ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინეხ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 მაისი, 2012


,,ხეების სუნი აქვს კედის" ანუ ადამიანი და მთავარი

უ. ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარება’’ ჩვეულებრივი ადამიანების მღელვარე შინაგან სამყაროზე მოგვითხრობს. თავად ნაწარმოების სათაურიც, რომელიც შექსპირის ,,მაკბეტიდანაა” აღებული, გამოხატავს რომანის თითოეული გმირის შინაგან ხმაურსა და ,,მძვინვარებას”. დრო, ისევე, როგორც მარკესთან, ჯოისთან ან კაფკასთან, აქაც პირობითი ცნებაა. დრო მხოლოდ გმირების ცნობიერებიდან გვეძლევა ისე, რომ მკითხველი ხვდება, თითოეული თარიღი რომანის გმირებისთვის რაღაცას ნიშნავს, მნიშვნელოვანი მოვლენითა თუ მოვლენებითაა დატვირთული. ეს თარიღები ,,ასათაურებს” კიდეც პერსონაჟების თხრობას. კომპსონების ოჯახი ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახია თავისი ზანგი მონებით. თუმცა, მწერალმა ამ ოჯახის თითოეული წევრის ღრმა შინაგანი სამყაროს ჩვენებით იგი უბედურებათა თავშესაფრად აქცია.
რომანში თხრობა პირდაპირ გმირების გონებით მიდის და ჩვენ მზა ამბის მსმენელნი კი არ ვართ, არამედ გმირების გონის წიაღიდან ვხედავთ და ვიაზრებთ ისტორიას, რომელიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ემოციების მოშველიებით იქმნება.
ნაწარმოები გონებაშეზღუდული ბენჯამენ კომპსონის შინაგანი ხედვით იწყება. მას არ გააჩნია ანალიზის, მოვლენების შეფასების უნარი. ამიტომ ბენჯის ეპიზოდში, რომელსაც თარიღად მისი დაბადების დღე ადევს, მოვლენათა აღქმა ხდება ისე, თითქოს უბრალოდ თვალს ვადევნებდეთ მათ მსვლელობას. შესაძლოა, ბენჯამენის ეპიზოდი სწორედ ამიტომაა გამორჩეული. აქ მკითხველი თავად აყალიბებს შეხედულებებს თითოეულ პერსონაჟზე, ისე, რომ ამაში მწერლის მიერ მათი დახასიათება არც სჭირდება, რადგან მათი საქციელიდან ყველაფერი გასაგებია. ვხედავთ, როგორ ზრუნავს ზანგი ქალი, დილზი მთელს ოჯახზე, თვალს ვადევნებთ კედის, კვენტინის, ჯეისონის ზრდასა და ჩამოყალიბებაას. მკითხველი ამა თუ იმ გმირის ხასიათს იმ უხილავი სიტყვათაშორისი ძაფით აყალიბებს, რომელიც ამ ეპიზოდს (ბენჯამენის) განსაკუთრებით ახასიათებს. თავად ,,ბენჯი, როგორც პიროვნება _ განსახიერებაა ამქვეყნიური უსამართლობისა, თითქოსდა ზოგადსაკაცობრიო პრობლემები ამ გმირის ხედვის პრიზმაშია გარდატეხილი და წარმოჩენილი. ბენჯის პიროვნებასთან სხვა გმირების დამოკიდებულებით ნათელი ხდება მათი ხასიათები, გარკვეულწილად მკითხველი გებულობს მათ ცხოვრებისეულ საზრისს...”.
მეორე ეპიზოდი კვენტინის თხრობას ეთმობა, თარიღად 1910 წლის 2 ივნისი აქვს დასმული, ეს მისი თვითმკვლელობის დღეა. კვენტინის თხრობას მუდმივად გასდევს სიკვდილზე ფიქრი. სიკვდილს კი იგი ,,დას’’ უწოდებს და რეალურადაც, კედი (კვენტინის და) ხდება მისი თვითმკვლელობის მიზეზიც. კვენტინის სულის მღელვარებისა და ხმაურის გასაგებად თუ აღსაწერად მწერალი დამატებით ინფორმაციას იძლევა ერთ წინასიტყვაობაში, რომელიც მწერლის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. ეს პატარა ჩანაწერი ზუსტი გასაღებია კვენტინის პიროვნების: ,,კვენტინ III. ვისაც თავისი დის სხეული კი არ უყვარდა, არამედ კომპსონების უსაფუძვლო ღირსებას სცემდა თაყვანს, რაც მისი დის პატარა, მოწყვლადი ქალწულობის აპკზე იყო დამყარებული, ასე შეიძლება ეს ვეებერთელა დედამიწის ბურთი ფურცელზე ბეჭდის დასმით გამოიხატოს. ის სისხლის აღრევას კი არ მიელტვოდა, რასაც არც არასდროს ჩაიდენდა, რაღაც პრესვიტერიანული მარადიული ცოდვის შეგრძნებამ გააწვალა...”. კვენტინის სულიერი განადგურების, რომელიც შემდეგ ფიზიკური განადგურების საფუძველიც გახდა, მიზეზი ხდება ის, რომ იგი ვერ აიტანს შებღალულ, დამცირებულ გრძნობებს, ვერ აიტანს, რომ მის კედის ვიღაც დოლტონ ეიმზი შეაცდენს. თითქმის მთელი მისი თხრობის მანძილზე გვესმის როგორ ყვირის კვენტინის შინაგანი ,,მე’’ ამ სახელსა და გვარს.
მესამე ეპიზოდს კი მწერლის ყველაზე საძულველი პერსონაჟი, ჯეისონ კომპსონი მოგვითხრობს. ესაა უზნეო, ყოველგვარი ეთიკური ნორმებისგან თავისუფალი, საზიზღარი მეშჩანი, რომელიც კიდევ ერთი ადამიანის, კედის უკანონო შვილის, კვენტინას სულიერი დაცემის მიზეზი ხდება. ჯეისონის გამო გარბის კვენტინა სახლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ უ. ფოლკნერის რომანში ნამდვილი ადამიანური შეგნების ადამიანები სულიერად ეცემიან, მწერალი სწორედ ამით უცხადებს ადამიანის დაღუპვას ,,არას’’.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები