ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინეხ
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2012


ომი ანუ როგორ ავატიროთ მკითხველი

  ვზივარ ახლა საგანგებოდ ჩვენთვის (ნიჭიერებისთვის რათქმაუნდა!) შერჩეულ ადგილას და ვფიქრობ, რა დავწერო. ისეთი მშვიდია აქაურობა, ლამაზი და მყუდრო. ჩამოსვლისთანავე ჩანთა ნომერში დავაგდე და ტბისკენ გავიქეცი. კონკურსის ორგანიზატორებმა ამ სეზონზე ლოპოტას ტბა შეარჩიეს. ზუსტად ისეთია, სადაც აუცილებლად უნდა წერო! მაგრამ ვერ ვისვენებ, ისეთი დალაგებულია აქაურობა, სულ მგონია რომ ახლა-ახლა გადაიღებენ სარეკლამო რგოლს, სადაც ,,ჯანმრთელი და ინტელექტუალი“ ახალგაზრდობა საკუთარ ნიჭს ფართო გზას აძლევს. თემამ, რაზეც უნდა დავწეროთ, დასაწყისშივე გამიქრო წერის სურვილი. ,,აგვისტოს ომი“, ჰოდა, ვზივარ ახლა ტბაში შეჭრილ ხის გადახურულში, წინ ალუბლის წვენი მიდგას, ვუყურებ მწვანე ტბას და მე უნდა დავწერო ომზე. თან არ დაგავიწყდეთ, ისე უნდა დავწერო, რომ არამარტო ჟიური, არამედ დანარჩენი შემოქმედებიც ავატირო. ჟიურის ატირება მარტივია, დანარჩენები კი ჩასაფრებულები არიან. სათითაოდ ყველას გვგონია, რომ ,,ამას ჩემზე უკეთ სხვა ვერაფრით შეძლებს“. თაზო წავიდა. თემა გამოაცხადეს თუ არა, მაშინვე წავიდა. მეც უნდა გავყოლოდი, აუცილებლად უნდა გავყოლოდი. მაგრამ ვერ მეყო. რა ვქნა ახლა, ცარასავით ერთი სიტყვა დავწერო ასჯერ თუ ანასავით ხმა არ ამოვიღო. რაიმე გულისამაჩუყებელის გახსენებას ვცდილობ.

მაღაზიაში
- ,,მარლბორო“, ერთი კოლოფი, თუ შეიძლება -, ეუბნება ქეთი გამყიდველ ქალს და თან  მექაქანება, როგორი საყვარელი და სიმპათიური ბიჭი გაიცნო გუშინ ტბაზე.  ვახსენებ, რომ მეც იქ ვიყავი.
- არ გვაქვს, მხოლოდ ,,პირველია“, უხეშად ამბობს გამყიდველი, - და არც გვექნება, ჭრის ბოლოს.
- კარგი, მომეცით - გაოცებული სახით აწვდის ქეთი ლარს
- სამი ლარი, - ახლა უკვე ვნერვიულობ
- რა არის, ომი დაიწყო? - ბუზღუნებს ჩემი მეგობარი და ნაყიდ სიგარეტს ჩანთაში უკმაყოფილო სახით ტენის. გამყიდველს ერთი სული აქვს ,,სახეში ჩააფაროს“, ამას თვალებზე ვატყობ და ამიტომ სასწრაფოდ ვტოვებთ მე და ქეთი მაღაზიას. 9 აგვისტოა.


ვიღაცის საწოლში
- შემოდი, - ფრთხილად მიღებს კარს და თვითონ ამოღებული ფანჯრის თავის ადგილზე დასაბრუნებლად მიდის. დღეს გადავწყვიტეთ, რომ ამ სახლში დავრჩეთ. არ ვიცი ვისი სახლია, მაგრამ ნიკას ვენდობი. შუქს ვანთებ და მაშინვე:
- რა გითხარი! - ყვირის ნიკა. სასწრაფოდ ვაქრობ შუქს და შეშინებული ვეყრდნობი კარს. ოთახში საკმაოდ ბნელა. ნელ-ნელა ვარჩევ საგნებს. სოფლისთვის დამახასიათებელი წესრიგია. დაკეტილ სახლშიც კი იგრძნობა სუნი, სოფლური, მძაფრი სუნი. ნიკა ყავას ადუღებს. მერე სექსი გვაქვს ოთახში, სადაც ორი რკინის საწოლი ერთმანეთზეა მიდგმული. საწოლის თავზე შავ-თეთრი ფოტოა: ქალის და კაცის, მოხუცები არიან და ორივე იღიმის, ბებრულად, რაღაცნაირად. ფოტოებს მერე ვამჩნევ, მოწევისას. მრცხვენიასავით და პლედს ვიფარებ. მერე მახსენდება, რომ ეს პლედიც მათია. ყველაფერ ამას ჩურჩულით ვეუბნები ნიკას.
- მერე რა, ფოტოა, - დამცინის.
- მათი საწოლია
- ჰოდა, უფრო ექსტრემალურია, - მოსწონს ნიკას საკუთარი მიგნება. ვხვდები, რომ არ მიყვარს ნიკა და აღარ ვეკამათები. მეზარება. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. ვდგები, ვიცვამ და მივდივარ. ნიკა საწოლიდან არ დგება.  20 აგვისტოა.


,, და სულ ესაა რაც მახსენდება? არავითარი გულის აჩუყება, არავითარი ცრემლი. ერთი, ერთი სევდიანი ისტორიაც კი არ მაქვს იმისთვის, რომ აქ ხალხი ავატირო. და ამის შემდეგ მე შემიძლია წერა? ერთ საცოდავ ამბავსაც კი ვერ ვწერ ომზე, რომელიც მე თავად ვნახე, რას ვბოდავ, რა ვნახე!“ ვეჩხუბები საკუთარ თავს და ვხვდები, რომ სანამ დროა, მეც უნდა წავიდე.
- კიდევ ერთი ალუბლის წვენი, თუ შეიძლება, - ვეუბნები მიმტანს და წერას ვიწყებ.
ნაწერი ფინალში გადის,
მერე ფინალსაც იგებს.
ვერ ვიტან საკუთარ თავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები