ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2012


დგას ბათუმში აგვისტო

დგას ბათუმში აგვისტო,
ვით ყარიბი და დენდი.
ჩემი დარდის მაგისტრო,
რა მწარედ გამახსენდი.

დროს გზა აუცელია,
ხსოვნა მეფობს რა ხანი...
ყველაფერი ძველია,
მარტო შენ ხარ ახალი.

დღესაც ტბაზე მოვცდები,
დანანების იერით,
სადაც შორი ოცნების
ვმღერი გონდოლიერი.

ვისმენ უხმო დიალოგს,
მამღვრევს ფიქრი ბებერი.
ქარი  მი-მო-ყი-ა-ლობს,
გამოსაშტერებელი.

წარსულს, როგორც თილისმა,
წვეთი ცრემლით ვურჩები.
ზღვაზე  (მოლოდინისგან),
თავს იხრჩობენ ქუჩები.

წვიმა ჩემი დასია,
ვით მხედრობა ქსერქსესი.
მოგონება ნაზია,
როგორც ქალი ჩერქეზი.

ვინც ტირილით იმღერა,
ულევ საგზლად ეყოფა.
რატომ ეს ბედისწერა,
ჩემს ბედს გადაეღობა.

ვშოშობ  ძველი მოტივი,
ხვალეს ეუცხოება.
გაბუტული ნოტივით,
დამეუბრა ცხოვრება...

დგას ბათუმში აგვისტო,
ვით ყარიბი და დენდი.
ჩემი დარდის მაგისტრო,
რა მწარედ გამახსენდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები