ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პროზა
25 აგვისტო, 2010


მე და მე...

მე და მე...
– გამოფხიზლდი! გამოფხიზლდი! მე მოვედი!...
– შენ?! შენ ვინ ხარ? ხმა კი მესმის მაგრამ რომ ვერ გხედავ?
– მე შენი მეორე მე ვარ!
– სად ხარ?
– შენში... უფრო სწორად შენს სულში, გაიგე?!
– გავიგე, მაგრამ საიდან? ან რისთვის მოხვედი?
– მე შენიდან მოვედი, ანუ მე მუდამ შენში ვიყავი, უბრალოდ ჩემს დროს ვუცდიდი და ვდუმდი, ვუცდიდი და ვდუმდი და აჰა, დადგა დღე, როცა აღმოვჩნდი, უფრო სწორად შენ შეემზადე ჩემს მოსასვლელად და აღმოსაჩენად...
ამ შეხვედრას მე რამდენი წელიწადი ვამზადებდი, ვიცოდი რომ დადგებოდა ეს დღე, იმედი მქონდა, თორემ ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ სამუდამოდ გავიქცეოდი შენგან და შენიდან, მაგრამ ამას შენთვის უკვე არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა, რადგან შენ ვერასდროს გაიგებდი.
ისე მე ყოველთვის გესაუბრებოდი იქიდან მოყოლებული, როცა პირველად გადაშალე საბავშვო წიგნი, როცა პირველად შეხვედი საბავშვო ბაღში და მერე შენს თანაჯგუფელს რომ ეჩხუბე, როცა.... მაგრამ შენ არ მისმენდი, დღემდე ყურადღება არ მოგიქცევია ჩემთვის, რაზეც ძალიან ვწუხდი და განვიცდიდი, მაგრამ "სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო" ნათქვამია და როგორც იქნა, როგორც იქნა მოგაწვდინე ხმა, როგორც იქნა მოხვედი ისე ახლოს რომ გაიგონე ჩემი ყვირილი... არ გჯერა?
მაშინ გაგახსენებ რაღაც ისეთებს, რომელიც შენს გარდა არავინ იცის!... შენს გარდა და ჩემს გარდა... მე ხომ შენი ყველაფერი ვიცი! მე მუდამ თვალს გადევნებდი თავად მძინარესაც კი, შენი სიზმრებიც სულ ზეპირად ვიცი, შენი ყოველი სიტყვა, შენი თვითოეული ნაბიჯი, თუმცა შენ აღარ გახსოვს, თუ არ გინდა რომ გახსოვდეს?! მაგას გავარკვევთ...
გინდოდა რომ დაგნახვებოდი?
სარკიდან რამდენჯერ შემომიხედია შენთვის თვალებში?
ყოველთვის გაცქერდებოდი ხოლმე და რაღაცას განიშნებდი, თუმცა ვერ ხედავდი. ისე კი ხანდახან იმნაირად ჩამაცქერდებოდი ხოლმე საკუთარ თვალებში, რომ მეგონა სადაცაა დამინახავ მეთქი, მაგრამ ამაოდ... ბოლო წუთებში ამარიდებდი ხოლმე თვალს და სხვა რამეზე გადაგქონდა მზერა. ეჰ... მაშინ ცოტა დიდხანს რომ გეცქირა ჩემთვის, იქნებ აღარ დაგეშვა ის შეცდომები რაც დაუშვი. ისე მაინც რომ მოგესმინა, როგორც ხანდახან შენი გულისძგერის ხმას რომ უსმენდი ხოლმე ჰა?! რა ვიცი, რომელი ერთი გითხრა, რით დაგარწმუნო, რომ სულ შენთან ვიყავი?...
– აი ერთ რამეს გაგახსენებ, იქნებ მაშინ მაინც დაიჯერო...
გახსოვს ერთხელ, რამდენიმე წლის უკან სიზმარში ღმერთი რომ ნახე? ხო ღმერთი იყო, თუმცა სახე არ ჰქონდა და არც ადამიანის მსგავსი თეთრწვერა მოხუცი აღმოჩნდა, როგორც შენ გეგონა ბავშვობაში, არც ღრუბლებზე იჯდა და ფეხებს არ აქანავებდა ანცი ბავშვივით, უბრალოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან დაეშვა რაღაც მრგვალი, დიდი ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც ლურჯ, მწვანე, წითელ და ყვითელ ფერებში ანათებდა თვალისმომჭრელი სინათლით და საოცარ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა... მიუხედავად იმ ძლიერი ნათებისა, რომელიც მისგან მოდიოდა, თვალს მაინც არ და ვერ არიდებდი და იმ წამშივე იცანი რომ "ის" იყო... გახსოვს რა საოცარი შეგრძნება დაგეუფლა და რა ბედნიერი იყავი მაშინ?! და მერეც, როცა გამოგეღვიძა, დიდხანს გაგყვა ის შეგრძნება და ხატებაც შენს მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა. აი ხომ ხედავ ყველაფერი ვიცი! ახლა ხომ გჯერა?! ხოდა მაშინ იმასაც გეტყვი, რომ იგივე ღმერთი ძალიან ხშირად გინახავს ხოლმე ცხადშიც, მაგრამ შენ ყურადღება არ მიგიქცევია.. არა, მაგ ფორმით არა ,სულ სხვა სახით, უბრალოდ მოსულა, ძალიან უბრალოდ, იმდენად უბრალოდ რომ შენ ვერც კი წარმოიდგენდი რომ ის ღმერთი იყო, მაგრამ ის იყო ნამდვილად.
ღმერთი იყო იმ ხეიბარში, რომელიც ხურდას ითხოვდა და როდესაც მოწყალება გაიღე, მადლობის მსგავსი რაღაც წაიჩურჩულა... იმ მოხუც დედაბერშიც ღმერთი იყო, რომელიც უმწეოდ, წელში მოხრილი, აკანკალებული ხელებით ელოდა მოწყალებას და როდესაც ვინმე გაიღებდა იმ მცირე შესაწირავს, იგი საოცრად თბილი და უბრალო იტყვებით ილოცებოდა და მაშინვე მიხვდებოდა კაცი რომ იმ სიტყვებში თავად ღმერთი იყო ჩაღვრილი... ან ის სათნო ღიმილი თუ გახსოვს, სილაში მოთამაშე ბავშვის ღიმილი... შოკოლადით მოთხუპნული პირით და თავისი დიდრონი ცისფერი თვალებით რომ შემოგხედა, შენ ოქროსფერ კულულებზე სიყვარულით გადაუსვი ხელი, გაუღიმე, რაღაც უთხარი და იმანაც შემოგღიმა ისე ალალად ,ისე გულწრფელად რომ... ასე მხოლოდ ბავშვი თუ გაიცინებს, ბავშვი და ღმერთი... და მისი წყლიანი, ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებიდან ისეთი სიწმინდე გამოსჭვიოდა რომ, მხოლოდ ღმერთის მზერა შეიძლება ყოფილიყო ასეთი... შენ კი ვერ ამჩნევდი.
სიცივისაგან მობუზულ და გაბუებულ ბეღურაშიც, რომელიც შენგან პურის ნამცეცებს ელოდა – ღმერთი იყო ჩასახლებული, შენ კი ხელი აუქნიე... და გეტყვი იმასაც რომ ღმერთი ყველაში და ყველაფერშია, იგი ყოველთვის გეძებს, გპოულობს, წინ გიხვდება, ცდილობს რომ როგორმე შეამჩნიო, იმიტომ რომ უყვარხარ, შენ კი არ ეძებ მას!
არა, შენ არ გიყვარს!
რას აკეთებ მისი სიყვარულისთვის?
მოსმენითაც კი არ უსმენ!
– როგორ მოუსმენ?!
როგორ და ჩემი მოსმენა უნდა ისწავლო, რადგან მე ყოველთვის ვხედავ და შენ გეუბნები, გაფხიზლებ, გიყვირი, განიშნებ მაგრამ... ღმერთი ხომ ხშირად ჩემი პირით გელაპარაკება!
თუმცა არა ხარ მთლად ისეთი ცუდი, რადგან ხანდახან მაინც მგრძნობ ხოლმე.
აი მაგალითად: – როცა ორჭოფობ და რაღაცა გადაწყვეტილება ვერ მიგიღია, როცა ფიქრობ – გააკეთო, თუ არ გააკეთო, როცა არგაკეთება გირჩევნია, რათა უფრო ადვილია და მაინც აკეთებ... როდესაც წითლდები, მაშინაც მე ვარ იცოდე! სირცხვილის გრძნობა კარგია, ოღონდ ხშირად რომ წითლდებოდე უფრო კარგი იქნება. ეს გრძნობა ხომ დაფიქრების მერე მოდის, საკუთარ თავზე და ქმედებებზე დაფიქრების შემდეგ, ანუ ჩემზე, შენს მეორე მეზე რომ ფიქრობ ხედავ?! არ ყოფილხარ მთლად დასაკარგი ადამიანი. მიუგდე ყური ჩემს ხმას, მე შენთვის კარგი მინდა, მე გასწავლი როგორ იცხოვრო სიყვარულში სიყვარულით, მე დაგანახებ ადამიანებში იმ საოცარ მარცვალს, რასაც სიკეთე და ერთგულება ჰქვია. შენ კი გული გაგიტეხია თითქოს ყველაზე და ყველაფერზე, არადა თუ მოძებნი ჩემთან ერთად, თუ ჩემს ხმას მიყვები, აუცილებლად გაპოვნინებ. თუნდაც ათასში ერთი აღმოაჩინო ასეთი, რომელიც სიცოცხლეს და სიყვარულს შეგაგრძნობინებს, რომელიც შენს წინ სუთა ფურცელივით გადაიშლება, რომელიც დაგანახებს, რომ ღირდა მისი ძებნა და აღმოჩენა (რადგანაც ესმის შენი), განა არ ღირს ამ ერთის გულისათვის ლოდინი და ძებნაც თუნდაც მთელი ცხოვრება?
არადა მეტსაც იპოვი და აღმოაჩენ, მთავარი სურვილია! ხომ ხედავ შენს გარშემო რამდენი სულიერად ლამაზი და ერთგული ადამიანები იყრიან თავს?
ეს ჩემი დამსახურებაა, ჩემი და შენიც... კიდევ უფრო მეტი გინდა? კი ბატონო, მაშინ მხარში უნდა ამომიდგე და მოვძებნოთ ერთად.
ნუ შეგეშინდება ჩემთვის თვალებში ჩახედვის, ანუ შენსავე თვალებში..
ეძებე ადამიანში ღმერთი და ღმერთში ადამიანი და აუცილებლად აღმოაჩენ. ღმერთი ხომ თავად სიყვარულია და განა შეიძლება გაექცე იმას, რასაც მთელი ცხოვრება ეძებ? არა არ შეიძლება...მას ხომ ყველა ეძებს, იგი ხომ ყველაშია, ის ისეთი სათუთი, ნაზი და იდუმალია, რომ მისი პოვნა მხოლოდ დიდი გულმოდგინებით შეიძლება, გულმოდგინებით, მიზნისკენ სწრაფვით და მუდმივი სრულყოფით. სიყვარული – ეს გრძნობების სრულყოფილებაა აღმატებულ ხარისხში.
შემიყვარე, მომისმინე, დამინახე და მე გაპოვნინებ ადამიანებში ღმერთს, გაპოვნინებ სიყვარულს, ერთგულ მეგობარს და რწმენას სიცოცხლისას... მე სულ სხვა თვალით დაგანახებ ამ სამყაროს, გაპოვნინებ სხვა იდუმალ სამყაროებსაც, შენს ცხოვრებას უფრო აზრიანსა და საინტერესოს გავხდი და მიგიყვან ღმერთამდე...
ასე რომ მომენდე მე, შენს მეორე მეს!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები