ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2012


ომი

ხუთ წლის იყო თედო.
ზღვის დონიდან ხუთას მეტრზე მდებარეობდა მისი სოფელი.
სამი წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ქუჩაში ფორმიანები დაახეტებდნენ გატენილ იარაღს და გამოფიტულ სულს. ხშირად ხედავდა თედო სოფლის ხრიოკ მიწაზე გაწოლილ ადამიანებს. არ იცოდა რატომ იწვნენ იქ, სილასა და სისხლში ამოთხვრილები, მაგრამ ხვდებოდა, ეს არ იყო ნორმალური. სამი წლის ბავშვი გრძნობდა, რომ ეს ის არ იყო, რაზეც ადამიანები ოცნებობენ. თედოს სულ ახსოვს, მის სახლში რომ მოვიდნენ ვიღაც კაცები. ბაყაყისფერი ტანსაცმელი ეცვათ, მამამისს რაღაც უთხრეს, ხელი დაავლეს და ქუჩაში გაათრიეს. ყვიროდნენ, ურტყამდნენ, მერე რაღაც ხმა იყო და ისიც დანარჩენებივით ძირს დაწვა, სისხლი სდიოდა პირიდან.. თედოს უნდოდა მამასთან მიერბინა, გაერკვია რატომ დაწვა ისიც იქ, მაგრამ ბებიას მთელი ძალით ყავდა გულში ჩაკრული. ბებია მისთვის თვალების დაფარვას ცდილობდა, ტიროდა, კიოდა, ცუდ რამეებს უსურვებდა იმ ბაყაყისფერ კაცებს. თედოს მოსაზრება განუმტკიცდა, რომ ქუჩაში სისხლიანი წოლა კარგი არაა, რომ ამაზე არ ოცნებობენ ადამიანები.
მალე უფრო უცნაური რამე ნახა თედომ. დედა მოვიდა სისხლიანი და სილებიანი. დანარჩენებისგან ის განასხვავებდა რომ ქუჩაში არ იწვა. სახლში იდგა, კედელთან. იდგა და კიოდა, ღორები, ღორებიო! ბებია დედას ხელებს უკავებდა და უყვიროდა, შვილი გყავს გასაზრდელი, სიკვდილს ყოველთვის მოასწრებო. ბევრი ვერაფერი გაიგო ბიჭმა, მაგრამ სიკვდილსა და უცნაურ, სისხლიან წოლას შორის ბუნდოვანი კავშირი დაინახა. დედასთან მივარდა და ტირილი დაიწყო, შენც მათსავით არ დაწვეო. დედა მისგან თავის შორს დაჭერას ცდილობდა, რამაც უფრო დაადარდიანა ბიჭი_ ეს ალბათ სიკვდილიაო. გული ამოუჯდა და დედას გვერდით სლუკუნით გაიშხლართა იატაკზე.
მერე ყველაფერი დალაგდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. ლოგინებში წვებოდნენ მხოლოდ, სისხლიც არავის მოდიოდა. დედა სულ გულში იკრავდა. ბებია ეთამაშებოდა_ხოლმე, წერა-კითხვაც ასწავლა. მამა არ ჩანდა არსად მაგრამ შეეჩვია თედო ლოდინს.ერთხელ რაღაც გაზეთი მოიტანეს სახლში. თედომ მარცვალ-მარცვალ ამოიკითხა_ “რა მო ი ტა ნა ომ მა_ შიმ ში ლი, სი სხ ლი, სი კვ დი ლი.” მიხვდა, ის რაღაც, მაშინ, ომი იქნებოდაო და გადაწყვიტა_აღარასოდეს მოვყვები ომშიო..
გაზაფხული იყო, მწვანე შემოექსოვა ბუნებას. მზე იკბინებოდა. პატარა თედო სახლის მახლობლად, მინდორში, საქონელს ყარაულობდა. ვინმე მონადირეებს ამინდი ეხელთათ და დიდად კმაყოფილნიც დარჩენილიყვნენ ნადირობით. მოსასვენებლად და ცეცხლის გასაჩაღებლად ეძებდნენ ადგილს, თედოს მინდორს რომ მიუახლოვდნენ..ბაყაყისფერ სამოსში ჩაცმული კაცები შენიშნა თედომ, შარვლებზე სისხლიანი ფრინველები რომ ეკიდათ. სისხლი გაეყინა ძარღვებში, წამოდგომა და გაქცევა დააპირა მაგრამ ძალა მთლად გამოეცალა, ადგილიდან ვერ დაიძრა. კიდევ სცადა, გამწარებული წამოხტა. მუხლები ეკეცებოდა, მაგრამ გარბოდა; _ხომ გადავწყვიტე, აღარასოდეს მოვყვები ომშიო,_ფიქრობდა და ძალა ემატებოდა. მეზობლის ყანას გადავჭრი, დროს მოვიგებო, მოაფიქრდა და შეერია მწვანე სიმინდებს. სუნთქვაარეული გარბოდა, თავბრუსხვევა იგრძნო. სიმინდებზე სცადა სხეულის გამაგრება. სიმინდმაც ვერ გაუძლო და თედოსთან ერთად დაეშვა მიწისკენ. ცხელოდა ბიჭს, ამიტომ ეუცნაურა უეცრად სხეულში შეჭრილი სიცივის ტალღა, გააჟრჟოლა. ალაგ-ალაგ ძველი სიმინდის გადანაჭრელი დარჩენილიყო ყანაში..

იწვა თედო ყანაში. ოფლსა და მტვერს კისრიდან გადმომსკდარი სისხლი შერეოდა. კმაყოფილი ღიმილი შერჩენოდა სახეზე, ბაყაყისფერ კაცებს რომ დაუსხლტა.
შხაპუნა წვიმა წამოვიდა საღამოს. დედას და ბებოს თვალი ჭიშკრისკენ ეჭირათ, წუთიწუთზე შემოირბენს ეზოში ჩვენი ბიჭიო.
მხოლოდ ხუთი წლის იყო ბიჭი, სულ რაღაც ხუთი წლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები