ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2009


დაკარგული

  იძებნება:
  სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

  განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი. მის წარმოდგენაში - დიდი კაცი იყო, ხოლო სხვა დანაჩენების წარმოსახვაში - ერთი ჩვეულებრი მათთაგანი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოინახება.
  საკუთარ თავს დაკარგულს უწოდებდა.
  ხალხში ცნობილი ეს ადამიანი, დროის არცერთ პერიოდს არ უშინდებოდა, მაგრამ შესაფერისად არასოდეს ემოსა. ერთი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით გამოირჩეოდა ყვალასგან.
  ზოოპარკიც საკუთრი ჰქონდა, თუმცა ქალაქში ზოოპარკი ოცი წლის წინ განადგურდა. ცხოველებიც დაიკარგნენ ისე, როგორც თვითონ.
  ქალაქიც საკუთარი ჰქონდა, თუმცა ეს ქალაქიც მის წარმოსახვაში იხატებოდა „კოხინორის“ ფირმის შავი ფანქრით. ერთფეროვანი ქალაქი სურდა.
  ხელიც საკუთარი გააჩნდა, თუმცა ვერ იმორჩილებდა.
  ტვინიც დანაოჭებული გააჩნდა, თუმცა გონიერების უქონლობის გამო ახალდაგებული ასფალტივით გაუსწორდა.
  და მიაბიჯებდა ამ მოასფალტებულ სივრცეში, რომლითაც ამაყობდა, რადგან ეს მისი შავი ფანქრით ნახატი ოცნების პატარა ნაწილი იყო. ასფალტი ხომ სერ ფერში გადადის? - კი ბატონო! გადაწყვიტა ოცნების ეს პატარა ნაწილი ზედმეტად არ დაეტვირთა და მხოლოდ ალაგ-ალაგ მძიმე შავი ნაკერები დაადო.
  დადის დღესაც ამ ნაჭრილობევ ოცნებებში.


* * *

  დრო მეფეა!
  მეფე - ადამიანი!
  ადამიანი - დრო?!
  ისრებს ვერაფერს ვუზამთ...

  - ბიჭო, დაკარგულო, როგორ ხარ? - დაუსვა კითხვა გამვლელმა.
  - თრრრრ... გაქრი აქედან! მე ბიჭი არ ვარ. მე მეფე ვარ! - თითქოს შეაშინა.
  - ეს რა მითხარი?! მართლა?
  - მე ასე მიცნობენ აქ. შენ კი ვინ ხარ, ნეტა ვიცოდე? ან ჩემს ოცნებებში ვინ დაგპატიჟა?
  - უბრალოდ ჩავიარე შენს ოცნებებთან...
  - არაფერი ესაქმებათ ადამიანებს ჩემს ოცნებაში. თქვენ ვერ გხატავთ. დაგხატოთ?! სრული ქაოსი იქნება. მაწუხებთ; თან ფანქარი მითავდება. მომცემ მანქარს?
  - მოგცემდი, მაგრამ არ მაქვს. - უთხრა და ჩაიარა.
  - ფანქარი მინდა! შავი ფანქარი, მომეცით. - მორთო ღრიალი. სხვა გამვლელ-გამომვლელებს არ უკვირდათ მისი ასეთი გამოხტომებისა. თან ეს მისი ყოველდღიური გამონათქვამი, უშედეგოდ არ ჩაივლიდა ხოლმე. ახლაც ასე მოხდა. იქვე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის თანამშრომელმა დაუძახა და ფანქარი გაუწოდა.
  - ეს უკვე ჩემგან მეათე ფანქარია.
  - მოვრჩები ასფალტის ხატვას. - იყო მოკლე პასუხი მადლობის გარეშე.
  - დახატე, დახატე! იქნებ ვინმემ გაიაროს ამ ასფალტზე.
  - გაივლიან...
  - დაკარგულო! - გასძახა მორიგმა გამვლელმა.
დორბლიანი ტუჩები ააცმაცუნა დაკარგულმა და ხრინწიანი ხმით გასცა პასუხი: - რა იყოო?
  - დაბადების დღე როდის გაქვს?
  - არ მაქვს.
  - ჩვენ კი ვიფიქრეთ, რამეს ვაჩუქებთო...
  - ვინ თქვენ?
  - ჩვენ ბაზრის მოვაჭრეებმა.
  - დღეს მაქვს. მაჩუქეთ ფანქრები! - იცრუა დაკარგულმა, როგორც ყოველთვის.
  - ისევ ცრუობ.
  - მერე რა?! თქვენც ხო ტყუვდებით?
  - შენ ეგრე ფიქრობ?
  - ჰო, ეგრე ვფიქრობ, რადგან ფანქარს მაინც მჩუქნით. ე.ი. როცა მჩუქნით უნდა ვიგულისხმო, რომ დაბადების დღეს მილოცავთ.
  - შენაა, არ იცი გიჟს და დაკარგულს, რომ გეძახიან?
  - არ ვიცი?! მე გიჟი არ ვარ. არც დაკარგული.
  - მაშ ვინ იქნები?
  - ვინ? ვიმეორებ. მეფე ვარ!
  - კარგი არ გამაცინო... უგვირგვინო?
  - გვირგვინიანი. ჩემი ბებია ბაგრატიონი იყო. აბა რაა...
  - ჩვენ ბოდიშით! - გაიღიმა და განაგრძო გზა გამვლელმა.

  დღე მიილია...
  დრო შავ ფაზაში გადავიდა.
  მეფეს ჩაეძინა ქალაქის ქუჩის ერთ კუთხეში.


* * *

  ღამე მიილია...
  დრო მზის ფაზაში მოექცა.
  მეფემ გაიღვიძა, ქალაქის ქუჩის ერთ კუთხეში.

  ყველა იცნობდა მას, განურჩევლად ასაკისა. არავის უყვარდა ის, უბრალოდ იყვნენ ადამიანები ვისაც ეცოდებოდა.

  - რვა საათიც მოსულა. დროზე მორჩი ჭამას სიხარულო, სკოლაში გაგვიანდება.
  - ახლავე დედა!
  - იცოდე, გზაში არავის გამოელაპარაკო. არ დააგვიანო ისევ შენებურად.
  - არა დედა!
  - არ მჯერა შენი. გაფრთხილებ, მასწავლებელმა თუ მითხრა ისევ დაკარგულს ელაპარაკებოდაო და ყვავილებს ჩუქნიდაო, არ ვიცი რას გიზამ... საშიშია ეგ ადამიანი შვილო საშიში. ნუ მიუახლოვდები!
  - მეცოდება დედა.
  - შვილო მას არავინ უყვარს. თვით ღმერთმა მოიძულა ის, უბრალოდ ჩვენ ვერაფერს გავხდებით მის წინაშე. ერთს თუ შევძლებთ - ეგაა ქალაქიდან გაძევება. დაძაფრულია ხალხი მისი შემხედვარი. ბევრი დასცინის უკვე. ასე, რომ შეეშვი!
  - კარგი დედა, აღარ გავეკარები.

  გზაში მოსიარულე პატარებს, ახალგაზრდებს, უყვარდათ მასზე საუბარი. საუბარში გართულებს, გამოეცხადებოდა ხოლმე ჩვენი გმირი, სახელად დაკარგული. თითქოს ეშინოდა დაკარგულს მათი, მაგრამ ეს თაობა მის ოცნებაში ერთ-ერთ დასაყრდენ ძალად მიაჩნდა. თუმცა მათ ფერი ვერ შეურჩია. ისინი ხომ მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ბავშვებს მაინც შეუყვარდათ ის. შეუყვარდათ მისი გამოსვლები სკოლის წინ. უფრთხოდნენ მასწავლებლებს, რადგან ქუჩის ლექციების შემყურენი ადეკვატურ ზომებს მიმართავდნენ და გაძევებით ემუქრებუდნენ დაკარგულს. გაძევების შემდეგ ლექციები მისი, ფანქრით დახატულ ოცნებებზე, სკოლის შემდეგ გრძელდებოდა უკვე ხალხში.

  - დაკარგულო, დედამ მითხრა: აღარ გაეკაროო...
  - ვინ არის დედაშენი?
  - დედაჩემია.
  - იცნობ მას?
  - კი.
  - არ იცნობ. შენ, რა, მასზე ადრე დაიბადე?
  - არა.
  - ე.ი. არ იცნობ. აი ის კი გიცნობს.
  - შენ გიჟი ხარ?
  - ასე ამბობენ...
  - და რა?! არ ხარ?
  - გინახავს გიჟი, რომელსაც უთქვამს - გიჟი ვარო?
  - არ მინახავს. შენ გიცნობ, მხოლოდ.
  - მე შენ არ მიცნობ, ისევე, როგორც დედაშენს.
  - არ მჯერა შენი.
  - დაფიქრდი... აი შენ შავი ფანქარი და დახატე ის რასაც მე ვხატავ და მიხვდები, რომ საკუთარი თავი შენ გეკუთვნის და არა დედაშენს.
  - მაშინ შენი საყვარელი ფრაზა: ტოლერანტობა, რომელსაც გაჰყვირი ხოლმე, ხალხში, რას ნიშნავს?
  - იმას, რომ სხვა უნდა გიყვარდეს.
  - დედა არა?
  - არა, შენ არა. დედას უნდა უყვარდე, რადგან წამოიზრდები და მისთვის სხვა გახდები, რომელსაც შენს შვილსაც ასწავლი. უნდა გვიყვარდეს სხვები, სტუმრები, რომლებიც გეწვევიან ოცნებებში და ბევრ ფულს მოგცემენ.
  - მე დედა მჩუქნის ფულს. მამაც.
  - არ გჩუქნიან კარგო, არამედ გაძლევენ მომავლის საზღაურად. ისინი ხელფასს გიხდიან, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ერთი განსხვავებით: სხვა ქვეყნები გაცემულ ფულს მათზე სამომავლო ზრუნვით არ იბრუნებენ. შენი მშობლები კი ამას მოგთხოვენ. გავალდებულებენ იზრუნო მათზე. არადა კათარზისის სახლები უკვე მომრავლდა ჩვენთან, როგორც სხვა გვეყნებშია.
  - ესაა ტოლერანტობაა? არ მჯერა, მე ამის! შენ ქართველი ხარ?
  - აქ დავიბადე, მაგრამ ქართველი არ ვარ.
  - მაშინ გასაგებია, რატომაც დაიკარგე. შენ ცუდი ბიძია ხარ! არ მჯერა შენი. - ბავშვს ცრემლები მოერია.
  - გაეთრიე სიყვარულის ნაშიერო... ვერ ვიტან ბავშვებს. რა დაგიშავეთ? მინდა გეფეროთ და აგიხსნათ... თქვენ კი... გაეთრიეეე! - ყვიროდა სიტყვებს დაუფიქრებლად. რა გასაკვირია? ის ხომ სულელია და გიჟი...

  კიდევ ერთი დღე მიილია...
  დრო შავ ფაზაში გადავიდა...
  მეფეს ჩაეძინა.

* * *

  ღამე მიილია...
  დრო მზის ფაზაში მოექცა.
  მეფემ გაიღვიძა.

  ხალხის ყურადღება უაზრო ღრიალმა მიიპყრო...
  - დამეკარგა... დავკარგეეეე... დამიკარგეეეს... დავიკარგეეე... დავიკარგეე!
  - დაწყნარდი დაკარგულო, შეწუხდა ხალხი... - კატეგორიულად მოთხოვა გაღიზიანებულმა შევერცხლილმა მამაკაცმა.
  - მომშორდი შე ადამის მოდგმავ! მე, მეფეს, როგორ მიბედავ? თქვენ ჩემი ხელქვეითები ხართ...
  - ვაი შენს პატრონს?!
  - მე პატრონი არ მყავს. მე დაკარგული ვარ. დავიკარგეეე... დამეკარგა... დავკარგეეეე!
  - არ ხარ შენ დაკარგული. აბა როგორ იქნები? როცა, მთელი ქალაქი შენ გიცნობს.
  - ჰა... ჰა... ჰააა... მიცნობთ არა? არ მიცნობთ ნაბიჭვრებო, ნაგვებო, უსუსურებო! ისიც კი არ იცით - როგორ მომიშოროთ და იტყვით მიცნობთო... რომ მიცნობდეთ ჩემი აქილევსის ქუსლიც გეცოდინებოდათ, მაგრამ ისეთივე დაუბანლები ხართ, როგორც ჩემი ფეხები... ყარხართ! დავიკარგეეე... მიშველეთ!
  - შენდობას ითხოვ?
  - არა შველას ვითხოვ, მხოლოდ შველას. დამეკარგაააა... დავკაგეეეე... - უგულოდ გაჰყვიროდა დაკარგული.
  - დრონი მეფობენ და არა მეფენი! - იყო პასუხი მორიგი გამვლელის.
  - ნაგავო, არარაობავ! დროც მე ვარ და მეფეეეც! გაიგეეეე?
  - რა დაკარგეთ, ბოლოსდაბოლოს, თქვენო უდიდებულესობავ; მეფევ ბატონო?
  - ჩემი სამწყსო ხელჯოხი.
  - რათ გინდა? ვინ უნდა მწყემსო შე საწყალო თავდაკარგულო?
  - ნამეტანი აიშვით, მრავალფეროვნებას მთხოვთ უკვე ჩემს აზრებში. ჩემი ფერი კი მხოლოდ შავია.
  - ნუთუ? მხოლოდ შავი. - იყო პასუხი მწყემსისა. ეს ხმა გამვლელის არ იყო. უცნაურია?! ეს ხმა მხოლოდ მას ჩაესმოდა.
  - შენ მწყემსი ხარ?
  - კი, რატომ მეკითხები?
  - შენი ადგილი არ არის ჩემში, გამშორდი! მე შენ არ გიცნობ. შენ მე ხალხი მომპარე; მათ მე უარმყვეს; შენ ჩემზე მეტი შეგიძლია; შენ ჩემზე მაღალი ხარ; შენს გამო დავკარგე ყველაფერი; დავკარგე კონტროლი ხალხზე, დავკარგე მათი სიყვარული, დავკარგე მათი შემართება. დავკარგე ყველაფერი... გაეთრიე! გამშორდი შე ანაფორიანო... მშურს შენი და მძულხარ!
  - შეგინდოს უფალმა შვილო ჩემო!
  - არ მინდა შენი შეწყალება, არ მინდაააა!
  - ერთი რამ მინდა გითხრა შვილო: შენ არც დრო ხარ და არც მეფე! შენ ერთი წამხდარი, დაკარგული ადამიანი ხარ, რომელმაც დროც დაკარგა და მეფობაც.


  კიდევ ერთი დღე მიილია...
  დრო შავ ფაზაში გადავიდა...
  მეფეს ჩაეძინა.


* * *

  ღამე მიილია...
  დრო მზის ფაზაში მოექცა.
  მეფე არსად ჩანდა.
  ისრები კი განაგრძობენ დროის ათვლას ჩვეულ რიტმში.
  ქალაქის გულის ცემა ისევ ისმის ისრებთან ერთად...
  ღმერთი მოწყალეა!
  საჭადრაკო დაფა კი ისევ გაწყობილია და ელოდება რჩეულს, ვინც დაიდგამს გვირგვინს ღირსეულს!


23 აპრილი 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს