ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
19 სექტემბერი, 2009


პატარა ზღვის ზღაპრული ამბები (სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან) თავი მეექვსე



თავი მეექვსე


ირგვლივ სიჩუმეს დაესადგურებინა. ცოცხლად დარჩენილმა ურჩხულებმა, მძიმე ტომარასავით ჩამოაგდეს ევპრისის სხეული და მთებს იქით გაუჩინარდნენ.
- დავედევნოთ? - შეკითხვით მიმართა ქანელმა ზღვისწულს.
- არ არის საჭირო, ევპრისის გარეშე, ეგენი საშიშროებას აღარ წარმოადგენენ. - უპასუხა ზღვისწულმა. - ჯობია ამ უბედურს მივხედოთ. თუ მკვდარია, დაასაფლავეთ. მაინც, ადამიანი იყო ერთ დროს. თუ ცოცხალია, ჩემთან ჩაიყვანეთ. მე ისე მივხედავ, რომ ვეღარასოდეს ვერავის შეაწუხებს.
ახალგაზრდები, მიწაზე საცოდავად დაგდებულ ევპრისს მიუახლოვდნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამაზრზენი ურჩხული, მათ თვალწინ ნელ-ნელა ჩვეულებრივი შესახედაობის ადამიანურ იერს იღებდა. ევპრისმა ზღვისწულს შეხედა. თვალებში უსაზღვრო სითბო და სინანული ჩასდგომოდა.
- მაპატიეთ, მაპატიეთ ძმებო. იანგული სად არის? - ჩამქრალი ხმით იკითხა ყოფილმა ურჩხულმა.
- იანგული ზღვისქვეშეთშია, ჩემს სამფლობელოში. წაგიყვან მასთან. - უპასუხა ზღვისწულმა ცრემლნარევი ხმით.
- არა, არ ღირს. აქ დამასაფლავეთ. ქანელ, შენი ხელით გათხრილი საფლავი და დაყრილი მიწა, ჩემთვის დიდი საჩუქარი იქნება. ზღვისწულო, შენი დიდი მადლობელი ვარ. რომ არა შენ, მე ახლაც ურჩხული ვიქნებოდი, ვინ იცის რამდენ კაცს გამოვასალმებდი სიცოცხლეს და კიდევ უფრო დავიმძიმებდი ისედაც დამძიმებულ სულს. იანგულს გადაეცი........
- აქა ვარ ევპრის, - იანგულმა მამაკაცები მისწი-მოსწია და მომაკვდავს მიუახლოვდა.
- მაპატიე იანგულ, მაპატიე, - ამოილუღლუღა ევპრისმა, ერთი ამოიოხრა და სულიც განუტევა.
- ალბათ ასეც უნდა დამთავრებულიყო, - გაისმა ქალის მკაცრი ხმა. - ყველამ უკან მიიხედა.
- ეფმადორა, აქ როგორ გაბედე მოსვლა, - შესძახა გრძნეულმა ეფროსმა. - უბედურების მეტი არაფერი მოგაქვს. მიწა როგორ არ იქცევა ნაცრად შენს ნაფეხურებქვეშ და ცა როგორ არ შავდება შენი შემხედვარე. წადი, წადი და სადაც ჩემი სახელი გაიგო, იქაურობას არ გაეკარო. ამ უბედურის ცოდვა შენს კისერზეა. - ეფროსი ვეღარ ჩერდებოდა, ასეთი გაცხარებული იგი არავის უნახავს.
- ვიცი ჩემო ეფროს, სწორედაც დასამშვიდობებლად მოვედი. მე, დიდი ხანია მიწამ და ცამ გამომიტირეს და ცოცხლებში აღარც მთვლიან. - ქალს ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ჩრდილების ქვეყნიდან საუბრობსო. ჩემი ფერფლი ევპრისის საფლავს მოაბნიეთ, მეტს არაფერს ვითხოვ. დაამთავრა თუ არა სიტყვა ჯადოქარმა, თითქოს ერთიანად ჩამოიფშხვნაო და მის ადგილას ნაცარიღა დარჩა.
ხალხი იმდენად დაიზაფრა, ხმას ვერავინ იღებდა. ქანელმა სასწრაფოდ ამოთხარა მიწა, ზღვისწულის დახმარებით ევპრისი ფრთხილად ჩააწვინა საფლავში. ზედ, ჯადოქარ ეფმადორას (დედამისის) ფერფლი დააყარა და მიწით ამოავსო.
მიუხედავად მძიმე წუთებისა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა.
- წავიდეთ, ზღვისქვეშეთს მივხედოთ. ქალები გვყავს გამოქვაბულიდან გამოსაყვანი, - მიმართა ზღვისწულმა დანარჩენებს.
- არა ხალხნო. სიზმრის ქვეყანა მიწასთანაა გასწორებული. ვისაც შეგიძლიათ წამომყევით. ფერიებს დავეხმაროთ. - ლამის მოთქმით სთხოვდა ლილია იქ მყოფთ დახმარებას.
იქვე, შორიახლოს დელფინო იდგა. ბიჭი გაოგნებული შესცქეროდა ყოველივეს. განსაკუთრებით ლილიას აცრემლებული თვალები უკლავდა გულს. დელფინოს სიზმრის ქვეყანა არასოდეს ენახა. მაგრამ, როგორც ყველა ბავშვს, ლამაზი სიზმრები ხშირად ესიზმრებოდა.
- ლილია, მე წამოვალ. წამიყვანე, გთხოვ. მამა, ხომ გამიშვებ? - სიტყვის დამთავრება და ნაცნობი ნათების გამოჩენა ერთი იყო. ნათება ახლოვდებოდა და ნელ-ნელა, ოქროსფერ სხივებში გახვეული, არამიწიერი სილამაზის ქალი გამოიკვეთა.
- თაია, - ჩაიჩურჩულა ბიჭმა.
- დელფინო, ჩემო ბიჭო. ნუ გეშინია, სიზმრის ქვეყანა ძველებურად მშვენიერია. იქიდან მოვდივარ. ყველაფერი მოვაწესრიგე. შეგიძლია ლილიასთან ერთად გაფრინდე და იქაური სილამაზითა და სტუმართმოყვარეობით დატკბე.
- თაია, თაია, ვიცოდი რომ მოხვიდოდი, - აენთო დელფინო.
- ნახვამდის დელფინოოოოოოო. მალე მოგაკითხავ და ცოტა ხნით წაგიყვან. ჩემი პლანეტა უნდა დაგათვალიერებინო. დელფინოოოოოო.....
ნათებამ იკლო და ნელ-ნელა საერთოდ ჩაქრა.
- მეფეო, გამატანე დელფინო, ხვალვე დავბრუნდებით.
- წადით ლილია, ხომ იცი, როგორ გენდობი. ოღონდ, არ დაიგვიანოთ. - უპასუხა ზღვისწულმა.
ლილიამ ფრთები გაშალა და დელფინოსთან ერთად ცაში აიჭრა.
ზღვისწული სტუმრებიანად ზღვისქვეშეთს დაუბრუნდა. გამოქვაბულიდან ქალები და ბავშვები გამოიყვანეს. გიშრია ჩქარი ნაბიჯით წინ მოუძღოდა დანარჩენებს.
- ძვირფასო, - მიმართა ზღვისწულს და მკერდზე მიეკრო. - შავი ქლიავისფერი, ცრემლიანი თვალები შეანათა მეუღლეს, - ამჩნევ, რომ თმა არ გაგზრდია? - პატარა ზღვის მეფემ, თმაზე ხელი ჩამოისვა და სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა.
- გიშრია, მგონი გვეშველა. მეც მოკვდავი ვარ, მეც ადამიანი ვარ. - ზღვისწულმა ცოლი ხელში აიტაცა და რამოდენიმეჯერ შემოაბზრიალა.. - მადლობა ღმერთს, ასეთი საჩუქრისათვის. წარმოგიდგენია საყვარელო, ერთად ვიცხოვრებთ, ერთად დავბერდებით და ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი წავალთ ჩრდილების ქვეყანაში. - ვერ მშვიდდებოდა უფლისწული. - ახლა ისეთი წვეულება უნდა გავმართო რომ, ჩვენი ცეკვით დედამიწა ზანზარებდეს და სიმღერისაგან ცა ღიღინებდეს. გიშრია, ხომ იცეკვებ. მაშინდელივით, კოცონთან რომ ცეკვავდი? - გიშრია თავს უქნევდა, სიხარულისაგან ცრემლები სდიოდა და ხმას ვერ იღებდა.
- კამბალინა, მონჩო. სწრაფად, მზარეულები გააფრთხილეთ, ახლავე დაიწყონ ნადიმისათვის მზადება. მანჩი, სოფლის მაცხოვრებლებს შეატყობინე, ყველანი უკლებლივ დაესწრონ წვეულებას. - ზღვისწულმა ტაში შემოჰკრა და დარბაზიდან გავიდა.
- საღამოსათვის ყველაფერი მზად იყო. უზარმაზარი მაგიდები, სანოვაგით იყო გადატვირთული. მოწვეული სტუმრები მეფე-დედოფალს ელოდნენ.
კარი გაიღო, დარბაზში გიშრია შემოვიდა. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.
გიშრიამ, ნაცვლად დედოფლის მორთულობისა, თავისი ძველის-ძველი კაბით, (რომლითაც ერთ დროს კოცონთან ცეკვავდა) შემოაბიჯა დარბაზში. ფეხშიშველა და შავთმაგაშლილი, ისევ ის გოგონა იყო, რომელმაც სამუდამოდ დაატყვევა ზვისწულის გული.
უკან ქმარი მოჰყვებოდა და გიშრიას შემხედვარე, აღტაცებას ვერ მალავდა
ნადიმი დაიწყო. მოქეიფეებს ისე დაათენდათ თავზე, რომ წუთიც არ მოუწყენიათ. ცეკვავდა დიდი და პატარა, შუაში კი გიშრია, თავდაუზოგავად ბზრიალებდა.
მეორე დღეს ლილია და დელფინოც შეუერთდნენ წვეულებას. ლილია, ძალიან ბედნიერი იყო.
- სიზმრის ქვეყანა, კიდევ უფრო დამშვენებულა თაიას წყალობით, - მიმართა ზღვისწულს.
- შენ ეს დაიმსახურე ლილია. - უპასუხა ზღვისწულმა, შემდეგ კი სტუმრებს მიმართა:
- მეგობრებო, საყვარელო, ერთგულო ხალხო, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამცნოთ. დღეს, მეფედ ვაკურთხებთ ჩემს ერთადერთ მემკვიდრეს, დელფინოს. - ზღვისწულმა, მეფის გვირგვინი მოიხსნა და ვაჟს თავზე მოარგო. - შენი იმედი მაქვს შვილო. დელფინთუხუცესო, ახლა შენი ჯერია. - დელფინთუხუცესი მიუახლოვდა ახალგაზრდა მეფეს და მიმართა.
- მეფეო, დაიფიცე რომ მამაშენივით კაცთმოყვარე იქნები.
- ვფიცავ, - იყო დელფინოს პასუხი.
- დაიფიცე, რომ ყოველთვის დაიცავ ზღვის მაცხოვრებლების ინტერესებს.
- ვფიცავ.
- დაიფიცე, რომ არასოდეს არავის დაესხმები თავს.
- ვფიცავ.
- დაიფიცე, რომ ზღვისპირა სოფლის დამცველიც იქნები.
- ვფიცავ.
- დაიფიცე, რომ დედ-მამას არასოდეს დაივიწყებ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.
- ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ. - დელფინომ დაიჩოქა და მამა-მეფეს ხელზე ეამბორა. - მამა, ვფიცავ რომ შენსავით ვიცხოვრებ. არ შეგარცხვენ.
ცოლ-ქმარმა ვაჟი გულში ჩაიკრეს. ზღვისწულმა გიშრიას ხელი მოხვია და გვირაბისაკენ გაემართა. - დღეიდან ჩვენ სოფელში ვიცხოვრებთ, როგორც ნამდვილი ადამიანები.
ლილიამ, სოფლისაკენ მიმავალ ცოლ-ქმარს ნაღვლიანად შეხედა. ზღვისწულს თმაში ჭაღარა გარეოდა, გიშრიას კი თვალებთან, პატარა ნაოჭები გასჩენოდა.. ისინი სიბერეს უახლოვდებოდნენ.
სამაგიეროდ, ორივემ როგოც იქნა შეიგრძნეს, რა არის ნამდვილი ბედნიერება.


დასასრული  (დროებით),
ვინაიდან შემდეგ ზღაპარში ნაცნობი გმირები შეიძლება შეგვხვდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები