 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 1 ივნისი, 2020 |
მელანოMANia „ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე“ ლევ ტოლსტოი თავი ოცდამეცხრამეტე ბუნებრივია, ჩემი მეგობრების აზრი მელანოსთან დაკავშირებით ორად გაიყო. არც ისაა რთული მისახვედრი, რომ ერთნი მასთან ურთიერთობის ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავდნენ, მეორენი კი ცხვირს არ ჰყოფდნენ ჩემ პირად ცხოვრებაში. შესაძლოა, ისინიც სხვანაირად ფიქრობდნენ, მაგრამ სათანადოდ ახლოს არ იყვნენ ჩემთან, რათა ეთქვათ ეს ყველაფერი. ასეთი მჭიდრო და ახლო ურთიერთობა აქამდე არავისთან მქონია და მეგონა, რომ ჩემი გამოუცდელობით შორს ვერ წავიდოდი, მაგრამ არცთუ დიდხნიანი ურთიერთობის მანძილზე, იმდენი რამე გადავიტანეთ ერთად, რომ სხვების აზრს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდი და ისე ვმოქმედებდი, როგორც მე ვთვლიდი საჭიროდ. რამდენჯერმე ისიც კი ვიფიქრეთ მელანომ და მე, რომ სადმე ბინა გვექირავა. ერთი პატარა და მყუდრო ოთახი, სადაც ერთმანეთის ნახვას შევძლებდით, როცა ამას მოვისურვებდით, რადგან წინ გრძელი და ცივი ზამთარი გველოდა. ოქტომბრის თვეში სამსახურში ზომაზე მეტი ვიზარმაცე და ფაქტობრივად ტყუილად ვიარე. შესაბამისად, ნოემბერში ჩვენ სურვილს ასრულება არ ეწერა და დიდი ალბათობით, ვერც საახალწლოდ შევძლებდით ბინის ქირაობას, რადგან დეკემბერი სხვა თვეებთან შედარებით ყველაზე ხარჯიანი პერიოდია, მარტივი მიზეზის გამო. მეგობრებს დავუბრუნდეთ. ერთ-ერთი საღამოს დასრულების შემდეგ, ბიჭებმა ლუდის დალევა გადაწყვიტეს. მელანოც მახლდა თან და ვიუარე წასვლა, მაგრამ იმდენი მიჩიჩინეს, სანამ ორივენი არ წავედით მათთან ერთად. მელანო თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ ამას მხოლოდ მე ვამჩნევდი, რადგან ვიცოდი მისი ხასიათი და რამდენიმეჯერ ისიც კი გავიფიქრე, რომ პირიქით მომხდარიყო. მელანოს სამეგობროში მოხვედრილი ბართლომე როგორ იგრძნობდა თავს, ალბათ, ძალიან დაიბნეოდა, მაგრამ ამას ყველა შეატყობდა. მელანო კი ძალიან მშვიდად და აუღელვებლად იქცეოდა. თითქოს მეასეჯერ იყო ჩემი მეგობრების გარემოცვაში და საღამოს შემდეგ რიტუალად ქცეულ შეკრებებსაც ხშირად ესწრებოდა. სადღაც სკვერში ჩამოვსხედით ყველანი და ლუდის წრუპვის ფონზე ვისმენდით ლექსებს, რომლებსაც ბიჭები ყვებოდნენ. ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული სკვერში ყოფნიდან, როცა მელანოს ტელეფონმა დაურეკა და ოდნავ მოშორებით გავიდა საპასუხოდ. რამდენიმე წუთში შეტყობინება მომწერა. -ბართლომე, ბიჭებს ბოდიში მოუხადე და რამდენიმე წუთით ჩემკენ გამოდი. -ახლავე, მელანო. ვუპასუხე და უკვე დაცლილი პლასტმასის ჭიქა მეგობარს გავუწოდე, თან ვუთხარი: -დამისხი და რამდენიმე წუთში მოვალ. უჩემოდ გააგრძელეთ მანამდე. მელანოსკენ გავემართე და ვნახე, როგორ გამომაყოლეს ბიჭებმა თვალი. -ბართლომე, მეგობარმა დამირეკა. შეუძლოდ არის, თან მარტოა და უნდა მივაკითხო. შენ დაბრუნდი და მეგობრებთან დარჩი, ჩემ მაგივრადაც მოუბოდიშე. -მელანო, დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი გამოყოლა არ არის საჭირო? ან აქ მარტომ რა გავაკეთო უშენოდ? -არა, ბართლომე. ქალური ამბავია. შენ არაფერ შუაში ხარ. მეგობრებთან კი უხერხულია, რას იფიქრებენ? ჯერ მე გავედი, რამდენიმე წუთში შენც გამომყევი და ახლა რომ მიხვიდე იმის სათქმელად, რომ ორივენი წასვლას ვაპირებთ. -კარგი, მელანო. ცოტა ხანს დავრჩები და რომ მიხვალ, აუცილებლად მომწერე, როგორ მდგომარეობაში იქნება მეგობარი. თუ დაგჭირდები წამოსვლისას მაინც, მომწერე და მოგაკითხავ, -კარგი, ბართლომე. აუცილებლად მოგწერ, როგორც კი მივალ. წადი ახლა, გთხოვ, უხერხულია და უთხარი მეგობრებს, რის გამოც მომიწია წასვლა. მეგობრებთან დავბრუნდი და რამდენიმე უკვე გასული დამხვდა. -სად წავიდნენ ბიჭები? მოვიკითხე ხმამაღლა ისინი -სად წავიდოდნენ? რამდენი ლუდი დავლიეთ, ვერ ხედავ, ბართლომე? წავალ, მეც „გადავაყენებ“ და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. ჰო, მართლა, შენი მეგობარი სად გაქრა? -გაქრა კი არა, წავიდა ბიჭო. საქმე ჰქონდა. მიდი, მიდი, ნუღა იტანჯავ თავს, „გათავისუფლდი“. -კარგი, რა იყო. უბრალოდ ვიკითხე. -ბევრ შეკითხვებს სვამ უკვე, ხვდები? წადი მეთქი, რა. რაღაცნაირად დავიძაბე და არ მომეწონა მისი კითხვა. იმედი მქონდა, რომ დაბრუნებისას აღარ გავაგრძელებდით ამ თემაზე საუბარს. თუმცა ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და უკან დაბრუნებულმა ძალიან გამომწვევად მკითხა ვინ იყო ჩემი უცნობი მეგობარი, რომელიც ასე მალე წავიდა. -აგრძელებ, ჰო? -არ შეიძლება დავინტერესდე, ვინ იყო? -შენ გარდა არავინ სვამს შეკითხვებს ამ თემაზე და იქნებ ლუდის დალევა გაგვეგრძელებინა? -გავაგრძელოთ და თან ვისაუბროთ. შენი ცხოვრებით რომ ვინტერესდები, ე.ი. მაქვს ამის უფლება და შეკითხვაზე პასუხის გაცემას თუ არიდებ თავს, ეგ შენი საქმეა. -გამაცინე. რა მაქვს შენთან ან ვინმესთან დასამალი? ჩემი მეგობარია და ერთად ვართ. კიდევ გაქვს რამე შეკითხვა? -არაფერი. მორჩა. ეგ მაინტერესებდა. დაა... აქ კი მეტისმეტად ავღელდი და ფეხზე წამოვდექი სკამიდან. -რა დაა? -და შენზე უფროსი რომ არის, თან მინიმუმ რამდენიმე წლით, არა უშავს? წამიერად შევყოვნდი. თვალი თვალში გავუყარე. მარცხენა ხელით მუშტი შევკარი, მარჯვენათი პლასტმასის ჭიქაში დარჩენილი ლუდი პირდაპირ ცხვირ-პირში შევასხი, მუშტიც მივაყოლე, ძირს დავაგდე და ბიჭებმა შემაკავეს, თორემ მზად ვიყავი წიხლიც მიმეყოლებინა. ცხვირიდან სისხლი წასკდა. ძლივს წამოფოფხდა და მითხრა: -ამას არ შეგარჩენ, შე ნაბიჭვარო. დღეს არაფერი აღარ მოხდება და ხვალ ერთი-ერთზე ვისაუბრებთან მე და შენ. სიტყვა „ნაბიჭვარზე“ ტვინში სისხლმა ამასხა და კიდევ ერთხელ წავიწიე მისკენ, მაგრამ ვერ მივწვდი. ბიჭებმა დამიჭირეს. -ახლა, აქედან აახვიე, შე თესლო და ხვალ დაგელაპარაკები! დროზე აუდე აქედან და ხმა არ ამოიღო. ბიჭებს მადლობა უთხარი, რომ ცოცხალი გადამირჩი! ამ ჩოჩქოლზე პატრულიც მოვიდა და კარგადაც გამოგვლანძღა. ცალკე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და ცალკე ქუჩაში ლუდის სმისთვის. განყოფილებაში გადაყვანას გადავრჩით და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერით გამოვძვერით.
მელანოMANia „მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში“ უილიამ შექსპირი თავი მეორმოცე მელანოს მოწერა მე დავასწარი და ვუთხარი, რომ უკვე სახლში ვიყავი. მანაც მიპასუხა, რომ ყველაფერი რიგზე იყო მეგობართან და მალე ისიც შინ იქნებოდა. დასკვნების გამოტანისათვის ბევრი დრო არ მქონდა. ვიცოდი, რომ მეორე დღეს ჩვენი შეხვედრა გარდაუვალი იქნებოდა. თავს დამნაშავედ არ ვთვლიდი, თუმცა რაღაც დოზით ვფიქრობდი, რომ დაშვებულზე მეტად ვიმოქმედე აბეზარი მეგობრის უაზრო კითხვების გამო. ერთის შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდსაც კი იქამდე მივყავდი, რომ მელანო თავდავიწყებით მიყვარდა და მზად ვიყავი მისთვის მებრძოლა, თუნდაც ამისთვის მეგობრების წრეში კონფლიქტი მომსვლოდა და შემდეგ, რომელიმე დამეკარგა კიდეც. მოკლედ, იმ საღამოს ვცდილობდი საკუთარ თავში თვითგამორკვევას. თვითგამორკვევას იმისა, რამდენად დამნაშავე ვიყავი მეგობრის წინაშე, მაგრამ საკუთარი სიამაყე და რაღაც წილად თავხედობაც, ყველა სიტუაციაში მამართლებდა გარშემომყოფების წინაშე. რაც ყველაზე მთავარია, მელანოსთან, თუმცა ის მომხდარის შესახებ ვერასოდეს გაიგებდა ჩემგან. დილითვე მომწერა შეტყობინება მეგობარმა. შეხვედრის დროსა და ადგილზე შევთანხმდით და იმაზეც, რომ საუბარი მხოლოდ ჩვენ ორს შორის შედგებოდა. სოლოლაკში შევხვდით ერთმანეთს, ასათიანის ქუჩაზე, 7 ნომერში. საკამათოდ და საქმის გასარჩევად ნამეტნავად კარგი ადგილი შეარჩია მეგობარმა. თბილისის ანძის და ძველებური, რესტავრაციას რომ საჭიროებენ ისეთი შენობების ხედით. წუხანდელთან შედარებით დამშვიდებული და გაწონასწორებული მეჩვენა აბეზარი მეგობარი. ეტყობოდა, რომ საჩხუბრად არ იყო მოსული, მაგრამ ამ გარემოების საპირწონედ, წინ გრძელი, დამღლელი და არაფრის მომცემი საუბარი გველოდა, როგორც შემდგომში გაირკვა. -ქალის გულისთვის ხელი როგორ დამარტყი, ბართლომე? -ქალის გულისთვის არა. ხელი უტაქტობისთვის და ზედმეტი კითხვების გამო მოგხვდა. -ამდენი ადამიანის წინაშე შენგან ამას მაინც არ ვიმსახურებდი. -არც მე ვიყავი ვალდებული შენთვის ანგარიში ჩამებარებინა, ასე სახალხოდ. -მაშინ უნდა გეთქვა, რომ ის ქალი შენთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო. -არ ვაპირებ ჩემი პირადი ურთიერთობის აფიშირებას და გასაჯაროებას, თუმცა დასამალიც არაფერი მაქვს. -აქ მარტო ჩვენ ვართ ახლა და შეგიძლია მითხრა ყველაფერი. -დარწმუნებული ხარ, რომ გაინტერესებს? -შენ გგონია, რომ დღეს აქ საქმის გასარჩევად და საჩხუბრად მოვედი შენთან? უბრალოდ მინდა ვიცოდე, რა ურთიერთობა გაქვს იმ ქალთან. -იმ ქალს, შენ რომ ასე ხშირად იხსენიებ, მელანო ჰქვია. თითქმის ნახევარი წელიწადია, რაც ერთად ვართ და ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს. -სულ ეგაა, რისი თქმაც გინდა? -ჰო. არ არის საკმარისი შენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად? -მაგის გამო დამარტყი ხელი, რომ ერთმანეთს შეეჩვიეთ? -გულწრფელად გიხდი ბოდიშს მომხდარის გამო, თუ თავს დამცირებულად და გულნაკლულად გრძნობ გუშინდელის გამო, შემიძლია ბიჭების წინაც იგივე გითხრა. -როგორც ვხედავ, ჩემთვის მეტი არაფრის თქმას არ აპირებ, ასეა, ბართლომე? -ჰო, ასეა. ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდითაა და... წამიერად შევყოვნდი და თავი ძირს დავხარე. დავიბენი. თითქოს არ მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარს მელანო და ვერაფრით მოვუძებნე ახსნა ჩემ საქციელს დღემდე. -გვერდითაა და? -გვერდითაა და მიყვარს, გესმის, მე ის მიყვარს. არავის მივცემ უფლებას, რომ მასზე რაიმე ცუდი თქვას. ვინც არ უნდა იყოს, მშობელი დედაც კი! -ყველაფერი ნათელია, ბართლომე. მე გიხდი ბოდიშს ჩემი გუშინდელი საქციელის გამო. ჩამომართვი ხელი და დავივიწყოთ, რაც მოხდა. ერთმანეთს მეგობრულად გადავეხვიეთ და იმ დღეს გავაცნობიერე, რომ კიდევ ერთი შიში დავძლიე. შიში, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. შიში, რომელიც გამოწვეული იყო მეგობრების შესაძლო რეაქციით, რომელიც ჩემ მიმართ ექნებოდათ. შესაძლოა, შიშზე მეტად ამ ყველაფერს გაურკვევლობა და მოლოდინი ერქვა, რადგან ასეთ ურთერთობას სერიოზულად არავინ მიიღებდა ჩემი მეგობრებიდან, თან იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმეტესი ნაწილი დაოჯახებული იყო და მეც მუდმივად ამაზე მიჩიჩინებდნენ. ბუნებრივია, ერთი ადამიანის საქციელით მთელი სამეგობროს რეაქციას ვერ განსაზღვრავდი, მაგრამ ის ყველაზე მეტად დაინტერესდა ამ ყველაფრით და რაღაცნაირად, კმაყოფილად ვიგრძენი თავი, როდესაც ერთი სიტყვით, ერთი უბრალო, მაგრამ ყოვლისმომცველი სიტყვით, ყველანაირი შეკითხვა და ინტერესი გაქრა ამ ურთიერთობის გამორკვევის მიმართ, რაკიღა ვთქვი, რომ მიყვარდა მელანო. საღამოს მელანო და მე ერთმანეთს შევხვდით და მითხრა, რაღაცნაირად ბედნიერი, გაბრწყინებული თვალები გაქვსო. თავს ძალიან ამაყად და ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ მისთვის მომხდარზე არაფერი მითქვამს. მთელი საღამო ვისეირნეთ და ბოლოს სახლებში წამოვედით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ცალკე თემაა, ნამდვილად, ალბათ დიდი მოთხრობაა ცალკე თემაა, ნამდვილად, ალბათ დიდი მოთხრობაა
1. ეპიგრაფები ცალკე თემაა ამ მოთხრობაში თუ რომანში.
ეპიგრაფები ცალკე თემაა ამ მოთხრობაში თუ რომანში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|