ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2021


* * *

ქარი ჩაირბენს ლურჯი მთის კალთებს,
ვეღარ ერევა კაეშანს ღვინო,
და საკუთარი სხეულით ვანთებ
კოცონს, რომ კარგო, არ გავიყინო.

მაშინებს ფიქრი გადარჯულებით,
უშენოდ ცივად შემხვდა მაისი,
და ახლაც შენი ნაჩურჩულევი,
გონებისწამღებ ექოდ გაისმის.

ვარ დალეწილი კერპი არმაზის,
მივაყურადე დროების ქილიკს,
მე შენში მიყვარს სხვა სილამაზე,
ლურჯ ზამბახივით ამოხეთქილი.

შენ რა გინახავს, რა იცი სულო,
ყურს უგდებ სიტყვას სხვათა გაგონილს,
რამდენი ლექსი ვერ დავასრულე,
დავმარხე გულში უასაკონი.

სტრიქონებს შორის გულისთქმას ფარულს,
ჩავაქსოვ და შენ ყვავილზე მკითხავს,
გაჩვენებ ჩემო ისეთ სიყვარულს,
წიგნებში რომ ვერ ამოიკითხავ.

დადგება ეგ დღეც ჩვენი ერთობის,
რადგან სიგიჟე დამყვა ბუნებით,
მე უშენობას, ვით უღმერთობას,
გწამდეს, არასდროს შევეგუები!

დანტე დარდიანი        11/05/2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები