ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაგელი
ჟანრი: პროზა
6 მაისი, 2012


მრავალჯერადი მონანიება (101 სიტყვა)

  ის არ ყოფილა ცოდვებისკენ მიდრეკილი ადამიანი, თუმცა როდესაც შეიტყო მონანიების შესახებ და ჩასწვდა მის  დანიშნულებას,  სულში უცნაურმა სიომ დაჰქროლა და იქ შიშისგან გატრუნული ცდუნებანი ააშრიალა. პატიების იმედმა გამბედაობა შემატა...
  პირველად ყველაზე უფრო უვნებელი შესცოდა, თუმცა შეშინებული  მაშინვე სამონანიებო დაწესებულებისკენ გაექანა, მანძილი ცოდვიდან შენდობამდე  უსწრაფესად დაფარა  და მოინანია. დამშვიდდა. მეორედ ისე შესცოდა, რომ ყველა გააოცა. მოეწონა, გაიბღინძა და წარბები მზაკვრულად აუთამაშდა, მერე  ისევ დაწესებულებისკენ გაიქცა, ძლივს მიაგნო, შეშინდა და მეზობლად დასახლდა. ცოდვები მძიმდებოდა მონანიების სიახლოვის იმედად. 
    ერთ ჩვეულ დღესაც, უკვე ყველაზე ავტორიტეტულ და სამაგალითო ცოდვილს  დაწესებულება დაკეტილი დაუხვდა. დაიზაფრა. ციდან ცნობის ფურცლები ცვიოდა. ” მონანიების მომსახურება გაუქმებულია!” ბრძანებას ხელს მთავარი მეკანონე აწერდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები