 | ავტორი: ანაგელი ჟანრი: იუმორისტული 3 აპრილი, 2012 |
ქმარმა გაიღვიძა და დაინახა, რომ ცოლი იქ აღარ იწვა, სადაც უნდა წოლილიყო, ამიტომაც გადაწყვიტა, თვითონაც სასწრაფოდ ამდგარიყო და საწოლიდან წამოდგა. ათ წუთში უკვე ჩაცმულ-გამოპრანჭული სამზარეულოში, მაგიდასთან, იჯდა და პურის ნაჭერზე გაყინულ-გაქვავებული კარაქის წასმით იტანჯებოდა. ცოლმა ჩაით პირამდე სავსე ორი ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ქმრის პირდაპირ ჩამოჯდა. შენი მზის სათვალე გავაპრიალე, - უთხრა ქმარს და მისგან საქებარი სიტყვების მოლოდინში განგებ შესამჩნევი პაუზა გააკეთა. – კარგი გიქნია! თანაც ამინდიც ისეთია, რომ... - გამოეპასუხა ქმარი და ცოლს ნაძალადევად გაუღიმა, - შენ რაღა მოგივიდა, რა სახე ჩამოგტირის? - უთხრა მერე, შენიშნა რა ცოლის დაღონებული გამომეტყველება და გულში, პირველი, რამაც გაუელვა, ის იყო, რომ იფიქრა: ალბათ ჩემს სიდედრს ისევ შაქარმა აუწია და, როგორც ყოველთვის, ახლაც უსაფუძვლო პანიკაშიაო. – ეეხ! - ამოიოხრა ცოლმა, - წეღან მარილი დამეფანტა, თანაც კარგა ბლომად. ხომ იცი, მარილის დაფანტვა ჩხუბს მოასწავებს. წყალიც დავასხი ზედ, სამჯერ ზურგს უკანაც გადავიყარე, მაგრამ მაინც მეშინია. ქმარმა ქვემოდან ახედა. სულ ასე გახედავდა ხოლმე, როცა ცოლის სიტყვებში რაიმე სისულელეს აღმოაჩენდა. ისე კი, იცოდა თავისი მეუღლის ცერუმორწმუნეობების შესახებ და ამას უკვე კარგა ხანია, შეგუებულიც იყო, მაგრამ გულში მაინც ბრაზმა წამოუარა. მარილს გადასწვდა... უკაცრავად, შაქარს გადასწვდა, კოვზით ჭიქაში ჩაიყარა და ისე ნერვიულად დაუწყო მორევა, გეგონებოდათ, ამ ფინჯანს ქარბორბალა დაატყდაო. – ჰმ, ქარიშხალი ჭიქაში, - ჩაილაპარაკა ცოლმა, რომელმაც ასევე მშვენივრად ამოხსნა ქმრის მზერა, - ჩემზე ნუ გაბრაზდები. ხომ იცი, ჩემი დამოკიდებულება ასეთი მოვლენების მიმართ. მარილს კი ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ვეპყრობი, მაგრამ შემთხვევა შემთხვევაა. რა ვიცი, როგორ მომიხვდა ხელი და... ძალიან ვნერვიულობ. არ მინდა ჩხუბი და პრობლემები, ხომ გესმის? – არ იფიქრო მაგაზე, - უთხრა ქმარმა და იმხელა ლუკმა ჩაყლაპა, რომ გულზე დაადგა, ჩაი დააყოლა და დაამატა, - ყურადღებას ნუ მიაქცევ, თუ მარილი სულ დაიფანტა მითხარი და საღამოს მოვაყოლებ. სხვა პრობლემას მე აქ ვერ ვხედავ. – რას ამბობ?! - შეიცხადა ცოლმა და სკამიდან წამოდგა, - ნუთუ მართლა ვერ ხედავ სხვა პრობლემას? - კარადა გამოაღო, მარილის კოლოფზე მიუთითა და განაგრძო: – მარილი საკმარისი დარჩა, აი, დაფანტულს კი ვეღარაფერს ვუშველით, ცუდის ნიშანია, ცუდის. - ბოლო სიტყვები თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. შუბლზე ხელი შემოიდო და სამზარეულო ოთახში დაძაბულად მოჰყვა ბოლთის ცემას. ეტყობოდა, რომ მეტად სერიოზულად განიცდიდა ამ ამბავს. ამის შემყურე ქმარს მადა სულ დაეკარგა. უნდოდა, ყურადღება არ მიექცია ცოლისთვის, მაგრამ მისი აქეთ-იქით დაძაბული სიარული სამზარეულოს მცირე ფართობში მეტად აუტანელი ეჩვენებოდა. – სისულელეა ასეთ უმნიშვნელო რამეზე ნერვიულობა. გამოუსწორებელი ცრუმორწმუნე ხარ. ეცადე დაივიწყო და დამშვიდდე, თორემ შენი შემყურე ლუკმა აღარ ჩამდის ყელში, - შეეცადა ქმარი ცოლის დამშვიდებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა უმალ გამზადებული პასუხი დაახვედრა. – ეს არის უმნიშვნელო რამე? მე ვარ ცრუმორწმუნე? განა უამრავი შემთხვევა არ გქონდა, რამაც დაგარწმუნა, რომ ასეთ მოვლენებს ყოველთვის მოსდევს შესაბამისი შედეგი?! აბა, შავი კატა გაიხსენე! – ოხ, შავი კატა! - კაცმა პირთან მიტანილი ფინჯანი უკანვე, მაგიდაზე, დააბრუნა და სკამზე მოუსვენრად გასწორდა, - მაგ შავი კატის შემთხვევამ კი არ დამარწმუნა, პირიქით, გადამარწმუნა ისიც კი, რისაც მანამდე მჯეროდა. – როგორ?! ნუთუ არ გახსოვს, რაც დაგემართა მას შემდეგ, რაც იმ კატამ გადაგირბინა?! - ქმარი წამით ჩაფიქრდა, თვალები ჭერს მიაპყრო, თითქოს, მართლაც, აღარ ახსოვდა. ტუჩები ნერვიულად მოკუმა და მერე წამოიძახა: – რას ამბობ! მაგას რა დამავიწყებს, სულ დეტალებში მახსოვს, ქუჩაში სამსახურიდან მომავალს შავმა კატამ რომ გადამირბინა. მე, სულელსაც, რომ სწორედ მაშინ გამახსენდა დედაშენისგან ნასწავლი ხერხი, რომელსაც ასეთი შემთხვევისას უბედურების თავიდან ასაცილებლად უნდა მიმართო. ვითომდა ის წარმოსახვითი ხაზი, სადაც კატამ გაირბინა, ზურგშექცევით, უკუსვლით უნდა გადაკვეთო და არც სამჯერ გადაფურთხება უნდა დაგავიწყდეს. ამას მახსენებ, ხომ? - გაფართოვებული თვალებით ჩაეკითხა ცოლს და მშვიდად, თანაც აღელვებით განაგრძო: – ხოდა, მე, სულელიც, სწორედ ასე მოვიქეცი და უკუსვლით, შემობრუნებულმა გავიარე კატის განარბენი. არც სამჯერ გადაფურთხება დამვიწყებია, – სამი თითი თვალებთნ მიუტანა ცოლს, – მაგრამ რად გინდა?! ამ ფურთხება-ფურთხებაში მე წინ ვიყურებოდი, უკან კი მივდიოდი, თუ წინ მივდიოდი და უკან ვიყურებოდი, როგორც გენებოს, ჩამიცდა ფეხი ტროტუარზე, დავეცი, თავიც გავიტეხე და ტვინის შერყევაც მივიღე. შენც, ხომ, მშვენივრად.... – აი, აკი მაგას ვამბობდი! შავმა კატამ გადაგირბინა თუ არა, იმავე წუთს თავი გაიტეხე, - ნიშნის მოგებით შეაწყვეტინა ცოლმა. – თავი იმიტომ გავიტეხე, რომ ზურგშექცევით მივდიოდი, - ხმას აუმაღლა ქმარმა. – ზურგშექცევით იმიტომ მიდიოდი, რომ შავმა კატამ გადაგირბინა, - არ დაუთმო ცოლმა. – ზურგშექცევით იმიტომ მივდიოდი, რომ ეს სისულელე ყოვლისმცოდნე დედაშენმა შთამაგონა, - დაიყვირა ქმარმა და ნახევრად შეჭმული კარაქიანი პურით ხელში სკამიდან წამოხტა. – დედაჩემს მასე ნუ მოიხსენიებ! – შეუბღვირა ცოლმა და გაბრაზებულმა მაგიდის ტილო მაგიდაზევე დააგდო, – საწყალი ქალი კვირაში ექვსი დღე აქ გიზის, რომ შენთვის კომფორტის შექმნაში დამეხმაროს, შენ კი აუგად მოიხსენიებ, ხომ? ჩემი ბრალია, აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი, რომ არ გსიამოვნებდა. – მაგარ კომფორტს მიქმნის, – უკან დასახევი გზა მოიჭრა ქმარმა და აყვირდა: – თუნდაც მაშინ, თავი რომ გავიტეხე, დასისხლიანებული და გაბრუებული რომ მოვედი სახლში, რა დამავიწყებს იმ დღეს, ჩვენთან დედაშენის ყოფნის ასმეცამეტე დღე იყო... – ახ, ითვლიდი კიდეც?! – დიახაც, ვითვლიდი! – აი, თურმე ვინ ყოფილხარ! თვალებში კი კარგად შესციცინებ. – მაგ დღეს რა დამავიწყებს, რაა... წითელი ხალათი ეცვა და, დამინახა თუ არა თვგატეხილი, მაშინვე ექიმბაშების რჩევების გადმოფრქვევა დაიწყო. აი, სწორედ ამ სკამზე ვიჯექი მაშინაც, – ქმარმა ძლიერად დაჰკრა ხელი სკამს, - რომ მკითხა, რა მოგდის, რას გრძნობო, მე ვუპასუხე, თვალები მიფრიალებს-მეთქი. ასეც ვგრძნობდი, და მოგვიანებით ექიმებისგანაც გავიგე, რომ ტვინის შერყევას სცოდნია ასეთი შეგრძნებები, ტვინის შერყევას. ხომ გახსოვს, მერე რაც მოხდა!!! - შეჰყვირა ქმარმა, – სულელმა დედაშენმა... – პირი გამოირეცხე, დედაჩემს რომ ახსენებ, – აქედანაც შეუყვირა ცოლმა. – დიახ! სწორედ, რომ სულელმა დედაშენმა, თვალების ფრიალი მისტიურ მოვლენად აღიქვა და აღრიალდა: არიქა, თვალის ფრიალი ცუდის ნიშანია და სასწრაფოდ რამე წითელი უნდა დავადოთ გასანეიტრალებლადო. მერე კი არც აცია, არც აცხელა, მეცა და ზედ რომ ეცვა, იმ ხალათის წითელი საყელო თვალზე მომაჭირა. საყელოზე კი რა ეკეთა?!.. - უკანასკნელ ხმაზე იღრიალა ქმარმა, - რა ეკეთა და ქინძისთავი!!! თვალი გამომთხარა!!! სწორედ იმ ქინძისთავით, ყველგან და ყოველთვის თან რომ დაატარებს, აქაოდა, თვალი არ მეცესო, ვითომც დიდად თვალმისავარდნიც ეგ იყოს. – შემთხვევით მოუვიდა, შენც კარგად იცი. შენთვის კარგი უნდოდა, შე დაუნახავო – აკივლდა ცოლი. – შემთხვევით ხომ?! რამდენი დღე ვიწექი საავადმყოფოს თვალის განყოფილებაში მაგ შემთხვევის გამო?! - განაგრძობდა ქმარი ბოლო ხმაზე ღრიალს. – ცამეტი! - ასევე ხმის მაქსიმუმზე ყვიროდა ცოლი, – და მთელი მკურნალობის ხარჯები ჩემმა ძმამ გადაგიხადა, უმადურო! – არ მინდა შენი ძმის გადახდილი ხარჯები! ჯანმრთელი თვალი მინდა, ჯანმრთელი! - აბღავლდა ქმარი და კარაქიანი პური მაგიდას დაახეთქა, - მას შემდეგ ამ თვალიდან გამუდმებით ცრემლი მდის და მხოლოდ ოც პროცენტს ვხედავ. და ეს ყველაფერი, თქვენი სისულელეების გამო... სიდედრმა თვალი გამომთხარა, ხალხნოო! - წამოიძახა ბოლოს და ორივე ხელი ზეცას აღაპყრო. – იმ დღით შენ შავმა კატამ გადაგირბინა! - აგრძელებდა წივილს ცოლი. ამასობაში სამზარეულოს შემოსასვლელში, წითელ საყელოიან ხალათში გახვეული, ახლად გამოღვიძებული სიდედრიც გამოჩნდა. ნამძინარევ სახეზე გაკვირვება ეტყობოდა და ასევე გაკვირვებულმა დაეჭვებული გამომეტყველებით, სიმკაცრეგარეული ტონით იკითხა; – რა არის, რატომ ჩხუბობთ? რომელიმეს მარილი ხომ არ დაგეფანტათ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ავტორი: ანაგელი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ანაგელი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
11. გაასწორა :D +2 გაასწორა :D +2
10. ეს წაკითხული მქონდა, ანაგელო. :) მაშინაც 5 დაგიწერე. :) ეს წაკითხული მქონდა, ანაგელო. :) მაშინაც 5 დაგიწერე. :)
9. გარედან ვკითხულობდი და ამის გამო შემოვედი. გავხალისდი მეტად :) სათაურმა უფრო შემომიტყუა თავიდან. ყოჩაღ! კარგი იყო, ხასიათზე მომიყვანა. გარედან ვკითხულობდი და ამის გამო შემოვედი. გავხალისდი მეტად :) სათაურმა უფრო შემომიტყუა თავიდან. ყოჩაღ! კარგი იყო, ხასიათზე მომიყვანა.
8. ეს წაკითხული მაქვს მაშინაც ძალიან მომეწონა და ახლაც , ხელმეორედ გადავიკითხე , შუამდე არ ვიყავი მისული, რომ გამახსენდა, მაგრამ სიმოვნებით ჩავედი ბოლომდე! ეს წაკითხული მაქვს მაშინაც ძალიან მომეწონა და ახლაც , ხელმეორედ გადავიკითხე , შუამდე არ ვიყავი მისული, რომ გამახსენდა, მაგრამ სიმოვნებით ჩავედი ბოლომდე!
7. გაიხარე, ვიხალისე! :))) 5 გაიხარე, ვიხალისე! :))) 5
6. უი, დედა....საწყალი კაცი....:)) მეორე თვალს უნდა მოუფრთხილდეს...:))))) უი, დედა....საწყალი კაცი....:)) მეორე თვალს უნდა მოუფრთხილდეს...:)))))
4. ყურადღებას ნუ მიაქცევ, თუ მარილი სულ დაიფანტა მითხარი და საღამოს მოვაყოლებ. სხვა პრობლემას მე აქ ვერ ვხედავ.
არც სამჯერ გადაფურთხება დამვიწყებია, – სამი თითი თვალებთნ მიუტანა ცოლს
ჩვენთან დედაშენის ყოფნის ასმეცამეტე დღე იყო... – ახ, ითვლიდი კიდეც?!
:))))))) +5.
ყურადღებას ნუ მიაქცევ, თუ მარილი სულ დაიფანტა მითხარი და საღამოს მოვაყოლებ. სხვა პრობლემას მე აქ ვერ ვხედავ.
არც სამჯერ გადაფურთხება დამვიწყებია, – სამი თითი თვალებთნ მიუტანა ცოლს
ჩვენთან დედაშენის ყოფნის ასმეცამეტე დღე იყო... – ახ, ითვლიდი კიდეც?!
:))))))) +5.
3. უმადური, დაუნახავი..:))) უმადური, დაუნახავი..:)))
2. :D:D აუ მაგარია. საწყალი კაცი ცრუმორწმუნე ცოლის და სიდედრის ხელში :D :D:D აუ მაგარია. საწყალი კაცი ცრუმორწმუნე ცოლის და სიდედრის ხელში :D
1. მახსოვს,ამ მოთხრობას"მარილი" ერქვა... ცვლილება განუცდია:)
რა დამავიწყებს იმ დღეს, ჩვენთან დედაშენის ყოფნის ასმეცამეტე დღე იყო... :) მახსოვს,ამ მოთხრობას"მარილი" ერქვა... ცვლილება განუცდია:)
რა დამავიწყებს იმ დღეს, ჩვენთან დედაშენის ყოფნის ასმეცამეტე დღე იყო... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|