ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2012


ორი თვალი ერთ ლულაში

რა დროს დამიმარტოხელე,
გარინდებას ვუსმენდი.
თავის ზემოთ სალტოს მერე,
ვეღარ ვდგები ქუსლებზე...
რა დროს დამიმარტოხელე,
სევდა მყავდა მეგობრად
და მის ცივ და ნატიფ ხელებს
ჩემი - თბილი ეგონათ.
მე ტრუფელით გიმასპინძლებ,
შენ - კონიაკს მთავაზობ.
შენ რომ ფიქრობ იმას, ისე,
მე არ ვფიქრობ... ვნაფაზობთ,
აზრით, განცდით, უთქმელ სიტყვით,
ენის წვერზე მომდგარით.
ვატყობ, თითქმის აღარც მიკვირს,
მზე წნულით რომ მომგვარე...
ჰო, მე მიყვარს პრელუდია,
დახვეწილი ჟესტების.
ორი თვალი ერთ ლულაში
მიკვირს, როგორ ეტევა...
მზერამ ლამის შეისრუტა
განცდის უნაპირობა.
როგორ გშვენის შენზე სუსტთან
დაუდები პირობა...
რა დროს დამიმარტოხელე,
უჩემობას ვიჩვევდი.
იდგა მარტო მარტი, ხველას
ხელის გულით იჭერდა...
          09.07.12

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები