ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი...
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2009


ძველი კოლაჟი

ქალაქში მალე მოიზამთრუნებს,
თეთრი ჩინარი გაიპრანჭება,
ქვეყნად სულ ყველამ რომ მიატოვოს,
ერთი ღაბაბა ჩიტი დარჩება.
-----------------
ალიონდება.
ხმაურობს ქუჩა,
სხივები უხვად
ეყრება მიწას...
და ამ ხმაურში
საკმაოდ მშვიდად,
ბაბუას ბავშვი
სკოლაში მიჰყავს.
-------------------
ამინდს აკლია გზა,
შორს მარტოვდება დაისი...
წერო პოულობს ბავშვს _
სად წაიყვანოს არ იცის...
--------------------
სიმშვიდე, როგორც მეგობარი,
თვალში ვედრება...
გვერდზე ოთახის
ღია კარი
ბინდში დედდება.
მთვარეს აკლია
ცოტა შაქარი _
ძველდება...
და მე ვუყურებ
დედაჩემი როგორ ბერდება.
---------------------
მე გამიხარდა
სულ რაღაც ორჯერ,
(ვიღაც ამქვეყნად
ყოველდღე ხარობს)
და ამ ქალაქში
ჩემსავით, ზოგჯერ,
დრო საქალაქო
ტრანსპორტით მგზავრობს...
----------------------
ქუჩის საათი_
თორმეტი ზალპი.
მოხუცი ქალის
დიდი თვალები...
შეირხა მიწა
ას ოცი ვატით
და კიდევ ერთი
გარდაცვალებით.
--------------------
ხალიჩას რეცხავს ციცო,
იქვე რიგდება კარტი,
ეზოში კატა _ ვიცნობ...
ხეზე ქანაობს მარტი.
--------------------
მთვარემ შემოჰყო
ფანჯრიდან თვალი
ფრთხილი და ბაცი _
ისე მიყურებს,
როგორც ქალებს
უყურებს კაცი.
--------------------
ჩემს სარკმელთან
უცებ-უცებ,
შავი ღამე გაფრინდა...
მეზობელმა აივანზე
თეთრეული გაფინა.
--------------------
ყაზბეგიდან

კლდის მწვერვალით
იჩხვლიტება ცა_
სალ კლდეებზე
ჩამოდნება ნისლი,
ხელისგულზე
იკარგება გზა _
უკვდავების
მაქვს ხილული შიში...
---------------------
შავ-თეთრი ფოტო,_
ძველ თაროზე
მტვერი ღამდება.
არ ვფიქრობ დროზე,_
თავის დროზე
რეკავს სამება.
-----------------------
მოხნული მიწა.
ფერსო ურემის.
ლოდინი. თვალით
ჭიშკრის წვალება.
შვილები აქ თუ
ჩამოვლენ ძალით,_
მტკივნეულია
ფერიცვალება.
------------------------
_ ოქროს თევზო, ამისრულე
ნატვრა, ეს ერთი მხოლოდ...
_ ქეთი, რატო გავიწყდება
აკვარიუმში ვცხოვრობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები