ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2012


ჩემი ცხოვრება

                      წერილი პირველი
                                                       
ჩემი ცხოვრება დაემგვანა გემის ძველ აფრებს,
ზღვებია მხოლოდ... უშენობაც არის, Ellié!
ალბათ იცი, რომ რა ხანია ვერ ვწერ ვერაფერს,
სათქმელსაც როგორ ერთიანად გამოველიე...

იანვარია, წუხელ მთებში ისევ მოთოვა,
სიცივემ ქალაქს შეუცვალა ძველი იერი...
ჩემი ცხოვრება შენს ჩარჩოში მყოფი ფოტოა,
რომელსაც უკვე წლებია, რაც ათვალიერებ.

Ellié, ცივა! (ალბათ ახლა ღმერთსაც შეცივდა),
ყეფენ ძაღლები და ზამთარი მოაქვთ მარხილებს...
ჩემი ცხოვრება ჩამოინგრა აფხა...(ზეციდან)
და თავი ჩემი დამნაშავედ ყველამ ამხილა.

საქართველო კი - მირაჟია, მხოლოდ მირაჟი!
„Géorge“-ს რომ მეძახი, სამშობლოდან გწირავ მადლობას.
ჩემი ცხოვრება გადახიზნეს ფერე...(ირანში)
და იმის მერე ყრუ-მუნჯი და უსინათლო ვარ.

ჩემი ცხოვრება გაიყიდა ნაწილ და ნაწილ
(Ellié, წერას უსათუოდ მალე მოვრჩები)...
ასეა, რა ვქნა, პარიზელო გოგონავ, აწი
საქართველოში ქართველი ვარ დროგამოშვებით!




        წერილი მეორე

„ბოლო გაჩერება - სორბონი.“-
თქვეს და დაიმგვანე პარიზი.
-გახსოვს,
ჩემს მეზობლად ცხოვრობდი?
ქუჩა იყო - ანჯაფარიძის.

ალბათ დაკარგული გეგონე...
მსურდა შენთან მელაპარაკა;
შენი სახლია შარლ დე'გოლზე,
მე კი - მისამართიც არა მაქვს

ახლა! უშენობა ძნელია,
გულსაც ვუმუშავებ ხარვეზით!
ნუთუ, უარი თქვი, Ellié,
ჩემი სისხლით მორწყულ მხარეზე?!

თოვს და საქართველო შეირხა,
მე კი ამრია გზა-კვალი.
ახლა ჩემში ისე ბევრი ხარ,
რომ კვლავ უშენობა გავკვალე.

მარტი ამოვარდა სახსრიდან,
რახან თებერვალი ჩქარობდა...
...
ჩვენთან ყავასაც კი სახლი აქვს,
მე კი - დღემდე უსახლკარო ვარ!

მზეს კი ამინდები უშენენ
ღრუბლებს.
აღარ ჩანხარ, Ello, შინ...
რა ვქნა! ვრჩები ასე, უშენოდ,
ჩემს მზე-ჩამქრალ საქართველოში!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები