ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
24 მაისი, 2009


სიზმრის ქვეყანა (თავი მეოთხე)



თავი მეოთხე

იდგა ეს საშინელი შესახედაობის კაცი და ღრიალებდა.
- ლომკაცი, - ჩაიჩურჩულა ინაინამ.
- კაცი-ლომი - გაუსწორა აკაროსმა. - ლომკაცი, ვაჟკაცს ნიშნავს და ღონიერს. ეს კი ლომია, უბრალოდ ადამიანის ტანი აქვს. რა საშიში ვეღაცაა არა? თან რამხელა ფაფარი აქვს.
- არა მგონია ბოროტი იყოს, ნახე რა კეთილი თვალები აქვს. - გაამხნევა ინაინამ ძმა.
- თქვენ ვინა ხართ! - დაიღრიალა ლომმა. ინაინამ სწორედ შენიშნა. კაცი-ლომს საშინელი შესახედაობა და ხმა ჰქონდა, მაგრამ თვალებში თითქოს, სევდა და დარდი ჩაბუდებოდა.
გამარჯობა ლომო, ხომ არ გაგაღვიძეთ?
შენი ფაფრის მადლმა, ხომ ვერ გაგვატარებ?
- გამაღვიძეთ? მე რა მწოლიარეს მხედავთ, თუ ფეხზე მდგარს უნდა მეძინოს. - კვლავ დაიღრიალა კაცი-ლომმა. - ვინა ხართ მეთქი კიდევ გეკითხებით.
- ჩვენ უღრუბლო სამეფოდან ვართ.
- მერე აქ რა ჯანდაბას აკეთებთ, არ იცით რომ აქ გავლა არ შეიძლება?
- დრაგუნამ გამოგვატარა, გვითხრა ხიდის ბოლოს ძალიან კეთილი ლომკაცი დგას და თუ ალმასის ბურთულას აჩვენებთ, კიდევაც გაგატარებთ და გზასაც გასწავლითო.
- ალმასის ბურთულა საიდან გაქვთ, ჩქარა მიპასუხეთ!
- ალმასის ბურთულა ბაყბაყდევმა მოგვცა, მანაც იგივე გვითხრა.
კაცი-ლომი მორზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
- დავიჯერო გვეშველა? მაჩვენეთ ბურთულა. - ინაინამ ალმასი გაუწოდა. - კიდევ გაქვს? - გაიღიმა ლომმა, საოცრად თბილი ღიმილით.
- სამი ცალი.
- სულ რამდენი გქონდა?
- ხუთი. - კაცი ლომი ადგილიდან წამოხტა, ინაინას მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა. - შენა ხარ, ნამდვილად შენა ხარ ის გოგონა, ჩვენ რომ უნდა გვიხსნას. დრაგუნა კი მეუბნებოდა: “ასე ნუ დარდობ, და-ძმა მალე მოვა და ყველაფერი დამთავრდებაო”, მაგრამ მე არ ვუჯერებდი. - ლომი ბურთულას ხელში ათამაშებდა და პატარა ბავშვივით ცმუკავდა. შემდეგ ალმასი ინაინას დაუბრუნა. - შენთან იყოს, ეს სწორედ ის ძალაა, ჩვენ რომ უნდა გვიხსნას.
- რისგან უნდა გიხსნათ, რომელი დევგმირები ვართ, თანაც ჩვენ ხომ პატარები ვართ.
- რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა ლომმა ინაინას.
- ცხრა წლის, მალე ათის გავხდები, შენ?
- თხუთმეტის, - ჩაიჩურჩულა დამორცხვებულმა ლომმა.
- თხუთმეტის? რას მატყუებ, შენ ხომ ლომკაცი ხარ, დიდი და ძლიერი, სევდიანი თვალებით. ჰო მართლა, რატომ ხარ ასე მოწყენილი? გველეშაპი ძალიან მხიარულადაა. მთელი დღე ჰამაკში წევს და ქანაობს. შენც გაიბი ჰამაკი, სულ ფეხზე რატომ უნდა იდგე?
- მე მართლა თხუთმეტი წლის ვარ, უფრო სწორედ ვიყავი, სანამ აქ მომიჩენდნენ ადგილს. ბედნიერი თხუთმეტი წელი გავატარე ჩემს უბრალო სამეფოში. მას მერე კი დრო გაჩერდა. შეიძლება 10 წელი გავიდა, შეიძლება 100 ან 150. ცხოველად გადამაქციეს. ადამიანის სახე აღარ მაქვს. ჩემს დანახვაზე შეგეშინდათ არა?
- სულაც არა, პირიქით ცოტა მომეწონე კიდეც. ლამაზი თვალები გაქვს და სევდიანი. - კაცი-ლომმა კვლავ დაიმორცხვა.
- ეს ამბები რომ დამთავრდება, ჩემთან იმეგობრებ? - ჰკითხა ინაინას.
- აბა რას ვიზამ, სიამოვნებით. მაგრამ რა ამბავზე მეუბნები. რა უნდა დამთავრდეს, მომიყევი რა ყველაფერი?
- ძალიან დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ საღამოს, სიზმრის ქვეყნის დედოფალმა დაიძინა. დაიძინა და აღარც გაუღვიძია მას მერე. სანამ ის არ გაიღვიძებს, ყველანი ასე ვიქნებით. ჯადო კი მხოლოდ მაშინ მოიხსნება, როდესაც სიზმრის ქვეყანაში და-ძმა შეაბიჯებს, რომელთა სახელებია ინაინა და აკაროსი. თან, ხუთი ალმასის ბურთულა უნდა იქონიონ, რომელიც ბაყბაყდევს ჰქონდა მიბარებული. საცოდავ დევს, ჩაგონებული ჰქონდა, რომ ალმასის ბურთულები, რომლებიც ოქროს ხეს ესხა, არავისთვის გაეტანებინა. ეგეც და-ძმას ელოდა და აი, თქვენც გამოჩნდით. თქვენს შესახებ ლილიამ გვიამბო და ამდენი წელია გელოდებით.
არსებობს ასეთი ცოლ-ქმარი: ხმაურის მეფე და სიჩუმის დედოფალი. თავიანთ თავს მეფე-დედოფალს კი ეძახიან, მაგრამ სამეფო არა აქვთ. ამიტომაც სიზმრის ქვეყანაში გადაწყვიტეს გაბატონება. მე მგონი, დარწმუნებულები არიან, რომ ალმასის ბურთულებს ხელში ვერავინ ჩაიგდებს. ვინაიდან, ვინც ოქროს ხეს შეხედავს, რომელსაც ალმასები ასხია, იმავე წუთს გაქვავდება.
- რატომ საერთოდ არ გაანადგურეს ალმასები?
- ვერ გაანადგურებენ, ალმასის ბურთულა სიკეთეს ემსახურება და რომელიმე მათგანმა თითიც რომ დაადოს, იქვე აალდება და ჩაიფერფლება.
- ახლა რა ვქნათ?
- თქვენ უკვე სიზმრის ქვეყანასთან ხართ. ჭიშკარს გარედან, ხმაურის მეფე იცავს, შიგნიდან კი სიჩუმის დედოფალი. ხმაურის მეფეს ხმა არ გასცეთ, სიჩუმის ძალიან ეშინია. გვერდზე ჩაუარეთ, ზედაც არ შეხედოთ. ბურთულა არ მისცეთ. სიზმრის ქვეყანაში რომ შეაბიჯებთ, ხუთივე ალმასი ხელში უნდა გეჭიროთ. უფრო სწორედ, ინაინა შენ უნდა გეჭიროს, თანაც გამოსაჩენად.
- ერთი ბურთულა დრაგუნამ რომ დაიტოვა? თანაც დააყოლა: “ამას მერე გადავყლაპავო”. - კაცი-ლომი ადგილიდან მოწყდა და ბეწვის ხიდზე სცადა გადარბენა, თან ყვიროდა; “ალმასი, ალმასი გადაუგდე ბავშვებს”. ამ დროს საშინელი ამბავი მოხდა, ბეწვის ხიდი ჩატყდა და ლომი ადიდებულმა მდინარემ შთანთქა. ერთი კი მოასწრო: “შენი იმედი მაქვს ინაინა” და წყალში გაუჩინარდა.
- ლომო რა ჰქენი, ხომ იცოდი. ხომ იცოდი, რომ ბეწვის ხიდზე ჩვენთვის ფეხის დადგმა არ შეიძლებოდა. რა მეშველება, ჩემი უფლისწული დავკარგე - ცხარე, ცეცხლნარევი ცრემლებით ტიროდა გველეშაპი. - წადით. გთხოვთ  იჩქაროთ. ჯერ კიდევ შეიძლება მისი გადარჩენა, მზის ჩასვლამდე გაქვთ დრო. - ბავშვებმა დაინახეს, როგორ მოიქნია ხელი დრაგუნამ და მათ ფეხებთან ალმასი დაგორდა.
- ხუთივე გაქვს? - ჰკითხა გოგონას აკაროსმა - ეს უფლისწული მართლა ლომკაცი ყოფილა.
- ჰო, ვიჩქაროთ. ხომ იცი, ჭიშკარს რომ მივუახლოვდებით, ხმა არ უნდა ამოიღო.
- ლექსი არ უნდა ვთქვათ?
- არა, აქედან სულ უხმოდ ვივლით ხმაურის მეფემდე. შემდეგ კი პირიქით, რაც შეიძლება ხმამაღლა ვიყვირებთ. არა მგონია სიჩუმის დედოფალს ხმაური უყვარდეს. - ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა ინაინა ცრემლნარევი ხმით. გოგონას ძალიან ეცოდებოდა კაცი-ლომი და მისი ნახვის იმედი, თითქმის არ ჰქონდა. მან ძმას ხელი ჩაჰკიდა და ორივენი სირბილით გაუყვნენ სიზმრის ქვეყნამდე დარჩენილ გზას.
მალე მაღალი გალავანი გამოჩნდა, რომელსაც ძალიან ლამაზი, მართლა ტკბილი სიზმარივით ჭიშკარი ამშვენებდა. ბავშვებს ხმაური მოესმათ, რომელიც ნელ-ნელა ძლიერდებოდა. შესასვლელთან უცნაურად აწოწილი, ჩონჩხივით კაცი იდგა. თავზე, რკინის ზანზალაკებიანი, რკინისავე გვირგვინი ედგა. ზანზალაკები, თავის ყოველ გაქნევაზე ხმაურობდნენ. კაცს მარცხენა ხელში, რკინის დიდი ტაფა ეჭირა. მარჯვენაში კი რკინის ჯოხი, რომელსაც გამეტებით ურტყამდა ტაფას, რაც საშინელ ხმაურს იწვევდა და ეს ყველაფერი მას ეტყობა სიამოვნებდა.
ინაინამ ხელის მოჭერით გაახსენა ძმას, რომ ხმა არ უნდა ამოეღოთ. ბავშები კაცს მიუახლოვდნენ და ჭიშკრისაკენ ისე გაემართნენ, რომ მისთვის ზედაც არ შეუხედავთ.
- თქვენ ვინა ხართ! - დაიყვირა ხმაურის მეფემ. ბავშვებს ხმა არ ამოუღიათ, ისე განაგრძეს გზა.
- ვინა ხართ მეთქი. მოდით, მომეხმარეთ ხალხი არა ხართ? ცოტა თქვენც დააბრახუნეთ. - ყვიროდა კაცი, მაგრამ კარგად რომ დააკვირდა ბავშვებს, მიხვდა რომ მისი საიდუმლო გამჟღავნებულიყო., ვინაიდან ინაინას ჯიბიდან ალმასის ბურთულები მზესავით ანათებდა.
- ყველაფერი დამთავრდა? - ჩამქრალი ხმით იკითხა კაცმა. ბავშვებმა უხმოდ დაუქნიეს თავი. წოწოლა მეფემ ტაფა და ჯოხი მიწაზე დადო, ხელი გადაუსვა, თითქოს მოეფერაო და ჭიშკარი თავისი ხელით გაუღო და-ძმას.
- აღარც მინდოდა, მომკლა ამის რახარუხმა. ყველაფერი ჩემი ცოლის მოგონილია, მიუთითა ხმაურის მეფემ ქალზე, რომელიც აფუებულ ცომს წააგავდა, თვალები დაეხუჭა და ოდნავ ირწეოდა, თითქოს სძინავსო. ინაინამ ძმას ანიშნა და ორივემ ომახიანად შესძახეს:
გამარჯობა დედი, გიჯობს გაიღვიძო
ალმასების მადლმა, თანაც გაგვატარო.
ალმასების გაგონებაზე, ქალმა თვალები გაახილა, ტუჩებზე თითი მიიდო და ბავშვებს ანიშნა - “ჩშშ......”
- გაახილე ქალო თვალები, მოვიდნენ. უფ, ძლივს არ დავისვენებ. - წამოიძახა კაცმა.
ლექსის დამთავრებისთანავე ინაინამ ჯიბიდან ხუთი ალმასის ბურთულა ამოიღო და ცოლ-ქმარს შეაყარა. ალმასების შეხებისას წოწოლა კაცი, თავისი უფორმო ცოლიანად უცებ აალდნენ და გაქრნენ. მსუბუქი კვამლიღა გაუყვა ქართან ერთად გზას გაურკვეველი მიმართულებით.
- მორჩა აკაროს, მე მგონი ნამდვილად სიზმრის ქვეყანაში ვართ.
- ნახე ინაინა, მარჯვნივ გაიხედე - ხელი ჰკრა ძმამ გოგონას. ინაინამ გაიხედა. იქვე, ახლოს ულამაზესი სასახლე აღმართულიყო. ფართე, ვარდისფერ კიბესთან ლილია იდგა. ლილია ხელს უქნევდა მათ, იღიმოდა და ამაყად შესცქეროდა თავის აღზრდილებს.
                                              გაგრძელება იქნება
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები