ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Cherchez la Famme
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2009


ემმა, მე მზად ვარ...

ვიღვიძებ ისევ გამომშრალი,
ვშორდები ღამეს,
შორს, სიზმარეთში იზმორება ჩემი ზმანება,
მე კი შენს სუნთქვას ღიმილნარევ კოცნას ვუმატებ,
თავად სამყარომ შეგქმნა რადგან ვნების ქალღმერთად…

გიყურებ ასეთ ახლობელს და ასეთ შორეულს,
თითქოს ჩემთან ხარ,
მაგრამ მაინც დიდია ბზარი
ორ  სივრცეს შორის…
ჩვენი ღამის ყოველ  დასაწყისს
ვკლავთ რეალობას, რომ
წავართვათ  ჩვეული დარდი…

დანამულ სხეულს ისე ეკვრის ეს წარმოსახვა,
ვარდისფერ ბურანს ემატება სიშიშვლე შენი,
მინდა მძინარეს მოგეფერო და სულ წაგართვა,
გამოგაცალო, შევისრუტო სურნელი გზნების…

ემმა, შემხედე,
ტანი ისევ მითრთის სურვილით,
შენ ასეთი ხარ,
გარყვნილი და თან ისე წმინდა,
თითქოს ეშმა და ანგელოზი შენში დუმილით
ბადებენ ჩემს ღმერთს და ხარკს ვუხდი მას ყოველ დილას…
საზღაურს ვაძლევ  მე ყოველი დაბადებისას,
შენი შეხების დროს რომ ჩნდება ჩემში სიცოცხლე,
ნაზამთრალ ტუჩებს რომ გისველებ ჩემი ფიქრიდან
ერთი ცოდვით მეტს  დავამატებ ზეციურ ბუდეს…

ემმა,
მინდა, რომ  გაღვიძებულს გასვა ვნებები,
და ცხელ სხეულში ჩაგისახლდე
სულის ქარებად,
რომ ყოველი დღე იწყებოდეს შენში თენებით
რომ მზის ამოსვლის დასაწყისში ვიყო ზმანება,
რომ მე დაგხატო ასე მშვიდი
ჩემი ფერებით…
რომ გაღიმებულს  გამოგტყუო იდუმალება...

ემმა,
მე მზად ვარ ხარკი მივცე ეშმას და ღმერთსაც…
რომ მძინარესაც მხოლოდ შენი სუნთქვა ჩამესმას…







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები