ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რკინის მწურავი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2020


რკინის ლექსები

                             


      სავაზური და სხვა ლექსები (4 ლექსი)                         

            სავაზური
შეხედე როგორ ქაფქაფებს დედათყურძენი ჯამებში, 
ცოტაც და თითქოს გადმოვა ლექსად და ათას არაკად,
მაგრამ რად მესმის ქარდალის ქვითინი ძველ ანჯამებში
ან სისხლისფერად ლიც-ლიცი რად გააქვს ათასარაკვას.
რომ რეკავს განა ზარია - ფეთქვაა ტაძრის გულისა,
ბერბეშოს მიწა აფიცეთ დღეს რომ ჯვარს იწერს გოგონა,
მუხლებში ძირკვი ჩაუდგას თავის ძეს ტაგიძურისა,
წვივზე კოჟრები აასხას წობენურა და ოქონა...
ვაი, ამ სავსე ვაიოს ყელმოღერილო დედაო ,
სასთუმლის გედად გაქციე, სადა ხარ... ვეღარ გხედავო,
იხარე დედავ ქართლისა თავდაკიდული საკმელით,
შენს ბადაგიან ნანინას სვამდეს პატარა ქართველი-
-აფრინდეს აგრემც ბუდიდან, იფრინოს, ბუდეს შურობდეს,
ბუდეში სწორი ელოდეს, ბოლომდე ბუდეშურობდეს...
მე ჩემდა თავად არ მითქვამს არც თითზე გადასახვევი
ეს მისკიეთას ლოცვაა, ჯანაანურას ნახმევი...


        დედას

ცრემლის ლაშქარი
გულზე გესია
ქუსლებს გიწვავდა
გესლის ეკალი,
შენ მიყურებდი
როგორც მესიას
და როგორც ჯვარი
ხელში გეპყარი.
წმინდა მთასავით
მახსოვს ეგ კალთა
ჯვართამტვირთველი
და ნაძაძარი,
შენ შენიც, ჩემიც,
ჰგიე ცის კართან
მე ერთი წყრთითაც
ვერ გადავძარი.
და რამდენჯერაც
დამესო ბალთა
ცოდვიან ზურგზე
ოდეს გავტყავდი,
შენ გაიგლიჯე
სისხლიან კვართად
და უწინარეს
ჩემზე გათავდი...



...
ჩამოაქსოვა ცამ ვერცხლი ქოხმახს
გულს ვაგორმახებ: სევდის ბელტებს ვშლი...
ბებიაჩემო როგორ მახსოვხარ
თვალდაშაქრული სიბრძნის ღელეში...

ძმავ - თაღო, დედავ - დედოზარივით.
საძირკველდირედ - მამის კედელო...
ციხესოფელო ცხრასიზმარივით
პაპის ტახტივით შეუბედელო.

რაც წმინდა არი დასაბამია
თქვენ  მარტო იგი მიძღვენით განა?
ვსიზმრობ კოშკს ჩემსას ბალღურს, ბანიანს
და თქვენ გადარებთ იმ ოშკს და ბანას...


            ...
რად შეკრთა კაცი
ქუჩაში რომ ღმერთივით მიდის...
ნაგლეჯი სახე, მზერამშვიდი
ნაქერცლი პალტო...
უპატივო და უპარტიო,  წელში მოხრილი
ქუჩის კუთხეში გათლილ კედელს
გაეკრა რატომ?

იქნებ იმიტომ
რომ ვიღაცას მადლობას უხდის?
იქნებ ის ვიღაც
წლებგადაღმა ეძახდა: მამას...
ძვლებგამოჩრილი
ფესვმაგარი მოხუცის მუხლი
გათანგულიყო:
ქარს ატანდა გაწეულ ამაგს...

თვალს მიეფარა ფართო ზურგი
დედმამისერთა...
ავი ქარგველი ყურს გესლავდა:
მამიკო... მამა....
უმისამართო ღიმი...
თვალგამშრალი ბალღივით შეცბა
ძლის გასაგონად დაიგმინა, წაიღო წყალმა...

და ჯვარცმის სევდა დაეუფლა
გაფითრდა კაცი.
ენას უკბინა,
ჩაიჩოქა ბარბაცით იქვე.
აღარ შიოდა.
დაიცვარა. სახეზე ცარცის
მსხვილი წვეთები  ჩაეკიდა ნაოჭისსისქე.


ჯაჭვის ნაწყვეტები  (9 ლექსი)
               
              ...
დამალევინე ეგ ფერთავთუხი
სურნელის ქაფი მასვი ქვახვრელით,
გადამაჩქურე ეგ გემოუხვი
მარცვალწმინდა და მრავლისმნახველი...


                          ...
როგორც თავხნულზე მძიმე ნაჩლიქარს
დავყურებ მამულს, უფალო მიმძიმს,
და მგლის ლეკვივით ჯაგში გაჩრილ ქარს
სულის ნეკნს ვუმტვრევ სიავით, სიმწრით.


                            ...
დაწურეთ ყველა ჟრუანტელი. ცოდვა და მადლი.
დაწმინდეთ. მიწა ნაგლეჯ ფერდებს ვეღარ იკემსავს.
თუ ჩამქოლავენ მადლობის ქვით და ქეჯნის ადლი
ცოდვის ქვასავით იგორავებს მადლის რიყესთან.


                          ...
კალამკვარივით თავს მედექ ღმერთო
თუ ცოდვის შუქი შანდალს უშენდა,
ამ ოჩან ნასიტყვს ფესვზე აკვეთილს
ვაკეთილებდი საშვენად შენდა.


  ...
მეშენებინა ქოხი, მარანი
მარნის სიტკბოში მეწურა ღმერთი.
მეწივლებინა ქვებში არამი
ცისკრის ბრჭყალებში ვით ყიამეთი.


                            ...
დიდი ხანია შეეშვა რითმონს
და ჰყავს მუცელში სიჩუმის პითონს
ღმერთი კი არსად არავინ ვითომ
ყველაფერია ყოველთვის თვითონ.


                            ...
ან ცა რად არი მდელო ავდართა
ანდა ამ ზეცის რად ვარ მოდარდე,
ამოჯადოვდი მზეო არაგვთან
გადარდი, დარდიც მორჩეს, მოთავდეს.


                        ...
თოვლი ჟრუანტლის ავლის...
გზებს ბეგთარივით ვცვეთავ,
გაუთავებლად კვამლი,
ლანდი ორთქლისფერ თვეთა.
წამოითოვებს სათუთ,
გზაიც არსაით მიჩანს.
ქეიფს ვაპირებ თართულს,
თავი მიჭირავს ყინჩად.


              ...
გაყინულ ქუჩას ეხურა ბავშვი
უდაბნოსფერი თვალების შიშით.
ზვირთებო მამის როგორ არ გაშრით
ასე უვნებლად როგორ გამიშვით...

                    ...
ცრის. იქექები დღეთა ნაცარში
დღეები დღეებს გადალექია
დედას, ბერდედას, დედინაცვალში
რად ეძებ ბიჭო, ნაცარქექია...

(რკინის მწურავი ლექსები 4 ლექსი)

                        იოვანე

ძმაო იოვანე ისევ ვიუარე გზანი მიუვალი,
ისევ შეეონა სიტყვა შამანივით სამანს მითიონის,
უნდა მომითმინო, უნდა მიმეორო, ვიდრე ცის ვუალი
ყოველს მიიზიდავს, ყოველს მიიკრავს და ყოველს მიიწონის.
ჰოი, იოვანე, ყველას მოუარე, ყველას მიუვანე
ყველა მიიუბნე, ყველა მიიმგვანე არვინ იუარო,
მხეცად წუთისოფლის თავად კაცი იქცა, ძმაო, იოვანე,
უნდა მიუტევო, სიტყვა მოუძებნო, სული მიუბრალო.


                როქი

მეთეოსეთა რეკავს რითმონი,
ვერ გადავურჩი  წყვდიად რითმიდებს,
ვინც უკვდავების მერქანს ითორნის
უნდა სიკვდილის პერანგს ითლიდეს...
და გადავშენდი, გავშრი,  გავმწარდი.
ვშიმშილობ სიბრძნის ბოლო გოლემთან
და ეს სამყარო - ცოდვის აზგარდი
მეცოდინეთა, მეამბორეთა...
არადღა მყოფნის, ვყივი მიუგად,
ამაო იყო ყველა ამბოხი,
როგორც ნათელში ჩამტყდარი გუგა
როგორც დუმილით გამწყდარი ხორხი.
და დღეთა ნივთი მიაზრებს როკვით
და მიმაქვს სისხლით სამყაროს ლექი
და ვდგევარ როგორც სხვის ომში როქი
გარეშე ვიშის, ოხვრის და ბრექის...



                        კენჭი

ნაღდად მოისვრის... ნატვრა თუ ეჭვი?!
გაურჩებული ჭიქაში სირჩა,
ათასქვიშაში ის ერთი კენჭი
თუ კვლავ ვიპოვე თუ გადამირჩა...
ზღვაც არ დაგინდობს ამიტომ წადი
ვერც მე ვაჯობე ტალღებს, კალმარებს,
შენიდან ჩემი გამოვა ლანდი
ჩემიდან შენში გაჭრის სამარეს.
არსადწასვლაში მიდის ეს კიჩოც
ზღვის თმებს უხდება მუშთარის სარჭი,
კენჭი (ისეთი ზღვისპირი უჩანს)
ტალღებზე ცისფერ  სამარეს გაჭრის.


                ...

ქარს შუქი გამოვადინე
გამოვუტარე შუქს ქარი,
ძელისიტყვითა ვნადიმობ
იმ ძელქვიანი  შუქქარით.
უძელსიტყვაოდ არ ვლამობ
გამოვაწურე ცვარი ქვას,
ინათე ჩემო ნათქვამო
იშენნათქვამე არიქა.
ამოდგი ლექსის სამანი
ასამნე, აქე, ან - ანი,
ახალი მიწა დანამე,
ახალი ზეცის წკვარამით.
ახალი ვაზი ამორგე,
ახალი შაკარ წალამი,
ახლიდან უთხარ ამო გველს,
სიტყვა აუნჯე არამი.
ეგ შენი მტევნის ცრემლი და
ეგ შენი ვაზის თვალნამი.

ჯადოსნური სამჭედლო (5 ლექსი)

                      ეპიტაფია

ვალი ჰქონდა, სიცოცხლე არვინ გადაუვადა
ქვათა ათას ქარავანს გადაურჩა არავინ,
ურვისფერი ურადან წვეთი გადაუვარდა
ზარის წვეთი უოხი, ღრმოვან ზღვათა მზარავი...
ამოტეხა სიღრმიდან სიბრძნის ყველა მაარა
დაურიგა ცარიელ, ძმებო, ჭკუის კოლოფებს,               
მაშ რა ექნა, მარტო, მას, დაეცალა მათარა-
მშვიდად დალოდებოდა, პოეტებო, ბოლო დღეს?!
განა ვისი ბრალია ეს ღმერთების სახადი
უცხო ჯვარედინებზე დასვეს ლექსის ბრანებმა,           
გზა აბგაში ჩაკეცა, იმ საოცარ ნახვამდის
ოდეს ამის დამწერი ნაღდად შეგებრალებათ.
რა უნთია მზეს ცაში? ცა მზეს შეუმოცვია,
ის რაც მზე-ცას აბუა, მიწას ჩამოატირდა,
მაგრამ ამ უეცარში, ერთხელ არ უკოცნია
ეგ ფურცლები ღაბუა ზამბახიან  ნაპირთა...
ამიტომაც ნუ ტირით მიაშავეთ ძველ ლოდებს
დაე უგულობისთვის უგულობა ელოდეს.

 


                                                                  რკინის მწურავი

მეზმანა შავი გაღმადიდან მყეფარი ურა როგორ მეძგერა ჭიხვინით და აღმა წაღმა ვდე:
დროა უფალო ვეცალფეხო უბელო, მქუხარ წყლის მოსახვევებს, მჭექარ ლოდებს, ნაქცევ აღმართებს.
რომ ცა ცას მოწყდეს, წყალი გათბეს, ცეცხლი გაწყალდეს. შენებრ დავმიწდე გავცამიწდე, მტვერში გავწვალდე,
ამ  ზექარებში ამ ქარცეცხლში მიწაწყლის მწურავს, მითრითა მითხარ, მათრახითა ნუ მეტყვი ნუ რას
და ნუ  დაახრჩობს შუაფხოზე ჩაფრენილ მერანს-ლაგამის ნაცვლად ვეჩურჩულე ფაფარში მე რაც"...



                      ბგერწერული

მისდევ ტბას და უკან იმ დევების კბოდეს
ეკიდება მთვარე და ლაქების რემით,
ტკბილ მზისფერებს იმდენს უკუაგდებს ოდეს
ავსულიერ ფერთა ველურ გადარევით,
აევლება ტანზე  უღრანების ღვარი:
აევსება ბადე  ოქრო-ვერცხლის ფხებით,
უცქერ? როგორ არღვევს თელებს თეაქარი
მერე მე და თეა.... ტბაში როგორ ვხტებით.
ამ ღამეთა ამბარს ამოვართმევ ამბავს:             
რომელ ლამბით ვამბობ მთვარის ტბაზე ჩარბენს,
ანუ ხარბად ცურავს, ეზიდება ბადეს,
(ანუ ბგერა - ბგერით ძველ ქონგურებს ვარბევ
და თუ წვეთავს ჩარბად მარბიელი ესე)
ანუ თევზაობა- მასთან ერთად თუ ღირს.
მიუჯექით გვერდით არაფერი არ სჯობს
მოყვინთავე მთვარეს  ტბაში ოქროს კუდით... 



                          მისნური

მზე ბზინავს და გზებს, მგზავრებს ქელენ ქარნი მქისენი,
შროშანების შარიშურს მისდევს ტალღის ტაპირი.
მე არაფერს ვაპირებ ამ ულურჯეს სისველით,
ვეომები სტრიქონებს როგორც მოგვებს ფაკირი.
ტბა სამყურებს გაყურებს, ტალღებს გადააპკურებს
ქვათა მფქველი თქმაა და ოკრო-ბოკრო გზაკიდე
საკურებით მოგიფენ ჩემო ბარე სამ ყურეს 
ტბის ტევთიდებს  გიპოვნი და საყურედ დაგკიდებ.
ქრის სოსანთა ოსანა - ქრის ფრთის ქარი, ქარის ზმნა
(შეაჩვენონ მგოსნებმა ყველა გულთა მისანი)
დაე იყოს ღვთის ნება- ოდეს მაშინ გაისმას
პოეზიის ქარიზმა უეცარი, მყისარი.
და ესოდენ სუროთა ესმათ ჩემი ალერსის
ესეოდნენ სიონი ჩემს მოლოცვილ სიონებს
წავალ მისან ლექსებზე ფხა მაქვს გამოსალესი
მე გამომყვეს ყოველი ვისაც ცივი სიო ვნებს.


                            მერწყული

ვუსმენ უსმელ წყალთა ძველ მზისიერ ბგერებს
ხდება: რომ ბრგე მთა წყრთას წაგათოვებს ღიჭის
უთავბოლო დღეებს მოვაცილე ბრკე ვერ
რაც არ უნდა იყოს არაფერი მიჭირს...


          ჯავარდნები (6 ლექსი)
           
                  ...

ხვედრი ქედ-ქედი და მთაკისერა
რქაში გაჩენილი ხანძარი,
მიწა ერთი მუჭა ხარისხელა
ხარივით მედგარი და მაგარი...
აბა გადმოღვარე ვედრებელა
ჩემო ფხაწითელა ჯავარო,
გეძებე ბევრი თუ ცოტა გეძებე რა
გეძებე გრიგალით თუ გრაალით...
ერთი გუდასათქმლის მეყო პეშვი
ერთი საპირქვავე სალაგი,
ნამო ისევ  რქაწითელზე შეშრი
მზეო ისევ  რქაწითელზე დავარგდი.
დაასხით ძველ ჯამებში ცივანკარა
ღვინო წინთვალი და წინქარი,
სიტყვამ  სიტყვისსწორი მიიკაროს
კარში ფეხი იდგეს მართალი...

     
    ხემხუ-ცეცხლის სასმისი

ცეცხლის სასმისი ნაცარში ემხო
ნაცარს მიჰქონდა სამშობლოც, ღმერთიც,
ნაძელცხოველარ ძელქვიან ხემხუს
ნაპერწკლის ნაცვლად ნაცარის წვეთი-

სცვიოდა. ალმა ძელქვათა მოცნემ
ძვლებამდე მძოვოს რამეს თუ შეცვლის
ძაღლი მიაქრა ყველა თქვენს კოცონს
თუ ნაცრის მომცემ ცეცხლს ჰქვია ცეცხლი.

თუ ფერფლის მეტი არ მოაქვს ტკაცანს
თუ ცეცხლის ტკაცანს არ ჰყოფნის კაცი
დაგცეცხლოთ ღმერთმა ვიდრე ამ აცმას-
-კაცის და ცეცხლის, სახე აქვს ნაცრის.



                  ...
სიტყვისო, ძელქვა ნაშამანარი
დამისხი ღვინო  აქ სანამ არი.
სამაროვანის - სავსე სამებით,
გადმოუღვრელი და უწამები.



                          ...
                     
ამოვიწურე სული მიწიდან
ჩამოვიბერტყე მტვერი მცირედიც
და მერე თითქოს უფრო მიჭირდა
ის მიუგნები და უხილვეთი.
მოუსვლელიდან მოვბრუნდი უკან
და სისხლი ჩემი სად აღარ ვაშრე
თავს თავი ჩემი სად აღარ ვუკარ
რა აღარ ვროშე, როდის და ა. შ
თავგამოხსნილი ტყვედა ვარ ისევ
თვალებს ვირწყულებ ურწყავი ყამით
და ჩემს მორჩილად გაშვერილი კისერს
მევე ბღავილით ვუბრუნებ ყამირს.


...

არაგვის ხეობა.
ვმხნეობ და 
ამ ღრეკარს
დევს რომ ჰგავს
დავყურებ დოინჯით.
მოიცდის,
მოიცდის ქვეყანა უფალო
მოდექ და
ამ დოქთან მოვარდი,
მოიწი...
უბრძანე უებრო კვაზარებს უბირო,
გამა ანთებანი უღერონ არაგვზე.
უთხარი ამ პულსარს
თავი რომ ჰგონია სამყაროს შუქურა,
უყუროს,
უყუროს
ჩემსა და ამ ჩემი მზემიწის რკინებას.
ინებე,
ლაზარეს მიწისა ინებე.
როგორი ძნელია იდგე შენს მიწაზე უფალო ტუსაღად
რამდენმა არამწრმემ შენ იცი, ჩემს მამულს თავი მრწმედ უსაღა.
ეს დოქი?
ეს დოქი სავსეა
შხამით და ბალღამით.
ვინ შესვას?
მომლხენი ცოტაა
ან სულაც არ არი.
არაგვზე რა მინდა?
კალმახებს ვეახელ
არა თქვეს აღმისა...
მეც შევრჩი ამ ღრეკარს
დევს რომ ჰგავს
დევს, დევგმირს
კისერში სადგისად.




          ...

ციხენაქები მთა-ველი
კოშკები ჭიუხვეთისა,
დედული - გულის მტკაველი
მამულს ვერ უქებს ერქვნის ფხას.
ვის ახსოვს ლიბოხარები
ფერდას შეფენილ ციხეთა,
მე მორკინალი ხარი ვარ
მტრის ჯიქანს რქაზე ვიხევ და
ბელტებში ზარებს ვადედებ
აკვნებს ვდარაჯობ წნორისას
ვინ მისცა ძმებო კარგ ხარს დრო
ცოხნის და წამოწოლისა.
დაბერებულა ბერიკლდე
მამათა კანჭით ნაროკვი
ხარებო ჯოგი დაგვიწყდეს
მლაშე ლოდივით ნალოკი...
თუ დაგვავიწყდეს ქვითკირებ
გადამტვრეული ქონგური
მამათა სისხლზე ნახნავი,
მამათა სისხლში მოხნული.
არ იკვეთება მუხლები
სიმართლის  კვალზე შემდგარი
სააქაოსაც უხდება
და სამზეკაროც ეგ არი...


კახა მჭედლიშვილი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები