ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინეხ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 მაისი, 2012


,,ღმერთი მოკვდა" ანუ ,,ასე იტყოდა ზარატუსტრა" და ,,მისტერიები"

,,მომაშორეთ გენიოსები კომუნის მასშტაბით!..”. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ჯერ კიდევ 1892 წელს გამოვიდა, კნუტ ჰამსუნის ,,მისტერიები” XX საუკუნის სუნთქვით არის გაჟღენთილი და იუჰან ნილსენ ნაგელიც სწორედ ამ საუკუნის ადამიანია, თავისი დაკარგული ,,მე”-თი. იგი სრულიად მარტო ჩადის ერთ პატარა ქალაქში, საიდანაც წასვლა ქალაქის მაცხოვრებლების ნატვრაა. ეს არაა დიდი, ხმაურიანი, ფერადი დედაქალაქი, რადგან ნაგელი სწორედ მას გამოექცა და შედარებით უფერულ, თითქოს არაფრით საინტერესო ქალაქში ჩადის. ,,მძაფრი შთაბეჭდილება, სულიერი დაქვემდებარება რაღაც უხილავისადმი, ბუნების ბატონობა მასზე, სიცარიელეში ხელის ცეცება და გამუდმებული შიში...”, ეს ძირითადი მახასიათებელი ნიშნებია ნაგელისა. ეს მეტად უცნაური კაცი ასევე უცნაურად იქცევა, მუდამ აკვირდება ხალხს და გააჩნია ყველასაგან განსხვავებული შეხედულებები ყველაფერზე. იგი ქველმოქმედია. თუმცა, მისი ქველმოქმედება ეჭვებს ბადებს, ყველა ფიქრობს, რომ ეს ნაგელს თავისი მიზნებისთვის სჭირდება, მაგრამ, დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რომ ნაგელს საერთოდ რამე აქვს ჩაფიქრებული. მას იმდენად განსხვავებული წარმოდგენა აქვს სამყაროსა და მასში მიმდინარე მოვლენებზე, რომ ვერც კი მოიაზრებს, საერთოდ სხვა აზრი როგორ უნდა მოუვიდეს კაცს თავში. ნაგელი ხანდახან უხეშია, ცინიკოსი და ყველაფრის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილი. იგი ფიქრობს ყველაფერზე, ყველა საკითხს მოიცავს მისი გონება, რომელიც შესანიშნავ სახეს გვაძლევს ნაგელის შინაგან სამყაროზე. შეიძლება ადამიანებს იგი ფსიქიურად გაუწონასწორებელ პიროვნებად მოეჩვენოს. მისი გონება რაღაც მისტიურსაა დამორჩილებული. მის მიერ მოთხრობილი ამბებიც ასეთივე იდუმალებით არის მოცული. ამ ამბების მოსმენისას ყველა არაბუნებრივი გრძნობებითაა გამსჭვალული.
ამ ქალაქში ნაგელს თითქოს არაფერი ადარდებს. მთელი ნაწარმოების განმავლობაში მკითხველს რჩება შეგრძნება იმისა, რომ ნაგელი რაღაცისკენ ისწრაფვის და ეს რაღაც თავადაც არ იცის რაა. ნაგელი აგდებულად საუბრობს პოეტებსა და მწერლებზე. ,,ყველა სულელი, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩება ხოლმე, ხანდახან მაინც წითლდება, აი, დიდ პოეტს კი ასეთი რამ არასოდეს ემართება”. ნაგელი პირდაპირ თავს ესხმის არამარტო ნორვეგიელ მწერლებს და აცხადებს, რომ ,,იბსენის შემოქმედება წმინდა წყლის კანტორული მექანიკური სამუშაოა” და მისი რითმებიც ყურითაა მოთრეული, გარდა ამისა, იგი აცამტვერებს ტოლსტოის და მის ფილოსოფიას უბრალოდ, დემაგოგიად მიიჩნევს.
ნაგელში დევს ნიცშეანური მსოფლხედვა, მაგრამ ის მაინც ეწინააღმდეგება ექიმს, რომელიც აცხადებს, რომ ყველა თეოლოგმა თავი უნდა მოიკლას, რადგან ,,ჩვენს საუკუნეს თეოლოგები აღარ სჭირდება. ხალხმა თავისი ჭკუით დაიწყო ფიქრი და რელიგიური გრძნობაც სულ უფრო და უფრო ქრება...”. ნაგელისთვის მნიშვნელოვანი არაა საყოველთაო აღიარება. ვერ გაიზიარებს იმ ადამიანის შეგრძნებებს, რომელსაც გული სიხარულით ევსება იმის გააზრებაზე, რომ ,,მზად ხარ იბრძოლო სამარადისო მშვიდობისთვის, სათავეში ჩაუდგე ფოსტალიონთათვის ფეხსაცმლის გასაუმჯობესებლად შეკრებილ კომისიას, სიტყვა შეაწიო პონტუს ვიკნერს, საჯაროდ დაიცვა მამაუფალი და ათადან-ბაბადან დაწესებული სამყაროს კანონზომიერება”. ნაგელისთვის არც პოლიტიკაა დიდად მნიშვნელოვანი. მას უიმედოდ უყვარდება დაგნი ჰელანი. ეს სიყვარულიც უცნაური, თავისებურია. იგი უამრავ წინააღმდეგობას წარმოშობს მისსავე გონებაში. საერთოდ, ნაგელი პოლიტიკიდან სიყვარულამდე, ყველაფერთან ამ სამყაროში, წინააღმდეგობაში მოდის. ,,ამ წინააღმდეგობების ჩვენება უკვე არის სურვილი ზეადამიანური ძალით აღჭურვილი კაცის არსებობისა, ერთგვარი რემინისცენცია ნიცშეანური ზეკაცისა, რომელიც ასევე საუკუნის ფილოსოფიამ შვა და რომლისთვისაც ეს სამყარო მეტად ვიწროა და მიუღებელი.
მიუხედავად ამისა, როგორც ყველა სხვა ლიტერატურული ზეკაცები, ნაგელიც იღუპება...”.
ნაგელიც თავის ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, იგი იღუპება ისევე, როგორც კაფკას იოზეფ კ., ნიკო ლორთქიფანიძის ელი, უნამუნოს ხოაკინ მონეგრო და გ. გეგეშიძის ვამეხი, კვდება, როგორც ფოლკნერის კვენტინ კომპსონი და ლეონიძის მარიტა, ელიოზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები