ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2021


გამოვიგონე

გამოვიგონე სამეგობრო და სამოყვასო,
თბილი მოკითხვაც გავუგზავნე ღია ბარათით.
ჰო, ერთმა მკითხა - კაცი გულთან რატომ მოგყავსო,
არ ვუპასუხე, მივაცილე გულის კარამდე...
გამოვიგონე სიმშვიდეში მყოფი გარემოც,
შენდობის სიტყვა შევუთვალე ყველა ნამტერალს.
მეორე ლოყაც მიუშვირე ქარებს,  ბარემო,
ხინჯის ხეების ხერხემალში გადასამტვრევად...
შევკმაზე აზრი სასურველი სიტყვის გარნირით,
იმედი ცოცხლად ჩამოვხსენი დარდის თოკიდან!
გამოვიგონე ჩემი თავიც, სულ სხვანაირი,
კარგ ღვინოსავით გადმოვდინდი ძველი კოკიდან...
ჰო, ახლა ვცხოვრობ ერთ მშვენიერ გამონაგონში,
აღარ მადარდებს ტყუილ-მართლის ციებ-ცხელება!
გაბუღულია ჩემი ფიქრის ბოლო ვაგონი,
რეალობა კი მეკითხება -„ რა გვეშველება“?..
16.09.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები