ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2021


გაუთოებული მთა

პარასკევი საღამო.
სამსახურს მოვრჩი
და კაკაბაძის კუბოკრულ
მთაზე ავედი;
იქ ვაბოლებ
მაგრიტის ჩიბუხს.
იქიდან
ყველაფერი მოსჩანს:
ინდური სუნელის ტყეები,
დამსხვრეული ტბები,
მაღალი ციხე-კოშკები
ცივ კედლებზე
გობელენებით;
მარილის დიუნები,
სადაც ოღუზები
დაატარებენ რაჰათ-ლუხუმებს;
ნახშირის გორები,
სადაც ცხოვრობენ ბებერი მხატვრები
მუდამ მრგვალი ფანქრისწვერებით;
წითელი ნაპირები
ჰამაკზე მთვლემარე
ბიკინიანი გოგონებით. . .
და შორიდან მოდის ერთი ბერიკაცი,
ჩემს გვერდით დგება,
კომბალზე ასვენებს ნიკაპს
და მეუბნება,
რომ მალე მიწა აზანზარდება
და ელექტრული ძვრებით
გრანიტის კლდეები
გაანათებენ ღამეს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები