ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2022


***

... და სანამ რამე იქნებოდა,
და სანამ ვინმე იქნებოდა,
უსასრულობა ფითრდებოდა,
ფითრდებოდა და იმსხვრეოდა.

მხარი ვუქციე და გავიქეცი,
მაინც მის წიაღში წავიქეცი...
თავადაც არ ვიცი, რად ვიქეცი
ანდა სამყაროში სად ვარ...

ჩემთვის თუ იქნება რამე შვება? -
კითხვა დამყვება და არ მეშვება.
კვლავაც მახსენდები, გავეშებით...
ფიქრი შენს სხეულთან დაეშვება.

როცა შენს სხეულთან დაეშვება,
სული შენს სიყვარულს დაემშევა,
ხორცი შენი კოცნით დამეშვრება -
რა ვქნა, შენ თავადვე არ მეშვები...

კაცი სიყვარულით უნდა ცხონდეს.
დრო წარსულს ყველას უნაყოფებს
და სანამ ბედი უარმყოფდეს
შენთან ჩემი ფეხით მოვალ.

გეტყვი, აქამომდის სად ვიარე
და ჩემს უსასრულო ნაიარევს,
მთელს ცხოვრებაზე რომ გაიარა
ძვირი ალმასივით მოგცემ.

გელაპარაკები არაფერზე,
მერე ყველაფერ დანარჩენზე -
როგორ გადაიმღვრა ქარაფებზე
დილის მარტოსული შუქი.

მერე მდელოს როგორ ბანდა,
წვეთთა მხიარული ბანდა
და უსასრულობის გარდა
ირგვლივ არაფერი ჩანდა.

მერე როგორ გაჩნდი ნისლში,
როგორც აღსასრული ფიქრში,
როგორც გამართლება შიშში
და მზის თბილ სინათლედ იქეც

მე კი ვერ მოვედი ახლოს,
რადგან მთელი წლების ნათოვს
და დიდ ჭაობებში ნადგომს
ალბათ აღარ მეყო ძალა.

ალბათ, სულ ესა ვართ, რაც ვართ.
ჩვენი შეცდომების ხმა ვართ.
მზეში მოღუშული დავალთ
და წამში ღამდება მერე...

და სანამ ისევ რამე იქნება
და სანამ ისევ ვინმე იქნება.
უსასრულობა ჩვენში ფითრდება,
ჩუმად ფითრდება და დაიმსხვრევა.

და რაც კი ჩემგან რამე დარჩება,
დროის დიდ მუცელს რაც გადარჩება -
მხოლოდ შენგან და შენთვის... ამდენად
შენ არასოდეს არ დამთავრდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები