ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2012


- ვერ აეხსნა -

ბოხე გასაოცრად დიდი დაბადებულა, ,,გოლიათიაო,, - ასე ამბობდნენ. მამამ მას ბორისი დაარქვა და პირველად ბოხე მანვე დაუძახა. შერჩა ეს ახელი. ადრე გარდაეცვალა მამა ბოხეს. სულ პატარა იყო მაშინ. სახეც კი არ  ახსოვდა მამის. დედამ გაზარდა ერდათერთი ბოხე და როგორი წვალებით! ჩვეულებრივი ბავშვი იზრდებოდა - ჭიაყელაც გაუსრისავს, ქუჩის ძაღლებისთვის ქვაც უსვრია, მეზობლისათვის ხილიც მოუპარავს.  როდესაც დედამ სკოლაში პირველად მიიყვანა, მასწავლებელმა ბოხეს ,,გაბარიტებს,, რომ შეხედა - რატომ შარშანწინ არ მოიყვანეთო. არავინ ეფერებოდა ბოხეს დედის გარდა. განა ძალიან უშნო იყო, მაგრამ იმოდენა თავი ჰქონდა,  წინ გამოწეული ნიკაპი და რაც მთავარია -  უხეში გამოხედვა! სწორედ ეს აფრთხობდათ, თორემ ეზოში მშვიდად მჯდომი რომ დაგენახათ, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, ნამდვილად გადაუსვამდით თავზე ხელს, თუმც წამოტყმის სურვილიც სადღაც იქვე იყო. უნდა ითქვას, ბოხეს უხეში გამოხედვა შემთხვევითი არ აღმოჩნდა. სკოლაში მისულმა პირველივე დღეს გვერდით მჯდომ გოგონას ისე ძლიერად ჩაარტყა ჩანთა თავში, რომ საბრალომ ტვინის შერყევა მიიღო. გოგონას მამამ შეიბრალა ობოლი და ხუთ წუთიანი  ჭკუის დარიგებით  შემოიფარგლა. მეორედ ბოხემ მასწავლებლის შვილი სცემა. ესეც ,,გაუტარეს,,. მესამედაც  აპატიეს და რომ წამოიზარდა სულ მთლად გადაირია. მინდა დავაზუსტო: კი არ წამოიზარდა - უზარმაზარი გახდა! კი არ გადაირია -  გაცოფდა! სამი-ოთხი ჩხუბი დღეში მისთვის ჩველებრივი აბმავი გახლდათ და მშვენივრად ხმარობდა თავსაც და ნიკაპსაც, თორემ ხელები და ფეხები მუდამ საქმეში ჰქონდა ჩართული. ყველაზე მეტ  შიშს მოწინააღმდეგებში მაინც ბოხეს თავი ივწევდა -  ვისაც  მოხვდებოდა მას დიდხანს ასულიერებდნენ. ერთხელაც პოლიციის უფროსის შვილი შემოელახა. ამას სამ საათიანი საუბარი მოჰყვა პოლიციის განყოფოლებაში. ბოხე იქედანაც მშვიდობიანად გამოვიდა და სახლში მისულმა დედას გამოუცხადა -  პოლიციის აკადემიაში ვაბარებო. იმ წელს სკოლაც დაამთვრა და ჩააბარა კიდეც. დედას გაეხარდა, რადგან იფიქრა -  ქუჩაში ჩხუბს თავს დაანებებსო და სწორიც აღმოჩნდა. ბოხემ ისე დაამთავრა პოლიციის აკადემია, ქუჩაში ერთხელაც არ უჩხუბია, მაგრამ... 
          საკანში  ხელებშეკრული პატიმარი ნიღბიანს შეუყვანეს  და დაუტოვეს. პატიმრის საშინელი ყვირილი ოც წუთს გაგრძელდა.   
- ჰა?! მოაწერ?! 
- მოვაწერ - წარმოსთქვა თავპირდალეწილმა.   
  სწორად მიხვდით, ის ნიღბიანი ბოხე იყო, პატიმარი კი... რა მნიშვნელობა აქვს? - ადამიანი. მოკლედ ბოხემ ის სამსახური იპოვა, სადაც თავსაც, ხელებსაც, ფეხებსაც, ნიკაპსაც და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებსაც წარმატებით და, რაც მთავარია, შედეგიანად იყენებდა. სახეზე ის არცერთ პატიმარს არ ენახა. არავინ იცოდა ვინ იყო ის ნიღბიანი. არც  ბოხეს დედამ იცოდა ვინ იყო მისი შვილი და ამიტომ ეამაყებოდა პოლიციელი ბოხე. ხელფასი- დიდი, კარიერა - თავბრუდამხვევი, პატივისცემა - სათანადო, ერთ წელიწადში - მანქანა, მერე ბინა. ცოლი ღა აკლდა ბოხეს! 
- ნეტავი ვინ იქნება ის ბედნიერი შენ რომ შეიყვარებ? ერთი დამანახა!  - სიყვარულით გააყოლებდა დედა ფიქრს ,,სამსახურში,, მიმავალ შვილს - კიდევ კარგი მამაშენს არ დაემსგავსე! - გააგრძელებდა საოცრად სათნო ქალი, მარცხენა წარბიდან შუა ლოყამდე ქმრისგან დატოვებული ნაიარევით.       
ბოხე ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუცვლელი იყო, ყველგან, სადაც ურჩი პატიმარი გამოჩნდებოდა და როდესაც იქ ნიღბიანი ბოხე გამოჩნდებოდა, როგორც წესი ურჩები სწრაფად ღებულობდნენ ,,მორჩილებას,,.  ერთხელ ბოხეს მეტად ,,კერკეტი,, პატიმარი ,,შეხვდა,, და ეს ,,შეხვედრა,, სამ საათს გრძელდებოდა. არა! ვერ მიიღო ჩვენება ბოხემ!                       
- ხვალ მოვალ! - უთხრა დაღლილმა პატიმარს.                 
იმავე საღამოს ოცდახუთი წლის ახალგაზრდამ საკანში თავი ჩამოიხრჩო. აბა ვინ რას ეტყოდა შეუცვლელ ბოხეს? მერე ერთი პატიმარი წამებით გარდაიცალა.  ამის შემდეგ ბოხე ალკოჰოლს მიეტანა. ერთ დღესაც მთვრალი ბოხე  მანქანას სახლისკენ მიაქანებდა. გაჩერებაზე ახალგაზრდა ქალი დაინახა. ქალი ჩუჯდა, რადგან მეზობელი იყო და რადგან  ეგონა იცნობდა ბოხეს. მგზავრობა გაუპატიურებით დასრულდა. ბოხემ ქალი დააშინა და მასაც კრინტი არ დაუძრავს. მერე ის ქალი მალევე გათხოვდა,  რამოდენიმე დღის წინ ნიშნობა ჰქონია. 
მთვრალი ბოხე მიდი-მოდიოდა ციხიდან ციხეზე, კოლონიიდან კოლონიაში და კვალიფიკაციას იმახლებდა. ბოხემ ძილში ბოდვაც დაიწყო, რაღაც სახელებს იძახდა, ვიღაცას ეჩხუბებოდა, ყვიროდა, იგინებოდა, მერე ტიროდა, მეორე დილით კი არაფერი ახსოვდა. დედა დარდობდა: 
- ბოხე, შვილო, რა საშინელება გესიზმრება ასეთი, ჰა? 
- არაფერიც არ მესიზმრება! სიზმარი არც კი ვიცი რა არის! - გადაიხარხარებდა ბოხე. 
  ერთ დღესაც  ბოხე ისევ მთვრალი და ისევ საჭესთან ერთერთი კოლონიიდან ბრუნდებოდა. ,,დალნი,, ჩაერთო და ძალიან სწრაფად მიჰყავდა მანქანა. უცებ წინ ორი ახალგაზრდა გამოუხტა, ორივე საოცრად მოხერხებულად შეხტა ,,კაპოტზე,, გვერდიგვერდ დადგნენ, ერთმანეთს თავები მიადეს, ისე რომ ბოხესათვის თვალი არ მოუცილებიათ, მერე აუჩქარებლათ ფერმკრთალი სახეები საქარე მინისკენ წამოწიეს. ერთს კისერზე ქამარი ჰქონდა, მეორეს სახე დასივებული. ბოხე ახალგაზრდებს გაოგნებული უყურებდა, ხელით ანიშნებდა - გამეცალეთო,, რასაც მათი მხრიდან  ღიმილი მოჰყვა, რაც წამში ხარხარში გადაიზარდა... მერე საშინელი შეჯახების ხმა გაისმა. 
    ბოხეს დაკრძალვაზე ხალხი მრავლად მისულიყო. ვიღაც ტიროდა, აქა-იქ განყენებულ თემაზე საუბრობდნენ, ზოგნი ჩუმად იდგნენ. დედა კი იჯდა ერთადერთი შვილის ცხედართან და მის სახეზე  მხოლოდ დაბნეული გამომეტყველება იკითხებოდა...არავითარი მწუხარება!... მხოლოდ დაბნეული დედის სახე, რადგან ვერაფრით აეხსნა მიზეზი მომხდარისა... 
იმ ქალაქში, იმავე საღამოს, აი იმ ახალგაზრდა ქალმა, მთვრალმა ბოხემ რომ მანქანა გაუჩერა და სახლში წაყვანა  შესთავაზა და მოატყუა, ჩვილი გააჩინა. ..გოლიათიაო,,- ასე ამბობდნენ. ბავშვის მამას ეს ახარებდა, რადგან ახალშობილი ვაჟი იყო, მაგრამ ძლიერ აფიქრებდა შვილის დიდი თავი და გამოწეული ნიკაპი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები