ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პროზა
31 აგვისტო, 2012


მე - ცისიქითელი

მე ცა ყველგან ერთნაირი მეგონა, მაგრამ ჩემი ცის იქეთ ყველაფერი სხვანაირად ყოფილა. ვარსკვლავებამდეც კი ისე შორია...
ვცხოვრობ ცის იქეთ.
თეთრი ცისა და გაცრეცილი დღეების სამყაროში, თითქოს ხმაურიანში, მაგრამ საკმაოდ წყნარში... ქვეყნის სამხრეთში.
აქ ცხოვრება ზოგჯერ დიდი ბედნიერებაა - თუკი ბედნიერებას მარტივად შევხედავთ. ზოგჯერ დიდი მონატრება...
ცისიქით ამინდიც კი ყოველდღიურად იცვლებოდა.
ცისაქეთ? მხოლოდ მზე, მზე და კვლავ - მზე...
ყვავილებში ჩავმალავ ხოლმე სახეს და მზერით ცისიქითა ქვეყანას ვეძებ.
ადგილებს და ქუჩებს ვამსგავსებ ხან ჩემი სოფლისას, ხან ჩემი სახლისას და მივყვები თითქოს ნაცნობს, თუმცა შორეულს...
ვნატრობ?! რა თქმა უნდა, ვნატრობ...
ოცნება ჩემი თანმდევი გახდა.
ვგეგმავ,
ცხოვრებას ვიწყობ...
თუმცა, რა იქნება ცის იქეთ - წლების შემდეგ? - არავინ იცის. იქ გეგმები არ სრულდება, ყველაფერი იმპროვიზირებული, მოულოდნელი და ცრემლიანია ( ზოგჯერ სიხარულიანი, ზოგჯერ მწუხარებიანი).
ვიცვლი კანს, იერს, ცხოვრებას... ფიქრები?! - ფიქრები ისევ ისეთი მრჩება - როგორც წლების წინ. ან აზროვნებას კი შემიცვლის რამე?, ეჭვი მეპარება...
¨მე ასეთი დავრჩები, თუ... ¨
ბევრს ჰგონია მიცნობს, მაგრამ სინამდვილეში არც არავინ. არ ვაჩენ ნამდვილ სახეს, რატომ? არ ვიცი. მეშინია? თუ საჭიროებას ვერ ვხედავ? ფაქტი კი ერთია - არ მიცნობენ.
მიზეზი ნდობაშია ვფიქრობ.
ძალიან ცოტას ვენდობი, ზოგადად ადამიანებს კი არა. შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ... დროებამ მოიტანა.
არ მომწონს ეს დროება - ადამიანებმა სითბო დაკარგეს, სიყვარულიც.
ფიქრობენ როგორ გადარჩნენ, გვერდითმყოფს კი ივიწყებენ.
მაგრამ აბა მე რას შევცვლი... დრო დააწყობს ყველაფერს თავის ადგილზე,
და გვიანი რომ იყოს?

რომ ვთქვი ¨მე ცისიქითელი მინდა ვიყოთქო¨ მაშინ  მხოლოდ სიტყვები მეგონა ოცნება და ¨ცისიქითელობა¨ სახელი, რომელსაც არ ვამართლებდი. მაგრამ ისევე უცებ ამიხდა სურვილი, გაღიმებაც კი ვერ მოვასწარი.
არადა მე სხვა ცისიქითელობას შევნატროდი. ნუთუ ოცნებასაც დაკონკრეტება სჭირდება?!

21 წლის ასაკში ვეკითხები ჩემს თავს - აბა რას იტყვი, აჰყვები ამ ცხოვრებას ფერხულში, რომელშიც ჩაები?
აქ ამ ასაკში მხოლოდ იწყებენ დამოუკიდებლობას და მომავალზე არც კი ფიქრობენ. მე კი, უკვე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ჩემი თავის უფალი და ავირჩიე კი გზა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა გავლიო? აქ მე ვქმნი ჩემს ცხოვრებას და ისტორიას, მაგრამ ცის იქეთ?
ვგეგმავ მხოლოდ წვრილმანებს. მჯერა, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოულოდნელად და დაუგეგმავად ხდება. (აქამდე ყოველ შემთხვევაში ასე იყო).

წერა...
რაც შეეხება ჩემს ახალ გატაცებას, არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ ისეთ სიამოვნებას ვიღებ წერის დროს, რომ ამაზე აღარ ვფიქრობ. მახსოვს ბავშვობაში პირველი ლექსი რომ დავწერე და მეგობარს გავუზიარე ამის შესახებ, მითხრა, თუ მწერალი ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო. ახლაც იგივეს თქმა შეიძლება...
ვცდილობ აქაური ქუდი დავიხურო, მაგრამ ცოტა პატარაა და მიჭერს... ამიტომ თუ 5 წუთი ესპანელი ვარ, მერე მთელი 5 საათი ქართველობას ვიჩემებ და ასე ჭიდაობაში გადის დრო...

მენატრება
მენატრება მთვარიან ღამეში სოფლის გზაზე სეირნობა. უეცრად წამოსული წვიმა და აჩქარებული ნაბიჯები. ბატიბუტებივით დაყრილი ღრუბლები და ცაში ასროლილი ქუდები. ღიმილით სახეზე ნათქვამი: ¨მოგვიხველ მშვიდობით¨. ფანდურის ხმას აყოლილი ტამტამი, ან ყურში ნაჩურჩულები ლექსი. კარავი.
2 კვირა ვცხოვრობდი კარავში, მარტო (ვერასდროს წარმოვიდგენდი). გარშემო მტრედების ბუდეები და გამოქვაბულები. სტუმრებ: სანჩო პანსები და დონ კიხოტები. კლდის თავზე - ქარის წისქვილები. ბავშვობაში ნანატრი და ახლა ასრულებული ოცნებები და გრძნობა, რომ ვარ 2 წლის ბავშვი და ვსწავლობ როგორ გადავაბა ერთი სიტყვა მეორეს; ვფიქრობ მეტს, ვლაპარაკობ ნაკლებს ( ცისიქით პირიქით, ვლაპარაკობ მეტს, ვფიქრობ ნაკლებს). ახალი სამყარო და თავიდან დანახული ესპანეთი, აღმოჩენები... და კითხვა, რომელიც ასე აწუხებთ ესპანელებს: ¨მაინც რა არის ქართული მენტალიტეტი¨
ერთხელ მკითხეს - გრძნობ თავს ევროპელადო. სიმართლე გითხრათ, მეუცხოვა რაღაც მცნება - ¨ევროპელობა¨. მე ქართველი ვართქო... დღემდე ვერ ვხდები რას ნიშნავს ¨ევროპელობა¨ამ წუთას ასოცირდება გახსნილ საზღვრებთან და შეუზღუდავ მოგზაურობასთან ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამიტომაც, მე ქართველი ვარ და მორჩა.
და რწმენა, რომელიც ყველაზე მეტად მაკლია ამ ქვეყნის ხალში, უფლისადმი რწმენა. ეკლესია მხოლოდ ტურისტული დანიშნულების ობიექტი გამხდარა და ტაძარში მხოლოდ იმიტომ თუ შევლენ რომ ქორწილია, ან რომელიმე მომღერალთა გუნდის კონცერტი.
და რადგანაც დავიბადე ცისიქითა ქვეყანაში, ვფიქრობ ჩემი ადგილიც იქ არის და ვითვლი დღეებს იმის იმედით რომ მეც ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს, როგორც ამას ჩემი მეგობრები აკეთებენ და ნურც იფიქრებენ იმაზე, რომ თუკი ერთხელაც იქნება და გააღწევ ევროპაში, აღარ უნდა იფიქრო დაბრუნებაზე, რადგან იქ ყველაფერი შავი და ნაცრისფერია.
ევროპა - ეს არ არის სასწაულების ქვეყანა, არც აქაა მოფენილი გზები ია-ვარდებით. ხელის განძრევა ყველგან საჭიროა და ერთი კითხვა: ¨რატომ არის ამერიკის¨ჯორჯია¨უფრო ცნობილი, ვიდრე ჩვენი?¨
პასუხი თქვენთვის მომინდია.
    უბრალოდ, გიყვარდეთ, გწამდეთ და ნუ შეგეშინდებათ...
ერთადერთი რაც არ შემიძლია გრძნობების ხმამაღლა აფიშირება და იმის თქმა, რომ მიყვარს. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც იცით როგორ მიყვარხართ, გგონიათ დაგივიწყეთ, ერთხელაც არ მომიკითხიხართ... აი ახლაც, წერილით გეუბნებით და არა ხმამაღლა, მაგრამ დამიჯერეთ, მაპატიეთ და მომიტევეთ - მე მიყვარხართ.

და ბოლოს, არ გეგონოთ რომ სასოწარკვეთილი ან დეპრესიული ვარ, ან ცუდად ვარ აქ და ვერ ვიფერებ ამ ქვეყანას, პირიქით, ვტკბები აქ გატარებული ყოველი წუთით, ძალიანაც მომწონს დამოუკიდებლობა, ჩემი თავის იმედზე ყოფნა და არჩევანის თავისუფლება. დავდივარ ღიმილიანი და კიდევ უფრო ვაფასებ იმ დროს, რომელიც საქართველოში დამრჩა.
  და მაინც,
  მინდა ისე წავიდე, თქვენ არ მითხრათ მშვიდობით,
  მითხრათ, მხოლოდ გვიყვარდი, გვახსოვხარ და... ნახვამდის. 
(ვიმედოვნებ ლექსის ინტერპრეტაციას მომიტევებს ავტორი)





პ.ს არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება, რომ ვბედავ და ამ საიტზე ვაქვეყნებ ნაწარმოებს, მაგრამ დაწყების უფლება ხომ ყველას აქვს? )))))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები