ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟურნალისტკა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 სექტემბერი, 2010


დაკარგული ტანკის ისტორია

                                                        (იხ. ილუსტრაცია)
"სანამ ძალა და ტყვია-წამალი შეგვრჩენია, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ტანკს არ დავტოვებთ" - ცხინვალის ცენტრში ჩარჩენილი ქართული ტანკის ეკიპაჟის ბოლო რადიოშეტყობინებიდან
რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა T-72 ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის რამდენიმე ათეული ტანკი დაკარგა. ტანკების ერთი ნაწილი ცხინვალსა და მის შემოგარენში ააფეთქეს. ზოგიც როკის გავლით რუსეთის გზას გაუყენეს. რამდენიმეს ასავალ-დასავალი ჯერ კიდევ უცნობია. უცნობია ტანკების ეკიპაჟთა რამდენიმე წევრის ბედიც. მათ შორის არიან გორის ცალკეული ბატალიონის, პირველი სატანკო ასეულის, მეორე ოცეულის №406 ტანკის ეკიპაჟის წევრები: ეკიპაჟის მეთაური - ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, მსროლელ-ოპერატორი - კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი, მძღოლ-მექანიკოსი - კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი.
დანაკარგზე, მით უმეტეს, ცოცხალი ძალის, არავის სურს საუბარი, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადეთ, აღგვედგინა იმ ავადსახსენებელ 8 აგვისტოს ცხინვალში დატრიალებული ტრაგედიის სურათი, როცა გამარჯვებისათვის მტერზე წასული ოცეულიდან (4 ერთეული ტანკიდან) უვნებელი მხოლოდ ერთი დაბრუნდა. ორი ტანკი აფეთქდა, ერთიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია. სწორედ ამ ტანკის ბედი მინდოდა გამერკვია, რაც საკმაოდ რთული გამოდგა, მაგრამ ვეცადე...
08/08/08 - მოვლენები ასე ვითარდებოდა...
8 აგვისტოს დილით ცხინვალის მიმდებარე ტერიტორია უკვე ქართულ ქვედანაყოფებს ჰქონდათ დაკავებული. ცხინვალში მეოთხე ბრიგადის ნაწილები და სპეცდანიშნულების რაზმები იყვნენ შესული. ორმხრივი ბრძოლა მიმდინარეობდა. სპეცდანიშნულების რაზმმა დამხმარე ძალის გადასროლა მოითხოვა. გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიდან ერთი ოცეული სწორედ ამ სპეცრაზმის დასახმარებლად გაუშვეს. შემადგენლობას წინ №406-ე მიუძღოდა, ფაქტობრივად, წინამძღოლი იყო ოცეულისა. გორიდან სოფელ ნიქოზში გადავიდნენ, სადაც ორმხრივ შეტაკებაში მტრის წინააღმდეგობა კი დაძლიეს, მაგრამ ტყვია-წამლის მარაგის შესავსებად უკან დაბრუნება მოუხდათ.
სპეცრაზმის დახმარების შემდეგ ცხინვალის გავლით თამარაშენში გადასვლა იყო ნაბრძანები. სავარაუდოდ, მტერმა სწორედ ეს ერთი საათი გამოიყენა ჩასაფრებისათვის. შუაგულ ცხინვალში, მოსკოვისა და ლენინის ქუჩების გადაკვეთაზე, ქართულ სატანკო ოცეულს ჩასაფრება მოუწყვეს და ყუმბარსატყორცნების ორმხრივ ცეცხლში გაახვიეს. გეგმის მიხედვით, აქ ქართველი სამხედროები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ორმხრივ სროლაში მოყოლილი მოსახლეობის მეტი ახლომახლო არავინ ჩანდა. ორი ტანკი მწყობრიდან გამოვიდა, ერთმა უკან გაბრუნება მოასწრო, №406-ს კი, რომელიც წინ მიუძღოდა ოცეულს, კავშირი გაუწყდა, ვეღარ მოახერხა სიტუაციაში გარკვევა და გზა განაგრძო, სავარაუდოდ, ცხინვალის ადმინისტრაციული შენობისაკენ, რომელიც მტრის მიერ ყველაზე მეტად იყო გამაგრებული მთელ ქალაქში. გამორიცხული არ იყო, სიგნალები ხელოვნურად ჩაეხშოთ, რადგან შტაბთან დაკავშირებას ვერც სხვა ეკიპაჟის წევრები ახერხებდნენ. იმ რადიოკავშირის გარდა, ტექნიკაში კომუნიკაციის სხვა საშუალება არ არსებობდა, მებრძოლებს არც მობილური ტელეფონები ჰქონდათ. როგორც კი სროლა დაიწყო, კავშირი გაწყდა. ოცეულის ეკიპაჟების წევრებმა №406-ს თვალი ვეღარ მიადევნეს, რადგან მთელი ოცეული თავდაცვაზე იყო გადასული. გელა რომელაშვილი ცეცხლწაკიდებული ტანკიდან ამოსვლისას დაიღუპა, დაიღუპა მეორე ტანკის ეკიპაჟის წევრი გიორგი ჭონიშვილიც. დაახლოებით 5-10 წუთში მეთაურობის ბრძანებით მათ დასახმარებლად ტანკისტების მეორე ოცეული გაიგზავნა და 7 კაცი გადაარჩინეს კიდეც. მაგრამ ტანკი №406 მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ამბობენ, რაციაში მეთაურის ხმა გაისმა, სანამ ძალა და ტყვია-წამალი შეგვრჩენია, ვიბრძოლებთო და მერე მისი ხმა აფეთქების ხმას ჩაუხშვია. იმასაც ამბობენ, ტანკი რუსების ნადავლი გახდაო. სხვა ცნობით კი №406-მ ცხინვალის საოლქო კომიტეტის შენობას შეუტია, სწორედ ამ დროს ააფეთქეს და დღესაც აგდია ცხინვალშიო.
P.S. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს სიცოცხლე ფუჭად არ შეუწირავთ და საქართველო მიაღწევს იმ დიდ მიზანს, რისთვისაც ჩვენმა ბიჭებმა თავი გაწირეს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები