ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2012


მზის სხივი არ უნდა დაიჭირო

დილით მზე მანჯღრევდა, გაიღვიძე მათეო, მეუბნებოდა. მზე პატარა გოგო იყო, ლამაზთავალება, რომელსაც თმების ნაცვლად სხივები ჰქონდა. გამეღვიძა, თურმე სიზმარია და მზის სხივი მიჭყიტინებს თვალებში.
მერე  მინდოდა კეტები ჩამეცვა და ფეხები ვერ ჩავატიე. ჯერ ვიფიქრე რა მალე გამზრდია ფეხები, მერე ხელით მოვსინჯე და თურმე წინდები ჩაუტენიათ.
მერე ტელევიზორს მივუჯექი. ვერაფრით  ვერ ვისწავლე,  ლუკა  როცა კანფეტს მაჩვენებს, მაშინვე არ უნდა წამოვხტე, ჯერ უნდა შევამოწმო, კიდე მიბმული ვარ თუ არა ჩემი ფეხით სკამის ფეხს... …
წამოვხტი და სკამიანად წავიქეცი ნოხზე...
უა, რა მტკივნეული იყო,  მეგონა თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა...
ეს ჩემი მეორე ძმა, ცოტნე, თურმე ჩემს უკანაა დამალული და სკამზე მაბამს. ტელევიზორში თუ მულტფილმია, მერე სხვას ვერაფერს ვამჩნევ. მერე ისე  იცინოდნენ, თითქოს კატას და თაგვს  უყურებდნენ, მულტფილმი რომ არის...
რა ცუდია რაღაცას რაღაცას რომ მიაბამენ, მით უმეტეს მე.
თურმე ნაგავი მთავრობას მიუბამს დენზე, ალბათ ბაწრით... გამორთეთ შუქი, გაივსო სახლი ნაგვითო, მამა ამბობს  და მერე იცინის, თუმცა თუ სახლი ნაგვით გაივსო რატომ იცინის,  ვერ ვხვდები.
იმას კი ვხვდები, რომ მიბმა ცუდია.
დენი კარგია, ნაგავი ცუდია...
უკვე ვიცი სანაგვე ბუნკერი რა არის, იქ ხალხი დაძვრება, ალბათ უნდა დაიმალონ.
ვიღაცებს ალბათ დამალობანას ეთამაშებიან...
იმ დღეს სახლში, რატომღაც, მარტონი ვიყავით ლუკამ და ცოტნემ კარადაში ჩამკეტეს... დამალობანას ვთამაშობდით და მე კარადაში დავიმალე, იმათ შემამჩნიეს და გარედან ჩამკეტეს, თან გამაფრთხილეს, ვაჟკაცმა არ უნდა იტიროს, მე ვაჟკაცი უნდა ვიყო... არც მიტირია, მერე რა, რომ ცრემლები მომდიოდა, მაინც სიბნელე იყო და ვერავინ მხედავდა. თუ ვერავინ მხედავდა ვინ მიხვდება, რომ ვიტირე, ანუ არ მიტირია... აი, ნახონ გავიზრდები და მერე ორივეს ჩავკეტავ კარადაში... უცებ ვფიქრობ, აღარ მინდა ამ სახლში ცხოვრება, აი ჩიტები რომ დაფრინავენ ისე, ფრთები რომ მქონდეს გავფრინდებოდი, მერე უნდა მენახა რა სახეები ექნებათ Lლუკას და ცოტნეს. მერე ჩამეძინა, სიზმარში მართლა დავფრინავდი, ოღონდ ჩიტი კი არა, ისევ ადამიანი ვიყავი, ძალიან მაგარი იყო და მიხაროდა...  რომ გამეღვიძა საწოლში ვიწექი...
ნინო დედა თავზე მადგა და მეკითხება,  კარადაში  რა გინდოდაო... კარადაში კი არა მეფის სასახლის საიდუმლო ოთახში ვიყავი-მეთქი. რომელი ქვეყნის მეფე ხარო, - იცინის. საიდუმლო ოთახში ვიყავი და ესეც საიდუმლოა-მეთქი, ასე უცებ უნდოდა ჩემგან საიდუმლოს გამჟღავნება.  რა ფანტაზიორია ეს ბავშვიო – ჩაილაპარაკა.  შორიახლო ცოტნე და ლუკა მიდი-მოდიოდნენ, ალბათ ის აინტერსებდათ, ჩავუშვებდი თუ არა... 
- დედა, ბარტყები რომ იბადებიან, ფრენას ვინ ასწავლით?
- დედა ჩიტი ასწავლით!
- ან თუ დედა მუშაობს მაშინ მასწავლებელი აჰყავთ, ხო.
- მასწავლებელი როგორ აჰყავთ, ეს ვინ გითხრა?
- აი, ცოტნესთან და ლუკასთან მასწავლებელი ხომ დადის...
- ხო კარგი, ახლა დაიძინე...

*  *  * 

ყველანი რომ სახლიდან მიდიან, ინგა დედა მოდის და ფაფიანი  თეფშით დამსდევს...
სახლიდან სულ პირველი მამა მიდის, ამიტომ ვერასდროს ვერ ვხედავ დილით. ალბათ ეშინია მასაც არ გაეკიდონ ფაფიანი თეფშით.
მერე დედა ცოტნეს და ლუკას ამზადებს სასკოლოდ... აჭმევს, აცმევს, ჩანთებში წიგნებს ულაგებს და ლამის ძალით ყრის სახლიდან. 
ისინი უკვე დიდებია არიან, ლუკა მეხუთე კლასშია, ცოტნე მეექვსეში. …
ნინო დედა ამბობს რომ ორ წელიწადში მეც სკოლაში ვივლი, იმიტომ რომ ვისწავლო...
მეტი რაღა ვისწავლო, უკვე ჩემით ვჭამ,  კოვზიც ხმარებაც ვიცი, ჭიქიდან დალევაც და კომპიუტერიც...
ახლა არ მახსოვს, პირველი სიტყვა თურმე მაუსი მითქვამს, ეს კომპიუტერზე თაგვივით მიბმული რაღაცაა, აი როგორც დენი  და ნაგავი.
ალბათ იმიტომ რომ სახლში სულ მაუსი, მაუსი მესმოდა. ნინო დედა მაუსს უმალავდა ლუკას და ცოტნეს, იმიტომ რომ ემეცადინათ და სულ კომპიუტერთან არ მსხდარიყვნენ და იყო ძახილი... - დედა მაუსი სად არის, მაუსი მომეცი რა, მაუსი მინდაა... ალბათ მეც იმიტომ ვთქვი მაუსი. 
მერე ინგა დედა მოდის და ნინო დედა მიდის.
მე მთელი დღე დავრბივარ, ოთახიდან ოთახში... ბეტმენის ფორმას ვიცმევ - დაბადების დღეზე მომიტანა ჩემმა ნათლიამ, რომელიც  მამაჩემის ძმაკაცია, სულ მთვრალია და ღვინის სუნი ადის, დიდი ულვაშები აქვს და რომ მკოცნის ულვაშები ეკლებივით მერჭობა, რა საზიზღრობაა კაცის კოცნა, ფუჰ...
ინგა დედა ნინო დედასავით ბუზღუნა არ არის. 
ყავას სვამს და ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკება, თან ცალი თვალით მეც მიყურებს.
თავიდან ის მეგონა დედა, იმიტომ ნინო დედაზე ხშირად მას ვხედავდი.  ერთხელ ქალმა, რომელიც ხანდახან ნინო დედასთან სტუმრად მოდის, რო მკითხა დედაშენს რა ქვიაო, მე ვუპასუხე, რომელს ინგას თუ ნინოს-მეთქი...
გააჩინე ახლა შვილიო, ნინო დედამ-თქვა... მერე წავიდა, ყავას მოვადუღებო...
ის ქალი კიდე სიცილით მეკითხება, რამდენი დედა გყავსო,
მივხვდი რაღაცა შემეშალა, თუმცა გვიან იყო და ორი-მეთქი...
ვინ და ვინო...
ინგა დედა  და ნინო დედა-მეთქი.
ეს ქალი ისევ იცინოდა და დიდ კბილებს აჩენდა...
მე გავბრაზდი და ვკითხე, შენ წითელქუდას ბებია ხარ-მეთქი? 
რატო წითელქუდას ბებიაო, - მკითხა.
იმასავით დიდი კბილები გაქვს-მეთქი...
წითელქუდას ზღაპარს ნინო დედა მიყვებოდა, ერთხელ ღამით ყური ამტკივდა  და ასე დამაძინა.
ჯერ ვერაფერი თქვა,  მერე მეუბნება აბა ლექსი თქვიო. ეს კარგად იციან - ლექსი თქვი! აბა მიდი და შენ თქვი ლექსი-მეთქი. არაო. აბა იმღერე-მეთქი. არც იმღერა.
ხოდა, რომ არ მინდოდა - უცებ გავაკუე რა...
ქალმა სიცილი დაიწყო, რაო გაგეპარაო...
მე ვუთხარი,  რა მოხდა, ვითომ შენ არ გაგიკუებია ჯერ-მეთქი...
შეწყვიტა სიცილი...
იქვე ლუკა და ცოტნე დარბოდნენ, მეძახიან მოდიო, თან სიცილით ერთმანეთს აწყდებიან და ყირას გადადიან...
ჩვენს ოთახში შევედით, მეუბნებიან აბა კიდე გააკუეო... ვფიქრე, ბოლო-ბოლო ძმებია, ამათ უარი როგორ ვუთხრა.  ვცადე, გავიჭინთე კიდეც - არ გამომივიდა...
და რად გინდათ-მეთქი, - ვეკითხები... ვერ მოიფიქრეს რად უნდოდათ და გამანებეს თავი...
ამის მერე მივხვდი - ინგა დედა არ ყოფილა, ძიძაა...
ერთხელ ინგას ვიღაცამ დაურეკა, ეტყობა ვიღაცა  ეუბნებოდა მოდიო, იმიტომ რომ ინგა ეუბნებოდა, ბავშვთან ვარ, ვერ მოვალ, ვერ დავტოვებო. მერე ეტყობა იმან უთხრა ბავშვიც წამოიყვანეო  და მერე სადღაც წამიყვანა. იქ ვიღაც კაცი დაგვხვდა,  რომელიც მერე ინგას დასდევდა ოღონდ ქაშიანი თეფშით არა, ცარიელი ხელებით... ინგა იძახოდა, ბავშვია, აქ სირცხვილიაო.  არა მგონია დაჭერობანას თამაში სირცხვილი იყოს...
მერე მე კომპიუტერთან დამსვეს და მულტიკი ჩამირთეს, თვითონ კი დაჭერობანა გააგრძელეს, ოღონდ ახლა სხვა ოთახში... 
მერე ისევ სახლში დავბრუნდით...

*  *  * 

ცოტა ხანს ბაღშიც დავდიოდი... ბაღი რატომ  ჰქვია არ ვიცი, იმიტომ რომ სოფელში ბებია ბაღს შემოღობილ ადგილს ეძახიან, სადაც ყურძენიც არის და სხვადასხვა ხილი ხარობს... იმ ბაღში კი პატარ ბავშვები ხარობდნენ... ცოტნემ და ლუკამ ამიხსნეს: შენა ბიჭო, ახლა იქა თავის არავის  დააჩაგვრინო, ქალოია და ქეთინო ხო არა ხარ. ვინმე რაღაცას გეტყვის, გოგო-ბიჭი, სულ ერთია, ყველას ეგრევე ურტყამ, გაიგეო და თავში სათითაოდ წამომარტყეს...  მეც ვუთხარი, გავიგე-მეთქი. მეც მინდოდა იმათთვის თავზე წამომერტყა, მაგრამ მაღლები არიან. ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც დამარიგეს, ვინმე რამეს მეტყოდა ან მკითხავდა, ყველას ვურტყამდი. მერე ისინიც მირტყამდნენ და სულ ნაცემი და ცხვირგასივებული ვბრუნდებოდი სახლში...
ნინო დედა მეკითხებოდა, რა დაგემართაო, მე ვეუბნებოდი წავიქეცი-მეთქი, ყოველდღეE როგორ იქცევიო.
იქ ერთი გოგო იყო, პატარა წითელი ქუდი ეხურა,  ლამაზი თვალები ჰქონდა, მზე რომ მესიზმრა, ზუსტად ისეთი და მოკლე კაბა ეცვა. ხოდა  ლექსი ვუთხარი: მოკლე კაბა რო ჩაგიცვამს,  მოუმატე სიგრძესა, მამაშენი ვერსად ნახავს ჩემისთანა სიძესა-მეთქი. სიცილი დაიწყო. მერე  ვკითხე, შენ წითელქუდა ხარ-მეთქი? არაო, მეო ნატალი ვარო, შენ ვინ ხარო...…აუხსენი ახლა ამას მე ვინ ვარ... მერე რა რომ ლამაზი თვალები აქვს...  ლუკას  და ცოტნეს დარიგება  გამახსენდა, თუმცა მას  არ დავარტყი და ვიღაცასთვის ხო უნდა დამერტყა და ერთმა  ბიჭმა ჩამიარა იქვე და იმას ისეთი დავარტყი წაიქცა... …მერე იმან და მისმა ძმაკაცეებმა მე დამცხეს...
მერე ნინო  დედა იქ ვიღაც ქალს ეჩხუბებოდა, ჩემი შვილი გიჟი არ არისო...
ხოდა  სახლში წამოვედით. 
იმ ღამით  სიზმარში წითელქუდა ვნახე, აი ის – ბაღიდან,  როგორ მიდიოდა კალათით ბებიამისთან, თითქოს წითელქუდას ბებია ის ქალი იყო, დიდკბილება, მერე კიდევ ჩემი ბებიაც ვნახე,  – ლილი, რომელიც სოფელშია, რომელიც თითქოს ჩურჩხელას მაძლევდა, მერე წითელქუდა მეუბნებოდა, რომელიც რატომღაც ჩემთან იყო სოფელში, მეც მაჭამე ჩურხელაო და მე არ ვაძლევდი, ყველას თავისმა ბებიამ აჭამოს ჩურჩხელა... მერე რა რომ ლამაზი თვალები აქვს...

*  *  * 

ღამე თუ ზღაპარი არ მომიყვეს, არ ვიძინებ... ვიცი რომ ეს ამბები რასაც მიყვებიან წიგნებში წერია, ამიტომ ცოტნეს და ლუკას დავსდევდი, წამიკითხეთ-მეთქი, იმათ კი ჩემთვის არასდროს ცალიათ. მერე ინგას ვთხოვე და ანბან-ანბან მასწავლა კითხვა.
მერე ერთი დიდი წითელი წიგნი, იყო და ის ჩავიგდე ხელში. ზედ ეწერა, მე წითელი მქვია.
გადავშალე და ასე იწყებოდა: მე მკვდარი ვარ. მაშინ ნინო დედა სახლში იყო და იმას ვეკითხები, დე, მკვდრები წიგნებს წერენ-მეთქი. საიდან მოიტანეო.  აი ნახე წიგნში ასე წერია-მეთქი.
შენ რა კითხვა იციო, გაკვირვებული მეკითხება...

*  *  * 

უამრავი სათამაშო მანქანა მყავს. ხან ფანჯარასთან დავდგები სკამზე და ამ მანქანებს  რაფაზე ერთმანეთს ვაჯახებ. თან ჩვენი სახლი გზის პირასაა და ფანჯრიდან ვხედავ როგორ დარბიან აქეთ იქეთ ნამდვილი მანქანები. თავიდან  ისინიც სათამაშო მანქანები მეგონა, მეგონა  ვიღაცა თამაშობდა ამ დიდი მანქანებით.  ხან ეს მანქანები ზუსტად ისე ეჯახებიან ერთმანეთს, როგორც ჩემები, მერე იქედან ხალხი გადმოდის და ერთმანეთს ურტყამენ... მერე პატრულის მანქანა გამოჩნდება... ალბათ დიდები ასე თამაშობენ...

*  *  * 

დღეს მამამ თქვა, რომ მეორე დღეს სოფელში მივდიოდით. 
მანქანაში წინ დედა და მამა სხედან,  უკან ცოტნე, ლუკა და მე.
მამას რადიო აქვს ჩართული, სადაც ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ მალე არჩევნები ჩატარდება. არჩევან-არადანს მეც ვთამაშობ ლუკასთან და ცოტნესთან, ანუ დიდებიც თამაშობენ.  მერე ერთმა ქალმა დარეკა და თქვა სანამ სახლში მოვიდოდი, სამი ძაღლი გამომეკიდა და დამკბინა, რას უყურებს ეს მთავრობაო. 
მამა ამბობს, ამ ქალს მაშინ გაახსენდა პოლიტიკა, ძაღლმა რომ უკბინაო, ანუ ყველა უნდა დაკბინოს ძაღლმა რომ ხალხს პოლიტიკა გაახსენდესო
ლუკა და ცოტნე ხელის თითებით ხან ორ თითს, ხანაც რგოლს აჩვენებენ ერთმანეთს და ჯეირანი, ჯეირანიო იძახიან. მერე რაღაც სურათს ხელს ურტყამენ და ვინც ატრიალებს მოგებულიც ის არის. მე ფანჯრიდან ვაკვირდები ყველაფერს, რაც გვხვდება. განსაკუთრებით გვირაბებში შესვლა მომწონს, დედას ვეკითხები ესენი ვანებია-მეთქი. რა ვანებიო. აი მე რომ ვბანაობ ის ვანა, ოღონდ გადმობრუნებული-მეთქი...
არაო, - იცინის...
მერე დაღამდა. რატო ღამდება. დღეE იმდენი სათამაშოა, იმდენი რამეა საინტერესო,  ღამე კი უნდა დაიძინო და დიდი-დიდი, შეიძლება სიზმარი ნახო...
ხან სიზმარი სინამდვილე მგონია... ერთხელ სიზმარში ვხედავ, რომ სოფელში ვარ და მეფსია. მერე  ბროწეულებში, მოფარებულში ვფსამ...
სისველემ გამაღვიძა...
მერე დიდხანს ვუმტკიცებდი ნინო დედას, რომ ლოგინში კი არ ვიწექი, არამედ ბროწეულებში ვქენი ფისი...
ვხვდები, რატომაც ღამდება. ალბათ დღისით მზე მთელი დღე რომ  ანათებს, იღლება და მერე, დაღლილი  დასაძინებლად მიდის...
მერე მეც დამეძინა.

*  *  * 

ცოტნე და ლუკას ვერაფერს ვერ კითხავ, უფრო სწორად კი კითხავ, მაგრამ ყველაფერზე მეუბნებიან ვერა ხარ შენო.
დღესაც დავაკვირდი,  რომ სამზადში, რომელიც ოდის შორიახლო დგას და ლილი იქ ცეცხლს ანთებს და კეცზე ხან ხაჭაპურებს, ხან კი ჭადებს აცხობს, ჭუჭრუტანიდან მზის სხივი შემოდის. ბიჭებს შევეხვეწე, მზის სხივი დავიჭიროთ-მეთქი. ისევ ისე მითხრეს, ვერ ხარო... 
მერე მარტოს მინდოდა დამეჭირა, ქუდიც შევუშვირე, მერე ხელი დავაფარე და ოდაში გავიქეცი, მინდოდა საღამომდე ჩემი სათამაშოების ყუთში შემენახა, შევინახე კიდეც, მერე ბიჭებს ვეტყვი, აი ნახეთ სხივი დავიჭირე-მეთქი... აბა გვანახეო, რომ მეტყვიან  და რომ ვანახებ, როგორ გაუკვირდებათ. თან ღამე სიბნელე რომ იქნება, მხოლოდ მე მექნება მზის შუქი.
თუმცა რომ დაღამდა მე თვითონ გავხსენი ქუდი, ჯერ მე მინდოდა მარტოს მენახა სხივი,  არაფერი დამხვდა... მერე მივხვდი, ჩემს ქუდს ხო ნახვრეტები აქვს და გამექცა...
არა უშავს, კიდევ დავიჭერ. 


*  *  * 

გუშინ რომ ავდექი, ცივი წყლით სავსე ვარცლში ჩავვარდი.  თურმე საწოლთან დაუდგამთ. ამოსვლა რომ მინდოდა, ფეხი Dამიცდა და კვლავ შუაგულში მოვადინე ტყაპანი. ხმაურზე ლილი, შემოვიდა, რას აკეთებო, ეს იმ საზიზღრებმა მოგიწყვესო, არა, მე თვითონ-მეთქი. 
სოფელში სხვანაირი ცაა, სხვანაირი მზეა, მთვარეც და ღამეც სხვანაირია. რო დაღამდება ეზოში ციცინათელების გუნდები დაფრინავენ. შეიძლება ღამით მზეს არ სძინავს.  ისეა სადღაც ოთახში ჩაკეტილი, როგორც მე ჩამკეტეს ლუკამ და ცოტნემ. ხოდა ტირის.  ციცინათელები კი მზის ცრემლებია ალბათ, ზუსტად არ ვიცი... ცოტნეს და ლუკას რომ ვკითხო აზრი არ აქვს, არ მეტყვიან...
მგონი ჭკუა ვისწავლე, დღეს გაღვიძებულმა კარგად მოვათვალიერე იატაკი, რაიმე ხო არ დევს-მეთქი, ვერაფერი შევნიშნე... ოთახიც მოვათვალიერე, თითქოს არავითარი საფრთხე...
ისევ ძირს მოვადინე ზღართანი. კიდევ ფეხით ვიყავი დაბმული, ახლა უკვე საწოლზე. რა შტერები არიან. არავითარი ფანტაზია, …არ აქვთ... 
ეს ლილიც როგორ გათამამდა, იმის მაგივრად, ხაჭაპურები აცხოს, დღეს მეუბნება, არ გინდა ნახევარქათამას ლექსი გასწავლოო,  არ მინდა-მეთქი. ნახევარქათამზე უნდა გადამიყვანოს.
ცოტნე და ლუკა სულ სადღაც დარბიან, მეც მინდა მათთან მაგრამ არ მივყავარ, Eშენი თავი სად გვაქვსო, ჩემი თავი რატო უნდა გქონდეთ, ჩემი თავი მე მაქვს-მეთქვი, მაინც არაო...
გუშინ დამიძახეს, თან საუბარი მესმის, ჯერ ამას გავასინჯოთო.  მერე რაღაცა ქაღალდში გახვეული მომცეს, სიგარეტს ჰგავდა, ასანთს უკიდებდნენ,  ეს მოწიეო...  ამასობაში თავზე ლილი წამოგვადგა წკეპლით და დაგვცხო. ის რაც უნდა მოგვეწია, წაგვართვა, დაფშვნა და გადაყარა. თან თქვენ არ მოუკვდით დედათქვენსო, იძახდა. ლუკას და ცოტნეს მეტი მოხვდათ,  სულ ცაში დახტოდნენ.  გავიქეცით. მე ფეხი რაღაცას წამოვკარი და ძირს მოვადინე ზღართანი.  ლილი შეშინდა, რამე ხომ არ იტკინეო. რა უნდა მტკენოდა, უბრალოდ გული დამწყდა, ისევ უჩემოდ გაიქცნენ სადღაც...  უკან დავბრუნდით.  ლილიმ, ქუხნას ეძახის, იმის სხვენს  კიბე მიაბჯინა და  ვედრით თხილი აიტანა გასაყრელად...
ამ დროს საიდანღაც ცოტნე და ლუკა გამოძვრნენ, ლილის კიბე წაუქციეს ისევ გაიქცნენ... ლილიმ სად გარბიხარ თქვენ არ გასაწყვეტლებო, კიბე დამიბრუნეთო... იმათ კი თითქოს არაფერი არ ესმოდათ ისე გადაცვივდნენ ეზოდან... 
მეც მინდოდა გაქცევა, მაგრამ არ დამელოდნენ, მარტო კი არ მინდოდა წასვლა. მარტო ეზოდან გადასვლა მეშინია.  ერთი საშინელი მეზობელი გვყავს, ნოდარა, რომელიც  მსუქანაა, ბურთივითაა დამრგვალებული. ორი დღის წინ ჩვენთან იყო სტუმრად და სკამი გაგვიტეხა. ლილი ამ დროს თხილის და არყის გამოსატანად იყო ოდაში ასული. რო დაბრუნდა და სკამი გატეხილი დახვდა, საყვედური უთხრა, შეE კაცო, დაჯექი ზედ ალბათ და გატყდებოდა აბა რა მოუვიდოდაო.  ის კი ლილის ეუბნება, ექიმმა ალოეს ნემსები დამინიშნა, მირჩიე ერთი ძველი ექთანი ხარ,  გევიკეთო თუ არაო.  ლილი ეუბნება,  თუ დაგინიშნეს უნდა გეიკეთო,  ადგილის მეტი რა გაქვსო.  გუშინ ვნახე ეს ნოდარა როგორ კოდავდა უკანა ფეხებით კიბეზე გადაკიდებულ გოჭს. საწყალი გოჭი ისე კიოდა, შემეცოდა და ნოდარას ვეუბნები,  გაანებე თავი, რას აწვალებ-მეთქი. იმან კიდე არაფერსაც არ ვაწვალებ,  დავკოდავ და უფრო გასუქდებაო. შენ რომ მსუქანი ხარ დაკოდილი ხარ-მეთქი, ვეკითხები. იქ სხვა მეზობლებიც იდგნენ და ახარხარდნენ. ნოდარას არ გაუცინია და გაბრაზებულმა მითხრა, არაო, მე არ ვარ, მაგრამ მოვრჩები ამ გოჭს და მერე შე დაგკოდავო... მეც ცოტაზე მოვცილდი და ქვა ვესროლე, იმიტომ რომ მივხვდი მომერეოდა.  თუმცა მსუქანია, ღიპის მაგივრად ქვა ფეხში მოხვდა და სანამ გამომეკიდებოდა, მე თვითონ გავიქეცი...
მერე ღამით სიზმარში ვნახე - ნოდარა მომსდევს დიდი დანით და ჩემი დაკოდვა უნდა, მე კი გავრბივარ... ის მომსდევს და ლამისაა დამეწიოს... მერე გამეღვიძა.  უფ, რა კარგია,  სიზმარი ყოფილა... 
ლილი ისევ ზემოთაა.  მეუბნება, რომ ვინმეს დავუძახო რომ კიბე მიუყუდოს, მაგრამ მერე ამბობს, რომ არ წავიდე, იმიტომ  ხალხის ყბაში ჩავარდება და სჯობს დაველოდოთ იმ საზიზღრებს და არგასაწყვეტლებს როდის მოვლენ, ერთიც იქნება ხო მოშივდებათ... მე ჯერ უცებ წარმოვიდგინე ხალხის ყბაში ჩავარდნილი ლილი და ხალხი ლილის როგორ ღეჭავს, ცოდვა ლილი, მერე წარმოვიდგინე, რომ ლილი მზეთუნახავია და კოშკშია დამწყვდეული. რა მზეთუანახავი ლილია, მაგრამ ხაჭაპურს გემრიელს აცხობს, არადა მომშივდა, ვიფიქრე კიბეს მე მივუდგამ-მეთქი, მაგრამ ვერ ვზიდე... მერე ლილი თოკით ვედრას უშვებს და ზემოდან მეუბნება, აჩქი და გაზეთი მაინც ამომიგზავნეო... 
ცოტა ხანში  ჭიშკრის ხმა მესმის,  ალბათ ბიჭები დაბრუნდნენ. ვა,  მამა ჩამოსულა...
მე გავრბივარ, თუმცა იშვიათად ვხედავ, მაგრამ მამა  ძალიან მიყვარს... გულზე მიხუტებს და მეუბნება, ბებო  და ბიჭები სად არიანო... ბებო მაღლაა და გაზეთს კითხულობს, ბიჭები კი არ ვიცი-მეთქი... სად მაღლაო, გაკვირვებული მეკითხება. შვილო, ჩამოხვედიო, - ლილი იძახის სხვენიდან.  ხო დედა, მანდ რას აკეთებო. შვილო კიბე წამექცა და მომიყუდეო. რა მაგარია ლილი. მეგონა ბიჭებს ჩაუშვებდა, - არაფერიც. ალბათ ცოტნემ ასწავლა, რომ ვინმეს დაბეზღება არ შეიძლება...
ჯერ ლილი ჩამოვიყვანეთ, რომ ხაჭაპურები დაეცხო. მერე მამას ფეხბურთი ვეთამაშე და მოვუგე. ორი გოლი გავუტანე. რა მოუხერხებელი შვილი გაგიზრდია-მეთქი, ლილის  ვეუბნები, ის კი სახაჭაპურე ცომს ზილავს და იცინის.
მერე ლუკა და ცოტნეც მოვიდნენ, თურმე სკოლა ეწყებათ და უკან, ქალაქში დავბრუნდით... 

*  *  *

თოვლი  მოვიდა.  ჯერ თოვლის ბაბუა მოვიდა, მერე თოვლი.  ახლა უკვე სხვა ბაღში დავდიოდი. იქ იმიტომ მივედი, მეგონა წითელქუდა დამხვდებოდა მაგრამ არ დამხვდა. იქაც თუ ვინმე რამეს მეტყოდა,  ყველას ვურტყამდი. სანამ იქედანაც გამომაგდებდნენ, საახალწლო ზეიმი ჩაგვიტარეს - ახალწლამდე ერთი კვირით ადრე. ხოდა  თოვლის ბაბუა მოვიდა.  სულელური წვერი ჰქონდა რომელიც ბამბის იყო და ძვრებოდა.  აღმზრდელმა რაღაც ტექსტი გვასწავლა. ხოდა ეს ვითომ და თოვლის ბაბუა გვეკითხებოდა, ბავშვებო თოვლი ვის უყვარსო? ჩვენ უნდა გვეთქვა, ბავშვებსო. მერე გვკითხავდა, აბა ვის არ უხარიაო. ჩვენ უნდა გვეთქვა, მოხუცებსო, მაგრამ მე არ ვამბობდი. მე მგონია თოვლი ყველას უხარია,  იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. თან რა მაგარია, თოვლზე რომ დავდივარ და ჩემი სიმძიმის ქვეშ თოვლი ხრაშუნობს, ისიც მაგარია ჯერ კიდევ უვალ თოვლზე რომ გაივლი და ნაკვალევი ჩნდება. ზედ ციგით სრიალიც შეიძლება,  შეიძლება იგუნდაო. მთელი Dდღე გარეთ მინდა ვიყო, მაგრამ ახლა სიცხე მაქვს. დედამ ძიძა გააფრთხილა და გარეთ არ მიშვებენ. როგორ მშურს Lლუკას და ცოტნეს. ისინი სკოლიდან დაითხოვეს და მთელი დღეE თოვლში დარბიან, ციგაც აქვთ, რომელსაც ჩუკი-გეკი ქვია. ნეტა მალე დამიწევდეს სიცხე.  გუშინ სიზმარში ის ნატალი ვახე, წითელქუდა, თითქოს ჩემს სანახავდ მოდიოდა და კალათით ლილის დამცხვარი ხაჭაპურები მოქონდა.  მერე გამეღვიძა. დედა ამბობს რომ ისევ ბაღში უნდა მიმიყვანოს,  იმიტომ რომ ბაღში თუ ვიარე ისე სკოლაში არ მიმიღებენ. მე არ ვამბობ,  მაგრამ ისევ იმ ბაღში მინდა მისვლა სადაც მზესავით ლამაზთვალება ნატალი იყო. ტელევიზორში ამბობენ რომ  ძალიან ბევრ ქვეყანაში ახლა დიდ თოვლია და ეს არის, რაღაცა სიტყვას ხმარობენ, ხო -  გლობალური დათბობის მიზეზი. სულელები არიან დიდები, თუ გლობალური დათბობაა თოვლი როგორ მოდის, თოვლი ხო ცივია... თან იმის მაგივრად გარეთ გავიდნენ, იგუნდაონ, ისრიალონ, უნდათ თოვლი მალე დადნეს და გზებზე მარილს აყრიან.
ახლა, თუმცა თოვს ხანდახან მზეც გამოანათებს. ალბათ მზესაც უხარია თოვლი. სოფელში მზის სხივის დაჭერა რომ მინდოდა, ახლა გადავიფიქრე. მივხვდი რო დაჭერილი მზის სხივი სხივი არ იქნება...
ანუ მზის სხივი არ უნდა დაიჭირო...

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები