 | ავტორი: ანაგელი ჟანრი: პროზა 23 ივლისი, 2012 |
სულელი მუდამ ერთსა და იმავე ადგილას ქვას ფეხს წამოკრავდა და ეცემოდა, ბოლოს ჭკუა იხმარა, გზა გაიგრძელა და გადაწყვიტა სხვა მხრიდან ევლო. ჭკვიანმა, ეს რომ დაინახა, ურჩია, გზას რად იგრძელებ, ადექი და სადაც ეცემი, რბილობი დააგე, რბილად დაეცემი, წამოდგები და მშვიდად გააგრძელებ გზასო. ჭკუაში დაუჯდა სულელს და დააგო რბილობი. ბრძენმა, ეს რომ შეამჩნია, ურჩია, მაგდენ წვალებას, ის ქვა მოთხარე, რაც გაქცევსო. ამის შემყურე ღმერთმა კი ბრძანა: ეგ ქვაც ადგილზე დატოვე და არც არაფერი შეცვალო, უბრალოდ გონება გაინათე, თვალი კარგად გაახილე, წინ იყურე და საფრთხეც აღარ შეგემთხვევაო. * * * ქიტესა უსახელოდ დაიბადა. მამამისმა თავისი ღიპგადმოგდებული ცოლი (იმ ბოლო ხანს სწორედ ასე უწოდებდა თავის მეუღლეს, რაც მიმაჩნია, რომ მეტად უხეში გამოხატულებაა ქალის ამ მშვენიერი მდგომარეობისა) სამშობიაროში რომ მიიყვანა, ქალი უკვე ბოლო ხმაზე კიოდა. მეორე სართულის კიბეზე მშობიარობა დაეწყო, ხოლო მესამე სართულზე უკვე ბიჭი გააჩინა. პირველი შვილის მომლოდინე, ბედნიერებისთვის შემზადებულ მშობელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ქიტესას დედას და მამას არ ჰქონიათ წინასწარ შერჩეული სახელი და არც მთელი ცხრა თვის განმავლობაში უფიქრიათ ან უკამათიათ, თუ რა უნდა დაერქმიათ ბავშვისთვის. როცა სამშობიაროდან გასაწერად შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენისას აუცილებელი გახდა სახელის მითითება, მხოლოდ მაშინ აფორიაქდნენ ახლად გამომცხვარი მშობლები და.... - ამბროსი! - შესძახა მამამ. - ტრისტანი! - შეუსწორა დედამ. - აქვსენტი! - უკვე ეს სახელი შესთავაზა მამამ. - ბიკენტი! - შეთავაზებაზე შეთავაზებითვე უპასუხა დედამ. - ლიჟანი! - დაასახელა წამიერი ფიქრის შემდეგ მამამ. - გერონტი! - იმ წამსვე მიუგო დედამ. - მარლენი... - წამოსცდასავით მამას. - ლუმანი! - მტკიცედ თქვა დედამ. ამის გაგონებაზე ცოტა ხანს გაყუჩდა ქმარი, თითქოს მოეწონა ცოლის მიერ შეთავაზებული ეს სახელი. თვალებიც ოცნებაში წასული კაცივით გადაატრიალა. ალბათ, წარმოიდგინა, ყველას გასაგონად როგორ გასძახებდა ხოლმე ეზოში მოთამაშე შვილს ამ სახელით და სახლში დაბრუნებას უბრძანებდა. თუმცა უცებ პატივმოყვარეობამ წამოუარა და გადაწყვიტა, მეუღლის მოფიქრებულ სახელს არ დასთანხმებოდა. არადა, როგორ მოეწონა ეს სახელი! ”ლუმანი... უუხ, რა ლამაზად ჟღერს. ბგერათა წყობაც როგორი თანმიმდევრულია!” ფიქრობდა კაცი. თუმცა ”პატივმოყვარეობა”-ო ვახსენე და... - ლესტამბერი! - ჯიბრი გამოერია ხმაში. - ღენტორი! - არ შეეპუა ცოლიც. - ქიტესა! - იღრიალა კაცმა და ცოლმაც იმ წამსვე ხმა გაკმინდა. ყოველთვის ემორჩილებოდა, თუკი მეუღლეს სიბრაზის რაიმე ნიშანწყალს შეატყობდა ხოლმე. ასე დაერქვა ქიტესას ქიტესა, თანამედროვე ბავშვისთვის ეს მეტად იშვიათი და უცნაური სახელი, რომლის გაგონებაზეც ხშირად ასე ამბობდნენ: ნეტა, რა დაუშავა ახალშობილმა ბავშვმა მშობლებს ისეთი, რომ ასე გაიმეტეს და ქიტესა დაარქვესო. პატარა ქიტესა ერთობ უცნაური ბავშვი გამოდგა, ალბათ იმიტომ, რომ ასევე ერთობ უცნაურ ოჯახში იზრდებოდა. ამას დავუმატოთ მშობლებისგან გადმოყოლილი, ასევე ერთობ უცნაური გენეტიკა და ქიტესას უცნაურობის მიზეზიც მთელი თავისი მტკიცებულებებით თვალწინ წარმოგვიდგება. ქიტესას ოჯახს საზოგადოებაშიც მეტად უცნაური ადგილი ეკავა. ამ ცოლ-ქმარს განათლების და თანამედროვე ცხოვრებისადმი ტრფიალს მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარიც კი ვერ დასწამებდა. მათ აზროვნებაში სიტყვა ”წიგნები” მხოლოდ აქეთ-იქით მიყრილმოყრილი ქიტესას სასკოლო სახელმძღვანელოებით შემოიფარგლებოდა. ტელევიზორს მხოლოდ ტელესერიალების დაწყების დროს თუ ჩართავდნენ ხოლმე. ღრმად ჩაფიქრებული სახეებით და ადგილ-ადგილ ემოციური რეპლიკების წამოყვირების თანხლებით ჩაამთავრებდნენ ყურებას, მერე კი მომდევნო სერიების მოლოდინის ეშხით, ისეთი მყარი ვარაუდებით მსჯელობას იწყებდნენ, რომ ბევრი თანამედროვე ნათელმხილველი შურისგან გასკდებოდა. მშობლებსა და ქიტესას შორის ურთიერთობაც უცნაურზე უცნაური გახლდათ. მათი სერიოზული საუბრები შვილთან მეტად სასაცილოდ მოგეჩვენებოდათ და ტრადიციულ, აღმზრდელობით-დამრიგებლურ მოწოდებებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ვფიქრობ, ერთი მაგალითიც საკმარისი აღმოჩნდება, რათა სხვა უამრავ მსგავს ფაქტზე ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ. აი ისიც! მაშინ, როდესაც დედ-მამა რომელიღაც, ასოთხმოცდამეშვიდე სერიის კადრებს, თანაგრძნობაგამოსახული, სიღრმისეული სახეებით მიშტერებოდნენ, იმ დროს იქვე, იატაკზე, ფეხმოკეცით მჯდარ, თავჩაღუნულ ქიტესას, თავებდამწვარი ასანთის ღერებით რომ თამაშობდა, ნერწყვის ჩაყლაპვა დავიწყებოდა (იმიტომ, რომ ამ დროს ათას უაზრობაზე ფიქრობდა) და ტუჩის კუთხიდან დორბლი ეწელებოდა, მოულოდნელად მეტად უცნაურ რამეზე ალაპარაკდებოდა ხოლმე. - დედიიი! - თავაუწევლად გასძახებდა ბავშვი. - ჰოუუ! - გამოეპასუხებოდა დედაც და ხოსე ფერნანდო სანჩეს მარიო დე პალმას გაყინულ გამომეტყველებას თვალს არ აშორებდა. - რაღაცა უნდა გკითხო, დედიი, - ამოიბუტბუტებდა ბავშვი და წეღანდელი დორბლიც იატაკს ენარცხებოდა. - მამაშენს რო კითხო, დედა გენაცვალოს? - არა, იმან არ იცის, შენ უნდა გკითხო! - გამოიჩენდა ხოლმე სიჯიუტეს ქიტესა. - მკითხე, შვილო, მკითხე, - ეთანხმებოდა ბოლოს დედა და ნიშნის მოგებით გახედავდა ხოლმე გატრუნულ ქმარს. - დედიი, რომელია სწორი: მკუანა თუ კუანა? - მეტად სერიოზულად კითხულობდა ქიტესა. დედა კი ერთხანს ფიქრდებოდა, თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდა, თითქოს მეტად რთული გრამატიკული ამოცანა დაუსახესო. ბოლოს კი დამაჯერებლად პასუხობდა. - მ, შვილო, მკუანა, მ კუ-ა-ნა, ეს არის სწორი. - მადლობა, დედიი! - გასძახებდა ქიტესა და თან მამას ცერად ახედავდა. ამ პასუხით ყველა კმაყოფილი იყო. გატრუნული მამაც კმაყოფილი იყო. ის ფიქრობდა, რომ ამ წუთას ახალი რამ ისწავლა და შემდგომში შვილთან მიმართვაში უწინდელ გრამატიკულ შეცდომას აღარ დაუშვებდა. მას ყოველთვის სწამდა, რომ მისი მეუღლე მეცნიერების ამ დარგში მეტად განსწავლული ქალი გახლდათ და ასეთ საკითხებში ყოველთვის უჯერებდა. უფრო მეტიც, ცოლის მიერ წამოყენებულ ვარაუდებს ის ძმაკაცებთან კამათის დროსაც კი მოიშველიებდა ხოლმე. ეს იყო ერთი-ერთი მაგალითი იმ ყოველდღიური გასაუბრებებისა, რაც ქიტესას და მშობლებს შორის მოხდებოდა ხოლმე. სამწუხაროდ, ქიტესას დედას აქ მეტად ვერ დავახასიათებ და არც მისი პიროვნების აღწერას შევეცდები, რადგანაც მისი შინაგანი სულიერი აგებულებისა და მეტწილად კი ამ საკითხში ჩემი უუნარობის გამო ეს ყოვლად შეუძლებლად მივიჩნიე. აი, მამაზე კი ორ სიტყვას აუცილებლად მოგახსენებთ. ეს კაცი გარეგნულად, ერთი შეხედვით მორჩილი და მდუმარე, შინაგანად კი სინამდვილეში ჯიუტი და ფიქრებში მოლაპარაკე გახლდათ. ამიტომაც მის ხმას იშვიათად თუ გაიგონებდა ვინმე, ხოლო შესაძლებელი რომ ყოფილიყო და მის გუნება-ხასიათში შეგეხედათ, ნახევარ წუთში იფიქრებდით, ეს რა დიდი ყბედი ვინმე ყოფილაო. სხვათა შორის, ამ საკითხში ქიტესა ალიკვალი მამა იყო. მასაც ფიქრებში ლაპარაკი უყვარდა და ხშირ შემთხვევაში თანამოსაუბრესაც კი გუნებაში ნათქვამი სიტყვებით მიმართავდა, ამიტომ იყო, რომ ქიტესას ნათქვამისგან, ასიდან მხოლოდ ათი პროცენტი ესმოდათ. მამა, დღევანდელი მონაცემებით, რომელიღაც საწყობში ყარაულად მუშაობდა, თუმცა მანამდე მთელი ცხოვრება მძღოლი იყო და საბჭოთა საქართველოს გაბღენძილ და პატივცემულ თანამდებობის პირებს დააბრძანებდა. დღემდე იმ წლებს ისე მოიხსენიებს, თითქოს რაიმე დიდ თანამდებობაზე ემუშაოს და ახლაც, თუკი სადმე თავის წარმოჩენა სჭირდებოდა, ყოველთვის შემდეგი სიტყვებით ამაყობდა: მთელი ცხოვრება ხაზეინობასთან მაქვს ნამუშევარი, დიახ, ხაზეინობასთანო, - და ამის შემდეგ სჯეროდა, რომ სათანადო ადგილი დაიკავა თანამოსაუბრის თვალში. ასეთი გახლდათ ქიტესას მამა, რომელიც თუმცა კი არ ამბობდა, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდა, რომ განსაკუთრებულად უყვარდა თავისი ერთადერთი ბიჭი. პატარა ქიტესა კი უდარდელი ბავშვი იყო და ამაშიც, ალბათ, მისი რომელიმე წინაპრის გენეტიკა იყო დამნაშავე. მისი უცნაურობის გამო თანატოლების მხრიდან ყოველთვის დაცინვის და იუმორის სამიზნე გახლდათ, თუმცა არც ეს ანაღვლებდა ქიტესას. მხოლოდ მისი კლასი კი არა, მთელი სკოლა დასცინოდა, როდესაც ქიტესას თარგმანი მოისმინეს. რუსული ფრაზა - ”სნაჩალა პადუმაი, ა პატომ გავარი” - ასე გადმოაქართულა ”ჯერ გაატრაკე და მერე ილაპარაკეო”, თუმცა არც ეს იაღლიში მიუტანია გულთან ახლოს უდარდელ ყმაწვილს და, დაუწერელ კანონთა თანახმად, კვლავ აგრძელებდა დაჭაბუკებასთან ერთად რუსულის შესწავლასაც. საბედნიეროდ, დაჭაბუკებაში ხელი ვერაფერმა შეუშალა ქიტესას, მაგრამ აი რუსულის შესწავლა კი არ აცალეს, რადგანაც ერთ მშვენიერ დღეს მისი კლასის რუსულის მასწავლებელმა მეტად მტკიცედ შემდეგი გამოუცხადათ: - ”ამიერიდან რუსულის გაკვეთილებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჩაგიტარებთ, არც ერთი სიტყვა რუსულად”! - ეს მისი ბოლო რუსული წინადადება გახლდათ. რა თქმა უნდა, არც ამაზე უნაღვლია ქიტესას, ისევე როგორც არც იმ შემთხვევაზე სტკენია გული, სკოლა რომ დაამთავრა და ისევ ძველი სამოსით გამოცხადდა ბოლო ზარის გამოსაშვებ წვეულებაზე. ძალიან უჭირდა ქიტესას ოჯახს, მაგრამ ქიტესა ამ თავის გაჭირვებას აინუნშიც არ აგდებდა. როგორც ვახსენე, ქიტესა დაუბრკოლებლად დაჭაბუკდა და ასეთი დაჭაბუკებული ქიტესა ერთ მშვენიერ დღესაც სახლიდან რომ გასულიყო და შინ აღარ დაბრუნებულიყო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საძიებელი განცხადების შედგენაში განმცხადებლებს, ალბათ, როგორღაც წაადგებოდათ ჩემ მიერ ქვემოთ მოყვანილი მისი გარეგნული აღწერილობა. თავიდან თუ ჩამოვყვები, შეიძლება ითქვას, რომ გამონათქვამი: ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს როგორც ცარიელი თავიო, სწორედ ქიტესასთვის არის ზედგამოჭრილი. ხოლო თუ წარმოვიდგენთ დიდ ცარიელ თავს, მაშინ ჩათვალეთ, რომ ნახევარი ქიტესა უკვე დაგინახავთ. ამ უზარმაზარ თავზე, მოკლედ შეკრეჭილი ბაცი წაბლისფერი თმა, როგორც არ უნდა დაევარცხნა, მაინც გაფშეკილი ედგა. დიახ, ქიტესას თმა მუდამ გარეთ, ცისკენ და სახლში, ჭერისკენ, იყო მიმართული. ამ ვეებერთელა თავის შემადგენელი ნაწილი, - შუბლი, იმდენად ვიწრო ჰქონდა, წარბები კი იმდენად მსხვილი, რომ ეს უკანასკნელნი მაღლა რომ აევარცხნა, თმებს მიუერთდებოდა. მრგვალი, შავი თვალები, გრძელი და გადაშლილი, თაფლისფერი წამწამებით, მზისკენ მიმართულ მზესუმზირებს მიუგავდა. მიჭყლეტილ ცხვირს ფართო ნესტოები აგვირგვინებდა და რომ არა მის ქვემოთ მსხვილი ტუჩები, რომლებიც თავისი ფორმით ამ ცხვირს ერთგვარ მორთულობად ესახებოდნენ, ქიტესა მეტად შეუხედავი გამოჩნდებოდა. თუმცა კი მისი ოდნავ წამოწეული ქვედა ყბა, რომლის დამსახურებითაც პირი მუდამ გაღიმებული რჩებოდა და ასევე ზემოთ ნახსენები მზესუმზირას თვალები, რომლებშიც მუდამ ოცნება უკრთოდა, ქიტესას ერთობ კეთილშობილ და ამავდროულად სასაცილო გარეგნობას აძლევდა. ფართო სახე მსხვილ კისერს ისე უერთდებოდა, სხეულის ეს ორივე ნაწილი ერთი მთლიანი ორგანო გეგონებოდათ, ალბათ, სწორედ სახისა და კისრის ერთმანეთთან ასეთი უჩვეულო შერწყმა იყო მიზეზი იმისა, რომ ერთი შეხედვით ვერც კი გაარკვევდით, წინ წამოწეული მისი მრგვალი ყურები თავზე ება თუ კისერზე. გაინტერესებთ, რას ფიქრობდა თავად ქიტესა თავის ამ უჩვეულო გარეგნობაზე? არაფერსაც არ ფიქრობდა! მეტსაც გეტყვით: მას რატომღაც მუდმივად ავიწყდებოდა საკუთარი გარეგნობა, ვერაფრით იმახსოვრებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა. ამიტომაც სარკეში ყოველი ჩახედვისას უნებურად შეაყვირებდა ხოლმე და შემკრთლი კარგა ხანს ზვერავდა სარკიდანაც დაეჭვებული გამომეტყველებით გამომზირალ საკუთარ ანარეკლს. რაც შეეხება მის ფიზიკურ აღნაგობას, სიმაღლეში ბოლო აზომვით ასოთხმოცი სანტიმეტრი დაფიქსირდა. სხეულის აგებულება ათლეტური ჰქონდა, განიერი მხრები და მსხვილი ბარკლები. როცა დადიოდა, საჯდომი გორილასავით უკან ჰქონდა გაზნექილი, მოკლე და ენერგიულ ნაბიჯებს დგამდა და დაუღალავი მოსიარულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აი, ასეთი განსაკუთრებული შესახედაობის გახლდათ ქიტესა. ხოლო რაც შეეხება მის შინაგან აგებულებას აქ მეტაფორულ აზროვნებას მოვიშველიებ და ვიტყვი შემდეგს: შავი ფერი თეთრიდან იწყება. მერწმუნეთ, შავი ფერი ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანია ფერებს შორის! ის ხომ სხვა ყველა იმ დანარჩენი, ნაირ-ნაირი და ლამაზი ფერებისგან შედგება, რომლებიც კი შეიძლება არსებობდეს ხილულ სამყაროში. მხოლოდ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ მისი სიშავის გამო. ასევე შეიძლება მივიჩნიოთ, რომ შავი არის მაგალითი იმის, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა სილამაზის ერთმანეთში უწესრიგოდ დალაგებით. ქიტესა გახლდათ ყველა იმ დადებითი თვისების მატარებელი, რაც კი სულ მცირე კეთილშობილებისთვის მოეთხოვება ცოდვილ არსებას, - წოდებით ადამიანს. ყველა დადებითი თვისება და უნარი, თქვენ წარმოიდგინეთ, ნიჭიც კი, გააჩნდა ქიტესას. თუმცა ეს ყველაფერი ისე უწესრიგოდ იყო მოცემული მის შინაგან აგებულებაში, რომ მათი გამომჟღავნება უადგილოდ ან საერთოდ ვერ ხდებოდა. ზემოთ ნახსენები ქიტესას უდარდელი ხასიათის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ ბიჭს არ გააჩნდა ის ზოგადი ინტერესები, რაც, წესით და რიგით, თანამედროვე ადამიანს უნდა გააჩნდეს. არც დიდი რაიმე მოთხოვნილებები ჰქონდა და, მოკლედ რომ ვთქვათ, უპრეტენზიო და ადვილად შესანახი კაცი გახლდათ. სამაგიეროდ, სხვა რამ იდეები და წარმოდგენები იტაცებდა ქიტესას. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ეს გატაცება უფრო სერიოზულ საქმედ ექცა, რადგანაც ამ თავის წარმოდგენებზე გაცილებით მეტს ფიქრობდა, ვიდრე უწინ და ეს ფიქრებიც უფრო დასერიოზულებული კაცის თავში იბადებოდა, დიდ თავში, - მინდოდა მეთქვა. თუკი ბავშობაში ქიტესა მუდმივად ეჭვობდა, რომ იგი სულაც არ იყო თავისი მშობლების შვილი, რომ იგი, სხვა, მეტად სერიოზული ხალხის შთამომავალს წარმოადგენდა და რომ ამ მშობლებს ის მოტაცებული ჰყავდათ ერთობ მნიშვნელოვანი მისიის ჩასაშლელად (რომელიც ქიტესას დაბადებისთანავე ჰქონდა დაკისრებული). შემგომში უკვე „დაბრძენებულს“ დაბრძენებისდა მიხედვით ეს ეჭვები წარმოდგენებში გადაეზარდა და ფრიად სერიოზული დანიშნულებაც მიიღო. რა არის ცხოვრება? ლოდინის რეჟიმი! ჰოდა, შეიძლება ითქვას, რომ ქიტესაც მხარს არ უგდებდა ცხოვრების ამ მოცემულობას. მუდმივად რაღაცის მოლოდინში იყო. კერძოდ კი, ეს ბიჭი ღრმად დარწმუნებული გახლდათ, რომ იგი საზოგადოებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ფრიად განსაკუთრებულ პიროვნებას წარმოადგენდა; ეგონა, რომ ხელისუფლების მაღალი წრიდან მის ყოველ ნაბიჯს ფარულად აკვირდებოდნენ და ეიმედებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ხმამაღლა აღიარებდნენ მის მნიშვნელობას და მასზე დაკისრებულ იმ მისიის გეგმასაც გააცნობდნენ, რომლის მოლოდინიც ასე სტანჯავდა ქიტესას, თუმცა კი საკუთარ თავთანაც კი ვერასდროს აკონკრეტებდა ამ იდუმალი მისიის დანიშნულებას და ვერც მის არსებობას ამტკიცებდა. ძნელია იმის ახსნა, თუ რა აიძულებდა ასეთი წარმოდგენები ჰქონოდა, ერთი კია, ისე ჰქონდა შესისხლხორცებული ეს ყველაფერი, რომ მათ გარეშე ერთ წუთსაც ვერ იცხოვრებდა. ქიტესას ეს ფანტაზია იმ დონემდე ამაღლდა, რომ ბოლოს უკვე დარწმუნებული იყო, მისი ამბავი თვით ქვეყნის პრეზიდენტმაც კი იცოდა და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მუდამ მორჩილი გამომეტყველების ბიჭს, ხანდახან სახეზე სიმაყეც გამოეხატებოდა ხოლმე. თუმცა კი აქ პრეზიდენტი რა მოსატანია, როცა რომ ქიტესა უბნის ინპექტორის მეთვალყურეობის ქვეშაც კი არ ყოფილა არასდროს. მაგრამ ის მაინც თავის სტიქიით ცხოვრობდა. მაგალითად, როცა შარდის ბუშტის დასაცლელად ტუალეტში შედიოდა, დუელანტი კოვბოივით გაბოტილი დგებოდა და ცალი ხელი წელზე დოინჯად ჰქონდა შემორტყმული. თან ამ დროს კისრის ვარჯიშებს აკეთებდა, ძალოსანივით მხრებს ათამაშებდა და, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირად ცდილობდა ყოჩაღად გამოჩენილიყო, რადგანაც საკუთარი ხელით გამოკეტილ ამ პატარა ოთახშიც კი დარწმუნებული იყო, უთვალთვალებდნენ. ქიტესა თბილისის ერთ-ერთ უქვაფენილო ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც ასფალტი ისე იყო დახეთქილი, დახედავდით თუ არა, მაშინვე ქვაფენილს გაგახსენებდათ. მუშაობით კი თბილისის ერთ-ერთ უასფალტო ქუჩაზე მუშობდა, მუყაოს ცარიელი ყუთების საწყობში, - ყარაულად. ოღონდ უბრალო ყარაული კი არა, ფორმიანი დარაჯი გახლდათ. მის ფორმას წარმოადგენდა მუქი ხაკისფერი პიჯაკი და შავი შარვალი, გვერდებზე წითელი კანტით. მკერდზე ბეჯიც ეკეთა და რომელიღაც გაურკვეველი ფირმის გადამცემი მოწყობილობაც შეადგენდა მის დროებით კუთვნილებას. ეს სამსახური მამამისმა გადასცა მემკვიდრეობით, რადგანაც თავად ის უფრო დიდი საწყობის ყარაულად დააწინაურეს. სამ დღეში ერთხელ ყარაულობდა ქიტესა ამ საწყობს და ანაზღურებითაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილი გახლდათ. უფრო სწორად, მისივე სიტყვებით რომ გადმოგცეთ, სულ ცალ ფეხზეც არ ეკიდა, რამდენს გადაუხდიდნენ, მთავარი იყო, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობა ხუთიანზე შეესრულებინა, რასაც, უნდა ითქვას, წარმატებით ართმევდა თავს. მისთვის ეს სამსახური უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ ყარაულობას და ამგვარი დამოკიდებულებაც საქმისადმი, რაღა თქმა უნდა, მისი ზემოთ ნახსენები წარმოდგენების დამსახურება გახლდათ. საწყობში მუშაობის დაწყებაც შემთხვევითობად და მითუმეტეს მამის დამსახურებად კი არ მიაჩნდა, არამეტ იმ იდუმალი და მნიშვნელოვანი გეგმის ნაწილად სთვლიდა, რომლის მოლოდინითაც რა ხანია სული ელეოდა ქიტესას. იგი რატომღაც ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ამ სამსახურით მას სულ სხვა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მისია ეკისრა, რასაც შეგნებულად არ უმხელდნენ მისი დამქირავებელნი. ალბათ, ამიტომაც, უნდა ითქვას, რომ ქიტესა თავის სამსახურებრივ მოვალეობას ყოველთვის აჭარბებდა, ოღონდ დადებითი გაგებით. თავისი მორიგეობის დროს მეტად სერიოზული სახით დააბიჯებდა წინ და უკან, დაეჭვებული სახით ზვერავდა არემარეს და მთელი ღამის განმავლობაში ჩამოჯდომის უფლებასაც არ აძლევდა საკუთარ თავს, რომ აღარაფერი ვთქვათ წათვლემაზე ან მოსვენების სხვა მსგავს გამოხატულებებზე. ერთი სიტყვით, გადამეტებულად ყარაულობდა ქიტესა ამ საწყობს. საწყობის უფროსი გოჩიკო ერთი ახალგაზრდა, ქარაფშუტა ყმაწვილი გახლდათ, ქიტესაზე ორი წლით დიდი. იგი ქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მსგავსი საწყობების მფლობელის ვაჟი ბრძანდებოდა და ეს ობიექტიც მფარველმა მამამ სამეცადინოდ ჩააბარა, რადგანაც, ადრე თუ გვიან, როცა დადგებოდა ჟამი საკუთარი ბიზნესის შთამომავლობისთვის გადაცემისა, მისი ქონება უკვე საქმეში გამოცდილ მემკვიდრეს უნდა აენაბრებინა. გოჩიკოს გოჩა ერქვა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მშობლებმა შვილის სახელი დარქმევისთანავე კნინობითში გადაიყვანეს და მას შემდეგ ყველა ასე ეძახდა. გოჩიკო გამხდარი, მაღალი და, ერთი შეხედვით, მეტად ნაზი აგებულებისა გახლდათ. გრძელი კისრით, ყელზე გამოჩრილი ყანყრატოთი, პიჯაკის საკიდივით აქეთ-იქით გაშვერილი მხრებით, მიწაზე მოსიარულე სვავს მოგაგონებდათ და მარტში აჩხავლებული კატის ხმაზე ლაპარაკობდა. მისი შესახედაობის ადამიანები, როგორც წესი, უფრო ქალაქებში გვხვდებიან ვიდრე სოფლებში. ამ გარეგნობას თუ მის პიროვნულ მონაგარსაც დავუმატებთ, სოფელში გოჩიკოს დედიკოს ბიჭს დაუძახებდნენ, ქალაქში კი - მამიკოს ბიჭს. აი, გლეხი კაცი კი თუ გაიცნობდა, მაშინვე უშრომელ და გამოუსადეგარ კაცად ჩათვლიდა და მასზე ასე იტყოდა: ეს იგეთი კოპწიაა, ტალახიანი თოხის ტარი უკან რო გაუკეთო, ხელს არ წაავლებს გამოსაძრობადაო. ეს ბიჭი ვერ დაიკვეხნიდა პიროვნული თვისებებით და, საერთოდაც, ამ საწყობში გოჩიკოს თავისი თანამდებობა ამკობდა, თორემ თავად მხოლოდ არცხვენდა ამ მდგომარეობას. ზოგადად გოჩიკოზე ასე შეიძლება ითქვას: არ იცის თავად ვინ არის, მაგრამ ის კი იცის, ვისიც არისო. მშობელი მამის გადამეტებულმა მზრუნველობამ პათოლოგიურ ინდივიდად აქცია. მისი და ქიტესას ურთიერთობა ბატონისა და ყმის ურთიერთ დამოკიდებულების თანამედროვე ნიმუში გახლდათ. გოჩიკო ქიტესაზე ათი თავით მაღლა იდგა და ათი სულით დაბლა. ეს იყო ერთადერთი მოცემულობა, რაშიც ქიტესა მას სჯობდა, თუმცა ამ თავის უპირატესობას ვერც ქიტესა ხვდებოდა და ვერც მისი ”ბატონი” ამჩნევდა საკუთარ იაღლიშს. გოჩიკო მუდამ თვითკმაყოფილი გახლდათ და ხშირად ასე ფიქრობდა: ისეთი მაგარი ვარ, რომ ხანდახან საკუთარ თავსაც კი ვაჭარბებო. თუმცა კი რა მოხდა?! საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა ხომ ადამიანის ერთი ჩვეულებრივი ნაკლია. მაგრამ ნაკლიც ნაკლია და ვისთვის როგორ. მაგალითად, გოჩიკოს დიდი წარმოდგენები ჰქონდა საკუთარ თავზე, ხოლო ქიტესას ცნობილი წარმოდგენები კი სწორედ იქიდან იყო გამოწვეული, რომ ამ ბიჭს საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა თავის თავზე. ასევე არანორმალური მდგომარეობაა, რომ გოჩიკოს ქიტესას მიმართ აგდებული და ბატონკაცური დამოკიდებულება ჰქონდა, თავის წრის ხალხთან კი – ამპარტავნული და ტრიპაჩი, ხოლო ვინც თავზე მეტად მიაჩნდა, მასთან გულმოდგინედ პირფერობდა და, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, დამცირებასაც მორჩილად უძლებდა ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, ქიტესას სულაც არ სწყინდა თავისი „ხაზეინის“ დამცინავი დამოკიდებულება, პირიქით, საწყობის ყარაულად მუშაობა და გოჩიკოს ხელქვეითობა ქიტესასთვის საამაყო, ყოველმხრივ მისაღები იყო და მისთვის ეს ერთგვარი მონური ფუფუნება გახლდათ. მეტსაც გეტყვით: კეთილ ადამიანადაც კი მიიჩნევდა გათავხედებულ უფროსს, რადგანაც იგი მას სამსახურს უნარჩუნებდა. „აკი შეუძლია ნებისმიერ დროს აქედან გამაგდოს და უსაქმურად დამტოვოს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს“, - ფიქრობდა ხოლმე ქიტესა და ცდილობდა კიდევ მეტი ქვეშევრდომული მორჩილება გამოეჩინა გოჩიკოს წინაშე. სახლშიც სულ გოჩიკოზე ლაპარაკობდა, მშობლებს უყვებოდა, თუ როგორ სცდიდნენ მას სხვადასხვა დავალებებით და ირწმუნებოდა, რომ გოჩიკოს გარემოცვის წევრად ვითვლები და ჯერ სადა ხართ, მალე გაიგებთ, ვინც ვყოფილვარო. მდუმარე მამაც ხანდახან ალაპარაკდებოდა ხოლმე და ხაზეინობასთან ნამუშევარი კაცის გამოცდილებიდან თითო-ოროლა რჩევასაც აძლევდა შვილს. მერე კი ცოლ-ქმარი ერთმანეთში ჩურჩულებდა, ჩვენი შვილისგან ნამდვილად დიდი ვინმე დადგებაო. მხოლოდ ქიტესას დედას, ერთი შემთხვევა არ ესიამოვნა და მას შემდეგ მეტად დაფიქრებული შეიქნა. კერძოდ ის, რომ ერთ დღეს შვილმა ერთობ აღფრთოვანებით და უდარდელად მოუყვა მშობლებს, თუ რამოდენიმე საათით როგორ გამოკეტეს იგი, გოჩიკომ და მისმა ძმაკაცებმა დიდ მაცივარში. ”ოოო, ჯოჯოხეთურად ყინავდა, მაგრამ მაინც გავუძელიო”, - ამაყად დაასრულა ქიტესამ თავს გადამხდარი ამბავი. ამაზე მამამ უპსუხა: - როგორც მე ვიცი ჯოჯოხეთში საერთოდ არ ყინავს, პირიქით, იქ აუტანელი სიცხე ყოფილაო. დედამ კი მოისმინა რა ქიტესას ამ განსაცდელის შესახებ, შუბლი შეიკრა, დაეჭვებულმა თავი გადააქნ-გადმოაქნია, ამოიოხრა და ჩაფიქრდა. ქიტესას კიდევ ერთი დილა საყარაულოში ჩვეულებრივად თავზე დაათენდა. როგორც კი მზემ ჰორიზონტზე ამოანათა, ქალაქში არსებული შენობები მათმა ჩრდილებმა გააორმაგა. ამ დროს საყარაულოს ფანჯრიდან სმენად გადაქცეული ქიტესა არემარეს ზვერავდა და თან რეზინის რგოლით თითებს შეუჩერებლად ავარჯიშებდა. ეს რეზინის რგოლი და ასევე საღეჭი რეზინიც ქიტესას ახირება გახლდათ. ყბების მძლავრი და სწრაფი მოძრაობით იღეჭებოდა ხოლმე ქიტესა, ხოლო თუ საღეჭი რეზინი არ ჰქონდა, იმავე ტემპით სავარჯიშო რეზინის რგოლს მუჭაში „ღეჭავდა“. ხან კი ორივეს ერთად ახერხებდა და ამ დროს ისეთი სინქრონის მოწმენი გახდებოდით, რომ სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ქორეოგრაფებსაც კი გააკვირვებდა. ქიტესამ საათს შეხედა. ცხრაზე შეცვლა უნდა მოსულიყო, თუმცა მანამდე საკმაო დრო რჩებოდა და გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოეარა საწყობის ტერიტორია. გარეთ გავიდა და თუმც არ სძინებია, მაინც ახლად გაღვიძებულივით გაიზმორა. გათენებას ხომ ის ეფექტი აქვს, რომ თუნდაც ღამენათევს ახლიდან გამოაღვიძებს და გამოაცოცხლებს. ორწუთიანი მოთელვის შემდეგ ერთხანს მოკრივესავით, მსუბუქად იხტუნავა ადგილზე, მერე კი მოკლე ნაბიჯებით და დუნდულების ზანზარით შენობის შემოვლა დაიწყო. ჩაბნელებულ ადგილებს ფანარს ანათებდა და თუკი სადმე თაგვი გაძვრებოდა ან ჭერში შეყუჟული ნამგალა გაიფართხალებდა, მაშინვე გონივრული ეჭვი აღეძვრებოდა ხოლმე და იმ მონაკვეთს საგულდაგულოდ ჩხრეკდა. ამას წინათ ჭერის ღრიჭოში იმდენი აფათურა ხელები, სანამ სამი ბარტყი არ შემოეჭყლიტა თითებში. ამჯერად შემოვლამ უმსხვერპლოდ ჩაიარა. მერე საწყობში შევიდა და ცარიელი ყუთები გადაითვალა, ძალიან უყვარდა ეს საქმეც, თან ამ დროს მუდამ ერთსა და იმავე რამეს გაკვირვებული ფიქრობდა: ”სულ გაიძახიან, ოხ, ეს ციფრები, ციფრები, ციფრები, ამდენი ციფრები... არადა ეს ციფრები სულ რაღაც ათია მხოლოდ”. ამ თვლასა და ანგარიშს მთელი საათნახევარი მოანდომა, რადგანაც დროდადრო საწყობიდან გარეთ გარბოდა და იქაურობას ყურადღებით ათვალიერებდა; ვინმე ხომ არ შემოიპარაო. შემცვლელზე ადრე მისი უფროსი გოჩიკო მოვიდა. გაიგო თუ არა ქიტესამ საწყობისკენ მომავალი ავტომობილის ხმა, მაშინვე შენობის კუთხეს ამოეფარა, ბეჭებით კედელს აეკრა და, მისი რწმენით, მძარცველების დასახვედრად მოემზადა. თუმცა, როდესაც იცნო მოახლოვებული ავტომობილი, ცოტა კი გაუკვირდა ასეთ დროს გოჩიკოს გამოჩენა, მაგრამ მაინც მხრების თამაშით და სერიოზული სახით, გაბღენძილი გაემართა უფროსისკენ. გოჩიკომ მანქანა ქიტესას ზედ ფეხებთან გაუშეშა. მეგობრებთან ერთად იყო, ავტომობილიდან გოგონების კისკისი ისმოდა და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მათაც ქიტესასავით მთელი ღამე თვალი არ მოეხუჭათ. - რა არის, რა ცუდსიზმარნანახივით იყურები, ბიჭო! - მიაჩხავლა გოჩიკომ და ფანჯრიდან კისერი იმხელაზე გამოყო, რომ ორ ნაბიჯზე მდგარ ქიტესას ლამის შუბლი შუბლზე მიადო. - აუუ, სუფთა შრეკია, ტოო! - გაისმა მანქანის სალონიდან გოგონას ნაზი შეძახილი, - ასეთი სახლში უნდა გყავდეს და იღადავო. - ქიტესას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. - შრეკი არა, თავის დედისა არის! კარგი, კარგი გვეჩქარება, დავახვიეთ! - ჩაილაპარაკა გოჩიკომ და ავტომობილი ადგილიდან მოწყვიტა. ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა, ფიქრობდა ქიტესა და გრძნობდა რომ ამ წუთში რაღაც ძლიერ სწყენოდა. ალბათ, გოჩიკოს ბოლო სიტყვები თუ მეწყინაო, დაასკვნა ბოლოს და ავტომობილის მიერ დაყენებული მტვრის კორიანტელი შეისუნთქა, ხველება დააწყებინა და ასე ხველებ-ხველებით და თვალების ფშვნეტით საყარაულო ოთახისკენ წალასლასდა. არადა, როგორი შემართებით დახვდა უფროსს, მან კი მეგობრების თანდასწრებით მასხარად აიგდო. ალბათ, უძილო თუ იქნებოდა, ფიქრობდა ქიტესა. საერთოდაც, გოჩიკოს ისეთი უხეში გამოთქმები სჩვეოდა, რასაც მთვრალი ქართველების ჩხუბშიაც ვერ გაიგონებდა კაცი და ამ ბოლო დროს ის სულ უფრო ხშირად იყენებდა ქიტესას მიმართ. ამ დილა-უთენია უფროსის მოულოდნელი და ხანმოკლე სტუმრობის მიზეზი ის გახლდათ, რომ მთელი ღამის დრონატარები მეგობრები მეტად მხიარულ ხასიათზე გახლდნენ. გოჩიკომაც გადაწყვიტა თავისი უჩვეულო გარეგნობის ქვეშევრდომი მეგობრებისთვის ეჩვენებინა და კიდევ უფრო გაეხალისებინა ისინი. აკი, საწყობისკენ მომავალიც მთელი გზა ჩხაოდა: ისეთი ყარაული მყავს, ზოოპარკმა რომ გაიგოს, ეგრევე ჩამომართმევენო. ცხრა საათზე ქიტესამ საწყობი კოლეგა ყარაულს გადააბარა, რომელმაც მისალმებაზე პასუხად შემდეგი მიაძახა: - არც წუხელ გეძინა ნადიროო? - ბიჭმა კი წამხდარი გუნება-განწყობით სახლისკენ გასწია. გოჩიკო ხომ ყოველთვის ასეთი უხეში იყო ქიტესას მიმართ, თუმცა ახლა რაღაც სხვანაირად განიცადა უფროსის სიტყვები. - ასე რატომ მომექცა მეგობრების თანდასწრებით, თანაც ის გოგონა... ნეტავ როგორ გამოიყურებოდა? - აქ ბიჭი მიხვდა, რომ ამ ამბიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის რატომღაც, მისდაუნებურად და გაურკვეველი მიზეზის გამო, იმ გოგონას ნათქვამი სიტყვები შექმნილიყო, სწორედ ეს მომენტი უმსუბუქებდა წყენას და ამავდროულად იგივე მომენტი ედებოდა საფუძვლეად იმავე წყენას. რაღაც შინაგანმა ძალამ დააინტერესა გოგონასადმი, რომელიც არც კი დაენახა. თითქოს გაპრანჭვაც მოუნდა მის წინაშე, არადა, აქამდე არასდროს მსგავსი არაფერი მოსვლია თავში აზრად. -ნეტა, რა შთაბეჭდილება დავტოვე, მე ვერ ვხედავდი, მაგრამ მან ხომ დამინახა,- მერე ისევ თავის წარმოსახვებს გადასწვდა, - ნეტა, იმ იდუმალ ხალხთან ერთად ის გოგონაც მითვალთვალებდეს, ან იქნებ ასეც არის? ნეტავ კი ასე იყოს და... - ფიქრობდა ქიტესა და თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მიაბიჯებდა. ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა სახლში, სწრაფი ნაბიჯებით მიიჩქაროდა ხოლმე, ახლა კი საკუთარმა ფიქრებმა გაახალისა და, მიუხედავად წეღანდელი უსიამოვნო შემთხვევისა, მაინც კმაყოფილი, ნელ-ნელა მისეირნობდა. რომელიღაც სამშენებლო ობიექტის გარშემორტყმულ ღობესთან შეჩერდა, რადგანაც გზის ამ ნაწილთან იმდენი ბავშვი ირეოდა, რომ გავლა ვეღარ შესძლო. პატარები, ფერადი ცარცებით ხელში, დარბოდნენ და თეთრად შეღებილ ღობეზე ათასი რამის დახატვას ცდილობდნენ. ქიტესამ ღობეს თვალი შეავლო. ტანკი, მზე, ყვავილი, სახლი, მანქანა, ბურთი და კიდევ სხვა მრავალი რამ მიეხატათ ბავშვებს და კვლავ გულმოდგინედ აგრძელებდნენ დარჩენილი ცარიელი ადგილების შევსებას ნახატებითა თუ წარწერებით. ქიტესა ჯერ მომღიმარი სახით მიაჩერდა აჭრელებულ ღობეს, მერე უცებ დააფიქსირა, რომ ამდენი ბავშვის გარემოცვაში ერთი „ბეხლეწი“ მხოლოდ თვითონ იდგა და შერცხვა. გადაწყვიტა, გზა განეგრძო, მაგრამ უნებურად ისე დაინტერესებულიყო ბავშვების ”შემოქმედებით”, რომ ფეხები არ ემორჩილებოდნენ გონების სურვილს. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა, ვინმე ხომ არ დამცინისო, და მერე თითქოს, ვითომც არაფერს ვათვალიერებო, სწორედ იმ პოზით შეუდგა თვალიერებას. მწვანე წარწერასთან შეჩერდა, რომელიც თეთრი მზის ქვეშ მიეწერათ. ”ხვალ დედა უნდა გავაბრაზო, იმიტო რო...” დაუსრულებელ წარწერასთან ცარცით ხელში პატარა ბიჭუნა ჩაფიქრებულიყო და, ალბათ, მიზეზს იგონებდა.თუმცა ბავშვებმა ხომ თავიანთი საწადელის მიზეზი არასდროს იციან. მერე უცებ ქიტესა შენიშნა და... - არ წაშალოთ გთხოოვთ, ნუ წაშლით, – შეევედრა ბავშვი. - არა, რატომ უნდა წავშალო, არც კი მიფიქრია, პირიქით! - გაიოცა ქიტესამ. - პირიქით რას ნიშნავს? უფრო გაამუქებთ თუ... ქიტესა დაიბნა ბავშვის სიტყვებზე, ბიჭმა კი იფიქრა, ეხლა ალბათ დამტუქსავსო, და სასწრაფოდ მოკურცხლა იქიდან. ქიტესა ფიქრებმა გაიტაცა. ”ეს ბავშვი ალბათ მომიგზავნეს, თუმცა ამით რა საკითხში გამომცადეს, ვერ ვხვდები”. - მერე იქაურობას მოავლო თვალი, გაიფიქრა, ნეტა, საიდან მიყურებენო, შენობების სახურავებსაც კი ახედა და ასე გაირინდა ოცნებებში. საკუთარ მომავალზე ოცნებობდა ქიტესა. იმ დროზე, როცა გაუმხელდნენ ყველაფერს და მეტად საპასუხისმგებლო სამსახურში ჩააყენებდნენ. ბავშვებმაც დაასრულეს ღობის მოხატვა და აქეთ-იქით გაიფანტნენ, ქიტესა კი იდგა მარტო და ბედნიერი სახით ფიქრობდა, საწყობსაც გადასწვდა ფიქრებით, გადაწყვიტა კიდევ უფრო მეტი ყურადღებით და კიდევ უფრო ფხიზლად გაეტარებინა ბნელი ღამეები. უცებ იქაც კი მოუნდა, უნდოდა, ახლა ღამე ყოფილიყო და ფანრით ხელში რომელიმე კუთხეში მჯდარიყო ჩასაფრებული. სწორედ ამ ფიქრებში იყო, რომ ვერც კი იგრძნო, მის ფეხებთან მიპარულმა ძაღლმა ცხვირით როგორ აუწია შარვლის ტოტი, შიგ თავი შეყო და ფეხზე თავისი გაყინული ცხვირი მიადო. ქიტესა შეკრთა, უფრო სწორად, შეხტა, დიახ, მაღლა შეხტა და თან ჰაერში ისე შეიფართხალა, გეგონებოდათ, კარგი ლაზათიანი პანღური ამოჰკრესო. შეშინებული ძაღლიც არანაკლებ შეფართხალდა და გაურკვეველი მიმართულებით მოძუძგა. ფიქრებიდან გამორკვეულმა ქიტესამ კი შეშინებული იერი სწრაფადვე ჩაანაცვლა მტკიცე გამომეტყველებით, თვალებმოჭუტულმა ერთხელ კიდევ შეათვალიერა შენობების სახურავები და ბოლოს თავისი ჩვეული სიარულის მანერით გაუყვა გზას. ალბათ, სრულებით დავიწყებოდა გულკეთილ ქიტესას წეღანდელი წყენა და ახლა უკვე ლაღად მიაბიჯებდა სახლისკენ. თუმცა დავიწყებოდა კი? რა ვიცი, ერთი კია, იმ გოგონას ხმა წამდაუწუმ ახსენდებოდა და სასიამოვნო სირცხვილის შეგრძნება ეუფლებოდა გზად მიმავალს. ქიტესამ იმ ადგილს ჩაუარა, სადაც აგერ უკვე მრავალი წელია, ყოველდღე მიტინგს ატარებდნენ. ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ორატორები, ერთი და იგივე მოთხოვნები და ერთი და იგივე ხალხის რაოდენობა. ქიტესა ამ ადგილს ყოველთვის სწრაფად ჩაუვლიდა ხოლმე, ისევ და ისევ თავისი უჩვეულო წარმოდგენების გავლენით, აქაოდა, ამგვარ კრიტიკულ, საზოგადოებრივ ადგილას არ შემნიშნონ და ჩემთან დაკავშირებულ გეგმებში ცვლილებები არ შეიტანონო. თუმცა ამჯერად რაღაც ზებუნებრივმა, ამოუცნობმა ცნობისმოყვარეობამ წამოუარა, მიბრუნდა და მომიტინგეთა ბომონდს შეერია. სწორედ ამ დროს ერთი გამომსვლელი მეორემ შეცვალა და ამ უკანასკნელმა მაშინვე არაადამიანურ ხმაზე იღრიალა: - ხალხოოო! ნუ გეშინიათ, ხალხო! პირველ რიგში შიში უნდა დასძლიოთ. ერთ, რომელიმე ჩვენგანს რომ დაემუქრებიან, ყველა მის გვერდით უნდა დავდგეთ. თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ხალხი მასთანაა. დაგვიჭერენ რომელიმეს? დაპატიმრებული, არავინ უნდა მივატოვოთ განსაცდელში. ყოველმა პატიმარმა უნდა იცოდეს, რომ მიგდებული არ არის და მისთვის იბრძვიან. ყველას დაგვიჭერენ? ნუ შეგეშინდებათ დაჭერის! - ეს სიტყვები ისეთი ძალით შესძახა, რომ ხმა დაუწვრილდა, დორბლი გადმოაფრქვია და ასე ისტერიულ, ტირილგარეულ ტონალობაზე განაგრძო, - ნუ შეგეშინდებათ შეურაცხყოფის! ნუ შეგეშინდებათ მუქარის! თვით სიკვდილისაც ნუ შეგეშინდებათ!!! ჩვენ ბრძოლაში ვიმყოფებით! ჩვენი ქვეყნის და მომავლის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში! ეს ომია, ხალხო! წარმოიდგინეთ ომში მტერმა ტყვედ ჩაგიგდოთ, ხომ ყოველ წამს ცუდის მოლოდინში იქნებით, ახლაც ასეა, აქ ყვავილებს არავინ მოგვართმევს, ჩვენ მტერს ვებრძვით, ხალხო! დაგვიჭირონ, ეს დატყვევების ტოლფასია, ეს ჩვენთვის პატივია! მზად ვართ ყველაზე უარესისთვის!.... ამ მიმართვიდან ქიტესას არაფერი გაუგია. თუმცა კი, ერთი შეხედვით გეგონებოდათ, მეტად გულისყურით უსმენსო. მისი გონებაგაფანტულობის მიზეზი კი შემდეგი გახლდათ: სწორედ მაშინ, როცა მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი წინა გამომსვლელს მიუხტა, მეგაფონი გამოსტაცა ხელიდან და ზემოთ მოყვანილი, ძლიერ ემოციური მონოლოგი ღრიალით წამოიწყო, ქიტესამ შეამჩნია, რომ ის მაშინვე მას მიაშტერდა. ისიც დააფიქსირა, რომ ეს კაცი ძლიერ გაბრაზებული უყურებდა და თან ენას არ აჩერებდა. - ოოო, მგონი, ჩემთვის რაღაცის თქმა უნდა, - მაშინვე გაიფიქრა ქიტესამ, - დიახ, აშკარად რაღაც კოდირებული ინფორმაციის გადმოცემას ცდილობს, ერთს ლაპარაკობს, სხვა რამეს კი მანიშნებს, ნამდვილად ასეა. ეს თითის ქნევა რაღაა? ნეტა, რას მიმითითებს? - ქიტესამ მაღლაც კი აიხედა, უკანაც მიბრუნდა, თუმცა... ქადაგი ახლა უკვე პირდაპირ მისკენ იშვერდა თითს. ქიტესამ მაშინვე ხელები გულზე მიიწყო და ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომელიც, როგორც წესი, შეკითხვას - „მეე?“- უკავშირდება. თუმცა მიტინგის წამყვანმა ამ დროს ისეთი ძალით იღრიალა რომ ბიჭმა ინსტიქტურად თავი ჩაღუნა და დამნაშავესავით გაიტრუნა, მხოლოდ წარბებს ქვეშიდანღა გაბედა გაეხედა მალულად. - არა, ჩემს მიმართ ნამდვილად რაღაც სერიოზული პრეტენზია აქვთ, აქ გაჩერება აღარ ღირს, - დაასკვნა ბოლოს და სწარაფი ნაბიჯებით იქაურობას გაეცალა. - ხალხოო! - კვლავ ჩაესმოდა მიტინგიდან გაქცეულ ქიტესას ენერგიული ორატორის ღრიალი. სახლში არავინ დაუხვდა. შიმშილი აწუხებდა და გადაწყვიტა ამ ულმობელი წადილის დაკმაყოფილება, თუმცა საპურეში პურის ნამცეცების გარდა ვერაფერი აღმოაჩინა, ამიტომ პირდაპირ თავისი საწოლისკენ გაემართა, რომელიც ტელევიზორის პირდაპირ იდგა და ზედ წამოგორდა. ქიტესა როცა შინ იყო, მეტწილად ლოგინზე იყო ხოლმე წამოწოლილი. ახლაც თავქვეშ ხელები ამოიდო და ჭერს მიაშტერდა. ერთხანს ასე ახამხამა თვალები, მერე უკმაყოფილოდ ამოიოხრა, ახლა გულზე დაიწყო თავისი ტორები და ასე გაშეშდა. - ესეც უსაქმურობა, - გაიფიქრა ქიტესამ და გვერდზე გადაბრუნდა, წუხდა და ფორიაქობდა, უნდოდა ფიქრებით მაინც ჩაენაცვლებინა ეს უმოქმედობა, მაგრამ საოცარია და ფიქრებსაც ვერაფრით უყრიდა თავს. ხუთი წუთის მერე გვერდი იცვალა და კვლავ გაიტრუნა, შემდეგ კი, როგორც იქნა, ფიქრებს მისცა თავი. - აი, მე აქ ვწევარ უსაქმურად, ჩემს გარშემო კი ცხოვრება დუღს, ადამიანებმა ახლა გაიღვიძეს და ათას საქმეს აკეთებენ, მაგალითად, ამ წუთში, ალბათ იმ ფილმს იღებენ, რომელსაც მე როდისმე ვნახავ და იმ კონკრეტული ეპიზოდის ყურებისას სულაც არ მეცოდინება, რომ, როცა მას იღებდნენ, მე ამას იმ მომენტში ვვარაუდობდი. ვაა, რა საინტერესოა! - გამომეტყველება გამოულენჩდა ქიტესას. აქვე უცებ გაახსენდა, რომ უთვალთვალებდნენ და მაშინვე ფანჯრისკენ გაიხედა. ასე გააკეთა ორჯერ, იქნებ ვინმეს მოვატანოო, თუმცა ამაოდ. მერე წამოხტა, ტელევიზორი ჩართო და სასწრაფოდ ისევ საწოლში ჩაეცა. დაუსრულებელი რეკლამების ყურებაში გაირინდა, ქუთუთოები დაუმძიმდა და ძილიც მოერია. დაინახა, ტელევიზორის ეკრანზე საინფორმაციო გამოშვების „ქუდი“ გამოჩნდა, მერე რაღაც ხალხმრავლობას აჩვენებდნენ. ეკრანის მარცხენა დაბალ კუთხეში „აშშ“ ეწერა. ვაშინგტონში, თეთრ სახლთან, ოცი თუ ოცდახუთი ადამიანი შეკრებილიყო და საპროტესტო აქციას მართავდა. ამ ხალხში ლიდერსაც მაშინვე გამოარჩევდით. შუახნის, მსუქანი, თეთრკანიანი ქალბატონი, რომელსაც თმები შავკანიანთა ყაიდაზე დაეხუჭუჭებინა, ლოყები კი წითლად უღადღდებდა, მეტად აღელვებული გამოიყურებოდა. დანარჩენებიც, რომლებიც თეთრკანიანებთან ერთად შავკანიანების და აზიური იერსახის ადამიანთა ჯგუფს წარმოადგენდნენ, ასევე ძლიერ განაწყენებულები ჩანდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, აქ შეკრებილთაგან ზოგნი იმ წითელლოყება ქალბატონის ნათესავები, ზოგნიც მეზობლები და თნამშრომლები იყვნენ, აქ მის მხარდასაჭერად შეგროვილიყვნენ, და ეტყობოდათ, რომ ძლიერ თავდადებითაც იზიარებდნენ თავისი ახლობლის პრობლემას. როგორც კი საყვირებით და ნაირ-ნაირი ლოზუნგებით შეიარაღებულ პროტესტანტებს ჟურნალისტები მიუახლოვდნენ, ამ პატარა ბრბომ მაშინვე იქუხა და წინასწარ გაზეპირებულ-გარითმული ფრაზების სკანდირებას მოყვა. ამასობაში ლიდერმა ქალბატონმა სასწრაფოდ დაიკავა ადგილი ტელეკამერების წინ და თვალზე ცრემლმომდგარმა, ემოციისგან ღონემიხდილი ადამიანივით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაიწყო ამერიკელი ერისთვის საკუთარი პრობლემის გაზიარება: - oh, my god!.. აგერ ერთი კვარტლის იქით ვცხოვრობ... იმ წყეულ დღეს, ჩვენი შინაური თოლია ეზოს აუზიდან აფრინდა და კვარტლის შემოფრენა დაიწყო. ასეთი ფრენა მისი ყოველდღიური გასეირნების შემადგენელი ნაწილი გახლდათ. მთელი ოჯახი, ჩემი მცირეწლოვანი შვილების ჩათვლით, სიამოვნებით ვადევნებდით თვალს ჩვენს საყვარელ ფრინველს და ჰაერში მის ყოველ შენავარდებაზე ერთგული ქომაგივით, მხიარული შეძახილებით ვამხნევებდით. ის იყო დაასრულა შემოვლა ჩვენმა თოლიამ და ეზოს აუზში დასაფრენად ბრუნდებოდა, რომ თეთრი სახლის მხრიდან, ცაში დიდი სისწრაფით მოძრავი შავი ლაქა შევნიშნეთ. დავინახეთ რა, რომ ის პირადაპირ ჩვენი თოლიას მიმართულებით მოძრაობდა, ყველას ძარღვებში სისხლი გაგვეყინა. წამიც და მოზრდილი ფრინველი ჩვენს თოლიას დაეტაკა და... oh, my god!... - ქალს წითელ ლოყებზე ცრემლის ნაკადი ჩამოეღვარა და სლუკუნით გააგრძელა, - ბავშვების თვალწინ... oh, my god!... ჩვენი თოლია მიწიდან დაახლოვებით ასი მეტრის სიმაღლეზე პრეზიდენტის შევარდენმა ვერაგულად გამოასალმა სიცოცხლეს. აბა რა იქნებოდა, ეს მტარვალი შევარდენები ხომ საათში სამას კილომეტრამდე სისწრაფეს ავითარებენ. მაშინვე ჩავსხედით ჩვენს ფურგონში და ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილისკენ გავექანეთ... ვიპოვეთ... სულ მთლად გაფატრული. Oh, my god!!! - ქალმა სახეზე პუტკუნა ხელები აიფარა, ერთხანს ასე დაჰყო, მერე კი კვლავ გამოაჩინა სახე, რომელიც ახლა უკვე მტკიცე და შეუპოვარი გახდომოდა და მთელი მრისხანებით შესძახა. მის ხმაში გულჩვილობის ნატამალიც აღარ ჩანდა: - მოვითხოვთ! გამოვიდეს პრეზიდენტი, იკადროს და ახსნა-განმარტებით მოგვახსენოს, რაც მოხდა. მოგვახსენოს, რა ზომების მიღებას აპირებს თავისი თავზე ხელაღებული შევარდენის წინააღმდეგ, ან აპირებს კი საერთოდ რაიმეს, თუ იქნებ გულთან ახლოსაც არ მიუტანია ეს ამბავი. ჩემი შვილები ახლაც ტირიან... ჩვენი უდანაშაულო თოლიას ვერაგული მკვლელობა კი... oh, my god!.. გამოვიდეს ერის წინაშე, სანამ ჩვენს პროტესტს უფრო სერიოზული სახე არ მიუღია. დაზარალებულ ქალს დანარჩენებიც აყვნენ. ორი შავკანიანი ქალი ლამის ერთ ხმაში ლაპარაკობდა. მაშინ კი, როცა ოპერატორმა ერთ-ერთი მათგანი ახლო კადრში მოახვედრა, ქიტესას ტელევიზორის ეკრანის ოთხმოცი პროცენტი მისმა ვეებერთელა მკერდმა და მსუქანმა მკლავებმა დაიკავა, დარჩენილ ოც პროცენტზე კი მისი გადმობრუნებული ტუჩები დომინირებდნენ: - აუცილებლად უნდა გაგვაგებინოს ქვეყნის პირველმა პირმა, თუ რა პრევენციული ზომების მიღებას აპირებს შემდგომში ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიქნებით დამშიდებულნი. რა ხდება? საკუთარ სახლებში ჩვენი თეთრი და ფუმფულა თაგუნიები იმის შიშით ვეღარ უნდა მოვაშენოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტის კატამ არ მოაკითხოს და დაუნდობლად არ დაგვიხრჩოს ისინი? Oh, my god... - გულწასულის იერი დაიჭირა ქალმა და ოპერატორს ანიშნა კამერა მომაშორეო. - რას გავს ეს? - დაიწყო კადრში ახლად მოხვედრილმა გამხდარმა, ფერმკთალმა კაცმა, - ვაშინგტონელ მოქალაქეთა შინაური ცხოველები მუდმივი საფრთხის ქვეშ უნდა ცხოვრობდნენ, ვაითუ რომელიმე გათავხედებულმა, სამთავრობო, შინაურმა თუ ჯერ ისევ მოუშინაურებელმა ცხოველმა, ფრინველმა თუ ქვეწარმავალმა, უკეთეს შემთხვევაში, არ დაასახიჩროს და უარესში კი სიცოცხლეს არ გამოასალმოს ისინი? ჩვენ ამას არ მოვითმენთ!!! - კაცის სიტყვებს საყვირების გუგუნი და გამოდი! გამოდი!-ს შეძახილები მოჰყვა. თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც განსაკუთრებულად დაცულ პერიმეტრად ითვლება და სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ, ორი მამაკაცი გამოჩნდა. ორივენი შავ პიჯაკებში იყვნენ გამოწყობილნი და ფიზიკურადაც ტყუპებივით გავდნენ ერთმანეთს. მოუახლოვდნენ რა პროტესტანტებს, ერთ-ერთმა მათგანმა ხელის აწევით ანიშნათ, დაწყნარებულიყვნენ, ცოტა ხანს დაელოდა, სანამ სიჩუმე ჩამოვარდებოდა და შემდეგ წამოიწყო: - გთხოვთ დამშვიდდეთ და სახლებში წახვიდეთ. დაბრუნდით სახლებში, მიუსხედით თქვენს ტელევიზორებს და მოუსმინეთ. პრეზიდენტის ადმინსტრაცია სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს მომხდართან დაკავშირებით, ყველანი კმაყოფილები იქნებით... გთხოვთ, მიბრძანდეთ! მართლაც, სულ მალე, მთელი ამერიკელი ერის გასაგონად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაპირებული განცხადება გააკეთა, სადაც ჯერ პრეზიდენტის შევარდენის მიერ შინაური თოლიას მკვლელობა დაგმეს, მერე კი შემდეგი განაცხადეს: - პრეზიდენტის შევარდენის ორივე მწვრთნელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. თავად შევარდენი კი მანამდე არ იქნება თავისუფალ სივრცეში გამოშვებული, სანამ მისი გაწვრთნის დონე სათანადო კონდიციამდე არ მიაღწევს. და კიდევ, მომხდარი ფაქტის გულთან ახლოს მიტანისა და მის სავალალო შედეგზე დიდი და ღრმა მწუხარების აღსანიშნავად, დღევანდელი დღე ვაშინგტონის შტატში გამოცხადდეს თოლიებზე ზრუნვის საერთაშორისო დღედ.... ასეთ უცნაურ სიზმარს ხედავდა ქიტესა, როცა მამის ხმამ გამოაღვიძა: - ადექი, ბიჭო, შარვალი ჩაიცვი! - მაცვია! - ინსტიქტურად შეჰყვირა ძილიდან უცებ გამორკვეულმა ქიტესამ და ბნედიანივით წამოხტა ლოგინიდან. მამამისს ახალთახალი, წითელზოლიანი, საყარაულო ფორმის შარვალი მკლავზე გადაეკიდა და შვილს ამაყი სახით უყურებდა. - შევაკერინე, აბა, ჩაიცვი! - თავმომწონედ მიუგო შვილს. - რად მინდა ჩაცმა, უკვე საღამოა? - გაიკვირვა ქიტესამ და შარვალი შეათვალიერა. - მერე რა, ეს ხომ ახალია, - მყარი არგუმენტი წამოუყენა მამამ და შარვალი გაუწოდა. - შენ შეაკერინე? - ხო. - კარგია? - ხო. - რამხელაა? - შენი ზომაა. - იცოდი? - შე მკუანა მამაძაღლო, მთელი ცხოვრება ხაზეინობასთან მაქვს ნამუშევარი და ეგ არ მეცოდინება?- ამაყად დაუცაცხანა მამამ და შარვალი გადაუგდო. ქიტესამ ძველი, გახუნებული ფორმის შარვალი გაიხადა, ახალი ამოიცვა და ისევ ლოგინზე წამოგორდა. მამამაც კმაყოფილმა გადახედა მხართეძოზე წამოწოლილ ვაჟკაცს, ერთხანს ასე ათვალიერა საწოლზე გაშოლტილი მემკვიდრე და მხოლოდ ამის მერე გაემართა, როგორც თვითონ უწოდებდა, ტელევიზორის საყურებელი სკამისკენ. მის მეუღლესაც ჰქონდა თავისი ტელევიზორის საყურებელი სკამი, მხოლოდ ქიტესა იყო გამონაკლისი. ის ტელევიზორს მუდამ წამოწოლილი უყურებდა, ამ დროს ხან ეძინა, ხან ეღვიძა და ხანაც ორივე ერთად, - ანუ თან ეძინა და თან ეღვიძა. მეორე დღეს, მეტად მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ამბავი მოხდა ქიტესას ცხოვრებაში. კერძოდ კი, დილით სარკეში ჩახედვისას, პირველად ამ ქვეყნად მისი არსებობის მანძილზე და, მინდა გაგიმხილოთ, რომ მეტწილად იმ გოგონას გავლენითაც, საკუთარ თავს როგორღაც განსაკუთრებული თვალით შეხედა. შეხედა და რაღაც არ მოეწონა. თმებზე ხელი გადაისვა, თითქოს ჯაგრისზე გადაეტარებინოს თითები, - როგორმე უნდა დავიტკეპნო, – გაიფიქრა ბიჭმა და დაასკვნა, რომ თმების ლაქი უნდა ეყიდა. თუმცა მანამდე ერთ-ერთი მოდური ჟურნალის დათვალიერება გადაწყვიტა და გარეთ გასულმაც პირველ რიგში საგაზეთო ჯიხურს მიაკითხა. ქიტესამ გარშემო შემოუარა, ოთხივე მხრიდან ფერადი ჟურნალ-გაზეთებით აჭრელებულ პატარა ვიტრინებს და ბოლოს ვიწრო სარკმელი იპოვა. ჯიხურში ერთი გადამწიფებული ქალბატონი იჯდა და მზესუმზირას შეექცეოდა. - მომეცით ჟურნალ ”დილეტანტის” ბოლო ნომერი. - მიუგო ქიტესამ. - ბოლო ნომერი ჯერ არ გამოსულა. - გადაუგდო სიტყვა ქალმა. - ეგ როგორ? - გაიოცა ბიჭმა – აბა, რა იქნა? - ჯერ არ გამოსულა! - ხმას აუწია ქალმა. - აბა ბოლო რა იქნა? ხომ გამოვიდა? - არა-მეთქი, არა!! - რაც არ გამოსულა, იმის წინა ხომ ბოლოა? - რა იმის წინა, ბიჭო, წადი, რა, გამშორდი, არ მაქვს შენი ნერვი, – ხელი აუქნია ქალმა და ქიტესაც მორჩილად გაერიდა უცნაურ ქალბატონს. მიუხედავად იმისა, რომ ქიტესა ამ გაურკვეველი საუბრის გამო, ჟურნალ „დილეტანტის“ ბოლო ნომრის გარეშე დარჩა, სადაც ბოლო მოდის ვარცხნილობები უნდა დაეთვალიერებინა, მაინც ხალისიანად შემოირბინა უბნის მაღაზიები, როგორც იტყვიან, ბუზივით დაქროდა. ბოლოს კი ერთ-ერთი სუპერმარკეტის კიბიდან გაბადრული სახით დაეშვა და თან ხელში თმის ლაქის ბალონს აბზრიალებდა. გადაწყვიტა მეორე დილით უფრო ადრე ამდგარიყო, ვიდრე უწინ დგებოდა, რადგანაც საგულდაგულოდ დაემუშავებინა ურჩ ჯაგრად ქცეული თმა. ასეც მოიქცა. დილაუთენია სარკის წინ იმდენი იტრიალა, ბოლოს ლამის საკუთარმა შებეზრებულმა ანარეკლმაც კი მიატოვა. მიზანს კი მაინც მიაღწია, მთელი ბალონი ლაქი თავზე ჩამოიცალა და თმები თავზე ისე მიიტკეპნა, გეგონებოდათ, პარიკი დაახურესო. ამ ერთმა უწყინარმა პროცედურამ ქიტესას გარეგნობა ისე შეცვალა, რომ ახლა მეც კი მიჭირს, მას კვლავ ქიტესა ვუწოდო. მაშინ, როდესაც ასეთი თმებდატკეპნილი და გამოპრანჭული ბიჭი ოთახში გამოჩნდა, პატარა მაგიდასთან, ტელევიზორის საყურებელ სკამზე მჯდომ მამას პირთან მიტანილი ჩაის ფინჯანი ხელში გაუშეშდა და შვილს ყბაღია მიაჩერდა. დედამ კი ნაზად შეჰკივლა, ცოცხი და აქანდაზი იქვე მიყარა, ხელები გულზე შემოიწყო და მეტად ბედნიერი სახით, თვალ გაშტერებული ოცნებებში წავიდა. ქიტესამ კი უხმოდ, ამაყად გაიარა ოთახი და ქუჩაში გავიდა. როგორც ყოველთვის, მის უბანში დილის გრილი ნიავი უბერავდა, რომელიც ამჯერად თმის ღერსაც კი ვერ უტოკებდა ქიტესას. თავისი ვარცხნილობის გამო ბიჭს მეტად თავდაჯერებული გამომეტყველება შესძენოდა. - ჰმ, ვერ მიცანიით? - გუნებაში მიმართა მათ ვისაც ჯერ არს, თან ყოვლისმცოდნის იერით აქეთ-იქით დაეჭვებული იმზირებოდა და აშკარად იდუმალ მოთვალთვალეების აღმოჩენას ცდილობდა. მერე ადგილიდან დაიძრა. მაყურებელთა წინაშე გამოსული ათლეტივით მიაბიჯებდა ქიტესა და სწორედ ახლა სიარულისას გამოჩნდა, რომ მისი ახლთახალი, წითელკანტიანი, შავი შარვალი სიგრძეში საკმაოდ მოკლე მოსვლოდა, რადგანაც მისი ტოტები კოჭებიდან ორი სანტიმეტრით მაღლა მთავრდებოდა. რა თქმა უნდა, ქიტესა არც ამ ხარვეზს იგდებდა აინუნში. მიუხედავად ყველაფრისა, თავდაჯერებული იერი, თამამი მიხვრა-მოხვრა, დატკეპნილი თმა, ახალი შარვალი და საგულდაგულოდ გაპრიალებული ფეხსაცმელები ქიტესას იმგვარ შესახედაობას აძლევდა, რომ ცენტრალური ქუჩის შესახვევთან მათხოვრის ყურადღებაც კი მიიპყრო, რომელმაც დაინახა რა გაბღენძილი ქიტესა, არც აცია არც აცხელა, და პირდაპირ შესძახა, ფული მომეციო. - მე არ მაქვს, ღმერთი მოგცემსო, - ომახიანად მიაძახა ქიტესამ და ესპანელი ტორეადორივით, დაკლაკნილი ნაბიჯებით, გზას გაუყვა, რომელიც სულ მალე იმ უასფალტო ქუჩაზე გაიყვანდა, სადაც ცარიელი ყუთების საწყობი მდებარეობდა. სწორედ ამ დროს აღმოცენდა მის გალაქულ თავზე პირველი ხარვეზი. კერძოდ კი, ხელოვნურ ქიმიურ საშუალებას, ბუნებრივ ბიოლოგიურმა კოდმა სძლია და ქიტესას ყიფლიბანდზე თმის რამოდენიმე ღერი ფეხზე წამოდგა. ხუთ წუთში მის უზარმაზარ თავზე თმების ორმოცდაათი პროცენტი აიჯაგრა, ხოლო როდესაც საწყობს მიუახლოვდა, ლაქით გამხმარი თმის ღერები ზღარბის ეკლებივით მოსდებოდა მთელს თავზე და იმაზე უჩვეულო შესახედაობას აძლევდა, ვიდრე მანამდე ბუნებრივად გაფშეკილი თმებით ეძლეოდა. თავად ქიტესას კი ეგონა თმა ისევ დატკეპნილი მადევსო და გამვლელთა უჩვეულო მზერასაც სწორედ თავის ამ ახალ ვარცხნილობას მიაწერდა. საწყობის ტერიტორიაზე შესულს მისი შემცვლელი შემოეგება. კოლეგის დანახვაზე ერთხანს მასაც თვალები გაუფართოვდა, ხოლო როდესაც გვერდით ჩაუარა, ქიტესას მისალმების პასუხად ყურში წაუჩურჩულა: - გოჩიკო აქ არის და მთვრალიაო. - მერე სწრაფი ნაბიჯით გასასვლელისკენ გაცუხცუხდა, იქიდან კი გამოსძახა - ახალი შარვალი მშვიდობაში, ნადირო! - და სამშვიდობოს გაღწეული სახლის გზას დაადგა. სასაწყობე შენობის მარცხენა მხრიდან ჯგუფური საუბრის ხმა მოისმოდა. ქიტესაც სწორედ იქით გაემართა. გოჩიკოს თავისი შავი „BMW-X5“ კედელთან მიეყენებინა, კაპოტზე სუფრა გაეშალა და მეგობრების წინაშე, რომელთაც ხელში ძვირფასი ვისკით გადავსებული ბროლის ჭიქები მოემარჯვებინათ, კომპანია „ეფლის“ დამფუძნებლის სტივ ჯობსის მარადიული ხსოვნის სადღეგრძელოს წარმოსთქვამდა. ამ შანტრაბას, გოჩიკოს გარდა კიდევ სამი გოგონა და სამი ბიჭი შეადგენდა. - აუუ, სტიიივ, - ამოიკვნესა ერთმა თვალზე ცრემლმომდგარმა გოგონამ და ვისკი სულმოუთქმელად გადაუშვა საყლაპავში, - ჩვენს დედიკომიწაზე იდეების ნაკლებობაა, იდეები დაიბრიდა, ტოოო! - ჩხაოდა გოჩიკო. - ვინ სჯობდა ჯობსს, ჩვენ ვსტირით სტივს, ასეა ტოო, - ლამის გარეპა ერთმა პუტკუნა ბიჭმა. - აუუ, სტიიივ - იქვე მისამღერივით ამოუკვნესა იმავე აცრემლებულმა გოგონამ. ვინ იცის, ეს ამბავი იქნებ რომელიმე მათგანის გულის შეღონებითაც კი დამთავრებულიყო, რომ არა ქიტესა, რომელიც სწორედ იმ დროს გამოჩნდა, როცა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში კრიზისის ხანის დადგომაზე ჩამოაგდო სიტყვა. - აუ, ეს ვინ გაეძროო, ტოო, - ჩაიბუტბუტა გოჩიკომ და შემდეგ სამგლოვიარო სიტუაციისთვის სრულიად შეუფერებელი ტონალობით გასჩხავლა მოახლოებულ ხელქვეითს: - რა არის, ქიტეს, რა აინშტაინივით გაგწეწვია ეგ თმები! აბა, ენა გამოგვიყავი, ეეე... დავაი, აბა, მოვიდა აქეთ მოვიდა! ბისტრაო, ბიჭო! - ქიტესა თავჩაღუნული მიუახლოვდა ახალგაზრდებს, თან მალულად გოგონებისკენ გაურბოდა თვალი და ღაწვებიც შესწითლებოდა. - აბა, დავაი, ეხლა წავიდა და მოიტანა ჭიქა, მალე! მალე!! მალე!!! - ქიტესა იქვე თავის საყარაულო ოთახში შევიდა და ემალის პატარა, ცისფერი „კრუშკით“ ხელში დაბრუნდა. მეგობრები უსიტყვოდ ადევნებდნენ თვალს გოჩიკოს მანჭვა-გრეხვას და თან ქიტესასაც გაფაციცებით ათვალიერებდნენ. - ნახეთ, რა როჟაა! - წარუდგინასავით გოჩიკომ. - აუ, რა უცნაური ტიპიააა! - ყელში ამოილაპარაკა ერთმა გოგონამ. „არა, ეს მისი ხმა არ არის“, გაიფიქრა ქიტესამ და ფრაზის ავტორს თვალი შეავლო. - კაით რაა, საყვარელია, - თქვა მეორე გოგონამ. „აი ეს არის“ დაასკვნა ქიტესამ, გულის ცემა გაუორმაგდა და გოგოს მორიდებით გახედა. - ვაუ, გოჩიკო, რა ორიგინალური ყარაული გყავს, - შეიკუნტრუშა მესამე გოგონამ. - ყარაული კი არა ყლარაულია, - დაიკნავლა გოჩიკომ. ამ სიტყვებზე ზოგიერთებმა ჩაიხითხითეს კიდეც, ქიტესას კი არც გაუგია, რადგანაც იმ წუთას გონებაში მეორე გოგონას მიერ ნათქვამი სიტყვები უტრიალებდა. ამასობაში გოჩიკომ ვისკით გადაუვსო ქიტესას „კრუშკა“ და მიაყოლა; - დავაი, ჩაისხი! - ქიტესამ ბოლომდე გამოცალა და იქვე დალაგებულ, უცნაური ფორმის შოკოლადს გადასწვდა, სასწრაფოდ შემოაცალა ბრჭყვიალა ქაღალდი და ის იყო ჩანა უნდა მოევლო, რომ გოჩიკო აჩხავლდა. - ოპ, ოპ, ოპ, არა, ბიჭო, არა, გაჩერდი, ეგ არ ჭამო. - რატო? - შეეკითხა პირგახსნილი ქიტესა და ხელი გაუშეშდა. - ეგ მერე განავალს განსაკუთრებულ არომატს აძლევს და ისიც შემოგეჭმევა, მერე და გინდა? თუ გაწყობს, ჭამე, - გოჩიკოს მეგობრები სიცილით ჩაბჟირდნენ, ქიტესა კი იდგა ასე პირთან მიტანილი შოკოლადით ხელში და ვერ გაეგო, როგორ მოქცეულიყო. ერთმა ბიჭმა თითიც კი გაიშვირა მისკენ და სიცილით ჩასუსტებულმა ძლივს ამოღერღა: - აუ ნახეთ რა სირიაო. ერთმა ალკოჰოლით გაბრუებულმა, სიცილისგან ცრემლმომდგარმა გოგონამ კი მიაყოლა, - ნახეთ, ტიპი ფიქრობს, ჭკვაში დაუჯდაო. ქიტესამ შოკოლადი ადგილზე დააბრუნა. სისხლი თავში მოაწვა. ვერ გაეგო, ეს სირცხვილისგან ემართებოდა თუ სიბრაზისგან. სუნთქვა გაუხშირდა, ზედ არავის უყურებდა, მდუმარედ თავჩახრილი მიწას დასცქეროდა. ქიტესას ამ დუმილით გათამამებული ზოგიერთი ახალგაზრდა სულ მთლად თავს წავიდა, ათასგვარი უზრდელი სიტყვებით დაუწყეს დაცინვა, ზოგიერთმა ლამის გოჩიკოსაც კი გადააჭარბა. „თქვენი უშვერი სიტყვები თქვენივე სახელგანთქმული ზრდილობის სახე და საფირმო ნიშანია, რა ცუდი ხალხი ყოფილხართ, ძალიან ცუდი ხალხი“, - აი ამას ფიქრობდა ქიტესა გულში და, ალბათ, სწორედ ეს შეძახილი უნდა მოსწყვეტოდა მის ბაგეს, ის რომ ქიტესა არ ყოფილიყო. თუმცა ორი გოგონა ჩუმად ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და ეტყობოდათ, რომ სულაც არ მოსწონდათ მეგობრების ასეთი დამოკიდებულება მათთვის უცნობი ბიჭის მიმართ. „აი გოჩიკოს კიდევ, ალბათ, ეკუთვნის, რადგანაც მისი ყარაულია, მაგრამ ამათ არ ეკადრებათო“, - ასე ფიქრობდა ერთ-ერთი მათგანი, ხოლო მეორეს კი ეცოდებოდა ქიტესა და მხოლოდ იმის გამო ვერ გამოთქვამდა თავის ამ დამოკიდებულებას, რომ ეშინოდა, მეც დასაცინი შევიქმნებიო. ასეთ ხალხში ხომ გულჩვილობა და დამცირებულთა თანაგრძნობა მეტად არაპოპულარულ საქმედ ითვლება. მთვრალმა გოჩიკომ ქიტესას თავისი „კრუშკის“ მის მანქანაზე დადგმის უფლება არ მისცა, უთხრა რომ თმებზე წამოიცვიო, მერე კი აყვირდა: მოაშორე აქედან ეგ შენი ღამის ქოთანი, თორე ისე მეფსია, გადაგივსებ, იცოდე, შე ახვაროო. ამის თქმა იყო და იქვე საყარაულო ოთახისკენ წაბარბაცდა, შიგნით შევიდა და... - რას შვრება, ტოოო, შიგნით ტუალეტია? მეც მინდა, - გასძახა ერთმა ბიჭმა ქიტესას. ამ უკანასკნელმა თავი გაიქნია, აგერ ტუალეტიო, მიუთითა ოციოდ მეტრში პატარა ნაგებობისკენ, მერე კი თვითონაც საყარაულოსკენ გაემართა. შიგნით შეუსვლელადაც კი მიხვდებოდა ქიტესა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მაინც შევიდა. გოჩიკოს ზედ საწოლზე მოეშარდა და დაინახა რა ქიტესა, აყვირდა: - რა არი, შე ჩემისა, რას იბღვირები, აბა, ყარაულს საწოლი რა ჩემს ფეხებად უნდა. იმ ღამის დარაჯის დედა ვატირე, რომელიც ღამე იძინებს. შენ იძინებ ხოლმე, ბიჭო? იძინებ, შე სირო, შენ? ჰაა? - დაუჩხავლა ბოლოს გოჩიკომ და ხელის კვრით გარეთ გააგდო. ქიტესას ნიკაპი აუკანკალდა. ხან გოჩიკოს მეგობრებს უყურებდა, ხან თავად გოჩიკოს, არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა, სად წასულიყო, იცოდა, რომ იმ ოთახში აღარ შევიდოდა. „მორჩა და გათავდა, მთელ ღამეს გარეთ გავატარებ, საყარაულოში აღარასოდეს შევალ“, - ფიქრობდა ქიტესა და იმ გოგონასკენ იყურებოდა. - მიდი, მიდი, დავაი, იკოტრიალე მაგ საწოლში, მიდი, - ხაოდა გოჩიკო და ქიტესას ახლა საყარაულოსკენ უბიძგებდა. ამ უკანასკნელმა კი გაბედა და ხელი დაუჭირა თავგასულ უფროსს. ამან გოჩიკო ააფეთქა. ისე მიაშტერდა მოწინააღმდეგეს, რომ ქიტესამ იფიქრა: „ნამდვილად გულში მაგინებს, მაგრამ მაინც, კიდევ კარგი, ამას ხმამაღლა არ მეუბნებაო“. - შენი დედა ვატირე! - ამოიჩხავლა ამასობაში გოჩიკომ და ქიტესას შუბლში ორი თითი გაუწკაპუნა. - შენი! - სიტყვა შეუბრუნა ქიტესამ და მაშინვე მიხვდა, რომ წამოსცდა. გოჩიკომ თვალები დაბრიცა, ტუჩები მოღუნა, – ვისა, ბიჭოო! დაიჩხავლა და ქიტესას მარცხენა ლოყაში ისეთი სილა გააწნა, ხუთი თითი მაჯვენაზე გამოეტყო. ქიტესას ხელის შებრუნება არც კი უფიქრია. მხოლოდ სუნთქვა აუჩქარდა და მუდამ მომღიმარ სახეზე გაბრაზება გამოეხატა. შემდეგ როცა გოჩიკომ თავისი მოდუნებული, გამხდარი ხელის მტევანი მეორედაც გაარტყა, მესამედაც, მეოთხედაც და მეხუთედ უკვე პანღური მიაყოლა უწმაწური გინების თანხლებით, ქიტესამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, არა იმდენად იმიტომ, რომ თავმოყვარეობა შეელახა, მან იფიქრა: ასე უკვე მეტად უსუსურად გამოვჩნდები მათ თვალში, ვინც დღენიადაგ მითვალთვალებენო და წორედ რომ მხოლოდ ”მათ” დასანახად იმოქმედა, მოწინააღმდეგეს ცალი ხელით კისერში სწვდა და თავისი მძლავრი თითები მარწუხივით მოუჭირა. გოჩიკომ წინააღმდეგობა შეწყვიტა, მოიბუზა, ტკივილისგან დაიკლაკნა და ასე დაღრეჯილი სახით, ნახევრად ჩაკეცილ მდგომარეობაში გაშეშდა. ეს კი შესძლო ქიტესამ, მაგრამ ამის მერე როგორ მოქცეულიყო, არ იცოდა. არც გული კარნახობდა რაიმეს და არც გონება. ამის დამნახავი გოჩიკოს მეგობრები ქიტესასკენ გამოექანნენ და მუშტი და ფეხი ერთდროულად წაუშინეს, რითაც ცდილობდნენ თავისი მეგობრის დახსნას ქვეშევრდომის მძლავრი მარწუხებისგან. ბოლოს, როგორც იქნა, განთავისუფლდა გოჩიკოც, ნატკენი კისერი კნავილითა და კვნესით მოისრისა და მუშტები აამუშავა. ახლა უკვე ოთხმა, აგრესიით და თრობით შეპყრობილმა ბიჭმა უმოწყალოდ დაუწყო ცემა ქიტესას. მას კი მეტი წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მხოლოდ თავზე შემოიწყო ხელები და უხმოდ იტანდა დარტყმებს, რომელიც ყოველი მხრიდან უწმაწურ გინებასთან ერთად უხვად და გამეტებულად მოდიოდა. ალბათ, უფრო გოჩიკოს და მის მეგობრებს დაულურჯდათ და აეწვათ თავისი ნაზი ხელები, ვიდრე ქიტესას სხეულის ის ნაწილები, სადაც უმიზნებდნენ. ვერც მისი წაქცევა მოახერხეს, თუმცა ფეხზე მდგომს მთელ ხუთ წუთს მაინც უბაგუნებდნენ. ბოლოს გოგონების კივილმა თუ მოჩხუბრების დაღლილობამ თავისი ქნა და ცოტა დაწყნარდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი, ვინც დაიღალა და ხელი ვეღარ გაექნიათ, მხოლოდ აფურთხებდნენ ქიტესას. მალე უკვე ორიღა ურტყამდა, ორი კი მათ შეკავებას ცდილობდა, ბოლოს მარტო გოჩიკოღა უბაგუნებდა, დანარჩენები კი მის დაშოშმინებას ცდილობდნენ. - ჩემზე ხელი ასწიე? შენი დედა .... - ღრიალებდა გოჩიკო, რომელიც უკვე მეგობრებს გაეკავებინათ და ქიტესასგან მოშორებითაც გამოეყვანათ. - აქ აღარ დაგინახო, შიმშილით უნდა გადახმე, შე ნაბიჭვარო, გამიშვით, უნდა დავბრიდო, - ჩხაოდა ის და დაკვრანჩხილ ხელებს წყალში ჩავარდნილივით ასავსავებდა. ქიტესამ სახიდან ხელები ჩამოიშვა. ჯერ გოგონას გახედა, რომელსაც თვალები აცრემლებოდა. მერე აჩხავლებულ გოჩიკოს და მასთან მოჯაჯგურე ბიჭებს გადაავლო თვალი. - თქვენი დედები... - წარმოთქვ-იფიქრა ქიტესამ. ეს რაღაც შუალედური მდგომარეობაა წარმოთქმასა და გაფიქრებას შორის, რომელიც ადამიანს ამ დროს სახეზე აღებეჭდება ხოლმე. მერე შერცხვენილმა თავი ჩახარა და ნელი ნაბიჯებით წალასლასდა. რამოდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გავლილი, როცა გოჩიკო რაღაც დიდი მონდომების ძალით, დაუსხლტა მეგობრებს ხელიდან, გაექანა და მიმავალ ქიტესას საჯდომში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. ქიტესა ოდნავ წაბარბაცდა, გოჩიკო კი ამ შეჯახების შედეგად უკან გადმოვარდა და მიწაზე გულაღმა გაიშხლართა. ქიტესამ სევდიანად გადახედა დაბლა გაგორებულ გოჩიკოს, ერთ წამს ინსტიქტურად ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ წამოვაყენოო, თუმცა მაშინვე შეტრიალდა და გზა განაგრძო. ასფალტიან გზაზე გასულსაც კიდევ კარგა ხანს ესმოდა მეგობრების მიერ შებოჭილი გოჩიკოს ჩხავილი და ლანძღვა-გინება. მერე კი ყველაფერი მიწყნარდა. ქიტესას თავის ახალ შარვალზე მარცხენა დუნდულის მხარეს, გამოსაჩენ ადგილას, გოჩიკოს ტუფლის დიდი ნაფეხური აჩნდა. ეს იყო ერთგვარი დაღი თავს გადამხდარი ამბისა და დაინახავდნენ რა ამ ნაფეხურს, ყოველი გამვლელისთვის აშკარა ხდებოდა მისი იმწუთიერი უმწეო მდგომარეობა. თითქოს დიდი რამ დაზიანება მიეღოს მის გრძნობის ორგანოებსო, მასში აღარაფერი აღწევდა გარესამყაროდან. ფიქრებით კი თითქოს რეალობას მიუახლოვდა, ვიტყოდი, მწარე რეალობას. შეურაცხყოფამ და სირცხვილის განცდამ სულ სხვა კუთხით დაანახა საკუთარი მე. თითქოს ახლა აღმოაჩინა შურისძიების ცნება, რომელიც ხშირად თავმოყვარეობას უკავშირდება, მაგრამ იქვე აღმოაჩინა ისიც, რომ არავითარი შურისძიება მას არ შეეძლო. ქიტესა ხვდებოდა, რომ მხოლოდ ტუალეტში მხრების თამაში არ ყოფილა საკმარისი თავის გამოსაჩენად. გრძნობდა, რომ მისი ბუნების პატრონს საკადრისი პასუხის გაცემა არ შეეძლო. პირველად ცხოვრებაში თავის წარმოდგენებში ეჭვი შეეპარა. – „ვინ ვარ მე? თუ კი მნიშვნელოვანი ვიყავი და მთელი ამ ხნის განმავლობაში მითვალთვალებდნენ, რატომ არ დამიცვა არავინ? ვიცი არ გამოეპარებოდათ ჩემი ეს ამბავი. გამოდის, რომ ყველაფერს უყურეს და ნახეს, თუ როგორი უშნო ვარ? ასეთი აღარავის გამოვადგები. ჩემი უმწეო მდგომარეობის მნახველებთან ვეღარასოდეს დავიჭერ ღირსეულ ადგილს. მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემდამი დაკისრებული მისია ჩემთვის ახლა უკვე აღარ არსებობს. მორჩა, აღარავინ ვარ! მოკლედ, ის ვარ, ვინც სინამდვილეში ვყოფილვარ. ეეეხ! - ამოიოხრა ქიტესამ და ყველა ის დარდი და გაჭირვება, რასაც აქამდე თავისი წარმოდგენების წყალობით ახლოს არ იკარებდა, ერთბაშად გულზე დააწვა. შეეშინდა ქიტესას, ნამდვილი ცხოვრების შეეშინდა. ხანდახან ხომ ადამიანისთვის ცხოვრება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე სიკვდილი. შეშინებულ ქიტესას ქვეცნობიერმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, დამალულიყო ყველგან და ყველაფრისგან. მისი ფსიქიკა სასწრაფოდ გადაეწყო და იმ წუთიდან ქიტესა გარესამყაროს დაემალა. ეს ცვლილება თითქოს მისდაუნებურად მოხდა, მაშინ როდესაც ბარდიულზე მიაბიჯებდა საჯდომზე ნაფეხურით, თავდახრილი, გულგატეხილი და გაწბილებული. აქამდე საკუთარი ფანტაზიებით დაიმედებულს ახლა უიმედობა მოსძალებოდა. სევდას შეეპყრო ქიტესა. გარინდებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი საცოდავად მილასლასებდა. ვერც გარშემო ამჩნევდა ვერაფერს და იმ წუთას არც ყურთ ესმოდა არაფერი. არც მაშინ გაუგია რაიმე, როდესაც ყოველდღიურ მიტინგს ჩაუარა. - ხალხო! ნუ გეშინიათ, ხალხო! გაიღვიძეთ! გამოფხიზლდით! - ღრიალებდა ნაცნობი ორატორი, თუმცა ქიტესასთვის ისიც დუმდა. მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა წამიერად რეალობას, როდესაც ნესტოში ბაბუაწვერა შეუფრინდა. უეცრად გამოცოცხლდა, იქაურობას აზრიანი კაცივით გადახედა, მერე პირი დააღო, მზესუმზირის თვალები სწრაფად აახამხამა, ერთი ომახიანად დააცემინა, ორ წამს დაჰყო ასე გონს მოსულმა და მერე ისევ გარინდებას მისცა თავი, სამუდამო გარინდებას. თუმცა შემდეგშიც მხოლოდ ბაბუაწვერების სეზონზე თუ მოვიდოდა ხოლმე გონს ქიტესა და ისიც წამიერად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან გაეიხარდა ავტორის გამოჩენა. ნაწარმოები დიდი მოცულობისა, თუმცა იოლად წასაკითხია და ქიტესა შემეცოდა,
.
ძალიან გაეიხარდა ავტორის გამოჩენა. ნაწარმოები დიდი მოცულობისა, თუმცა იოლად წასაკითხია და ქიტესა შემეცოდა,
.
8. "მართლაც, სულ მალე, მთელი ამერიკელი ერის გასაგონად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაპირებული განცხადება გააკეთა, სადაც ჯერ პრეზიდენტის შევარდენის მიერ შინაური თოლიას მკვლელობა დაგმეს, მერე კი შემდეგი განაცხადეს: - პრეზიდენტის შევარდენის ორივე მწვრთნელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. თავად შევარდენი კი მანამდე არ იქნება თავისუფალ სივრცეში გამოშვებული, სანამ მისი გაწვრთნის დონე სათანადო კონდიციამდე არ მიაღწევს. და კიდევ, მომხდარი ფაქტის გულთან ახლოს მიტანისა და მის სავალალო შედეგზე დიდი და ღრმა მწუხარების აღსანიშნავად, დღევანდელი დღე ვაშინგტონის შტატში გამოცხადდეს თოლიებზე ზრუნვის საერთაშორისო დღედ..."
--- ე რა სიზმარი უნახავს ქიტესასა ჯო? :DDDDDD
"კომპანია „ეფლის“ დამფუძნებლის სტივ ჯობსის მარადიული ხსოვნის სადღეგრძელოს წარმოსთქვამდა. ამ შანტრაბას, გოჩიკოს გარდა კიდევ სამი გოგონა და სამი ბიჭი შეადგენდა. - აუუ, სტიიივ, - ამოიკვნესა ერთმა თვალზე ცრემლმომდგარმა გოგონამ და ვისკი სულმოუთქმელად გადაუშვა საყლაპავში, - ჩვენს დედიკომიწაზე იდეების ნაკლებობაა, იდეები დაიბრიდა, ტოოო! - ჩხაოდა გოჩიკო. - ვინ სჯობდა ჯობსს, ჩვენ ვსტირით სტივს, ასეა ტოო, - ლამის გარეპა ერთმა პუტკუნა ბიჭმა. - აუუ, სტიიივ - იქვე მისამღერივით ამოუკვნესა იმავე აცრემლებულმა გოგონამ."
ეს ხომ ძალიან მაგარი ეპოზიდია, მაგრამ "დედიკომიწა" - ძალიან მომეწონა. :)
"ხანდახან ხომ ადამიანისთვის ცხოვრება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე სიკვდილი. " - მაგარი ნათქვამია.
ძალიან მაგარი ავტორი ხარ ანაგელო. ძნელია ტრაგიკომიკური პერსონაჟის დახატვა და შენ ეს შესძელი. "კავშირზე" არანაკლებია ეს მოთხრობა. ბევრი რამის სწავლა შეიძლება აქედან,-ძალიან ბევრის. :)
ბ რ ა ვ ო !!! "მართლაც, სულ მალე, მთელი ამერიკელი ერის გასაგონად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაპირებული განცხადება გააკეთა, სადაც ჯერ პრეზიდენტის შევარდენის მიერ შინაური თოლიას მკვლელობა დაგმეს, მერე კი შემდეგი განაცხადეს: - პრეზიდენტის შევარდენის ორივე მწვრთნელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. თავად შევარდენი კი მანამდე არ იქნება თავისუფალ სივრცეში გამოშვებული, სანამ მისი გაწვრთნის დონე სათანადო კონდიციამდე არ მიაღწევს. და კიდევ, მომხდარი ფაქტის გულთან ახლოს მიტანისა და მის სავალალო შედეგზე დიდი და ღრმა მწუხარების აღსანიშნავად, დღევანდელი დღე ვაშინგტონის შტატში გამოცხადდეს თოლიებზე ზრუნვის საერთაშორისო დღედ..."
--- ე რა სიზმარი უნახავს ქიტესასა ჯო? :DDDDDD
"კომპანია „ეფლის“ დამფუძნებლის სტივ ჯობსის მარადიული ხსოვნის სადღეგრძელოს წარმოსთქვამდა. ამ შანტრაბას, გოჩიკოს გარდა კიდევ სამი გოგონა და სამი ბიჭი შეადგენდა. - აუუ, სტიიივ, - ამოიკვნესა ერთმა თვალზე ცრემლმომდგარმა გოგონამ და ვისკი სულმოუთქმელად გადაუშვა საყლაპავში, - ჩვენს დედიკომიწაზე იდეების ნაკლებობაა, იდეები დაიბრიდა, ტოოო! - ჩხაოდა გოჩიკო. - ვინ სჯობდა ჯობსს, ჩვენ ვსტირით სტივს, ასეა ტოო, - ლამის გარეპა ერთმა პუტკუნა ბიჭმა. - აუუ, სტიიივ - იქვე მისამღერივით ამოუკვნესა იმავე აცრემლებულმა გოგონამ."
ეს ხომ ძალიან მაგარი ეპოზიდია, მაგრამ "დედიკომიწა" - ძალიან მომეწონა. :)
"ხანდახან ხომ ადამიანისთვის ცხოვრება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე სიკვდილი. " - მაგარი ნათქვამია.
ძალიან მაგარი ავტორი ხარ ანაგელო. ძნელია ტრაგიკომიკური პერსონაჟის დახატვა და შენ ეს შესძელი. "კავშირზე" არანაკლებია ეს მოთხრობა. ბევრი რამის სწავლა შეიძლება აქედან,-ძალიან ბევრის. :)
ბ რ ა ვ ო !!!
7. გაიხარე ანაგელი! :)
გაიხარე ანაგელი! :)
6. ანუ რა დაემართა?...გაგიჟდა?.. კარგი პროზაა...კარგად წერ ავტორო...ცოცხლად ვხედავდი და განვიცდიდი... როგორ მინდოდა ეგ დებლი ქიტესა გამოფხიზლებულიყო და ერთი მაგრად ამოენაყა ცხვირპირი მათთვის...ძალიან მინდოდა...ასეთმა ფინალმა ცუდ ხასიათზე დამაყენა.. მაგრამ ავტორს ვეთანხმები..ასე უნდა დამტავრებულიყო... მოკლედ ძალიან დავსევდიანდი და ცოტა მეც სემეშინდა ცხოვრების... 555555 ანუ რა დაემართა?...გაგიჟდა?.. კარგი პროზაა...კარგად წერ ავტორო...ცოცხლად ვხედავდი და განვიცდიდი... როგორ მინდოდა ეგ დებლი ქიტესა გამოფხიზლებულიყო და ერთი მაგრად ამოენაყა ცხვირპირი მათთვის...ძალიან მინდოდა...ასეთმა ფინალმა ცუდ ხასიათზე დამაყენა.. მაგრამ ავტორს ვეთანხმები..ასე უნდა დამტავრებულიყო... მოკლედ ძალიან დავსევდიანდი და ცოტა მეც სემეშინდა ცხოვრების... 555555
5. მართლაც, ნაწილ-ნაწილ ჯობდა. რაღაცნაირად შემეცოდა ქიტესა:( მართლაც, ნაწილ-ნაწილ ჯობდა. რაღაცნაირად შემეცოდა ქიტესა:(
4. ამხელები წამიკითხავს?:) მე მომწონს შენი სტილი, მიუხედავად დიდი მოცულობისა , დამღლელი არაა, საინტერესოდაც ვითარდება. "თოლიებზე ზრუნვის საერთაშორისო დღის" ეპიზოდი სუბიექტურად მომეწონა:)
ამხელები წამიკითხავს?:) მე მომწონს შენი სტილი, მიუხედავად დიდი მოცულობისა , დამღლელი არაა, საინტერესოდაც ვითარდება. "თოლიებზე ზრუნვის საერთაშორისო დღის" ეპიზოდი სუბიექტურად მომეწონა:)
3. მახსოვს ეს ავტორი..მოვიცლი ამისთვის...:) ისე ნაწილ-ნაწილ უფრო ადვილი იქნებოდა წაკითხვა... აქვე მოკითხვაც...:-* მახსოვს ეს ავტორი..მოვიცლი ამისთვის...:) ისე ნაწილ-ნაწილ უფრო ადვილი იქნებოდა წაკითხვა... აქვე მოკითხვაც...:-*
2. ვაა არ მეგონა თუ ვინმე წაიკითხავდა ამხელას. მალადეც! :)
რავი აბზაცები კიდე ჩემ ბრაუზერში ჩანს. მართლა.
ვაა არ მეგონა თუ ვინმე წაიკითხავდა ამხელას. მალადეც! :)
რავი აბზაცები კიდე ჩემ ბრაუზერში ჩანს. მართლა.
1. ბარდიულზე???
ადამიანო, აბზაცები არ არსებობს??? ძალიან რთულია ასე გადაბმული ნაწერის წაკითხვა...
საინტერესოდ მიდის თხრობა +3 :) ბარდიულზე???
ადამიანო, აბზაცები არ არსებობს??? ძალიან რთულია ასე გადაბმული ნაწერის წაკითხვა...
საინტერესოდ მიდის თხრობა +3 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|