ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2012


სააგარაკო რომანის იმპროვიზაცია

სააგარაკო რომანის იმპროვიზაცია


  ვერაფრით გამიგია Aზღვით გადარეულთა აღტაცება. ბანალური, მოსაწყენი ანტურაჟი, შეზლონგების რიგში საათობით დგომა, გარუჯვის გიჟური სურვილით შეპყრობილი ტიტველი სხეულები, განსაკუთრებით მაშინ. როცა წვიმიანი დღეები წაეწყობა ერთმანეთს. მაგრამ ვიცი, ამის აღიარება ბევრს არაფერს შესძენს ჩემს ისედაც უჟმურ იმიჯს აქაურ დამსვენებელთა თვალში, ამიტომაც ვდუმვარ შეთქმულივით და შემწყნარებლური  ირონიით ვითმენ მათ ბრიყვულ აღრფრთოვანებას.ჩემი ცოლის დაჟინება და კარდიოლოგის არამკითხე რჩევა რომ არა, ალბათ აქაც არ მოვხვდებოდი, ამ წარღვნამდელ, იაფფასიან დასასვენებელ სახლში,  ახალ ყაიდაზე პანსიონატი რომ უწოდებიათ, თანაც მეორედ. დამსვენებლებიც ზუსტად ისეთივენი არიან, როგორც ეს გარემო- იაფფასიანები და მოსაწყენნი.  კაცმა რომ თქვას, სხვანაირად არც უნდა იყოს. ეტყობა, ან შენობა გადასცემს ადამიანებს აურას, ან პირიქით- ადამიანები ნუსხავენ შენობებს. ერთ ნორმალურ ქალსაც კი ვერ ნახავ. ალბათ, აქტიური სეზონი რომ არ დაწყებულა იმიტომ. ისე, რაღა დაგიმალოთ და ნამდვილად არა მცხელა ქალებისთვის. შარშანდელ სექტემბერთან შედარებით, წელს რატომღაც ხალვათობაა. ეჰ, მაშინ ჯერ კიდევ ვეპარებოდი ალკოგოლს. ის რუსის გოგოც მაშინ ავიკიდე, ეკატირინა თუ ვიღაც.
  მახსოვს, ბარიდან დაბრუნებული კიბეზე ავდიოდი, ეტყობა ვბარბაცებდი. -თუ გნებავთ, მიგაცილებთო, უცნაურად მეჩვენა ეს შეთავაზება. -განა ასე მთვრალად და მოხუცად გამოვიყურები-მეთქი?- გამეღიმა. -სოლიდურ მამაკაცებთან ურთიერთობა უფრო საინტერესოაო. გამეცინა, რაღაც ძალიან უცერემონიო ჩანდა. რუსის პირობაზე უცნაურად ხვეული თმა ჰქონდა,გალეული იყო, ამიტომაც ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში იქნებოდა. მანამდე არც შემინიშნავს. ვერაფრით ამომეხსნა მისი ყურადღების მიზეზი.  -სიამოვნებით ვისარგებლებ თქვენი სამსახურით-მეთქი. ხელკავი გამოვდე და ისე ავედით ნომერში. შეპატიჟებაზე უარი არ უთქვამს. კონიაკი შევთავაზე, -არ ვსვამო. მოკლედ, მშვიდად ლაპარაკობდა. მისი უცნაურად დამყოლი ხასიათი ქალებთან ურთიერთობის ჩემს გამოცდილებას არაფრით ესადაგებოდა. ქალის დასაყოლიებლად ხომ პირველ რიგში მოტივაციის შეთავაზებაა საჭირო, რომელსაც როგორც მაშველ რგოლს , ისე ჩაეჭიდება. ყველაზე ბანალური თავისმართლება ასეთ შემთხვევაში "შემიყვარდა", ან, "შემეცოდაა" და მისთანები. არავინ ამბობს, სპორტული ინტერესისათვის ან გასართობად დავთანხმდიო.
  საწოლზე ჩამომჯდარი გოგონა მოლოდინით შემომცქეროდა. ოთახის სითბოზე სიმთვრალე უფრო მომერია. აღარ მახსოვს, რას ველაპარაკებოდი, ან ველაპარაკებოდი კი საერთოდ. დამამახსოვრდა, მისი თხელი თითები როგორ შეუდგნენ სარაფანის ღილების შეხსნას, ისე,რომ თვალებში არ მიყურებდა. ყოველთვის ვთვლიდი,რომ მამაკაცი ბუნებით მონადირეა.ის ხომ ვერაფრით შეელია თავის პირველად ხელობას. მასში ნადავლის ხელში ჩაგდების ჟინი უფრო ძლიერია,. ვიდრე მოპოვებულით ტკბობისა. სხვა შემთხვევაში , ჩემი ავანტურული ბუნება ალბათ, ვერაფრით მოითმენდა ამას., მაგრამ ახლა ასეთმა მორჩილებამ გული ამიჩუყა. თავზე გადავუსვი ხელი და პატარა, ვაშლის ფორმის ძუძუებზე მივადე ლოყა...
  დილით მარტოს გამომეღვიძა. ადრიანად წასულიყო. ბუნდოვნად მახსოვდა გუშინდელი, არც გახსენებაზე მომიკლავს თავი, ჩემი საფიქრალი ახლა "ნაბეღლავი" იყო.
  მეორე დღეს მივემგზავრებოდი. ჩემი ვარაუდით, სადმე უნდა გამოჩენილიყო სენტიმენტალური იერითა და შეთქმულის გამომეტყველებით.  მაგრამ ისევ შევცდი. მიჭირდა იმის აღიარება, რომ ამ პატარა გოგოს მოულოდნელი სვლები ჩემ მამაკაცურ თავმოყვარეობას აღიზიანებდა. ბოლოს იმითი დავიმშვიდე თავი, რომ დავასკვენი, ეს ქალთან დაკავშირებული ყველაზე უფერული ისტორია იყო ჩემს პრაქტიკაში. ან რამ გამახსენა, არ ვიცი.
  გარეთ ისევ გულისგამაწვრილებლად წვიმს. თუ ასე წაეწყო ეს წვიმები, აქ დამრჩენი არა ვარ. ბედსშეგუებული კაცივით, სულ რომ ცდილობს რაღაცის შეცვლას და წინასწარ იცის, ვერ შეძლებს, ვუახლოვდები ჩემს მაგიდას. ცალ თვალს ვავლებ ჩემთვის ნაცნობ დარბაზს. ჩემ წინ მაგიდაზე საკმაოდ ჩასუქებული მანდილოსანი ასეთივე ჩასუქებულ სავარაუდოდ ქალიშვილთან ერთად ზის, ზედმეტი წონის პრობლემას რომ შერკინებიან და მათი საუბრის ერთადერთი თემა წარმატებული დიეტაა. ჩემს დანახვაზე ქალიშვილმა რაღაც გადაუჩურჩულა დედამისს, იმანაც ჩემსკენ გამოაპარა მზერა. დარწმუნებული ვარ, გამჭორეს. მათ უკან მარტოხელა ბერიკაცი ალბათ ძველი ეკონომისტი, დასკუპულა. ის ჩემი ოთახის გვერდით ცხოვრობს და უნდა გამოვტყდე, მეშინია მისი, ხელში თუ ჩაგიგდო, ძველი დროის ამბების მოყოლის ენთუზიაზმი არ ელევა. კუთხეში ორი თელაველი ბიჭი მიჯდომია თავიანთ მაგიდას, ჩაფსკვნილები, ჯიშიანები, ეტყობა სიტუაციით იმედგაცრუებულებიც. სომხების სულმუდამ უკმაყოფილო ოჯახი არსად ჩანს. ალბათ ქალაქში გავიდნენ სასეირნოდ. და, აი ის გამხდარი, დისციპლინირებული რუსი, ელასტიკებში გამოწყობილი რომ დადის და შინაგანაწესის ყველა ნორმას ზედმიწევნით ასრულებს, როგორც ყველა რუსი. გულზე რაღაც მიუხუტებია, აქედან არ ჩანს, შეიძლება მალავს კიდეც რამეს. დარბაზს ათვალიერებს, ეტყობა ვიღაცას ეძებს.ასე მაშინ იქცევიან, როცა მოსაუბრე სჭირდებათ. ჩემსკენ იყურება, ჩანს გამიმართლა. სწორად გამოვიცანი. ჩემს მაგიდას უახლოვდება. მაგისი თავი ნამდვილად არა მაქვს. შესაბამისად მკაცრ, შეუვალ სახეს ვიღებ. შენც არ მომიკვდე.
  -შეიძლება თქვენთან ჩამოვჯდე?- რაღაც ქლესურად შემომცინის.
  -კი ბატონო, მაგრამ მე ცოტა მეჩქარება.-  წინასწარ გადავუწურე იმედი.
  -არა უშავს , ცოტახნით შეგაწუხებთ. თუ შემომიერთდებით, ძალიან დამავალებთ!- მაგიდაზე კონიაკის ბოთლს დგამს. აი, თურმე რა განზრახვა ჰქონია.
  -მადლობა ძმაო!-  გადავდივარ ფამილარობაზე,  -არა ვსვამ, ხომ იცი, ექიმები.
  -გასაგებია. არც მე ვწყალობ ალკოჰოლს, მაგრამ დღეს ისეთი დღე მაქვს...
  -ესეც ასე. პროვინციული სუპტროპიკული ანტურაჟი, ენაწყლიანი მოსაუბრე, საწყალი მომწერლო კაცი და იაფფასიან ჟურნალში დასაბეჭდი ნოველის სიუჟეტიც მზად არი. არა, ჩემო ბატონო,, ეხლა ნომერში ძილს არაფერი მიჯობს.
  -ტრუხან, სერგეი ნიკალაევიჩ.-  მიწვდის ხელს. შენც უნდა უპასუხო გინდა-არგინდა.  -სასიამოვნოა, სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ, მეჩქარება.
  -იქნებ ერთი წუთი მაჩუქოთ, ძალიან აღელვებული ვარ!-  ისეთი სახით მეუბნება, გულს მიჩუყებს. ჯანდაბას, რა უნდა გავაკეთო ნომერში.
  -აქ  კარგი გარემოა, სიწყნარე.- იწყებს ის, -პერსონალსაც არა უშავს.რაღაც ძველ დროს მაგონებს.
  -ო, დიდებულია, გადასარევი!- რას ვიბოღმები არ ვიცი.
  -შარშან ჩემი ცოლი ისვენებდა აქ, იმან მირჩია.
  -თქვენ , რა ცალცალკე ისვენებთ?-  რა ჩემი საქმეა, არ მესმის.
  -ხომ იცით , სამსახური. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩვენ სხვა მიზეზიც გვქონდა.თუმცა აქამდე არცერთი ამაზე არ ვსაუბრობდით. სწორედ დღეს მივიღე წერილი და ყველაფერი ნათელი გახდა.-  ხელის ცახცახით ავსებს ჭიქას. -ცოტა მოსვით, აქაურია "სარაჯიშვილი".-  მეც მივსებს. -თქვენებურ სასმელს ძალიან აქებენ.
  კონიაკს ვყნოსავ.
  -ხო რა წერილიო?-  უნდა მივეხმარო, სხვა გზა არ არის. თორემ აღარ გაათავებს სასმელებზე თუ გადავიდა.
  -რა წერილი?-  მიბრუნებს კითხვას. ღმერთო, ჩემო!
  -თქვენ არ ამბობდით, წერილი მივიღეო.
  -ხო, მაგრამ წერილი აქ არარის მთავარი, ყველაფერი ეს ხომ ისედაც ვიცოდი. აქ მთავარი სხვაა.
  -მაინც რა იცოდით?
  -ყოველივე ხომ ჩემი თანხმობით მოხდა, უფრო სწორად, ჩვენი შეთანხმებით.
  -კეთილი. მაშ გაუმარჯოს ურთიერთ შეთანხმებულებს. ჩემი დროც იწურება.
  -თუ შეიძლება, ცოტახანიც. მთავარი ჯერ არ მითქვამს. საქმე ისაა, რომ მე და კაწიას ცხრა წელი შვილი არ გვეძლეოდა. ბევრს მკურნალობდა, მაგრამ არაფერი. ბოლოს მეც მივედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ მიზეზი მე ვიყავი. სულ ტყუილად წვალობდა ჩემი კაწია. მაგრამ დავუმალე ჩემი ამბავი, არ ვიცი, რატომ, ალბათ შემრცხვა.
  -ხშირად გცხვენიათ ხოლმე ასეთ შემთხვევაში?- რას ვერჩი ამ საცოდავს.
  -ეს არ არის მთავარი, პატივცემულო ბიძანა...  -ბიძინა, ბიძინა, მამის სახელის გარეშე.
  -მეთვითონ ვურჩიე აქ ჩამოსვლა, ვხედავ რომ ქალი იტანჯება. კაწია- ვამბობ, ჩემთვის შენი შვილი იგივე ჩემი შვილი იქნება- ვამბობ. მთავარია შენ დედობის გრძნობა გამოსცადო- ვამბობ. -რას ლაპარაკობ, სერიოგა,-  ამბობს, -მე შენ არ მოგატყუებო. ძალიან ვუყვარვარ ჩემს პატარა კაწენკას. წლის ბოლოს კი გავიგეთ, რომ მალე მშობლები გავხდებით. იცით, რას ნიშნავს ეს ცხრა წლის ლოდინის შემდეგ? პატივცემულო ბიძინა, თქვენ გყავთ შვილები?
  -კი, უკვე დიდები.
  -ხოდა, ჭკუაზე არა ვართ, საუკეთესო კალორიულ საკვებს ვარჩევთ, არ ვანერვიულებ, ხელფასიც დროზე მომაქვს. ძმაკაცებს ჩამოვცილდი. კაწია კი სერიოზულ მუსიკას უსმენს, უცხოელ მეცნიერთა წიგნებს კითხულობს. სულ მომავალ ბავშვზე ვსაუბრობთ. მაგრამ როცა მარტო ვრჩები, ჭია მიღრნის გულს. ის ხომ ჩემი შვილი არ იქნება- ვფიქრობ, კაწიამ ხომ არ იცის, მე რომ აზრზე ვარ. ან იქნებ მისთვის სულერთიცაა- ვფიქრობ. შუაღამისას გაღვიძებული შევცქერი მის წამოზრდილ მუცელს, ვგრძნობ, როგორ აუდ-ჩაუდის, მასთან ერთად ხომ პატარაც სუნთქავს. ვუსმენდი მის მშვიდ ფშვინვას და ვტიროდი.  ასე ვიტანჯებოდი აქამდე.მარტო დარჩენას გავურბოდი, სამსახურში რამოდენიმეჯერ შენიშვნაც დავიმსახურე.და აი, დღეს ყველაფერს ფარდა აეხადა. გესმით, რას ნიშნავს ეს?
  -და როგორ თუ აეხადა?
  -სწორედ იმ წერილით, უკვე რომ ვახსენე. კაწია ყველაფერში გამომიტყდა. ეტყობა, პირადად თქმა ვერ შეძლო, ნერვიულობდა, ხოდა აქ მომწერა: -ის შენი შვილი არ არის, სერიოგა, მაგრამ ძალიან მინდა, ბედნიერი მამა გაგხადოსო. ჩემი ხუჭუჭა  კაწია გულწრფელია ჩემს წინაშე. სწორედ ეს ამბავი შევიტყვე ამ დილით. გინდათ, გიჩვენოთ წერილი, თქვენთან პრობლემა არ მაქვს.
  -არა, ნუ შეწუხდებით, საჭირო არ არის!
  გარეთ ისევ წვიმს, ოღონ უფრო სევდიანად.

        2012 
                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები