ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


შენ მე არ მიცნობ

შენ მე არ მიცნობ,
მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს,
შენ მე არ მიცნობ,
მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები,
შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი,
იქნებ გადარჩე,
მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები...

შენ ცას უსმინე გევედრები,
მე ნუ მომისმენ,
ზამთრის მუქარამ დაუთვალა
ხეებს ნეკნები,
მე კი არ ვმღერი
ქარი არხევს შემოდგომის ხეს
და ფოთლებივით უნუგეშოდ
სცვივა ლექსები...

---------------------------------------------------------------------
პოეტებს

რა უნდა გითხრათ?- უკვე ამ ხელებს
ბოლო იმედის დაღი ატყვია,
შუბლით ვეხები სარკის ნამსხვრევებს,
როგორც ჭრილობას ანდა ნატყვიარს...

ჩვენს ბილიკებზე უკვე დამზრალი
მღვრიე ქარი და წვიმის წვეთია,
სადაც ძაღლივით წოლა- წანწალი
უყეფს პოეტის კენტად ხეტიალს...

იმედი ზღაპრის გმირთა ხვედრია,
გაგვიზომავენ მანძილს ხმიადით
და ბოლოს ფიქრსაც დაგვაყვედრიან,
თუ ავხმაურდით ან ავხმიანდით ..

მხრებზე საკუთარ ცხედრებს დავიდგამთ,
ცხოვრება თურმე მძიმე ტვირთია
და სავალალოდ ის რაც არ გვითქვამს
საფლავის ლოდებს გაურითმიათ...

რა უნდა გითხრათ?- უკვე ამ ხელებს
ბოლო იმედის დაღი ატყვია,
შუბლით ვეხები სარკის ნამსხვრევებს,
როგორც ჭრილობას ანდა ნატყვიარს...
--------------------------------------------------------------

რად გებრალები

რად გებრალები, რატომ დაღონდი?
განა დავეცი სამარადისოდ,
ჩემი ტკივილის ყველა ქვა-ღორღი
ჩემმა მკლავებმა უნდა აზიდოს...

რად გებრალები, განა მარტო ვარ,
განა ბილიკზე კენტად მივდივარ!
წვიმებს ვახსოვარ,  ქარებს ვახსოვარ, 
მთვარეს ვახსოვარ, მოსულს ბინდიდან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები