ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2009


მონატრებული ქალაქის ფურცლები(ალბათ დასასრული)

  - ჩესტ, პრევიშე ვსივო!!! - უბანში, ჩახლეწილი ხმით,  ამ შეძახილს თუ  გაიგონებდით, იმას ნიშნავდა, რომ :   
                                            1. ბოცმანა არ იყო დაჭერილი.                 
                                            2. იყო მთვრალი                   
                                            3. და ვიღაცას ტუქსავდა.
  მაზალო ვინმე იყო, ცხონებული, ძველი ყაიდის, ჩემზე 20 წლით უფროსი. 5 თუ 6 ,,სროკი\" ჰქონდა მოხდილი და გარეთაც რომ იყო, მაშინაც  წარმოსახვითი გისოსებიდან უმზერდა სამყაროს, იქაური ჰაერით სუნთქავდა, იქაურად ჭრიდა და კერავდა. გულით საოცრად ალალი, კარგი გვარის და კარგი ოჯახისშვილი.
  ეს იყო, რომ სიმთვრალე არ ჰქონდა მთლად ანგელოზისებრი. ციხეშიაც სულ სიმთვრალის გამო ხვდებოდა. ჩხუბი და დავიდარაბა, თორემ არც კაცი მოუკლავს, არც გაუძარცვავს, არც უქურდია და ზემოთ თქმულის გარდა არც რამ ავი ჩაუდენია, არასდროს. თუ დამიჯერებთ, მისი ტყუილიც  არ მახსოვს. ღმერთმანი, ალალად ვამბობ!
  ყველას უყვარდა უბანში, დიდსა თუ პატარას, მათ შორის, მის მიერ დასჯილ-გალახულებსაც.
  სხვადასხვა ასაკის უმცროსებს სულ ჭკუას გვარიგებდა, გვმოძღვრავდა თავისებურად.
  თუმცა რა თავისებურად: ჭკვიანად მოიქეცით, ისწავლეთ, მშობლებს დაუჯერეთ, არ იმამაძაღლოთ, უფროს-უმცროსი იცოდეთ, ჩხუბი თუ აუცილებელია იჩხუბეთ, მაგრამ დანა არ იხმაროთ, მოპარვა არ არის კარგი, დედა არ შეიგინოთ, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს არ გაუხუროთ, ისინი აქ სწავლისთვის არიან მოსული და არა საჩხუბრად, აბანოს ფანჯრებიდან ქალებს არ შეუჭყიტინოთ, დაისჯებით, პაპიროსი არ მოწიოთ, ფულზე არ ითამაშოთ, არ ილოთოთ, არ იკაიფოთ, არ იბოზოთ, გახსოვდეთ: ჩესტ პრევიშე ვსივო! - რითია ცუდი დარიგება?
  ნუ, დღეს ამ ჩამონათვალიდან, ბევრი რამ ,,ამოსაღებია\" ,,მოძველდა\", მაგრამ მაშინ, ყველაფერი მართალი გვეგონა და ჩვენც ვუჯერებდით შეძლებისდაგვარად, უფროს მეგობარს და მრავალთაშორის ერთ-ერთ ჭკუისდამრიგებელს.
  რა-რა და, უფროს-უმცროსობა, იმ დროინდელ ქალაქის ძველ უბნებში, ჯოულ-ლენცივით ჰარმონიულად იყო შერწყმული,
  ვინმე უცხო თუ არ მოგივიდოდა თვალში, პირველი შეკითხვა - რომელ კლასში ხარ? -იყო და სავარაუდო მოწინააღმდეგე შენზე ერთი წლით უფროს-უმცროსი თუ აღმჩნდებოდა, იშვიათად, ჩხუბამდე მისულიყო საქმე.
  ადრე ვთქვი ეზოში ფეხბურთის მოედანი გვქონდა და დაღამებამდე მთელი უბანი იქ ვთამაშობდით ბურთს. პატარები ადრიანად ვიწყებდით თამაშს, უფროსები მოგვიანებით მოდიოდნენ. თუ თამაში არ გვქონდა დამთავრებული, პირველივე გატანილი ბურთის შემდეგ შევწყვეტდით, მატჩს გადავდებდით და დიდებს ვუთმობდით ასპარეზს. ჩვენ მოედნიდან გადავარდნილი ბურთების და წყლის მოტანა გვევალებოდა.
  გვევალებოდა კი არა, სიხარულით ვასრულებდით ამ საპატიო მოვალეობას და იყო ერთი წივილ-კივილი: არიქა! ჩემი მოტანილი წყალი დალიე და არა, ჩემი!
  თუ უფროსებს კაცი აკლდათ და კარში დაგაყენებდნენ, შენ ბედს ხომ ძაღლი არ დაჰყეფდა, მაშინ! იცოდი, ცოტა ხნით წინაც გაგიშვებდნენ სათამაშოდ და ფორტუნა თუ გაგიღიმებდა და ბურთს შეაგდებდი, ღამე რაღა დაგაძინებდა სიხარულით!
  არ მახსოვს, თამაშის დროს, ჩვენი თანდასწრებით უფროსებს შეეგინოთ. ერთხელ იყო ისკომ დაახეთქა რაღაც მურტლად.
ვააა, რა დღე აყარეს კრისამ, შოღომ, კოტიკომ, დავესკამ და გია ფერაძემ ( ეეჰ, დღეს აღარც ერთია ცოცხალი, აფსუს რა ბიჭები... ღმერთმა აცხონოს ყველა!) - შე ვირიშვილო, რა სიტყვებს ამბობ?! აქ ბავშვებს ვერ ხედავო? - კინაღამ გალახეს.
  რა დასამალია და ნარდს და ზარსაც თამაშობდენ უფროსები, ცხადია ფულზე.
  მახსოვს ერთხელ კოტე ჩამოვიდა ჩვენ ეზოში ნარდით ხელში. მე ახალი ნასწავლი მაქვს, თითებით ვითვლი. რომ დავინახე ვეცი, გინდა თუ არა მეთამაშე მეთქი - თავი მინდა მოვაწონო, დაინახოს, უკვე კაცი ვარ, ნარდის თამაში შემიძლია.
  - დამაცადე, არ მცალია, ერთი უნდა მოვიდეს და იმას უნდა ვეთამაშოო - მეუბნება.
  არ მოვეშვი, ტვინი შევუჭამე. თან მაზიანს ვთავაზობ. მიხვდა ვერ მომიშორებდა, თან პარტნიორიც იგვიანებდა და დამთანხმდა. პირობა ასეთი იყო: თამაში - სამი პარტია. ვაგებ - როცა კოტე ფეხბურთს ითამაშებს წყალი უნდა მივუტანო, ვიგებ - ერთი ყუთი ,,ჯუვაჩკა\" ჩემია.
  ამაზე კარგი ვარიანტი რა მინდა? ორივე შემთხვევაში მოგებული ვარ. წავაგებ - სხვისას კი არა, ჩემ მოტანილ წყალს დალევს კოტე! მოვიგებ  და ერთი ყუთი კევი ჩემია!
  დავიწყეთ ნარდი და ის ხალხიც მოვიდა, ვისთანაც კოტეს თამაში ჰქონდა გამოცხადებული. ბოლომდე მეთამაში სამივე პარტია, მომაგებინა და:
  - წადი ნინოსთან ( მისი მეუღლე იყო) და ჩაიბარე თავანიო.
  სიტვა არ ქონდა დამთავრებული, იქ ვიყავი დარჭობილი.
  ერთის ნაცვლად, ორი ყუთი გამომატანა ნინომ, აქაოდა - იმის მაღარიჩში, მეტი რომ არ ,,მოუგეო\".
  ქურთებით დავიწყე თავიდან ამბის მოყოლა და ეეეე, სად წავედი? დიდი აბდაუბდა ვინმე ვარ რა! არაუშავს,ისევ ძველ კალაპოტს დავუბრუნდები.
  ისკო მეთქი, რომ ვახსენე, იმაზე გეტყვით ერთ ამბავს.
  ზვიადის პერიოდია. ოსეთში ახალი დაწყებულია არეულობა. ვხედავ ისკო მოდის. მოდის მარა რა მოდის ბადრიჯნისფერია თავიდან-ბოლომდე. ნაგვემ-ნაცემი.
  - რა გჭირს ისკო? გცემა ვინმემ თუ ავარიაში მოყევი?
  - ორჯონიკიძეში მცემეს ტო.
  - ვინ? რაზე?
  - ავტობუსი გააჩერეს ბიჭო. ამოვიდნენ და აბა, რომლები ხარ ქართველები, ჩამოდითო. სულ იარაღები გვირტყეს.
  - მერე? რას ჩადიოდი? პასპორტრი ვერ აჩვენე ტო? ტამოევი არ გიწერია შიგ, იეზიდი?
  - ეეეე, კაი რა კახაჯან, ასე მიცნობ? როგორ, ახლა  იმას დავიწყებდი: ქართველი არა ვარ, ქურთი ვარ, ია ტუტ  ნე პრიჩომ მეთქი? მერე თქვენთან როგორ მეჭამა პური? ნუ მცემეს რა, დიდი რამე. მეც ეხლა პირველად მომხვდა რა...
  სახე სულ დალილავებული ჰქონდა და ხელზე ვაკოცე ისკო ტამოევს...

......................
  როგორ იცოდი ბოცმან? -ჩესტ პრევიშე ვსივოო, არა?
  ხშირად უნდა ვიმეორო, ბოცმან, თორემ ამ ბოლო დროს, მავიწყდება რაღაც ეს სიტყვები...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები