ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ის უსმენდა ელტონ ჯონის მუსიკას, უყვარდა მზის ფერადი სათვალეები, ჰქონდა რბილი ,,ლ“, სუსტი მხრები, ერთი წყვილი დედის ნაქონი მარგალიტის საყურე და ოცნება ყურების გახვრეტის. მოშარდვის დროს ხშირად ჯდებოდა უნიტაზზე. როცა სახლში იყო ხმარობდა მარაოს, ქუჩაში ვარდისფერ ყურსასმენებს, უყვარდა სიმარტოვე. დადიოდა კაფეში რომელსაც ერქვა Gentleman Jack და რიონის მარცხენა ნაპირზე, მამულიშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარეობდა. (კაფის უზარმაზარი აბრა-რეკლამა ჯონი ვოლკერის სიმბოლოს მოგაგონებდათ, თუმცა შავი გამოსახულება კაცის მაგივრად ქალის იყო, რაზეც ცილინდრის ქვემოდან ჩამოშლილი გრძელი თმები და ხელჯოხის მაგივრად გაუშლელი ქოლგა მეტყველებდა. ფრაკიანი ქალის ნაბიჯი მიმართული იყო რიონის დინების საპირისპიროდ.) ...მას რა თქმა უნდა ჰქონდა საკუთარი სახელი, მაგრამ ჩვენ ყველა ვეძახდით ,,ფლამინგოს”. ფლამინგოზე ვისწავლე და დავამუღამე სხეულზე მტკივნეული წერტილების განლაგება. ყოველთვის არ კვნესოდა. ტუჩებში, თვალში ან კუჭის თავში თუ მოხვდებოდა წიხლი, მაშინ წამოიკვნესებდა ხოლმე. უბანში როცა დროს გასვლაში, მზესუმზირის კანების მონოტონური ფურთხებით ვაგულიანებდით. (ისიც ყოველთვის მშვენივრად გულიანდებოდა) თუ სადმე შევამჩნევდით ეგრევე გავხალისდებოდით. თუ კარგად გავხალისდებოდით მიზეზს მოვიძებნიდით, თუ არა და უმიზეზოდაც მშვენივრად ვურტყამდით. რომ არ კვნესოდა ეს ძალიან გვაღიზიანებდა. ის დღე კარგად მახსოვს. მამამისი, რომელიც სიფხიზლეში შვილს არასდროს სცემდა, ღვიძლის ციროზისგან გარდაცვლილი, მესამე დღე იყო სახლში ესვენა. ფლამინგო ქუჩაში ვარდისფერი ყურსასმენებით დავინახეთ. ჩვენ კი გვიპასუხა ინგლისურს ვმეცადინეობო, მაგრამ ჩვენ სამგლოვიარო წესის დარღვევაში, უფრო კონკრეტულად საკუთარი მამის სულის ყლეზე დაკიდებაში დავადანაშაულეთ და სამმა კაცმა ცემა დავუწყეთ... სული რომ ისეთი კონსისტენციისაა ვერც სადმე დაკიდებ და ვერც რამეზე მიაბამ მაგას არ ჩავღრმავებივართ. ...სანამ მეოთხე არ წამოგვეშველა არ დაუკვნესია. მეორე დღეს გასვენებაში, ფრჩხილები შავი მანიკურებით თვითონ შეუღებია და თვალების ირგვლივ ჩვენი ნამუშევრით იყო წარმოდგენილი. გასვენების საღამოს ამბავი მოიტანეს, რიონზე, გუმათჰესთან, ვარდისფერი წეროების გუნდი დაჯდაო. ზოგი თოფით და ზოგი უთოფოდ სანახავად წავედით. კიასომ სამი ცალი მოკლა. გუმათლებმაც მოკლეს რამდენიმე. დანარჩენები გაფრინდნენ. წერო არ გამოდგა, ვიღაცამ თქვა ფლამინგოაო. ქუთაისში ფლამინგო ვის მოსწრებია? ნადავლი წამოვიღეთ კიასოსთან. ეზოში ცეცხლი დავანთეთ და საქეიფოდ მოვემზადეთ. ,,ეგია ფლამინგო, აპა იგია ფლამინგო“? ვიძახდით. მოლოდინი საერთოდ არ გაგვიმართლა, ჯერ უბედური გასაპუტი გამოდგა, მერე ხარშვის დროს საშინელ სუნი გაუშვა და ხორციც თევზის და ბაყაყის სუნად უყარდა. ძაღლებმა ჭამეს სიამოვნებით. მეორე დღეს ,,ფლამინგო” ერთი მტრედისფერი ჩემოდნით ტაქსში ჩაჯდა და კოპიტნარის მიმართულებით წავიდა. კარგა ხანს მხვდებოდა უბანში ფლამინგოების ვარდისფერი ბუმბული, ხის წვრილ ტოტებში თუ მავთულ ბადეებში გაჩხერილი. მიმაგრებულ ბუმბულს რომ სიო ოდნავ არხევს ან წყლის გუბეში რომ ბუმბული ცურავს, იმაზე სევდიანი რაა, ვჯდებოდი და ვუყურებდი... ამის მერე არც ფლამინგოები მოფრენილან, არც ჩვენი ,,ფლამინგო” გამოჩენილა. არის ალბათ ევროპაში მშვენივრად, ამას წინათ ფეისბუქში დავძებნე და შევეხმიანე. გულახდილად ვუთხარი, ბევრ რამეს ვნანობ ჩემი წარსულიდან, ბევრი არასწორი ქმედება მაქვს შენს მიმართ ჩადენილითქო, თუ შეგიძლია მაპატიე და თუ გაქვს სამასი ევრო გამომიგზავნეთქო. ახალწლამდე უეჭველი დაგიბრუნებ, შეიძლება მანამდეც კი მოგცეთქო. მიუვიდა მაგრამ არ დაუseenია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ფორმაში ხარ! ფორმაში ხარ!
2. მეგონა, ვეღარასდროს წავიკითხავდი შენსას რამე ახალს :)
ჯერ ეს ერთი, მე რომ ფლამინგოებს ვყვარობ, იცის ცამ და ქვეყანამ და მხოლოდ ამიტომაც კი მომეწონებოდა ეს "ფლამინგო".
როგორი მოსალოდნელად მოულოდნელი ფინალი იყო და მთლიანად მინდა იმის წაკითხვა, რისი ნაწყვეტიცაა ეს.
,,ეგია ფლამინგო, აპა იგია ფლამინგო“?
მომენატრე, სანდრო.
მეგონა, ვეღარასდროს წავიკითხავდი შენსას რამე ახალს :)
ჯერ ეს ერთი, მე რომ ფლამინგოებს ვყვარობ, იცის ცამ და ქვეყანამ და მხოლოდ ამიტომაც კი მომეწონებოდა ეს "ფლამინგო".
როგორი მოსალოდნელად მოულოდნელი ფინალი იყო და მთლიანად მინდა იმის წაკითხვა, რისი ნაწყვეტიცაა ეს.
,,ეგია ფლამინგო, აპა იგია ფლამინგო“?
მომენატრე, სანდრო.
1. კარგად წერ (მარა სად მამის სულის, სად ხმალზე დაკიდებაზე. ამ ასოციაციაზე ავღშფოთდი.
საწყალი "ფლამინგო"
ურაკპარაკზე, "ბრძენთა სამეზობლო"ში ფლამინგოების ილუსტრაცია დევს 1988 გვერდზე. დაველოდები (ნაწყვეტი) გაგრძელებას. კარგად წერ (მარა სად მამის სულის, სად ხმალზე დაკიდებაზე. ამ ასოციაციაზე ავღშფოთდი.
საწყალი "ფლამინგო"
ურაკპარაკზე, "ბრძენთა სამეზობლო"ში ფლამინგოების ილუსტრაცია დევს 1988 გვერდზე. დაველოდები (ნაწყვეტი) გაგრძელებას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|