ნაწარმოებები


ვუსამძიმრებთ ყოველ ქართველს, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის გარდაცვალებას     * * *         * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2011


ნუშისთვალება... ................

                  ნუშისთვალება

წუხელ დაგხატე...
სევდიანი დაგხატე წუხელ,
თოვდა და თითქოს უშედეგო იყო ეს თოვაც.
ფილტვების ქშენით ქარებს ახალ ტკივილებს ვუმხელ,
ადრე თუ გვიან, შენამდეც რომ უთუოდ მოვა.

გუშინ მიყვარდი...
სევდიანი მიყვარდი გუშინ.
(თუ გაუგებენ პოეტები, მხოლოდ, ერთმანეთს)
დილაადრიან ცა ფანჯარას სისველეს უშენს,
არადა წუხელ სევდისფერად თოვდა ღმერთმანი.

ამბობდნენ, ალბათ, ქარიშხლები: ითხოვს მეტისმეტს,
როცა მინდოდა უფრო მეტი, მეტი ეთოვა.
ბევრს ნუ იფიქრებ, ვერ გაუგებ იმ პოეტის ბედს,
მისალმებით რომ სამუდამოდ გამოგეთხოვა.

გუშინ დაგხატე...
სევდიანი დაგხატე გუშინ,
ვცდილობდი შენი სიახლოვე ფანქრით მეპოვნა.
თოვდა და თვალებს ეყრებოდა ფანტელი ნუშის,
თოვდა და თითქოს უშედეგო იყო ეს თოვაც.

-------------------------------------



                          წვიმა ირიბი

სულის შებერვით მიფრინავდნენ წლები, ლექსები,
ახლა ჩემს სულზე დაეკიდნენ წლები, პირიქით,
ირგვლივ ბავშვობა წრიალებდა, ცათა შეხებით
და აივანზე იანვარი წვიმდა ირიბად...

და წამოზრდილა თეთრ ღობეზე ძარღვება ხავსი,
ქარი გაივლის, გაისმება კვნესა სულების.
სიცარიელეს მარტოობის დუმილით ავსებს
ბნელ ოთახებში ჩამწყვდეული უსასრულობა.

დრომ წინაპართა ღიმილები ქარს გაატანა,
(ვახსენე ზემოთ საიქიოს გარდასულები)
და გადიდებულ სურათებთან ცეკვავს სატანა,
ადრე რომ ლხენით ფრიალებდნენ ფურისულები...

საქართველოში იქცე გვამად, უკვე წესია,
ტირის ცა... ღმერთო, თუ ღმერთი გწამს, სული მიბერე.
იწვე საფლავში ეს ხომ, ალბათ, უკეთესია,
ვიდრე ლაგამად ამოგეჩრას ყბებში სიბერე...

ფანჯრიდან ქარებს ყველა ნატვრა გარეთ გაჰქონდა.
სველი თვალები აღმერთებდნენ  მტვრიან გობელინს.
თენდება შობა... ვფიქრობ, ნეტავ, რად მომაგონდა
სიბერე, ეზო, ბავშვობა და ჩემი სოფელი?!

ადრე რომ ცეკვით ეხვეოდნენ საქანელები,
ეზოში მუხამ ყრუ სიბერე შემოირიგა.
ირგვლივ ბავშვობა წრიალებდა ცათა შეხებით
და აივანზე იანვარი წვიმდა ირიბად...

-----------------------------------



      დეკემბრის ბოლო მონატრება

ცა ჩაეტია შენ თვალებში, იმ დილით, მახსოვს,
ორი მზე ლურჯად ანათებდა სახის სითბოდან.
იყავი შორს და თან იყავი ყველაზე ახლოს…
ქარის შეპარვით თეთრი კაბა მუხლებს მითმობდა

მხოლოდ საცქერლად...
მხოლოდ მაშინ...
მხოლოდ დროდადრო...
ჰო, სიყვარულში მოსახდენი ასე ხდებოდა.
შუადღის მთვარე დაგვცქეროდა, ოდნავ მობადრო
და დამშვიდებით დაღამებას ელოდებოდა.
   
(წინ გაკაფული მინდვრები და ჭალები) ახოს
ხმელი ფოთლები მოყვითალო თოვლად ეფინა.
იყავი შორს და თან იყავი ყველაზე ახლოს.
ცა ღრუბლის კონამ გადაცურა, როგორც დელფინმა.

სოფელი ასე არასოდეს მომნატრებია,
ბროწეულების ათრთოლება სველ კოცნებისას.
და ჩვენს მაგივრად მივიწყებულ სოფლად ბებიას 
ცრემლად დაღვრილი ტირიფები ეკონებიან...

მოიცვა დღესაც საფიქრეთმა მთვარე მობადრო.
ვფიქრობ და მიკვირს მოგონებებს როგორ უხდები.
აფრიალებდა ქარი კაბას, მხოლოდ დროდადრო
და წითელ სირცხვილს ვერ მალავდნენ თოთო მუხლები...

---------------------------------------------------



              ჩაივლიან წლები შარაგზას                           

ოთახში მარტო ზიხარ ჩუმად. ფიქრობ დანებდი
ვიღაცის შურს და გრძნობ ეს განცდა სევდას მოიტანს.
გამრავლდებიან ამ სიტყვებზე შარლატანები,
მაგრამ ვთქვათ უნდა, საუკუნეს შერჩი პოეტად...

წარმოვიდგინე, რომ დილიდან მთელ სოფელს ათოვს
და ჩურჩხელებით გელოდება კართან ბებია...
გასაგებია, ვიღაც ქირქილს აპირებს რატომ,
ის, რომ ძაღლები ყეფენ ესეც გასაგებია.

მერე წვალებით გაიხსენებ გოთუას ქუჩას,
მოგეძალება თვალებიდან სევდა ნოტიო.
შემორჩა გემო იმ ტუჩების მწიფე ალუჩას,
მაგრამ სხვა დროა,
სიყვარული უნდა მოწიო
მხოლოდ ჩარაზულ ფანჯრებიდან და თანაც ფიცი,
ზღვისფერ თვალებთან რომ წამოგცდა უნდა გახსოვდეს,
თავს არ მოიკლავ! არ მოიკლავ!..
ჰო, ვიცი, ვიცი,
ძნელია ასე ლურჯ მწვერვალებს მიუახლოვდე...

წავლენ...
წავლენ და ჩაივლიან წლები შარაგზას,
შეცვლიან უშნო სევდით ქალის ტანებს ტანები. 
შენ ჩამოკიდებ ვერხვის ხეზე ლექსის მარაგს და
გამრავლდებიან სევდის ყულფთან შარლატანები.

-------------------------------------------



            გოთუას ქუჩას დავუყვები...

ქარი ქროდა და ფრიალებდნენ ხეზე ნაჭრები
გადახუნებულ ოცნებებით. წლები ტიროდნენ...
მძიმე ნაბიჯით, მღვრიე ხედვით და მონატრებით,
გოთუას ქუჩას დავუყვები სანაპირომდე.

ქარი ქროდა და გამობერეს ფანჯრებმა ფარდა
ორსულ ქალივით. მიაშტერდნენ სივრცეს თვალები.
იმ აივანზე  მობუზული მტრედების გარდა,
მოჩანდა კიდევ სილუეტი გარდაცვალების.

მერე ტკივილი შეშლამდე და იმის იქითაც
გაიჯირითებს მუსტანგივით. წლები ტიროდნენ...
ცრემლშეზავებულ წითელ ღვინოს მუქი ჭიქიდან
დავლევ და ბილიკს დავუყვები სანაპირომდე.

მერე ვეცდები მღვრიე წყალში ცურვა ვისწავლო,
როგორც უშენოდ უშენობის სუნთქვა ვისწავლე.
მინდა ნაჭრებმა გაცვეთილი ფერი იცვალონ,
როცა გაიგებ, ჩემო თავო, გარდავიცვალე.

ქარი ქროდა და ფრიალებდნენ ხეზე ნაჭრები.
ხორკლიან ენით სატანები ნერვებს ლოკავდნენ.
მძიმე ნაბიჯით, მღვრიე ხედვით და მონატრებით,
გოთუას ქუჩას დავუყვები თვითმკვლელობამდე.

-------------------------------------------------



        ცვრიან ბალახზე

თენდება ახლა,
როგორც გუშინ, ანდა გუშინწინ,
მაგრამ დღეს რაღაც პოეტური სიმაღლე დამყვა.
მე ვერ მოვითმენ ამ სიტყვებზე სადმე ყრუ სიცილს
და არც ვაპირებ უხეიროდ ცუნამის ნაყვას.

დუელში გიწვევთ.
ხუთ ნაბიჯში პირისპირ დავდგეთ.
მე თქვენ დაგითმობთ, თვენ მესროლეთ, ბატონო მკვლელო,
ხელში ტიტებით მინდა ამ დროს ტიციანს ვგავდე,
ანუ მიყვარდეს მომავალი და საქართველო.

თქვენ მე მომკალით?
ესე იგი მე ასე მსურდა,
ხომ არ იფიქრეთ ტყვიის ნაცვლად ტიტებს გესროდით?
გათენდა უკვე, მეტეხიდან მზე ამოცურდა,
და, ჩემო თავო, დღეს რატომღაც უფრო მეცნობი...

მინდა ლურჯ ცაზე გაიშალოს დღეს ცისარტყელა,
მინდა შევმატო სტრიქონებით ამორძალს ხიბლი.
მეც პოეტი ვარ. (პოეტობას იჩემებს ყველა)
შემინდეთ ერთი უსაფუძვლო ამოძახილი.

გათენდა უკვე.
როგორც გუშინ, ანდა გუშინწინ,
არავინ იცის რა იქნება ჩვენთან ხვალ ან ზეგ.
ჩუმი ქირქილით გავიგონებ სადმე ყრუ სიცილს
და მიპოვნიან შუბლგახვრეტილს ცვრიან ბალახზე.


--------------------------------------------------


              ციებცხელება

ქალაქი იწვის...
აღარ ვნატრობ უკვე ალიონს,
შემოექსოვა დედამიწას ცხელი არშია.
ვცდილობ, რომ ყველა კათხა ლუდი ერთად დავლიო,
მერე ბახუსი ისევ დამპალ სიკვდილს მაშიებს.

არა... არმინდა
მე ამ თვეში გასვლა მიწიდან,
საოცარია, მაგრამ მხოლოდ თებერვალს ვუფრთხი.
კიდევ ნაბიჯით ზენიტისკენ გადაიწია
მზე და მომინდა ცხელ სამყაროს ღრიალით ვუთხრა

სულ არაფერი,
გარდა იმის რომ მიყვარს სითბო,
მაგრამ მზეს მხოლოდ უსასრულო წვა შეუძლია,
მსურს უშენობა ტკივილებთან ყოველდღე ვრითმო,
რომლებიც სხეულს სასიცოცხლო ნიშნებს უცლიან...

შენთან კი ცივა,
უსასრულოდ ცივა და ცივა,
ვერ გაუძლებენ ტირიფები მაგგვარ სიცივეს,
როგორც ზეციდან საგრილებლად წვეთები ცვივა,
შენმა თვალებმაც ასეთივე შვება იციან,

როცა ცრემლებად საოცრებას ვპოულობ შენში,
როცა ფიქრებთან მკერდშეხსნილი დამაქვს ღილები.
მზე ზენიტშია...
ცხელ პოეტად სამყაროს შევრჩი,
ახლა მე შენი თვალები თუ გამაგრილებენ.

-------------------------------------------



        ცისარტყელების მეჯლისი

თენდება ნელა, მგონი ახლა ორშაბათია,
დაცვარულ მინას მივეყრდენი თეთრი ხელებით,
აღმოსავლეთი ვარდისფერად ისე ანთია,
ზეცაზე თითქოს მეჯლისია ცისარტყელების.

ეს დღე განწყობით არ წააგავს სხვა ორშაბათებს,
ნუ მკითხავთ სევდა მოწოლილი რისი ბრალია.
ტირიფი სატრფოს მონატრებას ცრემლით ამართლებს,
წრფელი გრძნობა ხომ მაისივით თავმდაბალია.

არაფერს ნიშნავს ახლა, ალბათ, კვირის დღეები,
მხოლოდ მორიგი გათენება მიბრმავებს თვალებს,
ისე, უბრალოდ შევიგრძენი სიდიდეები
იმ მონატრების, ტირიფივით რომ გამაწვალებს.

ცხელი თითებით მზემ კაბადონს გადაურბინა,
სველ კოცნებს ისევ იპარავენ ციდან ტყემლები.
თეთრი ხელებით მივეყრდენი დაცვარულ მინას,
ზემოთ კი ისევ მეჯლისია ცისარტყელების.

-----------------------------------------------------------




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები