ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
26 მაისი, 2009


სიზმრის ქვეყანა (თავი მეხუთე)


                                          სიზმრის ქვეყანა

თავი მეხუთე


იდგა ლილია ვარდისფერ კიბესთან გაახალგაზრდავებული, გალამაზებული და მზესავით გაბრწყინებული. ზურგს ნაზი, ჰაერზე მეტად გამჭვირვალე ფრთები უმშვენებდა.
- ინაინა, ლილია ფერიაა და ფრთებიც ჰქონია, - აღტაცებით წარმოსთქვა ძმამ. გოგონა გადიასაკენ გაიქცა და ხელები მოხვია.
- ლილია, როგორ მომენატრე,შენ ყოფილხარ ჩემი სიზმრის ფერია, ახლა გიცანი. მე სულელი კი ვერ ვხვდებოდი. - ლილიას გაეღიმა.
- მეც მომენატრეთ ჩემო პატარებო. თურმე როგორ მყვარებიხართ, ჩემო პატარა გმირებო. - ლილიას სიხარულის ცრემლები სდიოდა და ორივე ბავშვს გულზე იხუტებდა. - ახლა მოემზადეთ, - მიმართა მან და-ძმას. იმავე წუთს სასახლიდან სამი ფერია გამოფარფატდა. სამივეს, სახე სიხარულისაგან გაცისკროვნებოდა. მათაც ლილიასავით ნაზი ფრთები ამშვენებდათ. ფერიებმა ხელი დაუქნიეს ბავშვებს, - მოდით, მოდით, სიზმრის დედოფალს ეახელით, - საოცრად მელოდიური ხმით, სიმღერასავით წამოიწყეს ლაპარაკი ფერიებმა. ლილიამ ბავშვებს უბიძგა, - მიდით, ნუ გეშინიათ, სიზმრის დედოფალს სძინავს. მიხვალთ და რიგრიგობით ეამბორებით. როგორც კი თვალს გაახელს ეტყვით:
გამარჯობა დედოფალო, უკვე გაგაღვიძეთ?
ჩვენი მეგობრები, გაგვინთავისუფლე.
რას მოიმოქმედებს შემდგომში დედოფალი, უკვე მასზეა დამოკიდებული.
ბავშვები სასახლისაკენ გაემართნენ. ლამაზ, ვარდისფერ კიბეს აუყვნენ და დედოფლის საძინებელ დარბაზში შეაბიჯეს. წინ ფერია მიუძღოდათ, რომელიც თურმე დედოფალს ემსახურებოდა. დარბაზი ისეთი ზღაპრული სილამაზისა იყო, რომ ადამიანის ენამ, შეუძლებელია ზუსტად აღწეროს. კედლები, კეთილი სიზმრებით მოეხატათ. განსაკუთრებული კი ის იყო, რომ ოთახში შესული ადამიანი, თავის საყვარელ სიზმრებს ხედავდა, რომელიც დიდი ხნის მივიწყებული ჰქონდა და სადღაც გულის კუნჭულში მიემალა. სიზმრის დედოფლის ოთახში შესვლისას კი, ეს მიმალულ-მივიწყებული სიკეთე იღვიძებდა და სასიამოვნო სითბოთი იღვრებოდა გულში.
- ინაინა, პირველი შენ ეახლე, შემდეგ კი აკაროსი. - ინაინა საწოლთან მივიდა და დედოფალს დახედა. - რა ლამაზია, - აღტაცებით წარმოსთქვა გოგონამ. - მას ენახა ლამაზი ქალები,. დედამისიც განსაკუთრებული სილამაზისა იყო, მაგრამ სიზმრის ქვეყნის დედოფალს ვერც ერთი შეედრებოდა. ქალი თითქოს სანთლისაგან იყო ჩამოსხმული. ლოყები ვარდის ფურცელს მოგაგონებდა. ტუჩებს კი მწიფე ალუბლისფერი დაჰკრავდა. ინაინა დაიხარა და ლოყაზე ეამბორა, აკაროსიც ასევე მოიქცა. დედოფალი ოდნავ შეირხა და ჰოი, საოცრებავ, დედოფალმა თვალები გაახილა, საწოლში წამოჯდა და, - უფ, რამდენი მძინებიაო, - ფერიებისა არ იყოს, სიმღერასავით წაიღიღინა. შემდეგ ბავშვებს დააკვირდა, - თქვენ ვინ ხართ? -
- გამარჯობა დედოფალო, უკვე გაგაღვიძეთ?
ჩვენი მეგობრები გაგვინთავისუფლე.

ლექსის თქმის შემდეგ, გოგონამ განაგრძო, - მე ინაინა ვარ, ეს კი ჩემი ძმა აკაროსია. ჩვენ სიზმრის ქვეყანაში ალმასის ხუთი ბურთულა მოვიტანეთ.
გახარებული ქალი საწოლიდან წამოდგა.
- ალმასები? ისინი ხომ სიჩუმის დედოფალმა მოიპარა და გადამალა. ეგონა ბურთულებს მოკვდავი ადამიანი ხელში ვერ ჩაიგდებდა. ოქროს ხე ხომ ყველა ცოცხალ არსებას აქვავებს. მომიყევით, როგორ ჩაიგდეთ ხელში განძი და საერთოდ საიდან მოდიხართ და ვინ ხართ?
- ესენი სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან არიან, - უპასუხა ერთ-ერთმა ფერიამ დედოფალს.
- ჩვენ არანაირ სკივრში არ ვართ ნაპოვნი. ჩვენ, უღრუბლო სამეფოდან ვართ, ჩემი ძმა უფლისწულია, ტახტის მემკვიდრე. ლილია კი ჩვენი გადიაა. მან მოგვასწავლა სიზმრის ქვეყნის გზა. კითხეთ ლილიას, თუ არ გჯერათ. - თვალები აეცრემლა გოგონას.
- ააა, გასაგებია ჩემო პატარებო. - დედოფალი ბავშვებს მიეფერა, იქვე მდგარ ფერიას კი მკაცრად გადახედა. - თქვენ ჩემი ქვეყანა გადაარჩინეთ. ხმაურის მეფე და სიჩუმის დედოფალი, სამუდამოდ მოგვაცილეთ. სიკეთეს, სიკეთით უნდა გადახდა. რას მთხოვთ სამაგიეროდ?
- ჩვენ არაფერი გვინდა, გზადაგზა მეგობრები გავიჩინეთ და ვნახეთ რა მძიმე მდგომარეობაში არიან წლების მანძილზე. გთხოვთ დაგვეხმარეთ და თუ შესაძლებელია ჯადო მოუხსენით. - მუდარით მიმართა ინაინამ დედოფალს.
- მხოლოდ ამას მთხოვთ? თქვენთვის არაფერი გინდათ? - გაიკვირვა დედოფალმა.
- ჩვენ სახლში გვინდა დაბრუნება და გადია ლილიაც ჩვენთან გვინდა რომ წამოვიდეს, - გასაგებია, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა დედოფალმა, - ალმასის ბურთულები წაიღეთ, ლილია გამოგყვებათ და გასწავლით როგორ უნდა იმოქმედოთ. წადით, - ბავშვები ოთახიდან გავიდნენ.
- ასეთი კეთილი და მამაცი ბავშვები, ჯერ არ შემხვედრია, ალბათ მართლა სკივრში არიან ნაპოვნი, - გადაულაპარაკა დედოფალმა ფერიას, სევდიანი თვალები გააყოლა პატარებს, რომლებიც უკვე ჭიშკარს უახლოვდებოდნენ და საცაა სამუდამოდ დატოვებდნენ სიზმრის ქვეყანას.
ინაინამ და აკაროსმა დაწვრილებით მოუყვნენ ლილიას თავიანთი თავგადასავალი, ყველაზე მეტად ბავშვებს კაცი-ლომის ბედი აღელვებდათ, რომელიც მათი აზრით მდინარემ შთანთქა.
- ნუ გეშინიათ, ჯერ მზე არ ჩასულა, მოვასწრებთ. მალე სამივენი მდინარეს მიუახლოვდნენ. ბეწვის ხიდი ჩანგრეული იყო, მეორე ნაპირზე კი გველეშაპი დრაგუნა იჯდა და კვლავ ცხარე ცრემლებით ტიროდა.
- ინაინა, აიღე ერთი ბურთულა, მდინარეს გადაუგდე და მიმართე:
ალმასი შენ, ლომკაცი ჩვენ.
ბურთულა შენ, ხიდი ჩვენ.
როგორც კი ხიდი გამთელდება და ლომკაცი მიწაზე დადგება, მეორე ბურთულას მას ესვრი. დანარჩენს შენ უნდა მიხვდე რა გააკეთო. ინაინამ ალმასის ერთი ბურთულა ადიდებულ მდინარეში ჩააგდო და აკაროსთან ერთად, ომახიანად წარმოსთქვა:
ალმასი შენ, ლომკაცი ჩვენ.
ბურთულა შენ, ხიდი ჩვენ.
როგორც კი ბურთულა წყალში ჩავარდა, მდინარე დაწყნარდა და ლომკაცმა ამოყვინთა, ინაინამ მეორე ბურთულა ესროლა მას. შეეხო თუ არა ალმასი ამ უცნაურ არსებას, ნელ-ნელა ცხოველის სახე დააკარგვინა და მათ თვალწინ, უფლისწულის სამოსში გამოწყობილი, თხუთმეტიოდე წლის ვაჟი წარსდგა. ინაინა აღტაცებული შესცქეროდა ბიჭს.
- რა ლამაზი ყოფილა კაცი-ლომი, - ჩუმად გადაულაპარაკა აკაროსს, რომელიც ძალიან კმაყოფილი და ამაყი გამომეტყველებით იდგა უფლისწულის გვერდით. ყველაფერთან ერთად ხიდიც გამთელებულიყო.
- რა გქვია? - ჰკითხა ინაინამ უფლისწულს.
- უბრონი, - უბრალო სამეფოს, მეფე უბრონ პირველის ვაჟი.
- რა ლამაზი სახელი გაქვს, - წარმოსთქვა დამორცხვებულმა გოგონამ.
- არა, ლამაზი შენ ხარ და სახელიც შესაფერისი გაქვს. ინაინა, რა ლამაზად ჟღერს, მეოცნებე სახით უპასუხა უფლისწულმა.
- წავიდეთ, გველეშაპი დავიხსნათ, საცაა მზე ჩავა. - ააჩქარა ბავშვები ლილიამ. ყველამ სწრაფად გადაირბინა ბეწვის ხიდი. უბრონი, ყოფილი ლომკაცი, ცოტა ხანს შეყოვნდა, მაგრამ თავს სძლია და ახალშეძენილ მეგობრებს შეუერთდა. გახარებული გველეშაპი ადგილზე ხტოდა, - ჩქარა, ალმასი მესროლე, - გასახა მან ინაინას. გოგონას უკვე მომზადებული ჰქონდა ბურთულა და დრაგუნას გადაუგდო. დრაგუნამ ხელი სტაცა ალმასს და უფლისწულისა არ იყოს, იმავე წამს ჩვეულებრივ ყმაწვილად გადაიქცა.
- დრაგო, მეგობარო, - წამოიძახა უფლისწულმა და ადამიანად ქცეულ გველეშაპს ხელი გადახვია.
- გაიცანით, ჩემი მეგობარი დრაგო.
- რა სასაცილო სახელია, - გაიცინა ინაინამ. ლილიამ მწყრალად შეხედა გოგონას. - უკაცრავად, მინდოდა მეთქვა, რომ ორივეს უცნაური სახელები გქვიათ.
- ჩვენი სამეფოც უცნაურია, უბრალო და უცნაური, - უპასუხა ღიმილით უბრონმა.
- და ძალიან საყვარელი, - დაამატა დრაგომ.
- გველეშაპო, უფ დრაგო, ცეცხლის რგოლებს ვეღარ გამოუშვებ? - ცნობისმოყვარეობამ სძლია აკაროსს.
- ვერა ჩემო აკა, ვერ გამოვუშვებ და არც მინდა, პირი მაქვს გამომწვარი, თუ გინდა ერთხელ ვცდი.
- გვინდა, გვინდა, - ტაში შემოჰკრეს ბავშვებმა. დრაგუნამ პირი დააღო და ორი პატარა, ფერმკრთალი რგოლი გამოუშვა. მართალია ეს ცეცხლის რგოლები არ იყო, მაგრამ ერთმანეთში კი გაატარა.
- აჰ, რა მაგარი ვარ არა? - მიუბრუნდა ბავშვებს. წავიდეთ ახლა, ღამდება. ბაყბაყდევთან და მოხუცებთანაც უნდა მოვასწროთ მისვლა.
უცებ საოცრება მოხდა, ლილიამ ფრთები გაშალა და ნელ-ნელა აფრინდა, - ხელები დამადეთ და თქვენც ჩემთან ერთად აფრინდებით, ვიჩქაროთ, კიდევ სამი ადამიანი გვყავს გასათავისუფლებელი.
ლილია აფრინდა და ბავშვებიც თან აიტაცა. მალე ბაყბაყდევის სასახლის გალავანიც გამოჩნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები