| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 26 აგვისტო, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
პროვინციული ადიულტერის სურნელი
ტიტულარულ მრჩეველს, ევროპეული განმანათლებლური იდეების მოტრფიალეს, თავად იასე ქაიხოსროს-ძე გედევანოვს დაოჯახება ფრიად დაუგვიანდა. ამის მიზეზთა შორის, სწორედ მოგახსენოთ, სახელმწიფო სამსახურის უანგარო ერთგულებას ბოლო ალაგი არ ეჭირა. დამსახურებულ პენციაზე გასული, კარგა რიგიანი დანაზოგით გულმიცემული ყოფილი მოხელე გორის მაზრის სოფელ ყორნისში თავის მცირედ მამულს დაუბრუნდა, რომელიც მის მშობლებს კარგა ხანია ოხრად დაეგდოთ ბუნებითი მიზეზის გამოისობით. იმან ორიოდე მეზობელი გლეხის შეწევნით მორღვეული ქვის ყორე აღადგინა, ახალი ვაზი ჩაყარა და ოჯახის შექმნის თადარიგს შეუდგა.. "კეკლუცი და ცუნდრუკა გოგო მე არ შემეფერება,- ფიქრობდა ის, -უფრო დარბაისელი და დამჯდარი გუნებისა სჯობს, სახელიანი კაცის ქვრივსაც არაუშავს რა, ოღონდ ძველებურს, დაობებულს აზრებზე აღზრდილს კი ვერ შევიწყნარებ". თითქო ჯიბრზეო, ისე მოეწყო, სწორედაც ლამაზი და ახალგაზრდა შეახვედრა ბედისწერამ. ქვიშხეთში, ფურცელაძეზე გათხოვილი დისა თუ ბედის ახირებით მისი თანამეცხედრე შეიქნა ქვიშხელი მღვდლის ყელბერაშვილის ქალი. ლიზიკო, მართალია არცთუ კეთილშობილი გვარისა, მაგრამ კეთილაღნაგი, დროის კვალობაზედ ერთობ განათლებული, (აქ კი გაუმართლა თავადს), ევროპეულ შეხედულებებს ნაზიარები,ყოფილი გიმნაზისტკა გახლდათ. ქალს მზითევში რუსულ პოლსაპოშკებთან, ნახევარ დუჟინ გოლანდიის თეთრეულთან, ქართულ დაქარგულ ბალიშებთან და ვენეციანურ სარკესთან ერთად "ქართული ღრამატიკა", "ვისრამიანი", ბარბარე ჯორჯაძის კერძების წიგნი და ფრანციულითგან გადმოღებული წიგნები მოჰყვა, რომელთა შორის იმყოფებოდნენ: "ახალი ელოიზა", "მანდილოსანი კამელიებით", "მანონისა და დეგრიეს ამბავი" და სხვანი. ახლადჯვარდაწერილებმა თაფლობისთვე ფრიადის სიამტკბილობით გალიეს ახლადმოწყობილ მამულში.. ყოფილი მოხელე ახალშენის მოვლითა და ვაშლის ჯიშების სელექციით იყო დაკავებული, ხოლო მისი თანამეცხედრე- ყვავილების ბაღის ანგლიურს თარგზედ გაწყობითა და თიფლისითგან დაბარებული ჟურნალ-გაზეთების კითხვით. დაკვირვებული მკითხველი იოლად მიხვდება, რომ ამ სტრიქონთა დამწერს ამ ალაგას წერტილის დასმა სრულიადაც არა აქვს ფიქრში. ჩვენს საგანს არ შეადგენს პროვინციულის სურათების დახატვა. საწუხარი, რამაც კალამი აგვაღებინა ხელში, ჩვენს ქართულს ბუნებაში ძევს, ხოლო თუ რა გვაქვს სახეში, ამას თავად იგუმანებს მომთმენი მკითხველი ამბის ბოლოში. ცვალებადობით ჩვეულს დედამიწაზედ განა რა არის ხანგრძლივი, რომ ეს სოფლური დაშაქრული სიამენი ყოფილიყო. მემამულედ შექმნილი ყოფილი მოხელის ოჯახის მყუდროება უცაბედი ქარტეხილის ქროლვამ შეარყია. ყოველივე იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერს დღეს თავადი იასე ანაზდეულად წიგნში თავჩარგულ თვალზეცრემლმომდგარ ცოლს წაადგა თავზე. მის დანახვაზე ქალი შეცბა და აჩქარებით დახურა წიგნი. უფალ გედევანოვს პირკატა ეცა. "რისთვის დახურა ასე ნაუცბათევად წიგნი, თუ რისიმე დამალვა არ სწადდა, იქნებ საყვარლის უსტარისა? უნდა შევამოწმო." მაგრამ საგულვებელი იყო, რომ ქალი ბარათს სხვაგან გადამალავდა, ან სულაც გააქრობდა. იასემ თვალნათლივ წარმოიდგინა, როგორ უმარჯვებდა მისი აზიზ-მაზიზი მეუღლე სანთლის ალს ქაღალდის ფარატინას და როგორის სასოებით ყლაპავდა ფერფლს. ყოფილ ტიტულარულ მრჩეველს აგრე ნანინანატრი ოჯახური სიამე ხელიდან ეცლებოდა. თავდაპირველად ჩუმად უთვალთვალებდა ქალს, მაგრამ გულისხმაში ჩასაგდები ვერაფერი შენიშნა, თანაც ამგვარი სტრაჟნიკული თვალთვალი ცოტაარიყოს არასაკადრისად მიაჩნდა.. "დასაჯერია,რომ მარჯვე, მაგრამ მოხუცი ქმარი აღარ მოსწონდეს,- ფიქრობდა ის, მისი ყმაწვილური ბუნება შესაფერის თავისუფალ სიყვარულს მიელტვის, მაგრამ რატომ ჰგონია, რომ მე ასე ჩამორჩენილივარ?" ამგვარი ფიქრისა და ჭოჭმანის შემდგომ გადაწყვიტა,გულწრფელად მოლაპარაკებოდა ცოლს, როგორც განათლებულ და ევროპეულ წესზე შექმნილ ოჯახს შეჰფეროდა. -ლიზა, (ასე, რუსული გამოთქმით მიმართავდა ქალს), -მე მგონია, თქვენ ისეთ განათლებულს პირად მიმიჩნევთ, რომელსაც ყველაფრის გაგება ძალუძს და შორსაა მდაბიურის, ასე ვთქვათ, მავრულის ეჭვიანობისაგან.ქალი გაოცებული შესსცქეროდა. თქვენი ეს შეხედულება ჩემზედ უფლებას მანიჭებს , მოვითხოვო თქვენგან მეტი ნდობის გამოჩენა. - განაგრძო იმან. -სრულიად არ მესმის, რა გაქვთ სახეში, რომელ ნდობაზეა საუბარი.- ალმურმა გადაჰკრა ქალს. -თუკი თქვენი , ასე ვთქვათ, თავისუფალი გრძნობები გაიძულებთ, თქვენ, როგორც თანამედროვე ქალს, ქმრის სიმშვიდეს, გაუფრთხილდეთ, გარწმუნებთ, ეს ყოველივე ზედმეტი გარჯაა. ამაოდ ნუ დაიტანჯავთ თავს. -მე მგონია,- ჩამოართვა ქალმა, - თქვენ თავად იტანჯავთ თავს სწორედაც რომ უსაფუძვლო იჭვნეულობით. განა ჩემმა რაიმე ქცევამ მოგცათ საბაბი საამისოდ?- ლიზიკოს ცრემლი მოერია. -მაშ ამიხსენით,, რას ნიშნავდა თქვენი ამასწინდელი უნებლიე დაბნევა, როცა ჩემდაუნებურად ერთი გულაჩუყებული სურათის შემსწრე აღმოვჩნდი? -ო, ღმერთო ჩემო! განა მგრძნობიარე წიგნთა კითხვისას ცრემლთა შეუკავებლობა და ამ ცრემლთა დაფარვა ვინმეს წინაშე რაიმე საფუძველია , ოჯახის ღალ... ვერცკი წარმომითქვამს ის სიტყვა...- ლიზიკოს ხმა ჩაუწყდა. -მაპატიეთ, მაგრამ , ნება მიბოძეთ, ვიკითხო, ვის ეკუთვნოდა ის ბარათი, რომელიც ასე ფაციფუცით გადამალეთ? -ბატონო ჩემო, ეს უკვე მეტისმეტია! მე არა ვიცი რა მაგთქვენის ბარათისა. განსჯაში ვერ შევალ იმ საგანზედ, რომელიც ბუნებაში არ სუფევს და მხოლოდ თქვენის წარმოსახვის ნაყოფია. -როგორთუ არ სუფევს....- დაიბნა ყოფილი მოხელე, -ბარათი ... უბრალოდ სიტყვაზედ ვახსენე. შესაძლო არის, სულაც სხვა საგანი ყოფილიყო, მაგალითად ყვავილი, ვინმესგან ნაბოძვარი.-იხტიბარს არ იტეხდა იასე. -იქნება ჯერ რიგიანად გარკვეულიყავით თქვენს, უკაცრავად და, სნეულს ვარაუდებში და შემდეგ მოგეცხოთ ეგ უშვერი მწიკვლი! თავადი ჭირის ოფლში იწურებოდა, დაატყო, თუ რა სულელურ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ახსნას მოითხოვდა იმ საგნებზე, რაიც თვალით არ ეხილა. "როგორ უპატიურად, ჩამორჩენილი მებატონესავით ვიქცევი".- გაიფიქრა იმან და ახლა იმაზე დაიწყო ზრუნვა, თუ როგორ გამოსულიყო ამ გამაწბილებელის ჩიხიდან. -მომიტევეთ, მომიტევეთ ჩემი ამგვარის იჭვნეულობისთვის, რომლის ერთადერთი ახსნა უზომო სიყვარულია! -მაპატივეთ, მაგრამ იჭვნეულობა სწორედაც რომ მესაკუთრული თავკერძობის ნაყოფია. -ძალზედ მესირცხვილება ამ თავკერძობისათვის. თქვენი დიდსულოვნება იქნება ჩემის სინანულის მასაზრდოები!- ამ სიტყვებით იგი ფეხებში ჩაუვარდა მეუღლეს. ეს მონანიება იმგვარივე მხურვალე გახლდათ, როგორც მისი წარმომშობი იჭვი. ამ ოჯახური სცენის შემდგომ ყოფილი მოხელე თანამეცხედრისადმი უფრო ფაქიზი და ყურადღებიანი შეიქნა, ქალი კი მომეტებულად თავდაჭერილი და გულჩათხრობილი. გადიოდა დრო მოთუხთუხე სამოვართან, ცხელ ჩაიზე, ვოლტერზე ბაასსა და ნაპოლეონის ეგვიფტურ ექსპედიციაზე მსჯელობაში , ვიდრე ერთ მშვენიერ დღესაც იასე ისევ ეჭვების აბლაბუდაში არ გაიხლართა. ერთ საღამოს პარმაღზედ მყოფს და განმაგრილებელს ნიავისთვის შუბლმიშვერილს მოეჩვენა, რომ მეორე სართულის ფანჯარაში გადმომდგარი, საგანგებო სამოსში გამოწყობილი (როგორც თავად ეგონა) ლიზიკო ხელსახოცს როგორღაც ენერგიულად ხმარობდა,თითქოს ვიღაცას რაღაც ნიშანს აძლევსო. "აჰა, ამასაც მოვესწარ, რას უნდა მოასწავებდეს ეს შაპიტოური თითლიბაზობა?" იესე აიმღვრა, ქოშინით აიჭრა ქალის ოთახში და ფანჯარას ეცა. იქიდან არაფერი მოჩანდა ქვის გალავნისა და ორიოდ გადამხმარი ბუჩქის მეტი. -აჰა, მოასწარით არა, ჩემო ბატონო!- ჩაილაპარაკა მან. ქალი გაოცებული ადევნებდა თვალს მის ამ ახირებულს მოქმედებას. -ბატონო ჩემო, თუ უკაცრავად არ ვიყო, იქნებ ამიხსნათ, რას მივაწეროYთ თქვენი ეს ახირებული საქციელი? -ნება მიბოძეთ, მე გკითხოთ, რას ნიშნავს ხელსახოცის ეს ფრიალი? -არა გამეგება რა რაზედა ბრძანებთ. -ნუთუ? აი სწორედ მაგ ნიშანზე, რომელსაც ხელსახოცით აძლევდით "იმას" ფანჯრიდან მობაღდადურე კინტოსებრ. -უმდაბლესადა გთხოვთ მეტი თავაზა გამოიჩინოთ! თუ თქვენ ბაზრის კინტოსა და ოჯახის მანდილოსანს შორის განსხვავებას ვერა ხედამთ, მე თქვენთან საუბრის გაგრძელება არ შემიძლიან. -იქნებ არც მოგეპოვებათ პასუხი? -როგორ არა გრცხვენიათ, ეს ხომ სრულიად შეუფერებელია განსწავლული კაცისთვის. უბრალო მეშჩანიც კი არ იკადრებდა ამგვარ საფუძველმოკლებულს ბრალდებას. ხელსახოცით პირისახის განგრილება, თუნდაც ფანჯარაAში ცქერის დროს როდიდან შეიქნა აკრძალული ჩვენს განათლებულს დროში? მომიტევეთ, მაგრამ თქვენი შეხედულებანი ზოგადად მანდილოსნებზედ არ განსხვავდება ჰარამხანის მცველის აზრებისგან. მე თქვენგან ასეთ უპატივობას ვერ ავიტან. როგორ ძალგიძთ ამის შემდეგ...- და აქ ლიზიკოს ხმამ უღალატა. -ღმერთო ჩემო, - ჩაილაპარაკა თავადმა, მართლაც და რა მდაბიურად ვირჯები, როგორ შემეძლო ეჭვი შემეტანა ამნაირ უმანკო არსებაში!- ამას მოჰყვა მგზნებარე სინანული, შეზავებული ღრმა სულთქმა-უშითა და დაპირებებით, პატიების თხოვნითა და სხვა ასეთი სენტიმენტებით, რომელთა აღწერით აღარ მოვაცდენთ დარბაისელი მკითხველის ყურადღებას. ამის შემდგომ ურთიერთობა თითქოსდა ჩვეული კალაპოტით წარიმართა. მაგრამ გარეშე თვალი ადვილად შეამჩნევდა მათ შორის ასპიტსავით გალურსულ ფარულ დაძაბულობას, რომელიც ვინიცის როდის წამოყალყდებოდა. ეს ასპიტი კი არცთუ იშვიათად წამოყოფდა თავს. მოხუც თავადს ხან მისი მეუღლის მოსამსახურე გოგოსთან ხანგრძლივი, ჩურჩულ-კურკური აღიზიანებდა, ხან მიღებული ფოსტის შემოწმებას ცდილობდა, ხანაც უბრალოდ ცოლის კარგ გუნებაზე ყოფნის მიზეზის ამოცნობას ლამობდა. ამნაირი შემთხვევები, როგორც უწინაც მოგახსენეთ, ქალის აღშფოYთების გამოხატვითა და კაცის მონანიებით თავდებოდა. საქმე ის იყო, რომ ამ სცენების ფინალი იასეს ნერვებზე დამაწყნარებლად მოქმედებდა, ლიზიკოს კი სასოწარკვეთისაკენ უბიძგებდა. მდგომარეობა თანდათანობით მძიმდებოდა და თავად გედევანოვის საოჯახო ნავს უკეთურების მორევში დანთქმას ეპირებოდა. დარბაისელი მკითხველი, ერთგულად რომ მისდევს მთხრობელს კვალში, უკვე ხვდება, რომ ჩვენი ამბავი თავისი განვითარების მწვერვალს უახლოვდება. ასეთ შემთხვევაში ახალი გმირის გამოჩენასაც დაისაჭიროებდა. დიაღ, პროვინციელი მემამულის დრამას ერთი აქტიორი აკლდა და ისიც მალე გამოჩნდა სცენაზე. იმათ მეზობლად სახლობდა ერთი არხეინი, შრომისა და სწავლის საჭიროებაზე მომეტებულად აგდებული აზრის მქონე, ერთი სიტყვით, სრულიად ქართულის ბუნების ადამიანი, თუმცა კი კეთილაღნაგი, უცოლო მემამულე თავადი შერმადინ ფავლენიშვილი. იმას ამ ბედოვლათური ბუნების გამოისობით თავისი მამულების დიდი ნაწილი ვალებში ნამჯასავით გაენიავებინა სათავადაზნაურო ბანკის წყალობით. თავადი იშვიათად შემოივლიდა მეზობლის კარმიდამოში თავისი განუშორებელი ფერდებშეცვენილი ამლაკი ჭაკით. რადგან ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო აზრებთან ყოფილი მოხელისა, რომელიც განუყრელ ნემენცურ მუნდშტუკს არ იშორებდა, ხოლო ფავლენიშვილის მამაპაპური ჩიბუხი მისი პატრონის ფეოდალური შეხედულებებისადმი ერთგულებას ადასტურებდა. ამ უკანასკნელის საზრუნავი სანადირო მწევრები იყო, ხოლო თემა საუბრისა- გადაგვარებული , რუსულს ყოფაზე გადარეული ახალგაზრდობა. შერმადინი სრულიად არ სწყალობდა ქალებს, განსაკუთრებით სხვების კუთვნილს. თავის მხრივ, ოჯახის დიასახლისსაც მისგან შორს კდემამოსილად ეჭირა თავი, მკითხველთათვის (იმედი მაქვს) იოლად ასახსნელ მიზეზთა გამო. ერთხელ, თავადის ოჯახში ნანადირევით მოსაკითხად მისულმა უფალმა ფავლენიშვილმა, იგრძნო რა, რომ ნადირობის ამბებით თავმოწონების წადილს აქ ვერ მოიკლავდა, იასეს სხვათაშორის უთხრა: "ღვთის წყალობაა ამგვარი მეუღლის ყოლა". ცხადია, სტუმარი თავად ვერც წარმოიდგენდა, თუ ამ უწყინარი ქათინაურით რარიგ გაუფხვიერა ნიადაგი მასპინძლის წარმოსახვას, რომელსაც უამისოდაც ღრმად გაედგა ფესვები. ხანგრძლივის განჩხრეკის მეშვეობით თავადმა ტიტულარული მოხელის თავგამოდებითა და ბებერი ქმრის სიჯიუტით მთლიანად გაშიფრა (როგორც თვითონ თვლიდა) მიჯნურთა ურთიერთობის მთელი სტრატეღია, როგორ აძლევდა ნიშანს ქალი სხვადასხვა ყვავილთა განლაგებით ფანჯრის რაფაზე, ნაირგვარი ფერის სარეცხის გამოფენით, როგორ იყენებდა საყიდლებზე გასულ მოსამსახურე გოგოს პრავეზიონკას ამბების გადასატანად, ისე, რომ თავადაც არ უწყოდა, როგორ ატყობინებდა მისი რაყიფი მონადირე ძაღლის ყეფის წაბაძვით მის მეუღლეს მისვლის დროს, როგორის ოსტატობით გამოხატავდა ჰაერში ჩიბუხის კვამლით სხვადასხვა ნიშნებს, როგორ ათავსებდა ნანადირევი ფრინველის კუჭში დაშიფრულ ბარათებს და ასე შემდგომ. ამ დეკამერონისებრ ოინებს ბოლო არ უჩანდა. იმისი ფანტაზია ამ მხრივ ფრიად საზღვარდაუდებელი გახლდათ. საქმე ის იყო, რომ ეს თვითგვემა ბოლოსდაბოლოს უფალ იესეს თვითმიზნად გადაექცა, რაც გარკვეულ აზარტსაც ანიჭებდა. და აი, დადგა დრო, როცა გადამწყვეტ მოქმედებაზე უნდა გადასულიყო მომეტებული მდაბიური ეჭვიანობისა და აზიატური შურისგების გარეშე. -ლიზა, ღვთის გულისათვის,- დაიწყო იმან ერთ მშვენიერ დღეს ოდნავ ზარხოშზედ მყოფმა. -იყავით გულწრფელი, გარწმუნებთ ამით ჩემს თვალში არაფერი მოგაკლდებათ, პირიქით, უფრო მეტად დავაფასებ თქვენს სიწრფელეს! მე ყველაფერს გაგიგებთ! ჩემთვის ყოველნი მოქმედებანი "თქვენი" ცნობილია, დარწმუნებული ჰბრძანდებოდეთ! - აქ თავადმა გადმოულაგა მთელი მისი ნაფიქრ-ნავარაუდევ-ამოხსნილი. ქალი, ჯერ აღშფოთებით, მერე ცნობისწადილით, ბოლოს კი, შეიძლება ითქვას, აღფრთოვანებითაც კი ისმენდა საბულვარე რომანის ამ პასაჟებს, როგორც გამოხატულებას რამანტიკულის განცდისა და ერთხელაც არ შეუწყვეტინებია. მის სახეზე საპირისპირო აზრთა ჭიდილის კვალი ჩანდა. ის მიხვდა,რომ ამ წუთში კაცს თავისი გამონაგონის დადასტურება უფრო სჭირდებოდა, ვიდრე სინამდვილის გარკვევა და იმან მიიღო მძიმე გადაწყვეტილება, თავად ეკისრა ვითარებიდან გამოსავალი. -დიაღ, - შესძახა იმან, თქვენ მართალსა ჰბრძანებთ, მაგრამ ახლა ამაზე მეტის თქმა ჩემს ძალ-ღონეს სრულიად აღემატება... ნება მიბოძეთ, დაგტოვოთ! თავადი აღტაცებული იყო საკუთარის გონების გამჭრიახობითა და ცოლის მოულოდნელი გულახდილობით, რაიც სინამდვილეში მომავალში ჩასადენი ცოდვის წინასწარი აღიარება უფრო იყო. კაცს სხვისთვის მიტევების წადილი სტანჯავდა. ამ დაძაბულს ალაგას უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მოთხრობის ბუნებრივი მდინარება და ათი წლის გაშვებით გადავტყორცნოთ დარბაისელი მკითხველის გონება. ხოლო დროის ამ ხარვეზის ამოვსება (თუ კადნიერებაში არ ჩამომერთმევა) მისივე წარმოსახვისთვის მიგვინდია. ბარემ დავძენთ, რომ ამ საქმისთვის მიხვედრილ მკითხველს თარგად, ვინძლო, ამბის გმირის საკუთარი ცოლისათვის მისდაუნებურად შეთავაზებული გეგმა გამოადგეს.
პ.ს. ყორნისის თემში ყველასათვის ცნობილი გახლდათ გედევანიანთ მამული, რომელიც საკმარისად გაზრდილიყო მეზობლის ხარჯზე. სანიმუშო ხატად იყო მიჩნეული მისი მეურნეობის ლაზათიდა მოწყობის ახალი წესრიგი. ყოველივე ეს კი მთლიანად დიასახლისის- კნეინა ელისაბედის გარჯისა და მეცადინეობის შედეგი იყო. როგორც ამბობდნენ, სამეურნეო ღვწასადა შვილების ახალ დროების წესზედ აღზრდასთან ერთად ქალბატონი საკუთარი მხრებით ათრევდა თავის ბედოვლათ, ნადირობაზე გადაგებულ ქმარს და ამასთან გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნასაც საკადრის პატივს მიაგებდა.
(ჟურნ. "მაცნე ივერიისა", ნუმერი 10 (ღვინობისთვე),1884 წ.).
2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ენაც, თემაც და გადაწყვეტაც ჩინებულია. დიდი მადლობა. ენაც, თემაც და გადაწყვეტაც ჩინებულია. დიდი მადლობა.
15. არაჩვეულებრივი თხრობა და წერის სტილი ლამაზი. დასაწყისში ძალიან მომეწონა და თითქმის მე-19-საუკუნეში ვიყავი, მერე კი შემინელდა და ...
. ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია იყო რაც ავტორმა პ.ს.---ში დაწერა. თუმცა მთლიანობაში როგორც მკითხველმა ვერ აღვიქვი, პროზაულ ნაწარმოებად
ეს არ არის ავტორის ბრალი ჩემს თავზე ვიღებ. "მომიტეთ, მომიტევეთ ჩემი ამგვარი იჭვნეულობისათვის, " ავტორი გვიხსნის და სამართლიანადაც და სწორად, რომ:
"იჭვნეულობა სწორედაც, რომ მესაკუთრული თავკერძობის ნაყოფია"-- ბრავო!
კაცი ადანაშაულებს ცოლს ღალატში, უთვალთვალებს, გამონაგონი ფაქტების წინაშეც დგება და... ცოლისაგან აღიარებას მოითხოვს.
ეს არის : კლასიკური სურათი ს დახასიათება ( ღაზოიანობის ბოდვითი ფორმა .) რომელის შემდეგ ან თვითონ ქმარი იკლავს თავს ან ცოლს კლავს. მაგრამ აქ ავტორის ხედვა ქალის (განათლებულობის კენ წაიყვანა) და ათქმევინა: "ის მიხვდა, რომ ამ წუთში კაცს თავისი გამონაგონის დადასტურება უფრო სჭირდებოდა, ვიდრე სინამდვილის გარკვევა.
მერე რა ხდება? ეს კი მკითხველს მიანდო ავტორმა.
არაჩვეულებრივი თხრობა და წერის სტილი ლამაზი. დასაწყისში ძალიან მომეწონა და თითქმის მე-19-საუკუნეში ვიყავი, მერე კი შემინელდა და ...
. ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია იყო რაც ავტორმა პ.ს.---ში დაწერა. თუმცა მთლიანობაში როგორც მკითხველმა ვერ აღვიქვი, პროზაულ ნაწარმოებად
ეს არ არის ავტორის ბრალი ჩემს თავზე ვიღებ. "მომიტეთ, მომიტევეთ ჩემი ამგვარი იჭვნეულობისათვის, " ავტორი გვიხსნის და სამართლიანადაც და სწორად, რომ:
"იჭვნეულობა სწორედაც, რომ მესაკუთრული თავკერძობის ნაყოფია"-- ბრავო!
კაცი ადანაშაულებს ცოლს ღალატში, უთვალთვალებს, გამონაგონი ფაქტების წინაშეც დგება და... ცოლისაგან აღიარებას მოითხოვს.
ეს არის : კლასიკური სურათი ს დახასიათება ( ღაზოიანობის ბოდვითი ფორმა .) რომელის შემდეგ ან თვითონ ქმარი იკლავს თავს ან ცოლს კლავს. მაგრამ აქ ავტორის ხედვა ქალის (განათლებულობის კენ წაიყვანა) და ათქმევინა: "ის მიხვდა, რომ ამ წუთში კაცს თავისი გამონაგონის დადასტურება უფრო სჭირდებოდა, ვიდრე სინამდვილის გარკვევა.
მერე რა ხდება? ეს კი მკითხველს მიანდო ავტორმა.
14. კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ მოვიწონე...:-*
" როგორის ოსტატობით გამოხატავდა ჰაერში ჩიბუხის კვამლით სხვადასხვა ნიშნებს" აქ... მაგრად გამეცინა...:)) კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ მოვიწონე...:-*
" როგორის ოსტატობით გამოხატავდა ჰაერში ჩიბუხის კვამლით სხვადასხვა ნიშნებს" აქ... მაგრად გამეცინა...:))
13. ეს ადრე წავიკითხე, დადებისთანავე. ეტყობა, ვერ მოვიცალე კომენტარისთვის... ძალიან კარგია. მშვენიერი იყო მე–19 საუკუნეში გადასვლა – გმირებიც და თხრობის სტილიც. ავტორს წარმატებები! ეს ადრე წავიკითხე, დადებისთანავე. ეტყობა, ვერ მოვიცალე კომენტარისთვის... ძალიან კარგია. მშვენიერი იყო მე–19 საუკუნეში გადასვლა – გმირებიც და თხრობის სტილიც. ავტორს წარმატებები!
12. ავტორის მიერ საიტზე განთავსებული ყველა ნაწარმოები წავიკითხე და უმაღლეს შეფასებებს ვტოვებ მოთხრობებთან. ვთვლი, რომ ძალიან კარგად შეუძლია წერა და თემატური მრავალფეროვნებაც თუ იქნება მის გვერდზე, უკეთესი იქნება. ამ კონკრეტულ მოთხრობაში მომეწონა XIX ს-ის სტილისტიკა, მაგრამ ვერც სათქმელის მისი დახმარებით გადმოცემის აუცილებლობა დავინახე. მოკლედ წარმატებები ავტორს და უფრო ხშირად გეწვევით ხოლმე. ავტორის მიერ საიტზე განთავსებული ყველა ნაწარმოები წავიკითხე და უმაღლეს შეფასებებს ვტოვებ მოთხრობებთან. ვთვლი, რომ ძალიან კარგად შეუძლია წერა და თემატური მრავალფეროვნებაც თუ იქნება მის გვერდზე, უკეთესი იქნება. ამ კონკრეტულ მოთხრობაში მომეწონა XIX ს-ის სტილისტიკა, მაგრამ ვერც სათქმელის მისი დახმარებით გადმოცემის აუცილებლობა დავინახე. მოკლედ წარმატებები ავტორს და უფრო ხშირად გეწვევით ხოლმე.
11. დიდი მადლობა ყველას ტბილი შეფასებისათვის. თქვენი წახალისება უთუოდ იქნება დადებითი მუხტი ჩემთვის!
დიდი მადლობა ყველას ტბილი შეფასებისათვის. თქვენი წახალისება უთუოდ იქნება დადებითი მუხტი ჩემთვის!
10. ძალიან კარგი იყო..555 მშვენივრად მოტანილი სათქმელი...ჭკუის სასწავლი... წაიკითხეთ კაცებო...:)) მოძველებული წერის სტილიც ძალიან მომეწონა...
ძალიან კარგი იყო..555 მშვენივრად მოტანილი სათქმელი...ჭკუის სასწავლი... წაიკითხეთ კაცებო...:)) მოძველებული წერის სტილიც ძალიან მომეწონა...
9. კარგია....
წითელე ხელი ნამდვილად არ უნდა......... კარგია....
წითელე ხელი ნამდვილად არ უნდა.........
8. პ.ს.: "წითელი ხელი" ნამდვილად არ უნდა:) პ.ს.: "წითელი ხელი" ნამდვილად არ უნდა:)
7. ისევ დავბრუნდი აქ.:) შეიძლება ახლა, 21-ე საუკუნის მეორე ათეულში ყოველდღე ვერ იკითხო ამ სტილის და ამ ენით დაწერილი მოთხრობები, მაგრამ ისეთი მოულოდნელი და ისეთი საინტერესო-სასიამოვნო იყო მე-19-ში ეს დროებითი გადანაცვლება. ვერ მივხვდი, რა იგულისხმა ავტორმა ამ ფრაზაში," მოთხრობა მისტიფიკაციას წარმოადგენსო", მაგრამ, როგორადაც არ უნდა იყოს, კარგი იყო, ძალიან კარგიც კი! ისევ დავბრუნდი აქ.:) შეიძლება ახლა, 21-ე საუკუნის მეორე ათეულში ყოველდღე ვერ იკითხო ამ სტილის და ამ ენით დაწერილი მოთხრობები, მაგრამ ისეთი მოულოდნელი და ისეთი საინტერესო-სასიამოვნო იყო მე-19-ში ეს დროებითი გადანაცვლება. ვერ მივხვდი, რა იგულისხმა ავტორმა ამ ფრაზაში," მოთხრობა მისტიფიკაციას წარმოადგენსო", მაგრამ, როგორადაც არ უნდა იყოს, კარგი იყო, ძალიან კარგიც კი!
6. საინტერესოდ იკითხება.
+2+ საინტერესოდ იკითხება.
+2+
3. მადლობა ავტორისაგან. ეს მოთხრობა მისტიფიკაციას წარმოადგენს მადლობა ავტორისაგან. ეს მოთხრობა მისტიფიკაციას წარმოადგენს
2. მადლობა ავტორისაგან. ეს ნოველა მისტიფიკაციას წარმოადგენს მადლობა ავტორისაგან. ეს ნოველა მისტიფიკაციას წარმოადგენს
1. ცოტა დავიბენი, მაგრამ აშკარად სიამოვნებით წავიკითხე - ვისიც და როდინდელიც არ უნდა იყოს ეს მშვენიერი ნოველა. ცოტა დავიბენი, მაგრამ აშკარად სიამოვნებით წავიკითხე - ვისიც და როდინდელიც არ უნდა იყოს ეს მშვენიერი ნოველა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|