშია. ამ ორ დღეში ორჯერ შემხვდა სახელი როზა განსხვავებულ, თავისებურ ტექსტებში. ალბათ, გასამდება.
მომეწონა. რა უცნაური სამყაროა. აზა შემეცოდა, ვის ხელშია. ამ ორ დღეში ორჯერ შემხვდა სახელი როზა განსხვავებულ, თავისებურ ტექსტებში. ალბათ, გასამდება.
1. მგონია, რომ რომელიღაც ნაწილი გამოტოვეთ :)
მაინც გასაგები იყო ყველაფერი :)
მგონია, რომ რომელიღაც ნაწილი გამოტოვეთ :)
მაინც გასაგები იყო ყველაფერი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|