 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 24 მაისი, 2020 |
მელანოMANia „Natura abhorret vacuum“ „ბუნება ვერ ითმენს სიცარიელეს“ თავი ოცდამეთხუთმეტე სპექტაკლის შემდეგ ყავის დასალევად შევიარეთ კაფეში და გვიან საღამომდე კიდევ ერთად ვიყავით. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ შემეტყო თუ როგორ ვნერვიულობდი ხვალინდელ დღეზე, რათა მელანო ნაკლებად დათრგუნულიყო. დღე საოცრად კონტრასტული გამოდგა. ჯერ საავადმყოფო, შემდეგ სეირნობა, თეატრი და ბოლოს თითო ფინჯანი ყავა კაფეში. დღის განმავლობაში ამდენ ადგილას ერთროულად არასოდეს ვყოფილვართ აქამდე. კაფიდან წამოსულებს სეირნობის თავი აღარ გვქონდა. ტაქსიში ჩავსხედით. მძღოლს მარშრუტი ვუთხარით. რუსთაველიდან ჯერ ბახტრიონზე წავედით, სადაც მელანოს დავემშვიდობე და შემდეგ გეზი ნუცუბიძისკენ ავაღებინე საშუალო ასაკის, სასაცილო ულვაშებიან ტაქსის მძღოლს. -შეყვარებულია? მორიდევულად იკითხა მან. -ბატონო? მე მეკითხებით? გამიკვრდა მე. -ხო, შენ გეკითხები. სხვას ხედავ აქ ვინმეს? მითხრა მან და გულიანად გაიღიმა. -შეიძლება ასეც ითქვას. შეყვარებულები არ ვართ, მაგრამ მიყვარს. უფროსი კაცი ხართ და გამიგებთ. -მესმის შვილო, მესმის. მთელი გზა ხელი არ გაგიშვიათ ერთმანეთისთვის. ეტყობა ძალიან გიყვართ ერთმანეთი. -ასეა უფროსო, ასე. აქ შემიჩერეთ თუ შეიძლება. მე ჩამოვალ და თქვენ გზა განაგრძეთ. მადლობა. მძღოლს ფული გადავუხადე და სადარბაზოს კიბეებზე ასვლისას მელანოს მივწერე, რომ უკვე სახლში ვიყავი. -ბართლომე, ძალიან დავიღალე და ვწვები უკვე. მადლობა დღევანდელი დღისთვის. შენთან ერთად ყოფნისას ყველაფერი მავიწყდება და თავს დაცულად ვგრძნობ. შენც დაწექი მალე, გთხოვ. გამოიძინე და ხვალ სამსახურში წასვლა არ დაგაგვიანდეს. მე თერთმეტ საათზე უკვე საავადმყოფოში ვიქნები და პირველ პროცედურას გავივლი. -კარგი, მელანო. მშვიდი ძილი. დაისვენე. არ ინერვიულო არაფერზე. მე შენთან ვარ და არასოდეს მიგატოვებ. მაღვიძარას დავაყენებ, რომ არ ჩამეძინოს და დილითვე მოგწერ. მიყვარხარ! -მე უფრო! -გაკოცე! -მეც! მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვწრიალებდი. მინდოდა მალე გათენებულიყო და მელანოსთვის ისევ მიმეწერა. ყოველ ღამით როცა მარტო ვწვებოდი, საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი და ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რადგან ვიცოდი მიმოწერას დავიწყებდით, რაც ოდნავ შემიმსუბუქდება მის არყოფნას. არც მახსოვს, როდის ან როგორ ჩამეძინა. კიდევ კარგი მაღვიძარის დაყენება გამახსენდა და ცხრა საათზე მისმა გაბმულმა და წკრიალა ხმამ დამიფრთხო ძლივს მოგვრილი ძილი. ნაძალადევად წამოვდექი. ხელ-პირი დავიბანე. ჩავიცვი. ყავა მოვიდუღე. სიგარეტს მოვუკიდე. დილის რიტუალს მოვრჩი და მივწერე. -დილა მშვიდობისა, მელანო. როგორ ხარ? -კარგად, ბართლომე. შენ? -მე არა მიშავს. გამოიძინე? ხომ არ გაგაღვიძე? -არა, ბართლომე. დილით ბავშვები გავუშვი სკოლაში და ახლა ვაპირებდი შენთვის მოწერას ან დარეკვას, რომ გამეღვიძებინე. -ძალიან მინდა დღეს შენ გვერდით ვიყო, მაგრამ ვიცი ეს შეუძლებელია. თუმცა ჩემზე თუ იფიქრებ, ერთად ვიქნებით, მელანო. -ასეც მოვიქცევი, ბართლომე. მე ყოველთვის შენზე ვფიქრობ, მითუმეტეს მაშინ, როცა მარტო ვარ, სრულიად მარტო. -ვიცი მელანო, ვიცი. წავედი მე სამსახურში და გახსოვდეს, რომ შენთან ვარ! -როგორც კი გამოვალ პროცედურიდან, მაშინვე მოგწერ. მიყვარხარ, ბართლომე! -მეც. მელანო, იცი სიტყვა „მიყვარხარ“ ორი ადამიანის ერთობას რომ ნიშნავს? აი, ნახე თვითონ სიტყვის შემადგენლობაც ამას გვეუბნება: მე ვარ, შენ ხარ ანუ მიყ-ვარ-ხარ, მიხვდი? -კიი. „კიი“-ს მხოლოდ მაშინ მწერს ხოლმე მელანო, როდესაც რაღაცა უხარია და სიამოვნებს, სხვა შემთხვევაში უბრალოდ „ხო“-თი შემოიფარგლება ანუ სიტყვის ასეთი განმარტება მისთვის რამდენადმე უფრო ძვირფას და კარგ შინაარს იძენდა. სამსახურში წასვლის წინ რობერტ მესხის რამდენიმე ლექსი გადავიკითხე სახელდახელოდ. იმ დღეს მისი რამდენიმე ფრაზა ამეკვიატა, მათ შორის ერთი ასეთი: „როგორ დამღალა საკუთარი კარის მტვრევამ და მთვარის პროფილმა, - ღამისთევიდან ხელმეორე ღამისთევამდე ვარ შეპყრობილი“... მე მელანოთი ვარ შეპყრობილი და არ მინდა განვიკურნო. მსურს, მუდმივად ვიყო დაავადებული მისით... მელანოMANia „სიყვარული ჩვენს გასაბედნიერებლად არ არსებობს. ეს გრძნობა იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგვანახოს, რამდენის ატანა შეგვიძლია“ ჰერმან ჰესე თავი ოცდამეთექვსმეტე დრო უსაშველოდ გაიწელა, სანამ მელანო შეტყობინებას მომწერდა. მახსოვს, საჭმელად ვაპირებდი გასვლას, სადღაც ორი საათი იქნებოდა, როცა მისგან მესიჯი მომივიდა. -ბართლომე, მოვრჩი პირველ პროცედურას. ძალიან დავიღალე და თავიც ამტკივდა. სისუსტეს ვგრძნობ მთელ სახეულში. -მესმის შენი, მელანო. მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს გადაიტან და გაუძლებ. მე შენ გვერდით ვიქნები ყოველთვის. -ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში და დავისვენებ. ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრი მთრგუნავს, რომ კიდევ ცხრა ასეთი პროცედურა მაქვს გასავლელი და არ ვიცი, ამდენს როგორ გავუძლებ. მზად ვარ ამ ყველაფრისთვის? -სხვა გზა არ გვაქვს მელანო. უნდა შეძლო. ერთად უნდა შევძლოთ. -კარგი, ბართლომე. მადლობა, რომ ჩემ გვერდით ხარ და მაძლიერებ შენი თბილი და იმედიანი სიტყვებით. ყველაზე მეტად მჭირდები ახლა. -რისთვის მიხდი მადლობას, სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის? არც კი იფიქრო, რომ მაგისთვის მადლობა უნდა გადამიხადო. სახლში რომ მიხვალ, მომწერე. -ასეც ვიზამ, ბართლომე. სამსახურში რა ხდება? -არაფერი განსაკუთრებული. რიგითი დღეა. კარგი, დაისვენე ახლა ცოტა და შინ წადი. ველოდები შენ შეტყობინებას, როგორც კი მიხვალ. -დროებით, ბართლომე. -გაკოცე. -მეც. პირველმა მოლოდინმა და ნერვიულობამ მეტ-ნაკლებად გადაიარა, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე ასეთი დაძაბული და დაზაფრული დღე გველოდა, სანამ ყველაფერი ჩამთავრდებოდა. მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მელანო გამეხალისებინა და მისთვის რაიმე სასიამოვნო სიურპრიზი გამეკეთებინა, თუნდაც ისე, რომ პირადად არ მენახა. ვიცოდი, ძალიან გადაღლილი იყო, ამიტომაც ჩემი მხრიდან ბავშვური და გაუმართლებელი საქციელი იქნებოდა მისთვის შეხვედრა მეთხოვა. რაიმე სხვა უნდა მომეფიქრებინა და გამეკეთებინა. -სახლში ვარ უკვე, ბართლომე. წამოვწვები და დავისვენებ ცოტას. კარგი? -რა თქმა უნდა, მელანო. მადლობა, რომ მომწერე. დაისვენე. დაიძინე და გამოშუშდი. -სიზმრად გიხილო იქნებ? -შეაღე სიზმრის კარი და აუცილებლად შემოვალ, მელანო. ცოტატი გავხალისდი და კიდევ უფრო მეტად მომინდა მელანოსთვის რაიმე სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზის გაკეთება, მაგრამ ამ ხმაურში არაფერი მომდიოდა აზრად. სამსახურში ბიჭებმა ლუდის დალევა დააპირეს და სამუშაო დღის დასასრულს, სანაპიროსკენ აიღეს გეზი. სიმართლე გითხრათ, არც დალევის იშტაზე ვიყავი, მითუმეტეს ლუდის, თან სანაპიროზე შეკრებილი ხალხის ყაყანის სმენის თავიც არ მქონდა. ბიჭებთან მოვიბოდიშე, ვერ წამოვალ, მეთქი და შინისაკენ გავეშურე. გზად ერთი-ორი იდეა მომივიდა. თავიდან ვიფიქრე, რომ მელანოსთვის ყვავილები გამეგზავნა ვინმეს ხელით, მაგრამ იქვე დავასკვენი, რომ თავს უხერხულად იგრძნობდა თუ სახლში ბავშვებიც იქნებოდნენ ამ დროს. რაიმე უფრო ორიგინალური და ეპატაჟური უნდა გამეკეთებინა. ბუნებრივია, არც ცეცხლით გულის დანთებას მისი ფანჯრების წინ ან სადარბაზოსთან კედელთან პულივიზატორით სასიყვარულო ტექსტის დაწერას არ ვაპირებდი. ბოლოს, ჩემ მეგობარ პოეტს, გიორგის მივმართე. დავურეკე და ვკითხე: -რამე კარგი ლექსი არ გაქვს, მეგობარს რომ გავუგზავნო, ოღონდ წერილის სახით, ფოსტის საშუალებით? -როგორ და რანაირად გაუგზავნი, ეგ შენი საქმეა, ბართლომე. მე ის მითხარი, მეგობარი ვინაა? -რა მნიშვნელობა აქვს. ხომ იცი, რომ კაცს არ გავუგზავნი ლექსს? -ახალი არაფერი მიწერია და ძველები შეგიძლია წიგნში მოიძიო, რომელიც გაგიხარდება, შენი იყოს, დამითმია. -შენი წიგნი აქვს ჩემ მეგობარს. დაბადების დღეზე ვაჩუქე. სხვათა შორის მოეწონა და მითხრა, კარგად წერსო, შენზე. -ჰოდა, თავად სცადე ბართლომე. მთავარია, გულიდან წამოსული სიტყვები იყოს. ნაწერში მთავარი სიწრფელეა და არა სიტყვების უაზროდ რახა-რუხი. თავში ჩამიჯდა გიორგის სიტყვები და ცხოვრებაში პირველად ლექსის წერა ვცადე. გიორგიმ მცირედი კორექტირება გამიკეთა და რამდენიმე სარითმო წყვილიც მომიძებნა უცნაური სიტყვებისთვის, რომელიც ძლივს დავალაგე სწორად და გამართულად. ერთხელ მელანოსთან პაემანზე დამაგვიანდა. შუა ივლისი იდგა და პაპანაქება სიცხეში ვალოდინე საკმარისზე მეტ ხანს. თუმცა ლექსში ივლისი დეკემბერით შევცვალე, რადგან სიცივე უფრო ამძაფრებდა დახატულ სურათს. გვიან საღამომდე ვჯახირობდი და ბოლოს ასეთი ლექსი გამომივიდა: მელანო, იცი? ჩვენი კოცნაც მელოდია არის ერთგვარი, როცა ქუჩაში დეკემბრის სუსხია და მელოდები, როდის მოვალ. ჩაგეხუტები. კოცნას დაგიშენ და გეშინია, რომ არ მოვიდე. მაგვიანდება, ქალაქის საცობს ვერასძალით გამოვერიდე, ყველა პროსპექტი ბინძური და ნაგვიანია, შენ მეტროსთან ხარ, მე კი ახლა ზემო ვერიდან- რუსთაველისკენ მოვაბიჯებ, თანაც ქოშინით. წვიმს. სიცივეა. საღამოა. დღისგან დაღლილი, გზად უნებურად თვალს შევავლებ ქუჩის გოშიებს- სადარბაზოსთან შეყუჟულებს და მეც ძაღლივით ჩამოვუყვები ქვაფენილებს, ჩიხებს და ვიწრო გადასახვევებს და სისველეს თმიდან, შუბლიდან მთელ პირი-სახეს ვუწილადებ, მალევე ვიგრძნობ, როგორ ვსველდები, ნეტავ მალე შემოუვლიდე წრეებს, წრეწირებს, ამ ოვალურ ბაღებს, სკვერებსაც, ეკლესიასთან ჩავიარე, ბავშვებს სანთლები სახეს უნათებს, მათ ნაწილს კი სეფისკვერებით უბე აქვს სავსე. მე კი შენ წინ ვერ გავმართლდები, რადგან ჩვეულად ვიგვიანებ, შენ კი, მელანო, უკვე მომწერე, რომ მოხვედი, სადაც დროდადრო ერთმანეთს ვხვდებით და თვალებიც ისე ღელავენ, რომ ვერ გიხილო, მაგრამ მაინც უნდა მოვასწრო შენამდე მოსვლა, ჩვენი კოცნაც მელოდიაა, დგახარ ქუჩაში, დეკემბერი თმაში შემოგდის... შენ მელოდები, მელოდები, კვლავ მელოდები, რომ მერე მითხრა გულმოსულმა, როგორ მელოდი... ...და მე აქა ვარ, შენ წინაშე, მოდი გაგითბო ხელები, სახე, მერე წაღმა სახე, ხელები... დავაგვიანე, მაგრამ აქ ვარ და მსურს დაგითმო ცხელი და ხშირი ამოსუნთქვა, ხშირი და ცხელი. მელანო, იცი? ჩვენი კოცნაც მელოდია არის ერთგვარი!... სახლში ერთი კონვერტი მეგულებოდა. ლექსი მასში მოვათავსე და ზედ მელანოს მისამართი წავაწერე. ჩვენთან სადღეღამისო საკურიერო მომსახურეობა არ არის და ვიფიქრე, ხვალ დილითვე გავუგზავნი წერილს მელანოს, მეთქი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნუ იჩქარებ ფინალს გააგრძელე :) ნუ იჩქარებ ფინალს გააგრძელე :)
8. მადლობა, რომ გახსოვთ ეს ნაწარმოები, მეგობრებო, მალე ფინალსაც მოვიფიქრებ მადლობა, რომ გახსოვთ ეს ნაწარმოები, მეგობრებო, მალე ფინალსაც მოვიფიქრებ
7. კარგად იკითხება რაღაცნაირად, ისევე როგორც ის წინა თავები
აქ 2 თავია გაერთიანებული, მაგრამ ესეც ცოტაა მე მგონი ჯობია დიდი მოცულების დადება
5
კარგად იკითხება რაღაცნაირად, ისევე როგორც ის წინა თავები
აქ 2 თავია გაერთიანებული, მაგრამ ესეც ცოტაა მე მგონი ჯობია დიდი მოცულების დადება
5
6. კიდევ ერთი მეც მახსოვდა ავტორის გარეშე 4-ს გვახსოვდა და კიდევ ერთმა მითხრა, ვკითხულობ ფეისბუკზეო და გამოდის 5-ს გვახსოვს ავტორის გარდა, აქაურ წევრებს
სულ მინიმუმ 5-ს და დარწმუნებული ვარ მეტსაც
კიდევ ერთი მეც მახსოვდა ავტორის გარეშე 4-ს გვახსოვდა და კიდევ ერთმა მითხრა, ვკითხულობ ფეისბუკზეო და გამოდის 5-ს გვახსოვს ავტორის გარდა, აქაურ წევრებს
სულ მინიმუმ 5-ს და დარწმუნებული ვარ მეტსაც
5. ვა, მგონი მართლა მივუბრუნდები 3 წლიანი პაუზის შემდეგ :) ვა, მგონი მართლა მივუბრუნდები 3 წლიანი პაუზის შემდეგ :)
4. მეც მახსოვდა :))) მეც მახსოვდა :)))
3. გამოდის, რომ უკვე სამს გვახსოვდა :)
მელანოსაც ხომ ახსოვს :)
გამოდის, რომ უკვე სამს გვახსოვდა :)
მელანოსაც ხომ ახსოვს :)
2. არ მეგონა, რომ ჩემ გარდა ვინმეს ეხსომებოდა, ლამის 4 წლიანი პაუზის მერე უნდა განვაგრძო :) მადლობა დამატებული სტიმულისთვის :) არ მეგონა, რომ ჩემ გარდა ვინმეს ეხსომებოდა, ლამის 4 წლიანი პაუზის მერე უნდა განვაგრძო :) მადლობა დამატებული სტიმულისთვის :)
1. მახსოვდა ბუნდოვნად:) კარგია რომ აგრძელებ:) მახსოვდა ბუნდოვნად:) კარგია რომ აგრძელებ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|