ნუ მკითხავთ რატომ, მაგრამ რატომღაც მეგონა ასე: ასე მეგონა, რომ მეგობართან, ან მეზობელთან, ნათესავების ფართო წრეებში, ვიწრო წრეებში ნაცნობ-უცნობთა, გნებავთ კლასელთა, ან პარალელურ კლასთა“კლასტერში”, მოკლედ რომ გითხრათ: გნებავთ მეტად და გნებავთ ნაკლებად ახლობელ ხალხთან, ხალხთან, სახლში რომ ესვენათ კუბო და გლოვის დღეთა ედგათ სიჩუმე, და სიჩუმეც რომ არ ედგათ ზოგჯერ, რადგან ტირილიც მსმენია ბევრი, ვერასდროს ვერთქმულ სიტყვათა წყებაც, უთქმელ ბგერათა ამოძახილიც.. ჰოდა, იქ მისვლა და მწუხარების თანაზიარად გამოცხდება, აზრს მოკლებული მეგონა თითქოს..
ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთ ადგილას;
რიგშიც კი ვმდგარვარ დაღვრემილ კაცთა. დათრგუნულ ქალთა რიგშიც კი ვმდგარვარ და ქაოსიც კი ყოფილა ირგვლივ. და მაინც, ყველგან იყო წესრიგი, რადგან, ამგვარი იყო წესი და რადგანაც რიგი იყო ამგვარი. დაუწერელი კანონისა და გაუცხადებელ თანხმობის ნიშნად, ქაოსის ფონზე, ჰაერში მაინც იდგა სიჩუმე, ჰაერში მაინც სიმშვიდე იდგა;
აზრსმოკლებული მეგონა თითქოს.. და იმიტომაც ვფიქრობდი ასე, რომ არ მჯეროდა, იმ მწუხარების სულ მცირე წილის, სულ მცირე წილის იმ სატკივარის, თუნდაც მცირე ხნით, მეორე პირზე გადაბარების, მესამე პირზე გადაფორმების, რადგან ტკივილის “კონტროლპაკეტი” რჩებოდა შენთან, გნებავთ უთვალავ წილად დაგეყოთ, გნებავთ შეგექმნათ დარდის ჰოლდინგი, ან გვერდითმდგოთა კორპორაცია, ანდა იჯარით, ან დროებითი სარგებლობისთვის გაგეცა სევდა, არცერთი ფორმით, არც შინაარსით, არ სხვისდებოდა სულის ნამტვრევთა ერთი მისხალიც. ჩამოშლილ ფიქრთა ყველა ფრაგმენტი, როგორც შრაპნელის ანასხლეტები მაინც გიფლეთდა დალეწილ სხეულს..
და კიდევ - გული! სწორედ ის გული, გავარვარებულ ნათურასავით რომ აგიფეთქდა, იქვე რომ გექცა დამსხვრეულ მინად, წამისწამებში ათასწილად დამსხვრეულ მინად. აი, იმ გულის ყველა ნამსხვრევიც რჩებოდა შენში და გიკაწრავდა დაგლეჯილ სხეულს. ხოლო ჰაერი - ორთქლადქცეული ჰაერის ფარდა გიკრავდა სუნთქვს და გაწვებოდა უმძიმეს ტვირთად - უცხო პლანეტის ანომალურ გრავიტაციად. უცხო პლანეტის გრავიტაციად, იქ, სადაც ცრემლი, არც გრამებში და არც გრამისგრამში არ იწონება. იქ, სადაც ცრემლი, თუჯის სიმძიმით და სიმხურვალით ჯოჯოხეთურ ცეცხლთა ენების გისერავს ლოყებს. და როცა რკინა გისერავს ლოყებს, ვერსად იპოვით, ვერც რამე წამალს, არ იარსებებს არც-რა ბალახი ნაჭრილობევთა განმკურნებელი. სახე მისი კი, ლანდადქცეული მისი სახება, გვალვაგადავლილ, დამსკდარ-დაღარულ მიწის ნაფლეთად გატყვია გულზე, გულისგულში კი, ორლულიან თოფიდან ნასროლ ტყვიად გატყვია; ხოლო ლოყებზე, ხოლო ლოყებზე იმ თეთრ კრისტლთა უხეში კვალი, ნამდინარევთა, არა მტკნარი, მარილიან ნამდინარევთა წყვილ უსიცოცხლო კალაპოტად მიიკლაკნება..
აზრსმოკლებულად მიმაჩნდა რადგან, არავის ძალუძს გადინაწილოს სიმძიმე ძელთა, აღმართზე მხოლოდ შენ სათრევ ძელთა, იმ გარდიგარდმო, ჯვარედინად გადადებულ ხეთა სიმძიმე. არა კაცს ძალუძს გაითავისოს სხვისი ტკივილი: შეხების ელდა ხელისგულებზე წამახულ წვეტთა.. ფეხის ტერფებზე წამახულ წვეტთა შეხების ელდა. რიტმულად ცემა მძიმე ჩაქუჩთა, ძვალსა და ხორცში სამსჭვალისთა უმოწყალოდ გავლის ტკივილი..
და არ არსებობს გარდამოხსნა გაკრულთა ჯვარზე! არც დაცემულთა არ არსებობს წამოყენება! აღდგომასაც ნუ დაელოდებით, ნურც სამ დღეში და ნურც სამას დღეში, რადგან დრო - ჟამი, არა მკურნალი, თეთრი ხალათით შემოსილი მკვლელია ჩუმი, ღიმილით პირზე და ზეშემრთულ შუათითის ძვირფას ბეჭედში ჩამალულ შხამით, რომ აზავებდა ვენებისაკენ წვეთ-წვეთ მიმავალ სიცოცხლის წამალს..
და არც სიკვდილი მოვა მშველელად! არ მოგეცემათ არცრა იმედი, არ მოგეცემათ არც რემედია და არც მიქსტურა ამხელი თვალთა, ძალთა აღმდგენი, მომნიჭებელი მაცოცხლებელ ენერგიების. ნუ ელოდებით, არ გეღირსებათ აღდგომა მკვდრეთით არც სამ დღეში და არც სამას დღეში, რადგან, ცოცხლები კვდებიან მხოლოდ, რადგანაც, მხოლოდ აღდგება მკვდარი.
* * * ბევრი რამაა ამოუხსნელი ამ მზისქვეშეთში..
მოდი, ავიღოთ, და მდგენელებად დავყოთ სამყარო. ავიღოთ ერთი და დავყოთ ბევრად! ამ ბევრისგან გამოვარჩიოთ რიცხვთა სამყარო.
აიღეთ ნული!!
აიღეთ ნული და გაამრავლეთ რაზეც გენებოთ. ანდა გაყავით რაზეც გენებოთ! მაგრამ, ვერცერთ რიცხვს ვერ გაყოფთ ნულზე! ეს არც წესია, არც რამე დათქმა, ან შეთანხმება სწავლულთა შორის.
ეს კანონია!
ეს კანონია დაბადებული არაფრისაგან. და არსებობენ სხვა კანონებიც, უჩინმაჩინნი, უჩინარინი, უხილავნი და თავისთავადნი. გადავსებული სიცარიელის დეტონაციით გაჩენილნი და დაბადებულნი.
უცნაურია რიცხვთა სამყარო..
მაგრამ არსებობს სულ სხვა სამყაროც.. ერთ კიარა, მილიარდობით ფიქრის სამყარო ადამიანთა. ბნელ სივრცეებში გამოკეტილნი, უცხო პირთათვის აკრძალულნი და მიუწვდომელნი. უხილავნი, უჩინარნი, და ჩაკარგულნი ტრილიონობით ნეირონს შორის. და არ არსებობს არც ბრძენთაბრძენი, არცა შამანი, არც მედიუმი, ანდა ხელსაწყო სამედიცინო, ან ტომოგრაფი, ან რენტგენული სიხშირე სხივთა და მაგნიტური რეზონანსი იმგვარ რხევათა, ამ სამყაროს რომ ჩამოხსნის ფარდას, ამ სამყაროს რომ ამოხსნის, რადგან, სწორედ ერთ-ერთი იმ კანონთაგან, სამარდჟამოდ კრძალავს ფიქრებში, ვინმეს ფიქრებში დაშვების კოდის გენერირებას. არ გაიცემა მეორე პირზე, მესამე პირიზეც არ გაიცემა დაშიფრულ კოდთა გახსნის უფლება. სხვის შეგრძნებათა, უცხოთ განცდათა, უცხოთ ტკივილთა გათავისებას კრძალავს კანონი! - არაფრისაგან დაბადებული კანონი კრძლავს..!!
მოდი, მომყევით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი: ავიღოთ ერთი -ერთის ტკივილი და გავყოთ ორად. არ გაიყოფა ერთი არც ორზე, და მითუმეტეს არც ორჯერ ორზე არ გაიყოფა. ნებისმიერი სიდიდის რიცხვი არის უძლური, რომ დაყოს ერთი მრავალნაწილად. და თუ მაინც ცდით, ისევ ის ერთი შეგრჩებათ ხელში!
რადგან ერთია ადამიანი!!
რადგან მარტოა ადამიანი, თუნდ მეგობრები, ნაცნობ-უცნობნი ეხვიოს ჯარად.. არ გაიყოფა იმ ერთის ტანჯვა არცერთ მათგანზე.
ადამიანი მარტოა რადგან!! რადგან მარტოა ადამიანი!
ასე მეგონა, ასე ვფიქრობდი, ასე ვგრძნობდი და მჯეროდა ასე...
მაგრამ, არსებობს არსება ერთი.. გაუწყლოვებულ უდაბნოეთის, ბარხანების და ოაზისების და მირაჟების მკვიდრი არსება და მეტაფორა გარდაცვალების, ერთ მშვენიერ დღეს, ყველას კართან რომ წამოიჩოქებს. სულ ცოტა ხნის წინ ჩემს სამყოფელთან რომ მოიზლაზნა მრუდე ფეხებით, მრუდე კისერით, კუზიან ზურგით, მახინჯი სახით და დიდხანს იდგა წარბ მუხლჩაუხრელად.. ქედმოუხრელად.. წარბშეუხრელი.. და ჩაიჩოქა ერთ მშვენიერ დღეს, სინათლის პირზე, რიჟრაჟის პირზე, ამონათებულ მზის სხივთან ერთად, მარიამობა დღესასწაულზე.. გამთენიისას..
და იმ ზაფხულის იმ ერთ საღამოს, თავად ვიდექი საკუთარ სახლის შესასვლელ კართან.. სახლის, რომელშიც ესვენა კუბო და გლოვის დღეთა იდგა სიჩუმე. და სიჩუმეც რომ არ იდგა ზოგჯერ.. სამაგიეროდ იქვე, მახლობლად გასაცხადებლად შემზადებული ჭეშმარიტების მომენტი იდგა.
და მეც ვიდექი.
და მეც ვიდექი ვიწრო ტალანში მიმსვლელ- მომსვლელის შემგებებელი, მიმგებებელი, და მასპინძელი.. იქაურობის ბატონ-პატრონიც და გამგებელიც. და მევე გახლდით მიცვალებულის მიმხედავიც და მისი უტირლად დამტირებელიც.. დაღვრემილ კაცთა, დათრგუნულ ქალთა სამი დილის და სამი შუადღის, სამი საღამოს და სამი ღამის დამხვედრიცა და გამცილებელიც.. და რომ ჩათავდა ის სამი დილა, შუადღე სამი, სამი საღამოც გასრულდა როცა, ლილიების და ლინერიების, ვარდთა, მიხაკთა, სანთელ- კანდელთა ფეხადგმისა და კიბეხვეულით დაღმასვლის ხანმა შემოაბიჯა. შემოაბიჯა დაკრძალვისა და სამარის პირას უკანასკელი ამბორის ხანმა.
და ფეხადგმული სასახლე თავად.. ნება-ნება რომ მილივლივებდა იქით, საითაც წასულა ბევრი. და ტირილიც რომ ხლებიათ ბევრი, ქალთა და კაცთა გარინდებაც და მათი უსიტყვო, უტყვი დუმილიც. პროცესია კი, რკინის ნაკადის უწყვეტი მწკრივი.. უწყვეტი მწკრივი ფერად ლითონთა, ზლაზნით მავალი, მავალი დინჯად.. და ბალდახინი - მომსახურება ორ სოფელს შორის, ამა სოფლიდან იმა სოფელში გადასასვლელი ტერმინალისკენ მავალი ზანტად, აუჩქარებლად.
მერე ამბორი, შეხება ბოლო.. დეკორაცია: მაღლა ზეცა და მიწა დაბლა -გაჩენისა და უმალ გაქრობის ორი სიმბოლო და ჰარმონია დაბალ ბგერათა. ფსალმუნთა კითხვა, “მამაო ჩვენო”, და ბარიტონი - ლოცვად დაცლილი, მღვდელი, მამაო. და მაინც - “მაგრამ”, და მაგრამ - “მაინც”, დასაწყისსა და დასასრულს შორის, ამაოება ყოველ ამოთა და ყოველივეს არსი - ამაო
მერე კი ის ხმა- კუბოს ფიცარზე გაჟღერებული იმ გოროხის ხმა - არგასაგონი, არმოსაგონი, ამაზრზენი, პირველმიზეზის და იმ პირველი ამოფეთქების, სამყაროს შობის და წარმოშობის მგრგვინავი ექო.. ექო კი არა, “ანტიექო” მინდოდა მეთქვა. დაბადების და ყოფიერების ანტიპოდის, არარსებობის, არარად ყოფნის, არყოფნის ექო..
ბოლოს გაქრობა. და გაქრობამდე - -ცის მტვრად ქცევამდე, მიწადყოფილის მიწადვე ქცევა.
* * ეშვება ფარდა.. და განათების მინავლდა შუქიც. ავანსცენაზე ადგილშეცვლილი მცირე რამ ბორცვი. ხოლო ბორცვზე კი, მელანქოლია დაფიონებით დანაფერ ფერთა ლილიათა და ლინერიების..
კიდევ მთებიდან, კიდევ ზღვებიდან, თვალშეუწვდენელ ცათა ზღვრებიდან, და ზღვრებსიქითა სანახებიდან მონაბერ ფერთა, მერე სიზმრებში მონაფრენსა და ცხადში ვერასდროს მონაფერ ფერთა, მერე თანდათან განაცრეც ფერთა, ნაფერალ ფერთა, ორი მდინარით წანალეკსა და მლაშე ხნულებით დანაფარ ფერთა, ცაში ფრენისას მოკვეცილ ფრთებთა, ქარებითა და ქარიშხალებით, ზენაარების ზენაქარებით დამტვრეულ ფრთებთა, დამსხვრეულ ფრთებთა, დალეწილ ფრთებთა სამარადისო ქროლვა - ლიცლიცი..
ამის შემდეგ კი, ჩამობრუნება მიღმიერიდან სააქაოში. სუფრა და ჭიქა, ჭიქა და ღვინო, ღვინო და მისი შესანდობარი.. და დღეგრძელობა ბოლო სავალზე გამცილებელთა- უნჯად მყოფ კაცთა, მუნჯად მყოფ ქალთა.. აქ დარჩენილთა, წასულთა იქით - მოსაგონარი გაფრენილთ ცათა.. და კიდევ ბევრი, კიდევ მრავალი, კიდევ ხსენება და გახსენება სხვების და სხვების სხვათა და სხვათა..
* * ჩამთავრდა ის დღეც, როგორც მთავრდება სხვა ყველაფერი.
ის დღეც ჩათავდა;
ხოლო დღის ბოლოს, შეღამებულზე, როდესაც ქალმა, მძიმე დროების ბოლო ნიშანი- -ვარდის ფურცლები აკრიფა ფრთხილად.. როცა აორთქლდა წესთა ქაოსი და რიტუალთა კვალიც აორთქლდა. როდესაც დარჩა მხოლოდ ლაპლაპი ჯერაც მგზნებარე ნაკურთხ სანთელების, და სასაფლაოს მდუმარება ბოლომდე ჩამწვარ, ბოლომდე ჩამდნარ ნასანთლართა და ნაკელაპტრალთა, სიცარიელემ მოიცვა როცა, ყოველი კუთხე, ყველა საგანი, და ყველა საგნის ყველა ატომი, და ამ ატომთა ყოველი ბირთვი. სისხლიც რომ დაწდა, რომ გადაიქცა უფერო სითხედ, არც რომ წავედი და არც რომ დავრჩი, გზაგასაყარზე ყოფნა-არყოფნის ვიდექი როცა, მიწაც რომ იძრა, ცაც რომ გაჭექდა, დროც რომ გაჯიქდა იმავდოულად.. და კანონებიც - სიცარიელის ამონთხეული ურჩი შვილები ანომალიად რომ იქცნენ თავად, როცა დაკარგეს ძალაუფლება და გამოცხადდნენ კანონგარეშედ, როდესაც იდგა ათინათების ტრანსმიწიერი დიდებულება, და სტალაქტიდთა ცისმიღმიერი იდგა ზეობა. სისხლიც რომ გაშრა, პლაზმადქცეული მდნარი სხეული და პიქსელებად დაშლილი სული როცა შეერწყა ირეალობას, როცა ვიყავი ერთი და მარტო. ვიყავი მე და ვიყავი ერთი.. სწორედ იმ წამს და იმ წამისწამში, მოკვდა კანონი.. გაიყო ერთი!! ერთი ტკივილი გაეყო კანონს, დაიყო ბევრად და გახდა ბევრი, და გავხდი ბევრი, გავხდი მრავალი. გადავიქეცი მიმსვლელ-მომსვლელად და მეზობლადაც გადავიქეცი, და მეგობარადაც გადავიქეცი, და ნათესავად, გავხდი ნაცნობიც, უცნობიც გავხდი, და გავიყავი ათად და ოცად, ასად, ათასად, ასიათასად..
და მე ვიყავი ის ნირწამხდარი ყოველი კაცი! და ყველა ქალიც ვყოფილვარ თავად! მევე ვყოფილვარ ყოველი ხელი, რომელიც რიდით შემახეს მხარზე. ყოველი ფეხი, იმ ფეხადგმული ლილიების და ლინერიების. ყოველი მხარი, რომელიც ფრთხილად შეუდგეს კუბოს. მტევანი ხელის, თოკის ბოლოებს მოჭიდებული, და ის მკლავები, ბნელი სამარე გაჭრეს რომელთაც. და ის მკლავებიც მიმყრელნი მიწის, შემდეგ, წესის და რიგის თანახმად, უბრად მდგომ კაცზე, ბარის უბრადვე მიმბარებელნი. ყოველი თავი, რომელიც მკერდზე მომადეს ფრთხილად. კიბეზე მსხდომი ყველა ნაცნობი, ყველა უცნობიც გახლდით თავადვე. თამბაქოს ბოლიც, და სიგარეტთა ფერფლადქცეული ყოველი ღერიც! და ფერფლიც თვითონ.. მრუმე კვამლებში გადაზელილი სუნამოს სუნთა და არომატთა ყოველი ტონიც და გრადაციაც. ადრე სათქმელი და ვერ ნათქვამი ყოველი სიტყვის ინტონაციაც, სასაფლაოებს გადაფენილი შავი მიწაც და თავნება ისლიც. თვალთა სიღრმეებს შეზავებული, მიმოფანტული ცისფერი ნისლიც.. და ამ ნისლებში ანაზდეული არიდებაც და ის შორეული ფეთებაც თვალთა, ის იდუმალი თვალთა ფეთებაც.. საკუთარ გულის ჩქამი ყოველი, მისი ყოველი ამოფეთქებაც.. ჟანგბადნაკლული ნადედი სისხლის ბლანტი სითხეც და სატურაციაც. და თრომბოგენთა დომონაციაც, და ვიბრაციაც პარალელური სამყაროების არანორმალურ, პარანორმალურ, არადოგმატურ პარადიგმათა!
ალტერსამყაროს გრაგნილებსა და მრავალდონიან ლაბირინთბში, ადამიანის აზრთა და ფიქრთა მრავალშრიან თუ მრავალსახოვან ხვეულებში და ტრილიონობით ნეირონს შორის რძისებრ ბურუსში მივაბიჯებდი!!
მივაბიჯებდი მაგიურსა და ჰიპერმაგიურ იმგვარ პორტალში, სადაც სიმძიმე - მიზიდულობა უცხო პლანეტის, მრავალ საყრდნზე განფენილიყო, სადაც ტკივილის გადაფორმება მეორე პირზეც დაშვებულია, დაშვებულია მესამე პირზეც ყველა განცდათა გადაფორმება, შინაარსებს რომ უცვლიათ არსი, ფორმა იცვალეს სადაც ფორმებმა.. სად ყველა დარდი ადამიანის, ფიქრი ყოველი, გრძნობაც და განცდაც, ადამიანზე გადანაწილდა. გადანაწილდა ქვასა და ხეზე, მიწებზე, წყლებზე, მთებსა და ყველა მთათა ქედებზე, ზღვებსა და ზღვებში ნაგებ ხიდებზე. ცის კიბეებზე! ცისკიდეებზე! და პლანეტებზე, და ვარსკვლავებზე, გალაქტიკებზე, გალაქტიკათა ნისლოვნებეზე, მთელ უნივერსზე, მილიონ ვერსზე და კილომეტრზე, მილზე, იარდზე მილიარდობით სინათლის წლებზე, სიბნელის წლებზე, სულ ყველაფერზე, დაფარულსა და თვალშეუვლებელ ტრანსცენდენტებზე, მთელ სამყაროზე, მთელ სამყაროზე გადანაწილდა..
მივაბიჯებდი იქ, სადაც ერთი, არ არის ერთი.. იქ, სადაც ერთი, არ არის ერთი. იქ, სადაც ერთი, არ ნიშნავს მარტოს.. სადაც შენ - შენ ხარ, ხარ რიცხვი - ერთი. მაგრამ ხარ ბევრი! შენ ხარ მრავალი! ხარ ყველაფერი! და ხარ ყოველი:
შენ ხარ ყოველი ნაგემი გემოს ყველა ბუკეტი და ყველა გამა. დროის წრებრუნვა, მონაცვლეობა - ღამე და დღე და დღის მერე ღამე. და ისევ დილა, კვლავ დაბადება ამოცურება ცისკრის რიჟრაჟის. შენ ხარ სიცოცხლე მდორე და მშვიდი, შენ ხარ სიცოცხლე - გიჟი, გიჟმაჟი. ყველა სტიქია და სტიქიონი: ჰაერიც, წყალიც, მიწაც და ცეცხლიც. ჭექა-ქუხილიც, თქეშიც და თავსხმაც, დარიც, ავდარიც ყინულთა ვერცხლიც. წვიმაც და სეტყვაც, ამოუთქმელი, გამოუთქმელი, ამონატირი ყოველი სიტყვაც. დამსკდარ - გამომშრალ მიწის ნაგლეჯთა ირიგაციაც დამალბობელი, არმთქმელიც შენ ხარ არსათქმელთა და მოამბეც, ყველა საამბობელის! თბილი წვიმებით დანაწვიმი და უთვალავ ფიფქით დანათოვარი, დანატოვარი მლაშე კრისტალთა სადღაც გამქრალა უხეში კვალიც, ალიც ჩამქრალა, განელებულა იმ ჯოჯოხეთურ ცეცხლთა ენების, და იმიტომაც განელებულა, რომ თავად გახლდით ჯვარცმულ სხეულზე წვიმად ჩამოღვრილ ღრუბელთა ღელვა ყველა ლურსმანზე ყველა სამსჭვალზე მოღერებული ჩაქუჩის ელვა. ცოდვებისა და შენაცოდების საკუთარ ზურგით მატარებელი. ხანდახან შემწე ობოლ-გლახაკთა, ხან გლახაკთაგან სატირებელი..
ჩარჩოში ჩასმულ სურათით ხელში, ის ბიჭიც მე ვარ, უცებ გაზრდილი პატარა ბიჭი. ვიყავ მიმნდობი ვითარცა ბავშვი, დიდიც ვიყავი, უამრავ იჭვით. მე ვარ ის კაციც აგერ ის კაციც! მობერებული, ძლივსღა საცნობი კაცი ჭაღარა. ულმობელ დროთა გადანათელი ერთდროს ნათელი შუბლის ნაღარიც. მატერიკები, კონტინენტები, ყველა ქვეყანა ყველა სამეფო, განდობილიც ვარ მე მეფის კარის! ნადიმიც მე ვარ - ცხრა დღის ზეიმი. პარლამენტარიც, კონგრესმენიც და რადას წევრიც წევრი სეიმის.
მევე ვარ მეფე!
და შენც ხარ მეფე!
ზოგჯერ მრისხანე, ზოგჯერ გლახაკთა შემაწევარი. მეფის ამალის მონადირეც და ისარზე სწრაფი მისი მწევარიც.
საქართველო ვარ!!! ამერ-იმერი, სკრაც ვარ, ნენსკრაც და სუფსა - ქარელიც. დერვიშიც ვარ და ვარ ბედუინიც, საჰარელიც და სუბსაჰარელიც. უღელტეხილი მე ვარ ზეკარის ყველა პლატო და ყველა ზეგანი. ვარ იმერელიც, გურულიც, მესხიც გავალებული ყოველი სესხიც კოლხთა დაბლობიც, ალაზნის ველიც, ჩასესხებული ყოველი ვალიც. ტროპიკებიც და სუბტროპიკებიც, სუბალპური და ზონა ალპური. სამიკიტნოთა პურმარილიც და ხარო-დილეგითა ტყვეთა წყალ-პურიც. ომის ქარცეცხლიც, ზალპური ცეცხლიც, კაკაფონია კანონადათა, მე ვარ მთიელთა სიმტკიცეცა და მათი წესიც და კანონ - ადათიც. იმ დღით იქ მოსულ მედუდურ ქალთა სახეც ვარ მათი- ფითრი ფიქალი. მათი ტუჩსაცხის ყოველი მოსმაც, ნათევ უპეებს ჩამონადენი თვალსაღებავთა ყოველი მოსმაც.. მე ვარ ყველა და სულ ყველაფერი! “ერთი ყველაში და ყველა ერთში”! ადამიანი არ არის ერთი! მე არ ვარ მარტო, არც შენ ხარ ერთი! რადგან ჩვენშია მთელი სამყარო: გადაფენილი, გადაჭიმული ჰორიზონტების კიდისკიდემდე. ცის საბურველი თეთრი ჯანღების, ლურჯ ნებულათა რიდისრიდემდე. და იმის იქით, და კიდევ იქით, დასალიერში ჩაქცეულ შუქთა, მილიარდობით წლების წინ ჩამქრალ, და უკვე გამქრალ ვარსკვლავთ ციმციმიც.. შენ არ ხარ მარტო! შენ არ ხარ მარტო! და იმიტომაც არ ხარ შენ მარტო რადგან: შენ ხარ და შენში ბობოქრობს მრავალ სახებად ფრაგმენტირებულ ერთი მთლიანის ის ერთი არსი და შინაარსი ყოველი არსის - “ერთი ყველაში და ყველა ერთში” და ამიტომაც: არც არასოდეს ყოფილხარ მარტო. არც ხარ ახლა და არც მომავალში იქნები მარტო! რადგან ჩვენვე ვართ: ყოველი სხივი გამონათებულ ყოველგვარ შუქის, ჩვენ ვართ ყოველი გამოსხივება ყოველი სპექტრის ყოველი ფერის. გვირგვინად მოწნულ ყვავილთა მტვერიც. ყვავილთა კონის ცალ-ცალკე ღეროც და სხივთა კონის ცალკ-ცალკე ღერიც. ყველა ნახატის ცხარე ნარინჯი, ლურჯი სიმლაშე და გამოკრთომა ყვითელ ნექტართა, წყალთა და ხმელთა ყველა ფართობი, და სანტიმეტრი ყველა ჰექტართა. ამოფრქვევაც ვართ ოქროქვიშების კლდენაპირების თითო მტკაველიც, და რელიეფი ყველა ზღვისფსკერთა და რელიეფი ყველა მთა-ველის.
სივრცეებიც ვართ.. რა სივრცეები.. სასრულგარეშე ზღვა სივრცეები.. მიმოფენილი, დაუთვლელი და აღურიცხავი ციურ სხეულით, წრიულ სხეულით და დედამიწით, წყლითა და მიწით, ასე მარტო და ასე ეულით. ვარსკვლავებიც ვართ, ვარსკვლავთგროვებიც და კოსმიური ქარების ქროლვით სამყაროს მტვერთა ფანტვა-გროვებაც. და კიდევ ის ვართ, არეთა გარეთ, ხილულთა გარეთ და იმის იქით, და კიდევ იქით, ტრანსგალაქტიკურ ბნელთაბნელეთში სამარადჟამოდ რომ ჩაკარგულა;
და საბოლოოდ ჩვენ ვართ ღმერთები! ჩვენ ვართ ღმერთები!! ჩვენ ვართ ღმერთები!! და არ არსებობს სხვა ღმერთი არსად, თვინიერ ჩვენთა!
ჩვენ ვართ ღმერთები! და იმიტომაც ვართ ჩვენ ღმერთები, რომ ერთხელ, არა, უფრო “არცროდის”, დაიგუგუნა ერთმა წერტილმა. ერთმა წერტილმა არსებულმაც და იმავდროულად არარსებულმაც. აბსოლუტურად ცარიელმაც და პირთ-პირამდე გადავსებულმაც, გამაყრუებლად ამოიქუხა წერტილმა ერთმა, წერტილმა ათვლის, და პოტენციამ დამდეგი ნათლის. და თუ თავს მივცემთ იმის უფლებას, ამ აფეთქებას ვუწოდოთ “სიტყვა”, ანდა, საერთოდ რად უნდა კითხვა? - ამ აფეთქებას ვუწოდოთ სიტყვა, პირველი სიტყვა - იგივ ქუხილი, ან ვის უნახავს ორთქლის გარეშე ცეცხლზე შემოდგმულ სითხის დუღილი? ჰოდა ასევე, ეს აფეთქება, თვითაფეთქება, თვითუარყოფა, ვერ ჩაივლიდა რადგან უტალღოდ, ხოლო სივრცეებს შემოსეული დაუდგრომელი ტალღის თარეში, ვერ იარსებებს რხევებისა და მოუხელთებელ ბგერის გარეშე, და იმიტომ, რომ ამ აფეთქებამ დაბადა ბგერა. და იმიტომ, რომ თავად ბგერაა სიტყვის მშობელი, ხოლო სიტყვა კი, ღმერთის ბრძანება-განკარგულების “იყავნ ნათელი” - წარმომშობელი, გამოდის ისე, ეს აფეთქება დასაწყისშივე სიტყვა ყოფილა! და ვინაიდან, დასაბამიდან ყოფილა სიტყვა, და სიტყვა იგი ყოფილა ღმერთთან, და ღმერთი თავად ყოფილა სიტყვა, ის აფეთქება გამოდის ღმერთი.. ღმერთი გამოდის ის აფეთქება!
მაშასადამე აფეთქდა ღმერთი! ამ აფეთქებას მოჰყვა სინათლე! აფეთქდა ღმერთი და დასაბამი მისცა სიცოცხლეს! და იმიტომაც აფეთქდა იგი, რადგან უარყო მან მარტოობა, რადგან უარყო მან უარყოფა, დიალექტიკა დაბადა რადგან.
“და შექმნა ღმერთმან კაცი ყოველი სახებად თვისად”. წარუდგა ღმერთი - იგივე კაცი, თავის მიერვე შექმნილ სამყაროს ადამიანად გარდაცვლილი და ადამიანად გაცოცხლებული. და წარსდგა იგი საკუთარსავე თავის წინაშე ახალი სახით, ახალი ფორმით და შინაარსით, როცა დაიყო, როცა გაიყო და გადაიქცა ყოვლად და ყველად, და სულ ყველაფრად რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ, რასაც ვეხებით, ან ვერ ვეხებით.. რაც კი გვესმის, ან გაგვიგონია ადრე, წარსულში.. რასაც შევიგრძნობთ, ახლა, ამ წამს და, ან მომავალში შევიგრძნობთ რასაც..
და რადგან ჩვენ ვართ ამ აფეთქებით წარმოშობილნი შთამომავალნი და შვილთაშვილნი ამ მისტერიის არაირიბი ჩამომავალნი, და რადგან მსგავი დაბადებს მსგავსსვე, ამიტომ ჩვენ ვართ სამყაროს შუქში განზავებული საკუთარ შვილში გაგრძელებული და ყველაფერში გაცოცხლებული და ყველაფერში დავანებული მარადიული ღმერთის შვილნიც და სამარადისო და საუკუნო და სამუდამო თავად ღმერთი და იგი, რომელმან შეჰქმნა სამყარო!
ა დ ა მ ი ა ნ ო შენ ხარ ღმერთი და შენ ხარ სამყარო შექმენ რომელმაც.. და კიდევ შექმნი, კიდევ ბევრსა და კიდევ მრავალგზის შექმნი სამყაროს. შენ არ ხარ მარტო. იყავი ადრე, იყავი ერთხელ, და შენ აფეთქდი. შენ აფეთქდი და გადანაწილდი შენსავე შექმნილ მთელ სამყაროზე
და გ ა ი შ ა ლ ე დ ა გ ა ნ ი შ ა ლ ე
ვ ი თ ც ა თ ა შ ი ნ ა
ე გ რ ე ც ა ზ ე დ ა
მ ი მ ო ე ფ ი ნ ე
ა მ ა ქ ვ ე ყ ა ნ ა ს
დ ი დ ა დ დ ა მ ც ი რ ე დ
ხ ი ჭ ვ ა დ
დ ა დ ი რ ე დ
დ ა ს უ ლ ყ ვ ე ლ ა ფ რ ა დ
დ ა ს უ ლ ყ ვ ე ლ ა ფ რ ა დ
დ ა ყ ო ვ ე ლ ი ვ ე დ
დ ა ყ ო ვ ე ლ ი ვ ე დ
დ ა ყ ო ვ ე ლ ი ვ ე დ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეს რომ კაბალისტებმა წაიკითხონ, შეიძლება ჰიმნად აქციონ. 5. ძალიან მაგარია. ეს რომ კაბალისტებმა წაიკითხონ, შეიძლება ჰიმნად აქციონ. 5. ძალიან მაგარია.
3. აუ,ეს რა დამხვდა აქ ! ენა ჩამაგდებინა,გამახევა. მოკლედ,დამანგრია! ბრავო ჩემო დომენიკო!!! ძალიან მაგარი მყავხარ! მიხარია,რომ ისევ გხედავ აქ! წარმატებები ჩემო მეგობარო! არაფრის მთქმელი-5! აუ,ეს რა დამხვდა აქ ! ენა ჩამაგდებინა,გამახევა. მოკლედ,დამანგრია! ბრავო ჩემო დომენიკო!!! ძალიან მაგარი მყავხარ! მიხარია,რომ ისევ გხედავ აქ! წარმატებები ჩემო მეგობარო! არაფრის მთქმელი-5!
2. შევამოკლე ცოტა ჯონათან :) შევამოკლე ცოტა ჯონათან :)
1. არ ვიცი, რამე შეცვალე თუ არა ამ ტექსტში ( მთლად ასე კარგადაც არ მახსოვს ის პირველი ვერსია), მაგრამ პირველწაკითხვის ემოცია მახსოვს.
და ახლაც ისეთივე შეგრძნებები მაქვს.
როგორი იმედიანი ფინალი აქვს, შვებით ამოისუნთქავ ბოლოს.
არ ვიცი, რამე შეცვალე თუ არა ამ ტექსტში ( მთლად ასე კარგადაც არ მახსოვს ის პირველი ვერსია), მაგრამ პირველწაკითხვის ემოცია მახსოვს.
და ახლაც ისეთივე შეგრძნებები მაქვს.
როგორი იმედიანი ფინალი აქვს, შვებით ამოისუნთქავ ბოლოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|