ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინეხ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 მაისი, 2012


სიცილი ცრემლებამდე, ანუ ,,მზიური გულის" ადამიანი

,,როცა ი. ჭავჭავაძე და მ. ჯავახიშვილი იცინის, გაწნული სილის ტკაცუნი გესმის, როცა დ. კლდიაშვილი და ნ. ლორთქიფანიძე იცინის, ღიმილი ბაგეთ ოდენ შეეტყობოდის, ხოლო როცა ნ. დუმბაძე იცინის, იცინის და იცინის”-ო.
ადამიანი, თავისი ყველაზე ფართო და საუკეთესო გაგებით ნ. დუმბაძის რომანებისა თუ მოთხრობების ძირითადი თემაა. მის ნაწარმოებებში ადამიანი სამყაროს ცენტრია, რადგან ადამიანი შეუფასებელია. ნ. დუმბაძის ადამიანი ისეთივე განუმეორებელია, როგორიც ნ. ლორთქიფანიძის, მ. ჯავახიშვილის, ვაჟას გმირები. ,, ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეზე უყურო. ადამიანს როგორც ქანდაკებას, ისე უნდა შემოუარო და იმ კუთხიდან უნდა უმზირო, რომლიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება”.
არ შეიძლება ჰუმანისტური იდეალები ქართული კულტურისათვის უცხო ყოფილიყო. ამიტომ დასავლური ლიტერატურის თითქმის პარალელურად იქმნება საქართველოშიც ე. წ. ,,დემოკრატიული მწერლობა”, რომელმაც ადამიანი ყველაზე მაღლა დააყენა. 50-60-იანი წწ-ის მწერლობაში სხვებთან ერთად ნ. დუმბაძე ქმნის ნაწარმოებებს, სადაც ადამიანი ამაღლებულია, მისი შინაგანი ,,მე” თავისუფალია წლების განმავლობაში დამკვიდრებული ნიჰილიზმისგან. ეს ომისდროინდელი თაობა გახლდათ, ე. წ. ,,დაკარგული თაობა”, რომელმაც აკაკი ბაქრაძის თქმით, ნახა ,, ადამიანის ღმერთად გამოცხადება და მერე ღმერთის სატანად გადაქცევა, მორწმუნეთა ტოტალური გადაქცევა მკრეხელებად; გადაიტანა ომის დამანგრეველი და მშვიდობის გამომათაყვანებელი ძალა”. მიუხედავად ყველაფრისა, ნ. დუმბაძესთან ვერ შეხვდებით ეპოქის მიერ გაბოროტებულ პერსონაჟს. თავისი განსხვავებული წერს მანერით _ უშუალოდ და მსუბუქად გადმოგვცეს სათქმელი, მწერალს ჩვენამდე ომის, შიმშილის და რეპრესიების მძიმე თემები მოაქვს. ამას ყოველგვარი ხელოვნურობის, პათეტიკის გარეშე ახერხებს თავისი განუმეორებელი იუმორით. რადგან ეს ყველაფერი მისთვის ორგანულია, მისია და განცდილი აქვს. აკი თვითონვე თქვა; ,,ყველა ჩემი გმირი თვითონ მე ვარ, ჩემი ნაწარმოებები, ჩემი ცხოვრებაა. გამწარებული ბავშვობა, მშობლების დაკარგვა, უსაშველობის გულისმომკვლელი გრძნობა და ამავ დროს შეგნება იმისა, რომ შენს გარშემო ბევრი კარგი, კეთილი ადამიანია”.
ნ. დუმბაძემ დაამკვიდრა კიდევ ერთი რამ ლიტერატურაში. სწორედ იმის გამო, რომ გარშემო ამდენი კეთილი ადამიანია, ნ. დუმბაძის ნაწარმოებების ყველა გმირს, განურჩევლად ეროვნებისა, ერთმანეთი უყვარს. მწერალს და შემდეგ, შესაბამისად მკითხველსაც ერთნაირად უყვარს სომეხი გულოიანი თუ ქურთი აბო, ბერძენი იანგული თუ სოფელში ჩამოსახლებული ბოშები, თათარი ალი თუ ებრაელი მოსე და კიდევ ბევრი სხვა. ადამიანურობასთან ერთად ნ. დუმბაძის შემიქმედების ძირითადი საკითხები სიცოცხლე და სიკვდილია. მაგრამ ყველაზე ძნელი ადამიანად მოვლინებაა, რადგან იგი ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დაცვას მოითხოვს: ,,ძნელია კაცად ყოფნა, ძალიან ძნელი, გაცილებით ძნელი, ვიდრე ღმერთობა, მადლობა ღმერთს, ამაში თვითონ დარწმუნდა იესო ქრისტე – ჩვენი მაცხოვარი...”.
1978 წელს გამოქვეყნდა რომანი ,,მარადისობის კანონი”. ეს წიგნი კიდევ ერთი მოთხრობაა უშუალოდ განცდილისა და ნანახისა. ეს წიგნი ძიებაა კეთილსაწყისის, სიყვარულისა და ჰუმანიზმის, რაც მხოლოდ 60-70-იანი წწ-ის თაობის ინტერესთა სფერო კი არა, ზოგადად ნებისმიერი ეპოქის მწერლის პირდაპირი მოვალეობაა.
საერთოდ ლიტერატურაში დაყოფა (ჟანრობრივი, ეპოქალური) ძალზე პირობითია, რადგან ადამიანი ნებისმიერი ჟანრისა თუ ნებისმიერი თაობის ინტერესის საგანია და ამ ადამიანისთვის შინაგანი სრულყოფის შესანარჩუნებლად საჭიროა ყველამ დავიცვათ ,,მარადისობის კანონი”, რომელიც ნ. დუმბაძემ სიყვარულისა და სიკეთის ძიებაში აღმიაჩინა: ,,ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული: თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...”. ამას ათეისტი, კომუნისტი ბაჩანა რამიშვილი ამბობს, მაგრამ ღმერთი სწამს, რადგან, სწორედ ღმერთის ძიებამ მიიყვანა იგი ,,მარადისობის კანონის”, ამ სრულიად ჩვეულებრივი, მაგრამ ყველა მოკვდავისთვის სავალდებულო ,,კანონის” აღმოჩენამდე. ბაჩანას შინაგანი სამყაროს ცვლილებები, ძიების პროცესი საბოლოოდ ღმერთის აღმოჩენამდე მიდის. ეს ის ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ღმერთის მოკვდინება-აღდგინება. ბაჩანასთვის მარიამშია ეს ღმერთი: ,,პირველად მე გარდავიცვალე შიშით და აღვსდექი სიმარტოვეში...”. სიმარტოვიდან – თვალთმაქცობაში, თვალთმაქცობიდან – უდარდელობაში, უდარდელობიდან – სიძულვილში აღმდგარი საბოლოოდ, სიძულვილიდან სიყვარულში აღსდგა. ,, ...და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები... და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება... მე დავრჩები მარადიულ სიყვარულში...”. ასეთი ადამიანი დგას ჯომოლუნგმაზე და თეთრ, სპეტაკ ბაირაღს აფრიალებს, რადგან თეთრი ბაირაღი სიკეთის, სათნოებისა და სიყვარულის სიმბოლოა და ყველა ქვეყნის დროშა თავიდან თეთრი იყო. ახლა კი ,,ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ...”. ასეთი კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი და ერთმანეთის სიყვარული იყო საჭირო იმ ეპოქაში, სადაც ღმერთი მოკვდა და შემცვლელი ,,ზეკაციც” ვერ მოიძებნა, ადამიანი დაიკარგა. ეს ის დროა, როცა ,,შექმნილია არათუ ადამიანთა, არამედ კატათა, ძაღლთა, თაგვთა, თევზთა, ზღარბთა, მაჩვთა, ფრინველთა, ხოჭოთა, ბუზთა და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეწარმავალთა დაცვის კომიტეტები და საზოგადოებები”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები