ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
23 ივლისი, 2012


იყო ერთი ადამიანი... (მამის ხსოვნას)

-მა რამე მომიყევი რაა.
-იყო ერთი ადამიანი...
-რა ერქვა მა?
-მოიცადე, ყველაფერს გაიგებ. საქართველოს მხედართმთავარი იყო, მტერთან ბრძოლას არ აგებდა.
-ყველას ერეოდა მა?
-ჰოო. დიდი ლექსი მიუძღვნა, დიდმა ქართველმა მწერალმა.
-მომიყვები მა?
და მამაც იწყებს:
„ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ამ ცაზე ვარსკვლავები,
ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები...“
პატარა გაფაციცებით ისმენს, ყოველ სიტყვას ხარბად ყლაპავს. მამამ ზეპირად იცის ეს დიდი ლექსი და ბავშვის წარმოსახვაში ნელ-ნელა იბადება უძლეველი მეომარი, ჭკვიანი სარდალი თორნიკე ერისთავი,  ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე თეთრ ცხენზე ამხედრებული გმირი-ორბელიძე, ფლიდი და მამაცი მტერი-სომეხი აფრანიკ. მამაც ეშხში შედის, აღელვებული უყვება შვილს:
„სად ხარ გამოდი ნუ იმალები...“
ბავშვი ომის ქარცეცხლში ტრიალებს. საკუთარი თვალით ხედავს როგორ მისდევს ორბელიძე, მისი რაზმით კუდამოძუებულ აფრანიკს. ხედავს მახეში გაბმული გმირის სიკვდილს, თორნიკე ერისთავის ბრძნულ გადაწყვეტილებებს და ღირსეულ გამარჯვებას მტერზე. ტირის, უხარია, განიცდის. მის წარმოსახვაში იზრდება ქვეყანა, სწავლობს...ბევრ რამეს სწავლობს ბავშვი.
  ის ყოველ საღამოს თხოვს ძილის წინ მამას რამის მოყოლას. მამასაც არ ბეზრდება.

 

      გადის დრო. ის უკვე ბავშვიც აღარაა. იზრდება. ნელ-ნელა გებულობს ცხოვრების ავ-კარგს, ბევრჯერ გაუხარდება, არაერთხელ ჩახედავს თვალებში გაჭირვებას, ტკივილს. ის ცხოვრებას სწავლობს. დამოუკიდებელ ცხოვრებასაც იწყებს.

მამა? მამაც შვილთანაა რათქმაუნდა. შორიდან, მაგრამ მაინც შვილთანაა. ერთად აღარ ცხოვრობენ თუმცა შვილმა ყოველთვის იცის რომ იქ, მშობლიურ სახლში ცხოვრობს ერთი უბრალო ადამიანი და მუდამ აქვს მისი იმედი.
  იმ დღესაც , როცა ტელეფონმა დაურეკა არაფერი უეჭვია. საერთოდ არაფერი. მისი და იყო, მამა ძალიან ცუდადააო, საავადმყოფოშიაო...
  უცებ მიხვდა ყველაფერს. ანდა რა მიხვედრა უნდოდა?
  ტაქსი ძალიან ნელა მიქროდა. ძალიაააან ნელა.
 
  მეორე დღეს, როცა საკუთარი სახლის კედელთან აყუდებული უხმოდ ყლაპავდა ცრემლებს, გაიგონა როგორ გადაულაპარაკა ერთმა კაცმა მეორეს:
იყო ერთი ადამიანი.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს