 | ავტორი: ვალდამი ჟანრი: პროზა 4 აპრილი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
პანიკა თვალების გახელის რამოდენიმე ტიპი არსებობს: როდესაც ამას წარბების აქაჩვით იწყებ, ეს ნიშნავს, რომ გამოძინება მოახერხე და ზმორვის პროცესში ხარ; როდესაც პირდაპირ ქუთუთოებს აღებ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც გეჩქარება (ყოველ შემთხვევაში ასე გგონია); ხოლო როდესაც ჯერ იჭმუხნები, ანუ წარბები ერთმანეთისკენ იწევენ, ხოლო ყვრიმალები შუბლისკენ იქაჩება, რათა რეფლექსებმა თავის ტკივილის სპაზმი შეგიმსუბუქოს, ან/და სინათლით თვალის მოჭრისგან თავი დაგაზღვევინოს, - ესეიგი უდროო დროს გაგაღვიძეს, ან ვიდრე დაიძინებდი თრობის რომელიღაც მეთოდს წარმატებით გაართვი თავი. ამ დილას ჭმუხვნით გავახილე თვალები, თუმცა არავის გავუღვიძებივარ. მაგრამ უცნაური ისაა, რომ თვალების გახელის ნებისმიერ ტიპს ვიზუალური კონტაქტი მოსდევს გარემოსთან, ამ შემთხვევაში კი ეს კონტაქტი არ შედგა ... - დილაა რო ? თვალები დავახამხამე და რაც შემეძლო დავქაჩე, თან აქეთ იქეთ ორჯერ გადავატრიალე (თავის მოტრიალება ვერ გავბედე - ის მტკივნეულად ფეთქავდა), მაგრამ შავი სიბნელის გარდა ვერაფერი დავაფიქსირე. ბავშვობაში სადღაც წამიკითხავს ესეთი გამოთქმა - ჭიანჭველებმა დაუარა ტანზეო, ხოდა ეხლა მივხვდი ეგ რას ნიშნავდა - თან ერთსაც დავამატებ, ეს ჭიანჭველები კანზე კი დარბიან, მაგრამ შიგნიდან. სხეულმა საფრთხე თუ რაღაც ამდაგვარი იგრძნო და სუნთქვა ამიჩქარდა. გულისცემაც გარკვევით ვიგრძენი - ის ან ძალიან სწრაფად, ან ძალიან ხმამაღლა ცემდა. მივხვდი - ამ მდგომარეობას პანიკა ქვია. პანიკა ცუდია - კინოში მაქვს ნანახი, პანიკაში ადამიანი ყოველთვის ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამს, რომელსაც მისთვის არაფერი კარგი არ მოაქვს - შესაბამისად, პანიკას უნდა ვძლიო, დავწყნარდე და თითოეული მოძრაობა კარგად გავიაზრო. - პირველ რიგში უნდა გავარკვიო სად ვარ. სამჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ვიგრძენი, თუ როგორ დაბრუნდა გული თავის ადგილას. - მთავარია არ გავინძრე სანამ არ გავარკვევ - სად ვარ და როგორ მოვხვდი აქ! - თავი ისევ მტკივა - რამე ჩამარტყეს? - მოიცა, თანმიმდევრულად უნდა მივყვე. - რა მქვია ? - არა, ეს ნამეტანია, სახელიც და გვარიც მახსოვს. - ბოლოს სად ვიყავი ? - არა, ესე არ გამოვა, თვალები უნდა დავხუჭო და წარმოვიდგინო, თორემ ღია თვალებით მაინც ვერაფერს ვხედავ და კონცენტრაციასაც ვერ ვახერხებ. - ანუ დავუბრუნდეთ კითხვას - ბოლოს სად ვიყავი ? ანუ ბოლო სიტუაცია რომლის გახსენებაც შემიძლია ! ... დილას სახლიდან გავედი და ინსტიტუტში წავედი, - მერე რა მოხდა ? - მოიცა, მოდი ჯერ დავიწყოთ არსებულ სიტუაციაში გარკვევით - ესე არ გვასწავლიან ?! - ანუ რა ვიცი არსებული სიტუაციის შესახებ: ვწევარ, ხელები გვერდზე მიწყვია, უფრო სწორად იდაყვები გვერდზე მიწყვია, ხოლო ხელები შარვლის ჯიბეებზე. ... აჰა, ესეიგი შარვალი მაცვია. - მოიცა, მოდი აღქმების მიხედვით მივყვები - პირველია შეხება... თუ პირველი მხედველობაა ? - ხო არ დავბრმავდი ? - დაყრუებით არ დავყრუებულვარ - ეხლახანს გავიგე მანქანამ როგორ ჩაიარა, მაგრამ შორიდან. ანუ სმენა მაქვს... ანუ სმენა სასიმღერო არა, უბრალოდ ყურში მესმის. - სად ვწევარ ? - ხელით შეხება ნაადრევია, შეიძლება ხმაური გამოვიწვიო, - მაგრამ ზურგით და თავით ვგრძნობ, რაღაც მაგარია, თუმცა არც ისე ცივი, რომ ქვა იყოს. თავს ცოტა უკან ვწევ - კეფას ვუხახუნებ იმას რაზეც ვწევარ - ხორკლიანია, რაღაც ხის მაგვარი. - კუბოა? - არა, კუბო რომ იყოს ვიგრძნობდი, სუნთქვისას აშკარად ვგრძნობ, რომ ჩემს ზემოთ სივრცეა. - სუნი? რაღაც საღებავის სუნის მაგვარი მცემს., თუ ლაქია ? თუ უბრალოდ ხის სუნია ? - სუნებში აშკარად ვერ ვერკვევი! - გემო? - პირში საშინლად მწარე გემო მაქვს - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მომენტის წებო ჩამასხეს და სადაცაა ბოლომდე გახმება. წყალი მწყურია. არა, მწყურია კი არადა მაგრად მწყურია. - დაჭრილი ვარ, სისხლი დავკარგე და იმიტომ მწყურია ? - არა, დაჭრილი რომ ვიყო რამე მეტკინებოდა, - თავი? არა, თავში რომ ვიყო დაჭრილი ცოცხალიც არ ვიქნებოდი. - ცოცხალი ვარ რო? - უცებ გამომასხა ოფლმა და მთელი შუბლი მომენტალურად გამიყინა (აი ამას ეძახიან „ცივმა ოფლმა დაასხაო“), გული თითქოს გამიჩერდა და სუნთქვაც თან მიყვა ... არა, გული რახან მუშაობს, ესეიგი ცოცხალი ვარ - ამოვისუნთქე. - ჩახუთული ჰაერია, სადღაც სხვაგან ვარ, სადაც წესით არ უნდა ვიყო, რადგან არც არასდროს ვყოფილვარ. ... ხო, სახლიდან გამოვედი და ინსტიტუტში წავედი. ... ფეხით. ფეხი ბოლომდე გაშლილი არ მაქვს, რაღაცაზე მაქვს მიყუდებული. ფეხსაცმელი არ მაცვია - ფეხის თითებს ჩუმად ვუსმევ იმას, რაზეც მიდებული მაქვს - იგივე შეგრძნებაა რაც კეფისას - რაღაც ხისმაგვარი ხორკლიანი ზედაპირია - ყუთში ვარ? - კუბო არ არის. და რატომ არ არის კუბო? - ა, ჰო, ჩემს ზემოთ სივრცეა - სუნთქვისას ვგრძნობ. - როგორ ვგრძნობ? - თბილი ჰაერი უკან არ მიბრუნდება. ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ვახერხებ, - ის უბრალოდ გამითავდა. ...წყალი მწყურია საშინლად. - ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? - და რა დამთავრდება? - რა დაიწყო რო? სუნთქვა ისევ მიხშირდება - კვლავ ნაცად ხერხს მივმართავ და მესამე ჩასუნთქვაზე პანიკის ნიშანწყალიც აღარაა. ...ესეიგი ფეხით წავედი ინსტიტუტში, მერე ანუკი შემხვდა და მომილოცა დაბადების დღე... ანუ გუშინ დაბადების დღე მქონდა ? - არა, მე კი არ მომილოცა, ნიკას მიულოცა - ნიკასთან ერთად ვიყავი. ამ დროს სანი მოვიდა მანქანით, ფარები ჩააქრო და ... ... ნაცნობი ხმა - ამ ხმას ჩემი ტელეფონი გამოსცემს როცა ჯდება - ტელეფონი სადღაც აქ არის. /იმედი - ეს არის დროებითი „სიმშვიდე“, რომელიც გეუფლება წითელზე ბოლო ასდოლარიანი ფიშკის დადებიდან რულეტკის გაჩერებამდე - რაც არ უნდა ამოვიდეს, გინდა წითელი, გინდა შავი, - იმედი ქრება / ფრთხილად მიმაქვს ხელი შარვლის მარჯვენა ჯიბისკენ, ვიღებ ტელეფონს, ვატრიალებ ჩემსკენ, - დარეკვა არ შეიძლება, ვერ დავილაპარაკებ, მესიჯს გავუგზავნი ნიკუშას, - ვეძებ მენიუში “Create Message” … ... ესეიგი - დილას გამოვდივარ სახლიდან და მივდივარ ინსტიტუტში ფეხით, გზაში ვიღებ ტელეფონს და ნიკას ვუგზავნი მესიჯს „nikush gamovedi da chamodi”. ნიკუშა ქვევით მხვდება. - წავედით? - კლუბთან ერთად მივედით, მალე ანუკიც გვხვდება და დაბადების დღეს ულოცავს ნიკას; ამ დროს სანიმ მოაყენა მანქანა, ჩააქრო ფარები და ... - მოიცა, ეს დილა კი არა, საღამო იყო, ანუ დილას ინსტიტუტში კი ვიყავი, მაგრამ მერე საღამოს ნიკუშასთან ერთად კლუბში წავედით... ... ისევ ნაცნობი ხმა - ამ ხმას ჩემი ტელეფონი გამოსცემს, როდესაც ჯდება - უზარმაზარმა ეკრანმა რაღაცეები მიხატ-მოხატა და ჩაქრა... - შავი ამოვიდა / NOKIA1280 – ეს არის მობილური ტელეფონის შედევრი, რომელიც არასოდეს ტყდება და არასოდეს ჯდება, და რომელიც ჩემს მეორეკლასელ ძმას ვაჩუქე. ალბათ მალე მობილურებს ფრენის ფუნქციაც ექნება - ჩართავ GPS-ს, მონიშნავ კოორდინატებს, შემოახტები და წავიდააა. ოღონდ შუა გზაში დაგიჯდება და ჩამოვარდები. / უხმოდ ვყვირივარ - ისიც კი ვერ მოვახერხე, მიმენათებინა და გამერკვია - სად ვარ. ისევ მიხშირდება სუნთქვა, ისევ მივმართავ ნაცად ხერხს, თუმცა სამი ჩასუნთქვა აღარ მყოფნის. საშინლად მწყურია წყალი. პირის ღრუს ვძაბავ, ნერწყვის მსგავსს ვაგროვებ და ვყლაპავ. საშინელი გემო აქვს, ლიმნის სიმწარე დაკრავს ... ... ლიმნით დასველებულ მარილს ხელიდან ენის ერთი მოსმით ვილოკავ, ტეკილას ლამის ჭიქიანად ვყლაპავ და ლიმონს თავის ქერქიანად ვღეჭავ - ნიკუშას სახე ეჭყანება - ჩემს მიმიკას უნებურად იმეორებს. „გეყოფა შეჩემა, სხვასაც დაუტოვე“ - სანი ნიკასნაირი გამომეტყველებითა და პაპაშვილური ტონით მარიგებს ჭკუას, ისე, რომ ვიღაც ქერა ნაშას ტრაკიდან ხელს არ უშვებს. ბარმენი მოღადავე ღიმილით ქვევიდან მიყურებს და თან ვიღაცას კოქტეილს უკეთებს. მოპირდაპირე მხარეს ბლანჟიანმა უცხოელმა (ბლანჟე, რიჟა თმები, კურნოსა ცხვირი და საყურე) სამ ყლუპში გამოცალა ერთი კათხა ლუდი ... ... მაგრად მწყურია, პირს ძლივს ვაწკლაპუნებ... ადამიანს 40 თუ 42 დღე შეუძლია უწყლოდ გაძლება... ალბათ მეც გავძლებ... მაგრამ ამდენ ხანს გამაჩერებენ აქ? რატომ მომიტაცეს? არა, უნდა გავიხსენო ვინ და რატომ მომიტაცა! ... შტრო - ცეცხლი ერთი შებერვით ჩავაქრე, მოვიყუდე და შაქარიც მივაყოლე - გულის რევის შეგრძნება მაქვს; ფოკუსი აირია; აქამდე გაორებული სახეები ერთმანეთში გადაიზილა; ხმებმა სიმკვეთრე დაკარგა და ყრუ გუგუნში გადაიზარდა... გადღაბნილი სილუეტებიდან ნიღბიანი ტიპი იარაღის ლულას მიშვერს. ...თვალები თავისით მეხუჭება, გუგუნი და ადამიანების აზელილი ხმები კიდევ უფრო ირევა ერთმანეთში. -ასე მშვიდად რატომ ვარ? ... რაღაც ხმაურია - საუბარი მესმის ძალიან მოგუდულად. იქნებ დავუძახო საშველად? -ისინი რომ იყვნენ? - ესენი ისინი რომც არ იყვნენ, ისინი ყვირილს მაინც გაიგონებენ. - და ვინ არიან ისინი? ტერორისტები?- არა, ტერორისტებს პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ, ან რელიგიური ფანატიკოსები არიან. - აქ რა უნდათ რელიგიურ ფანატიკოსებს? - რა მაგარი იქნება, შალიკო რომ მოთხოვნას წამოაყენებს: „ვიდრე ნაგავს დენიდან არ მოხსნით, საათში თითო კაცს გამოვასალმებ სიცოცხლეს!“ -სხვებიც ყავთ ნეტა? ნიკუშას ასთმა აქვს, ამ სიტუაციაში დიდხანს ვერ გაძლებს. -გამოსასყიდს მოითხოვენ? - მამაჩემს კიდევ ეგ უნდა?! ალბათ გადაიხდის და მერე თვითონ მომკლავს! ... სამი კვირის წინ მამაჩემს ინსტიტუტიდან შეტყობინება მიუვიდა: „ორ დღეში თუ არ დაფარავთ სწავლის საფასურს, თქვენი შვილი ჩაითვლება გარიცხულად, ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად“. - ეს სწორედ ის 1500 დოლარია, წითელს რომ ვენდე და 12-ჯერ ზედიზედ შავი ამოვიდა. ...მამაჩემმა სახლიდან გამომაგდო. კი არ გამომაგდო და გამოვასწარი. ის ღამე სანის წყნეთის აგარაკზე გავატარე. მეორე დღეს დედაჩემმა დამაბრუნა, თუმცა მამაჩემი დღემდე არ მელაპარაკება. ... ფეხის ხმა მესმის, რომელიც მიახლოვდება. აი უკვე ჩემს თავთან არის. ...მაგრამ შეუჩერებლად ჩამიარა, რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა, რაღაც ჩუმად ჩაიბურდღუნასავით და იგივე ტრაექტორიით უკან გაბრუნდა. ფეხის ხმა რაღაც ორმაგად ისმის, აი ფლოსტებით რომ დადიან ხოლმე ისე, - წარმოვიდგინე ტერორისტი ნიღბით და კალაშნიკოვით, რომელსაც ფლოსტები აცვია და გამეღიმა. ... სიცივეს ვგრძნობ. გუგუნი აღარ ისმის. იღლიებში ვიღაცეების ხელები მაქვს ამოდებული და მიმათრევს. იღლიები მტკივა, მაგრამ ხმის ამოღების თავი არა მაქვს. თვალებს ვახელ, თავს (ანუ კისერზე რაც მაბია) ვერ ვძრავ და თვალებით ასფალტზე მიმფორთხავ საკუთარ ფეხებს ვაფიქსირებ, რომლებიც მხოლოდ ოთხ-ხუთ ნაბიჯში ერთხელ თუ აკეთებენ მათთვის სავალდებულო მოძრაობას. ... გავოფლიანდი. ფეხები ცოტა მოვღუნე და ხელებიც გავამოძრავე. წყურვილმა თითქოს გადამიარა, მაგრამ თავი ალბათ სადაცაა გამისკდება. ხელფეხი გახსნილი რატომ მაქვს? ანუ შეკრული რატომ არ მაქვს? ანუ ისეთ ადგილზე ვარ, რომ გაქცევის შანსი არ არის? -აუ გამისკდა თავი! -მომკლავენ? - ალბათ არა, რაში ვჭირდები მკვდარი? -და ამდენი ხანი რატომ არ დარეკეს ოჯახში? -იქნებ ადამიანების ორგანოებით ვაჭრობენ? ისევ მესმის ყრუ საუბარი. აშკარად ტელეფონზე ლაპარაკობს. მგონი ქალის ხმაა. ზოგ სიტყვას ვარჩევ კიდეც: „უცებ მოვამთავრებ“, „კარგი“. ისევ ნაბიჯების ხმა, რომელიც მიახლოვდება. სუნთქვა მეკვრება, გული კი თანაბრად უმატებს ძალასა და სიჩქარეს, ლამისაა მკერდი ამომინგრიოს. ფეხის ხმა ნელი ნაბიჯით მიახლოვებს „მას“ და ამ დროს თითოეული წამი უსაშველოდ იწელება, ნაბიჯსა და ნაბიჯს შორის უფრო და უფრო დიდი დროითი სივრცე ჩნდება და მე სუნთქვა აღარ მყოფნის, შინაგანად ვგრძნობ, რომ ეს დასასრულია, დასასრული ჩემი უსაგნო ცხოვრების, ცხოვრების, რომლისგანაც მოსაგონარიც კი არ დარჩება არაფერი... დედაჩემის თვალები დამიდგა წინ! ... ჩემს ოთახში Angry Birds-ს ვთამაშობ, ურთულესი ტურია, ერთი წითელი ჩიტი დამრჩა ბოლო გოჭის დასაბრედად. დედაჩემმა ჩუმად შემომიღო ოთახის კარები და ვერმიშელით სავსე თეფში მაგიდაზე ფრთხილად დადო. ზუსტად ამ დროს „რაგატკა“ მოვქაჩე და... ჩიტმა მიზანს გადაუფრინა... თვალები დამიბნელდა... „რა დროს შემომიღებ ხოლმე რა !“ ეს იყო ამოღრიალებული ფრაზა, რომელიც გასროლილ ვერმიშელიან თეფშს მივაყოლე... დედა რეფლექსურად შემოტრიალდა, ხელები ერთმანეთისთვის ჩაეჭიდა და გულზე მიეკრო, შეშინებულმა ქალებმა რომ იციან ისე. მაგრამ თვალები... თვალები ალბათ ყველაფერს ერთად გამოხატავდა, მოულოდნელობას, შიშს, კითხვას „რატომ“, დაკარგულ წლებსა და უპასუხო სიყვარულს, ცხრა თვესა და ოც წელიწადს, დიდ პატიებასა და უანგარო სიკეთეს... მე კარები მივუჯახუნე. ... სწორედ ეს თვალები მიდგას ეხლა წინ, თვალები, რომლებიც მარტონი იქნებიან შვილის დაკარგვით გამოწვეული დარდისა და სინანულის გულწრფელობაში. დედა, აი ყველაზე ძალიან ვისი მოხმობა მინდა ეხლა საშველად, მაგრამ სუნთქვა კვლავ შეკრული მაქვს. თავი მომავალი ხმისკენ გადავატრიალე, ვგრძნობ, თუ როგორ დამეჭიმა სახის ყველა კუნთი და როგორ ვიღებ ნელნელა მუმიის ფიზიონომიას. ნაბიჯები შეწყდა, „ის“ უკვე მოვიდა და ნელნელა იღება ჩემი „საკნის“ კარები. თითოეული გაღებული მილიმეტრი თითქოს საუკუნე გრძელდება. სხეულს ვეღარ ვგრძნობ. დაძაბულობისგან ძარღვები დასკდომაზე მაქვს. შემოსული სინათლე თვალებს მჭრის (დღე ყოფილა) და გაღებული კარიდან ქალის სილუეტი იკვეთება, რომელსაც ხელში მოგრძო რაღაც უჭირავს. მე თვალებს ვხუჭავ და მთელი ჩემი გუშინდელი დღე ფაზლივით ეწყობა: ნიღბიანი ტიპი იარაღს მიშვერს, მაგრამ უცებ მის ნაცვლად უეინ რუნი მსაჯთან კამათობს, ბართან მჯდომი ბლანჟიანი უცხოელი კი უკმაყოფილო ბუზღუნით ატრიალებს ტელევიზორის პულტს; მერე ნიკა და სანი მხრებით მიმათრევენ მანქანისკენ; სახლში ჩუმად ვახერხებ შესვლას და საკუთარ საძინებელში გარდერობში ვიძინებ. დიახ, გარდერობში, რადგან საწოლიდან გადასაფარებლის აღება დამეზარა. ... დიახ, ეს ჩემი საკუთარი საძინებელია, მე საკუთარ გარდერობში ვწევარ და თავზე მადგას საკუთარი დედა. მგონი პირველად ხდება ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, როცა დედაჩემის გაოგნებულ, შეშინებულ, მაგრამ თანაგრძნობითა და სიყვარულით სავსე გამოხედვას თვალწყლიანი და ყურებამდე ახეული ბედნიერი ღიმილით ვპასუხობ. ... პირის გაუტოკებლად აღმომხდა: - დეე .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეხლა აღმოვაჩინე რომ სიტყვა "მშვენიალურია" ცხონებულ ნიკო გომელაურს ეკუთვნოდა, ხოდა... მშვენიალურია :):D ეხლა აღმოვაჩინე რომ სიტყვა "მშვენიალურია" ცხონებულ ნიკო გომელაურს ეკუთვნოდა, ხოდა... მშვენიალურია :):D
11. კარგად წერ...ხელწერაც ნაცნობია თითქოს...:) უბრალოდ ცოტა გაწელილია და მთლად დამღლელია მეთქი, ვერც მაგას ვიტყვი...-იმდენად კარგად წე...555 კარგად წერ...ხელწერაც ნაცნობია თითქოს...:) უბრალოდ ცოტა გაწელილია და მთლად დამღლელია მეთქი, ვერც მაგას ვიტყვი...-იმდენად კარგად წე...555
10. ნოკია1280 მინდა :)))))))
რაც კარგია, კარგია :))) ჩემმა გალეწილმა მთვრალმა მამიდაშვილმა გარდერობის კარგი გამოაღო და ეგონა ტუალეტში შედიოდა... აუუუუ, კიდევ კარგი ჩემი ძმა და ბიძაშვილი ოთხაში იყვნენ... მეორე დღეს მაგრად დავცინეთ :))))))))))
+2! ნოკია1280 მინდა :)))))))
რაც კარგია, კარგია :))) ჩემმა გალეწილმა მთვრალმა მამიდაშვილმა გარდერობის კარგი გამოაღო და ეგონა ტუალეტში შედიოდა... აუუუუ, კიდევ კარგი ჩემი ძმა და ბიძაშვილი ოთხაში იყვნენ... მეორე დღეს მაგრად დავცინეთ :))))))))))
+2!
9. ნოკია1280 მინდა :)))))))
რაც კარგია, კარგია :))) ჩემმა გალეწილმა მთვრალმა გარდერობის კარგი გამოაღო და ეგონა ტუალეტში შედიოდა... აუუუუ, კიდევ კარგი ჩემი ძმა და ბიძაშვილი ოთხაში იყვნენ... მეორე დღეს მაგრად დავცინეთ :))))))))))
+2! ნოკია1280 მინდა :)))))))
რაც კარგია, კარგია :))) ჩემმა გალეწილმა მთვრალმა გარდერობის კარგი გამოაღო და ეგონა ტუალეტში შედიოდა... აუუუუ, კიდევ კარგი ჩემი ძმა და ბიძაშვილი ოთხაში იყვნენ... მეორე დღეს მაგრად დავცინეთ :))))))))))
+2!
7. ხო, როგორც სერგეი ამბობს: "მშვენიალურია " ხო, როგორც სერგეი ამბობს: "მშვენიალურია "
6. გაიხარეთ, ხარებას გილოცავთ :) გაიხარეთ, ხარებას გილოცავთ :)
5. სიამოვნებით წამეკითხა. მშვენიალურრია. (ფარანიც აქვს NOKIA1280-ს) ხოდა, კეთილი სურვილები ჩემგან. სიამოვნებით წამეკითხა. მშვენიალურრია. (ფარანიც აქვს NOKIA1280-ს) ხოდა, კეთილი სურვილები ჩემგან.
4. აუ მაგარი იყო :):):):) ყურებამდე ახეული ბედნიერი ღიმილი მომეწონა :) ფინალი კარგი იყო , გაამართლა :):):) წარმატებები, ავტორო ;) აუ მაგარი იყო :):):):) ყურებამდე ახეული ბედნიერი ღიმილი მომეწონა :) ფინალი კარგი იყო , გაამართლა :):):) წარმატებები, ავტორო ;)
3. რადგან ამხელა რამე წავიკითხე უეჭველად კარგია :D მომეწონა ++ რადგან ამხელა რამე წავიკითხე უეჭველად კარგია :D მომეწონა ++
2. მე ვერ გავიხსენე , როდის იდო? თუმცა მომეწონა და ინტერესიტ წამეკიტხა:) წარმატებები. მე ვერ გავიხსენე , როდის იდო? თუმცა მომეწონა და ინტერესიტ წამეკიტხა:) წარმატებები.
1. რაც მე ამის წასაკითხად ვიწვალე, სხვა ნიკით რომ გედოთ.. მეგონა, ჩემი კომპიუტერი ვერ ხსნიდა რატომღაც:)) მცირე მოცულობის მიუხედავად, მაინც დამღლელია, მაგრამ კარგი მომენტებიც არის. იმედის განმარტება იყო შთამბეჭდავი:) რაც მე ამის წასაკითხად ვიწვალე, სხვა ნიკით რომ გედოთ.. მეგონა, ჩემი კომპიუტერი ვერ ხსნიდა რატომღაც:)) მცირე მოცულობის მიუხედავად, მაინც დამღლელია, მაგრამ კარგი მომენტებიც არის. იმედის განმარტება იყო შთამბეჭდავი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|