ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2012


გწერ წერილს...

    გწერ წერილს, რომელიც შენამდე მოვა და...შენ იტირებ...
    ყველაფერს მოგიყვები, არ მინდა რამე გამომრჩეს. მინდა იცოდე, რომ ეს გრძნობა, რაც მე და შენ გვაკავშირებს უკვე ცვდება, უკვე აუტანლობამდე დამღლელია. რთულია, ძალიან რთულია შენ სადღაც შორს ჩემგან მოთმინებით იჯდე და იცდიდე...ჰო, გპირდები რომ ჩამოვალ, რომ ისევ შენთან ვიქნები,მაგრამ ეს უკვე აღარ გჯერა და სადღაც მართალიც ხარ. ორი თვე, ზუსტად ამდენი ხანი გავიდა რაც არ მინახიხარ, რაში გაინტერსებს ჩემი პრობლემები? უნდა მომეხერხებინა და მენახე. გაუსაძლისია ასე, მე ხომ ვიცი...
    პირველად-იმ პატარა კაფეში, მაგიდა ნომერი 13...ჰო ახლაღა მახსენდება რომ 13 თარსი რიცხვია, მხოლოდ ახლა...შენ-უშაქრო ყავა, მე-ლიმონიანი ჩაი. ათას სისულელეზე ვსაუბრობდით რათქმაუნდა და რა ბანალურია ეს ყოველივე არა? ახლაა ბანალური...
  მეორედ-ქუჩაში, საშინლად წვიმდა მაშინ და მე შემიყვარდა...წვიმა... მერე სახლისკენ გავრბოდი და სულ გალუმპული, თავით-ფეხებამდე სველი ვფიქრობდი, რომ რა კარგად ვიყავი იმ დროს.
  მერე მესამედ, მეოთხედ,...მეათედ... და ყოველდღე ასე იყო, ყოველდღე...ახლა მეცინება, მე და შენ მეგობრები ვიყავით ვითომ და ყოველ დღე გვენატრებოდა ერთმანეთი...
  ჰო, ბოლოსდაბოლოს დროც მოვიდა და მე ისე უბრალოდ გითხარი რომ „მიყვარხარ“ და შენ ისეთი გაცისკროვნებული თვალები გქონდა მაშინ...მე ძალიან მიყვარდა შენს თვალებში კოცნა...
    ბედნიერები ვიყავით, ძალიან ბედიერები და ღმერთო ჩემო, როგორ მშურდა საკუთარი თავის...ხანდახან ოცნებებიც ხდება...
    გადიოდა დრო, ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით იმავე დღეს, იმავე საათს...ჩვენ ხომ ერთად ვიყავით და რა გვქონდა სანერვიულო? მე გიწერდი ლექსებს, მერე მოთხრობებსაც, შენ კი ბავშვივით გიხაროდა...მერე რა რომ სხვების აზრით მე კარგად ვერ ვწერდი. ეს ხომ ვიცოდი , რომ შენ ყალბი არ იყავი, ამას ხომ ვხედავდი რომ თვალები გიბრწყინავდა. როგორ მიყვარდა შენი სინათლით სავსე თვალები...
  გახსოვს? ერთხელ გითხარი კიდეც, შენი თვალები მიყვარსმეთქი ყველაზე ძალიან და შენ მეჩხუბე, მთლიანად უნდა გიყვარდეო.
    გახსოვს ტელეფონზე ოცდაათი ზარი რომ გამომიშვი? ზუსტად ოცდაათი, მე კი  მუსიკას ვუსმენდი და საერთოდ არაფერი მესმოდა. ბოლოსდაბოლოს , როცა ზარის ხმა გავიგე სულ სხვა მირეკავდა, შენ არა... შენ ამ დროს ტაქსიში იჯექი და ჩემსკენ გამორბოდი. ღამის თერთმეტი საათი იყო და მაგრად ბარდნიდა იმ ღამეს. რა ლამაზად თოვდა არა?
  რამდენ რამეზე გვიფიქრია ერთად, რამდენი რამ გადავიტანეთ. რა მტკიცე იყო ჩვენი სიყვარული. მტკიცე იყო...
    მერე მე წამოვედი შენგან...ჩვენი მომავლისთვის წამოვედი. გახსოვს? ვიცინოდით, „არაფერიც არ მოხდება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნებაო“ -ვამბობდით. ამხელა სიყვარულს მანძილი და დრო რამეს დააკლებდა?
  .....დღეს, როცა ტელეფონზე გელაპარაკებოდი, ვიგრძენი საოცრად დაღლილი ხმა გქონდა...არა, შენი თვალები არ მინახავს, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ისინი აღარ ბრწყინავენ...იცი რაზე მეცინება? თანდათან ვშორდებით ერთამენთს, იმიტომ რომ...ერთამენეთი გვიყვარს. აი პარადოქსი...

გწერ წერილს, რომელიც შენამდე მოვა და...შენ იტირებ...
ანდა რავიცი...უკვე აღარაფერი ვიცი...
შენს გაცისკროვნებულ, ბედნიერებით სავსე თვალებში ჩამახედა ახლა... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს