ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2009


დასავლეთიდან ამოსული მზე (თავი I)

  აქ დილა ყავით იწყება. არომატულ სურნელს ხარბად ვისუნთქავ და ვცდილობ გამოვიცნო, რომელი კუთხიდან ამოვა მზე.
ნამზეურ ტანზე თხელ კაბას ვიცვამ და ვცდილობ არ ვიფიქრო ქალაქზე, რომელშიც არასდროს არის სეტყვა. ყოველ შემთხვევაში, მე არასოდეს მინახავს იგი.
ღია ფანჯარაში აღწევს ქალაქის ხმაური, მე კი ვერაფრით შევგუებივარ მტვერს, რომელშიც არ დავბადებულვარ.
  უკვე რამდენიმე წელია გადმოვედი ბარსელონადან და სევილიაში დავსახლდი.
ჩემს პატარა ბინაში ყველაფერია, მშობლიური გარემოს გარდა.
ჩემთვის  “ნოსტალგია” უცხო სიტყვათა ლექსიკონში იყო განთავსებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კაფეში მაგვიანდებოდა, სადაც უფროსი პედრო გახლდათ.
  ნაჭრის ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე და სწრაფადვე გამოვხურე სახლის კარი.
ქუჩის ხმაური შემეგება უმალ და სწრაფი ნაბიჯით ჩავიარე გარეთ გამოფენილ მაგიდებს შორის. მზის სხივები მეფინებოდა მხრებზე. ამაყი გამომეტყველებით ჩავუარე კუთხეში მდგარ მუსიკოსებს.
–  hermosa muchacha! (ლამაზი გოგონა!)
ყურთან ჩამიქროლა ჩემი მისამართით წამოსროლილმა ქათინაურმა.
ყოველთვის მაინტერესებდა, ნეტავ ყველგან ასე თამამად ეტრფიან ქალებს, როგორც აქ, სევილიაში?
  ხშირად მეუბნებიან ბავშვური ღიმილი და მომაჯადოებელი გამოხედვა გაქვსო. არცერთი დამნანებია კუთხეში მდგარი მუსიკოსებისთვის, დროც რომ მქონოდა დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი ერთ–ერთ მათგანთან.
აქ ჰაერშია გაჟღენთილი თავისუფლება, შესაძლებელია შუა ქუჩაში სრულიად უცხოს ყველაზე გამომწვევად ეცეკვო, ეს ხომ სევილიაა!
  ჩამეცინა, არც ისე ცუდი ყოფილა დღის დაწყება მაშინ, როდესაც მზე მხოლოდ აღმოსავლეთიდან ამოდის.
ნაბიჯს უფრო ავუჩქარე და სწრაფადვე შევაღე კაფეს კარი. პედრო იქვე ტრიალებდა,.ფრთხილად შევაბიჯე ოთახში, ისე რომ არ დავენახე.
პედრო კეთილი კაცია, მაგრამ თავისი შევერცხლილი საფეთქლების მიუხედავად ცოტა უხეში გახლავთ.
სწრაფად გადავიცვი უნიფორმა.
მიმტანის ფორმა მიხდება, უფრო კვეთს ჩემს ფართო თეძოებს და მორცხვად მიფარავს მოშიშვლებულ გულისპირს. ისევ ავიკარი სახეზე თავაზიანობის ღიმილი და მაგიდებს მივუახლოვდი შეკვეთის მისაღებად.
რამდენიმე კლიენტის გასტუმრების შემდეგ პედრომ თავისთან მიხმო.
– დღესაც დაგაგვიანდა.
მაჯახა შეუვალი ტონით, თუმცა მზერა მაინც გააპარა ჩემი გულისპირისაკენ.
  დამავიწყდა ამეღნიშნა, რომ მისი უხეში ხასიათის მიუხედავად პედრო ქალების მუსუსი იყო.
– არამგონია ამის სათქმელად დაგებარებინეთ.
გამეღიმა, ცოტა დააბნია ჩემმა არაადეკვატურობამ. ხელები ნერვიულად ააკაკუნა მაგიდაზე და ფრთხილად დაიწყო საუბარი.
– ჰო, გეთანხმები. შენი დაპატიჟება მსურდა მხოლოდ.
მაჯახა მყისვე. არსებობენ ასეთი მამაკაცებიც, რომლებიც მოკლებულნი არიან ყველანაირ რომანტიკას. გასაგებია, რომ შუა კაფეში ვარდებს ვერ გამიფენდა ფეხქვეშ, მაგრამ სიტყვები რა არის? მათი დალაგებაც ვერ შეძლო. პედრო ის მამაკაცია, რომლის ერთადერთი ღირსება მისი კაფეა.
  რაც აქ დავიწყე მუშაობა, მას მერე ველოდი რაღაც ამდაგვარს. როცა მეგონა გადავრჩი–მეთქი, სწორედ მაშინ მოვისმინე პედროს “გულითადი დაპატიჟება”.
– ნება დამრთეთ დღესაც ვიმუშაო, ხვალიდან კი შეგიძლიათ ახალი მიმტანის ძებნა დაიწყოთ.
ღიმილმომდგარი დავტოვე და ხმაურით გავიხურე კარი.
თითქოს ცოტა მომეშვა კიდეც, თუმცა წინ მელოდა სამსახურის ძებნის დამღლელი დღეები.
  ბუნებით ოპტიმისტი გახლავართ და დარწმუნებული ვარ სამყაროს აღსასრულის დღესაც გამოვნახავ რამეს გასაღიმებლად.
  უკვე შებინდებული იყო, კუთხეში მდგარ მაგიდასთან გრძელთმიანი ბიჭი რომ შევნიშნე.
ხელით მანიშნა და შუბლზე დაუდევრად ჩამოყრილი თმა შეისწორა.
– რა გნებავთ?
დავეკითხე გულწრფელი ინტერესით, რადგან ეს სულაც არ ჰგავდა კაცს, რომელსაც კაფე აქვს და ამის მეტი ღირსება არ გააჩნია.
ნახშირისფერ თვალებში ნაცნობი სხივი გაკრთა. სადღაც მინახავს, - გავიფიქრე კიდეც.
  მერე კი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე.
მას დავიდი ჰქვია და თვლის, რომ ქვეყნად ყველაზე სევდიანი თვალები მაქვს..
  მზე ახალი ამოწვერილი იყო, როდესაც ზეწარშემოხვეულს გამახსენდა, რომ არასოდეს გამიკეთებია ყავა ორისთვის...
დავიდი ქუჩის მუსიკოსი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ იგი საოცრად ნიჭიერად უკრავდა, თავის ნიჭს მუდამ დასცინოდა. მისი აზრით, ნიჭი ჭუჭყია, რომელიც  გამოგარჩევს მასისგან, მაგრამ ბედნიერებას არ განიჭებს.
  რამდენიმე დღე იყო გასული, როდესაც შუაღამისას მომადგა. გაზეთებში თავჩარგულმა გვიან გავიგე კარის ხმა. შიშველ მხრებზე დაუდევრად მეყარა მსხვილი დალალები. ძველებურზე მეტად მონატრებული მეჩვენა. ფრთხილად მომხვია ხელი მხრებზე და დამიწყო მტკიცება, რომ ასე ძალიან არასოდეს მოვნატრებივარ და უზომოდ გადაღლილი იყო ამ მონატრებით.
ასეთ მომენტებში უსიტყვო გაგებას ითხოვდა და მეც მზად ვიყავი ჩემი სიმშვიდის ნაწილი მეწილადებინა მისთვის.
იმ ღამესაც ჩემთან დარჩა. ფრთხილად ვეფერებოდი სუსტადმფეთქავ გულისპირზე. ნეტავ ოდესმე მომბეზრდება შენი სუნთქვა?, - უაზრო ფრაზები ტივტივებდა გონებაში.
- რა იქნება ერთხელაც რომ გაიღვიძო?
დავიდი ქვეყნად ერთადერთი მამაკაცია, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის, რომ მზე ჩემთვის  მხოლოდ ნარინჯისფერი ბურთია, მაგრამ მაინც ჩემთან ერთად ელის დღეს, როცა  ის არ ამოვა აღმოსავლეთიდან.
მას სულ ეღიმება ჩემს შეკითხვებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა კითხვის შინაარსი ორივეს გვეხება. მერე მიმტკიცებს, რომ არასოდეს ვიქნებით "ჩვენ", რადგან მუდამ ჩემს ძებნაში სურს გაატაროს ცხოვრება. ასეთ დროს ცრემლები მაწვება თვალებზე, მის გულმკერდში თავჩარგულს კბილებით მიჭირავს შეგრძნებები, რომ ჩემი სისუსტე არ დაინახოს, თუმცა დავიდი ერთადერთი მამაკაცია, რომელიც მუდამ ხედავს ჩემს თვალებში სევდას.
  ჩახუტებული ვყავდი, უცებ რომ გამახსენდა რაღაც.
- შენი გვარი არ ვიცი.
გავხედე ბავშვური შეშფოთებით და ღიმილისაგან შემიკრთა ტუჩები.
მას არ უყვარს ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან თვლის, რომ ყველა პასუხი ადრე თუ გვიან იქცევა კითხვად.
თმა მომიჩეჩა და უფრო ძლიერ ჩამიხუტა.
ასეთ დროს მთელი არსებით მეშინია ხოლმე შენი დაკარგვის.
  სევილია ერთადერთი ადგილია, სადაც დავიდი არსებობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები